გაიცანით მარტოობა

ადამიანის სახეობის უმთავრესი ნიშანი სოციალიზაციაა. სწორედ სოციალიზაციის მონაპოვარია ჩვენი თავის ტვინი და ის უმაღლესი ნერვული ფუნქციები, რომლითაც ჩვენი სახეობა ასე ამაყობს. იმის მიუხედავად, რომ სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება თანდაყოლილია, ბევრი ჩვენგანი ხშირად თავს მარტოსულად გრძნობს და ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო მზარდია თანამედროვე სამყაროში.

ყოველდღიურობაში ჩვენ მარტოობას განვიხილავთ, როგორც ფიზიკურად მარტო ყოფნას, სინამდვილეში კი ის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა – მარტოობა უნივერსალური ადამიანური ემოციაა. მარტოობა დაკავშირებულია ისეთ განცდებთან, როგორებიცაა გარიყულობა და უსარგებლობა. ეს არის კომპლექსური მენტალური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს ცხოვრებისეულმა ხდომილებამ (მაგალითად, მეუღლის გარდაცვალებამ, ემიგრაციამ და სხვა), მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა (მაგალითად, დეპრესიამ, ფსიქოზმა და სხვა), დაბალმა თვითშეფასებამ, არადამაკმაყოფილებელმა სოციალურმა უნარებმა, ინტროვერსიამ.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მარტოობა უნივერსალური ადამიანური თვისებაა, თუმცა მას უნიკალური ხასიათი აქვს თითოეული პიროვნებისთვის, რადგანაც არ გააჩნია ერთი რომელიმე გამომწვევი მიზეზი. ეს კი ძლიერ ართულებს მარტოობის დაძლევის ზოგადი ღონისძიებების შემუშავებას. მაგალითად, მოზარდის მარტოობა, რომელმაც ვერ დაამყარა ურთიერთობა თანაკლასელებთან აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა იმ შუახნის ასაკის ადამიანის მარტოობისგან, რომელსაც ახლახან მეუღლე გარდაეცვალა.

მარტოობა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს თვითონ პიროვნების არჩევანია. ფსიქოლოგები მარტოობას განმარტავენ ასე: მარტოობა არის დისტრესის ან დისკომფორტის მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი აღიქვამს უფსკრულს ურთიერთობის სურვილსა და რეალურად არსებულ ურთიერთობას შორის.

მარტოობაზე საუბრისას, უნდა გავაცნობიეროთ განსხვავება მარტო ყოფნას (განმარტოვებას) და მარტოობას (მარტოსულობას) შორის. მარტოობა აუცილებლობით არ გულისხმობს ფიზიკურად მარტო ყოფნას, არამედ ის მარტოსულობის და გარიყულობის განცდაა იმის მიუხედავად ფიზიკურად მარტოა ადამიანი, თუ სხვათა გარემოცვაშია. მაგალითად, უნივერსიტეტის პირველკურსელი შეიძლება თავს მარტოსულად გრძნობდეს იმის მიუხედავად, რომ მთელი დღის მანძილზე გარემოცულია თანაკურსელებით, უნივერსიტეტის საზოგადოებით. სამხედრო მოსამსახურე, მისი კარიერის დასაწყისში, შეიძლება თავს მარტოსულად გრძნობდეს იმის მიუხედავად, რომ გარემოცულია მთელი ჯარით. მარტოსულობა საზიანოა როგორც მენტალური, ისე – ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მას ახლავს უარყოფილობის, მიტოვებულობის, უსარგებლობისა და სიცარიელის მტანჯველი განცდები. მარტოსულ ადამიანს სურს ურთიერთობები, თუმცა მისივე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხელს უშლის  ურთიერთობებს, ხელს უშლის ახალი კავშირების დამყარებას. რაც შეეხება, მარტო ყოფნას ანუ განმარტოვებას, ის პირიქით, სასარგებლო შეიძლება იყოს და პიროვნების განვითარებას, ყურადღების კონცენტრირებას და განტვირთვას უწყობს ხელს. ეს ნებაყოფლობითი განმარტოვებაა – ადამიანს სიამოვნებს მარტო ყოფნა, თუმცა ინარჩუნებს სოციალურ ურთიერთობებს და უბრუნდება მათ სურვილისამებრ; ურთიერთობს სხვებთანაც, თუმცა აბალანსებს ამ კომუნიკაციებისთვის საჭირო დროს და ენერგიას განმარტოვებების პერიოდებით.

