ბავშვის დაბადებას ყველა სიხარულით ხვდება თვითონ ბავშვის გარდა. ის ტრავმირებულია. ფსიქოლოგების აზრით, დაბადების ტრავმა იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება გავლენა იქონიოს პიროვნების შემდგომ განვითარებაზე.
ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მუცლადმყოფი ნაყოფი ამთავრებს დედის საშვილოსნოში უზრუნველ ყოფას და იწყებს მოძრაობას სამშობიარო არხებში, სადაც რამდენიმე საათის მანძილზე ურთულეს გზას იკვალავს. მისი თავი ზეწოლის ქვეშაა, პლაცენტის მოჭერის გამო უჭირს ჟანგბადიც. ამ დიდი განსაცდელის გამოვლის და დედის ორგანიზმის დატოვების შემდეგ ის ახალ სტრესში ვარდება: აღმოჩნდება გარემოში, რომელიც სრულიად განსხვავებულია დედის საშვილოსნოსგან, სადაც მან მუცლადყოფნის პერიოდი დაჰყო. საშვილოსნოს ბნელი, თბილი, მყუდრო და დაცული გარემოდან ის უცებ აღმოჩნდა მკვეთრად განათებულ, გრილ და ხმაურიან გარემოში, სადაც აქტიურად ეხებიან. მისთვის ეს შოკისმომგვრელია.
ბავშვის დაბადების პროცესი მშობიარისთვის რომ სტრესია, ეს საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ახალშობილისთვის ის გაცილებით სტრესულია. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ოქსფორდის მეცნიერთა ჯგუფმა ახალშობილთა სისხლში შეისწავლა სტრესის ჰორმონების დონე. მათთვის გასაოცრად, სტრესის ჰორმონების მაჩვენებელი ძალიან მაღალი აღმოჩნდა ბუნებრივი გზით დაბადებული ახალშობილების სისხლში. ახალშობილის სისხლში სტრესის ჰორმონების დონე უკიდურესად მაღალი იყო იმ შემთხვევაში, როცა მშობიარობა გართულებებით მიმდინარეობდა. ეს მაჩვენებლები გაცილებით აღემატებოდა იგივე ჰორმონების დონეს მშობიარე ქალის სისხლში. ასევე აღემატებოდა სტრესის ჰორმონების მაჩვენებელს იმ მოზრდილი ადამიანების სისხლში, რომელთაც ეს-ესაა მარათონი გაირბინეს. სტრესის ჰორმონების ასეთ დრამატულ მატებას, როგორც ჩანს, დამცველობითი მოქმედება აქვს დაბადების პროცესში მყოფი ნაყოფის თავის ტვინის სისხლძარღვებზე: ავიწროვებს მათ და იცავს ნაყოფის თავის ტვინს სისხლის მოწოლისგან. რაც შეეხება საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებს, მათ სისხლში სტრესის ჰორმონების დონე უმნიშვნელოდ იყო მომატებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო მაღალი, როცა თავდაპირველად მშობიარობა ბუნებრივად მიმდინარეობდა და მოულოდნელად გახდა აუცილებელი საკეისრო კვეთის ჩატარება. საკეისრო კვეთის პირობებში ნაყოფის ნაკლები სტრესის მიუხედავად, ექიმები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბუნებრივი მშობიარობა წარმოადგენს ყველაზე ჯანსაღ პროცესს, რამდენადაც მოიცავს მთელ რიგ ნორმალურ ბუნებრივ ფუნქციებს, რომლებიც სასურველია როგორც დედის, ისე ახალშობილის რეაბილიტაციისთვის.
1975 წელს ფრანგმა მეანმა ფრედერიკ ლებოიერმა გამოაქვეყნა წიგნი „დაბადება ძალადობის გარეშე“, სადაც ის, იმ პერიოდის სამშობიარო სახლებში მიღებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ავითარებს „მშვიდი მშობიარობის“ იდეას – არამკვეთრად განათებულ გარემოში და რაც შეიძლება ნაკლები ჩარევით. ის ამტკიცებს, რომ ახალშობილი დაბადებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დააწვინონ დედის მკერდზე და მისცენ დედასთან კანით კანზე კონტაქტის საშუალება. დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა დაბადებისთანავე ახალშობილისთვის საიმედო გარემოს შექმნის პრაქტიკამ. ამას ემსახურება დაბადების პირველივე წუთიდანვე ახალშობილის მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის უზრუნველყოფა დედასთან; დედის არასათანადო ფიზიკური მდგომარეობის შემთხვევაში კი – მამასთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან. ეს ახალშობილში დაცულობისა და ნდობის გარემოს ქმნის და ხელს უშლის დაბადების პროცესის ტრავმის არასასურველ გავლენას ბავშვის ნერვულ სისტემაზე.