გამოყოფენ მარტოობის ხელშემწყობ შემდეგ ფაქტორებს:

  • ფიზიკური განშორება. ეს შეიძლება იყოს განქორწინება, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ოჯახისა და ახლო მეგობართა წრისგან ფიზიკური დისტანცირება რაიმე მიზეზით (მაგალითად, სასწავლებლად ან სამუშაოდ სხვაგან გამგზავრება).
  • მენტალური დაავადება. მარტოობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მენტალური დაავადების დროს. მათ შორის აღსანიშნავია დეპრესია, რომელიც მარტოობასთან ერთგვარ მოჯადოვებულ წრეს ქმნის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთის მხრივ, დეპრესია მარტოობის გამომწვევია და მეორეს მხრივ, მარტოობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.
  • დაბალი თვითშეფასება. თვითშეფასების დაქვეითება ხშირად დაკავშირებულია საკუთარი უსარგებლობის განცდასთან, რამაც შეიძლება სოციალური იზოლაცია და მარტოობა განაპირობოს.
  • ინტროვერსია. ინტროვერტი ადამიანი ისედაც ნაკლებად გატაცებულია ურთიერთობებით, მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავში ჩაღრმავება, გულჩათხრობილობა. ინტროვერსიასთან დაკავშირებულმა ურთიერთობების უკიდურესმა აცილებამ შეიძლება სოციალური იზოლაცია და მარტოობა განაპირობოს.

კვლევები ცხადყოფს, რომ მარტოობას ყველაზე ნაკლებად განიცდიან ქორწინებაში მყოფი, კარგი განათლებისა და კარგი შემოსავლების მქონე ადამიანები. მარტოობის რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ჯანმრთელობის პრობლემები, მარტო ცხოვრება, ურთიერთობის ვიწრო წრე და არამჭიდრო სოციალური კავშირები.

თანამედროვე მკვლევართა შრომებში სულ უფრო და უფრო იკვეთება მარტოობის პრობლემასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთება. განსაკუთრებული გამოწვევა ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებს აქვთ. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი ყოველდღიურად განიცდის მარტოობის შემაწუხებელ გრძნობას. საყურადღებოა ასევე, რომ ნაადრევი სიკვდილობა მარტოსულებში 26-29%-ით მაღალი აღმოჩნდა. ეს ახსნადია, სოციალური ცხოვრების სიმწირე და ურთიერთობების აქონა ზრდის შფოთვის, დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის რისკს. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მარტოობა შეიძლება გადამდები იყოს. ცხადია, აქ ინფექციური პროცესი არ იგულისხმება, არამედ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, მარტოსულ ადამიანთან თანაცხოვრებამ მეორე ადამიანშიც შეიძლება გააჩინოს მარტოობისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მარტოობა სულ უფრო და უფრო მზარდია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში. ფაქტორთა შორის აღნიშვნის ღირსია ინტერნეტის გავლენა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სოციალურმა ქსელებმა სულ უფრო და უფრო გაართულა სოციალური ურთიერთობები. 2019 წლის ფართომასშტაბიანი გამოკვლევის შედეგებით, 18-27 წლის ადამიანების 25% აცხადებს, რომ არ ყავს ახლო მეგობრები, ხოლო 22% აცხადებს, რომ საერთოდ არ ყავს მეგობრები. ექსპერტები გვამცნობენ, რომ მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტი, მათთან ფიზიკურად დროის გატარება არის კარგი თვითშეგრძნებისა და მენტალური კეთილდღეობის საფუძველი.

სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს მარტოობასთან დაკავშირებული ფიზიკური ჯანმრთელობის რისკები. მარტოობა, როგორც ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მთელ რიგ სირთულეებს განაპირობებს ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. დავიწყოთ იმით, რომ მარტოსული ადამიანები ნაკლებად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს – ნაკლებად ვარჯიშობენ ფიზიკურად, არ დაგიდევენ ჯანსაღ კვებას და იკვებებიან ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით, არ სძინავთ კარგად და შესაბამისად, დღისით ნაკლებად ენერგიულები და აქტიურები არიან. ეს ყველაფერი სავალალოდ აისახება ორგანიზმის ფუნქციებზე, იმუნიტეტზე. მარტოსულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილები აქვთ, ისინი ნაადრევად ბერდებიან. მარტოობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებიდან აღსანიშნავია:

  • ალკოჰოლის ან ნივთიერებების მოხმარება
  • ტვინის ფუნქციების დაქვეითება: მეხსიერებისა და დასწავლის გაუარესება, გადაწყვეტილების მიღების გაძნელება
  • ალცჰაიმერის დაავადების რისკი
  • ანტისოციალური ქცევა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის რისკი
  • დეპრესია და სუიციდური ტენდენციები
  • ქრონიკული სტრესი და მისი თანმდევი პრობლემები.

და მაინც, როგორ დავძლიოთ მარტოობა?

ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ მარტოობის დაძლევისთვის სოციალური ურთიერთობების რაოდენობა კი არ არის განმსაზღვრელი, არამედ – მათი ხარისხი. რამდენიმე ახლო მეგობრის ყოლა, მათთან პირისპირ გულღია საუბარი და ერთად დროის გატარება სრულიად საკმარისია მარტოობის და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად. გახსოვდეს, მარტოობა დაძლევადია! შენ გჭირდება ზოგიერთი რამის შეცვლა და ეს ცვლილებები შენს ცხოვრებას გახდის უფრო სასიამოვნოს, შენ კი – უფრო ბედნიერს და ჯანმრთელს. ეს ცვლილებები  მოგცემს შესაძლებლობას, შემოიკრიბო სასიამოვნო ადამიანების წრე და დატკბე ჯანსაღი ურთიერთობებით. გაითვალისწინე მარტოობის დაძლევის შემდეგი რჩევები:

  • ჩაერთე სასიამოვნო აქტივობებში. ჩაერთე საზოგადოებრივი საქმიანობაში და ისეთ აქტივობებში, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებს. ეს მოგცემს საშუალებას შეხვდე ადამიანებს, დაამყარო ნაცნობობა, შეიძინო ახალი მეგობრები და გაამდიდრო სოციალური ურთიერთობები.
  • განეწყე კარგის მოლოდინით. მარტოსულისთვის დამახასიათებელია პესიმისტური მოლოდინები – „არ მოვეწონები“, „უარმყოფენ“, „გამრიყავენ“ და ა.შ. ამის ნაცვლად მიმართე ყურადღება ურთიერთობების სასიამოვნო მხარეებზე, გამოიხმე ისინი, მოელოდე მათ.
  • განავითარე ხარისხიანი ურთიერთობები. მოძებნე და დაუახლოვდი ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები, ღირებულებები და განწყობები გაქვს.
  • გააცნობიერე, რომ მარტოობა არის სიმპტომი, რომელსაც შველა სჭირდება. გახსოვდეს, ცვლილებები ერთ დღე-ღამეში არ მოხდება, მაგრამ პირველი, რაც უნდა გააკეთო – დაიწყე! ნაბიჯ-ნაბიჯ შენი განცდები მარტოობის განცდებიდან გადავა ურთიერთობებისთვის დამახასიათებელ საინტერესო და სასიამოვნო განცდებზე. ეძიე და ააგე ურთიერთობები, რომლებიც შენს კარგად ყოფნას წაადგება.
  • აეცანი იმ შედეგებს, რომელიც მარტოობას აქვს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამოიცანი ზოგიერთი სიმპტომები საკუთარ თავში? – ჰოდა, გადადგი მტკიცე ნაბიჯები მარტოობის დასაძლევად.
  • გაწევრიანდი ჯგუფებში ან შექმენი თვითონ. შეუერთდი ან თვითონ ჩამოაყალიბე ჯგუფი, სადაც შენი ინტერესების ადამიანები იკრიბებიან; იქნება ეს წიგნის მკითხველთა კლუბი, მოყვარულ თეატრალთა კლუბი, მორბენალთა კლუბი თუ სხვა.
  • გააძლიერე და გააღრმავე ის ურთიერთობები, რომელიც უკვე გაქვს. ახალი კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავება უმნიშვნელოვანესია მარტოობის დაძლევის გზაზე. ხშირად შეეხმიანე მეგობრებს, ოჯახის წევრებს, არ გამოტოვო მათთან შეხვედრები და გაატარე დრო მათთან ერთად.
  • ესაუბრე მას, ვისაც ენდობი. იყოლიე ახლო ადამიანი, რომელთანაც ისაუბრებ შენს განცდებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ფსიქოთერაპევტი. გყავდეს და იგულე ასეთი ადამიანი შენს გვერდით, რომელთანაც გულის გადაშლას შეძლებ პირისპირ თუ დისტანციურად.

წყარო:

Cacioppo JT, Cacioppo S. The growing problem of lonelinessLancet. 2018;391(10119):426. doi:10.1016/S0140-6736(18)30142-9

Miller G. Social neuroscience. Why loneliness is hazardous to your healthScience. 2011;331(6014):138-40. doi:10.1126/science.331.6014.138

van der Horst M, Coffé H. How friendship network characteristics influence subjective well-beingSoc Indic Res. 2012;107(3):509-529. doi:10.1007/s11205-011-9861-2

https://www.psychologytoday.com/us/basics/loneliness

https://www.verywellmind.com/loneliness-causes-effects-and-treatments-2795749

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top