ჯერ კიდევ ზიგმუნ ფროიდი დაბადებას უწოდებდა „შფოთვის პირველ გამოცდილებას“. ბევრი ფსიქოანალიტიკოსი დაბადების ტრავმას მიიჩნევდა მომდევნო წლების ნევროზისა და დეპრესიის გამშვებ ფაქტორად. ოტტო რანკი წერს, რომ დაბადების პროცესის ტრავმა უნივერსალური გამოცდილებაა და დაბადების ფიზიკური პროცესი “პირველი შფოთვის” საფუძველია. სწორედ ეს “პირველი შფოთვა” ხდება მოდელი შემდგომი ცხოვრების ყველა სხვა შფოთვისთვის.
ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი ვილფრედ ბიონი ამტკიცებს, რომ დაბადების პროცესის ტრავმა ისეთი ინტენსიურია, რომ ახალშობილის ნერვულ სისტემას მისი დამუშავება არ შეუძლია. ის დიფუზურად განიცდება, როგორც სიკვდილის შიში. თუ ეს ტრავმა არ დამუშავდა, მაშინ ბავშვი იზრდება ისე, რომ გაურბის საკუთარი შინაგანი სამყაროდან მომდინარე ემოციურ ვითარებებს. იმის მაგივრად, რომ ასეთი ემოციური მომენტები საკუთარი იდენტობის ნაწილად განიცადოს, ის ცდილობს გაემიჯნოს მათ, გაექცეს გრძნობებს. ბიონის აზრით, დაბადების ტრავმის გადამუშავებისთვის ახალშობილს სჭირდება მშობელთან არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური მიჯაჭვულობა, რაც მას აძლევს დაცულობის, კომფორტის და პირველადი ნდობის განცდას. ამ მიჯაჭვულობის პროცესში მშობელი საკუთარ თავში გაატარებს ახალშობილის გამოუთქმელ და გადაუმუშავებელ ტრავმულ ემოციურ შინაარსს, გარკვეულობას სძენს მას და გადაამუშავებს იქამდე, ვიდრე ისევ დაუბრუნებს ახალშობილს უკვე გადამუშავებულს, გარკვეულს და უსაფრთხოს. რაც უფრო ეხმარებიან მშობლები ბავშვს დაბადების ტრავმის გადამუშავებაში, მით მეტი შანსი აქვს მას, რომ ეს გამოცდილება უარყოფითად არ აისახოს მის მომდევნო ფსიქიკურ განვითარებაზე და ცხოვრებაზე.
დაბადების ტრავმა აისახება ახალშობილის როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე. შეიძლება გამოხატული იყოს ტრავმის სიმპტომები:
- მეტისმეტად ტირის
- გიძნელდებათ მისი დამშვიდება
- ძილ-ღვიძილის რეჟიმი ირევა, ძნელად იძინებს, ხშირად ეღვიძება
- ცოტას ჭამს ან მოუსვენარია ჭამის დროს
თქვენი პირველი ამოცანაა ახალშობილს შეუქმნათ მზრუნველი და უსაფრთხო გარემო. ამისთვის მოწოდებულია შემდეგი რჩევები:
- ხშირად იყავით ახალშობილთან ფიზიკურ კონტაქტში, აიყვანეთ ხელში, მიიხუტეთ, მიეცით საშუალება განიცადოს კანით კანზე კონტაქტი. ეს ახალშობილის სტრესის შემცირების საუკეთესო საშუალებაა.
- მოუსმინეთ მის სიგნალებს, თქვენ მალე ისწავლით მათ გარჩევას და შერჩევითად რეაგირებას.
- შეუქმენით მშვიდი გარემო: აარიდეთ ზედმეტ სტიმულაციას (სინათლით, ხმაურით, სუნით და ა.შ.), შეუქმენით წყნარი გარემო, სტაბილური რეჟიმი.
- ელაპარაკეთ ბევრი.
- დასამშვიდებლად რიტმულად მოუთათუნეთ ხელი დუნდულა კუნთებზე (ეს მას მუცლადყოფნის პერიოდს მოაგონებს, როცა დედის გულისცემის ვიბრაციას გრძნობდა), ნაზად დაარწიეთ, უმღერეთ იავნანები.
- თუ საჭიროდ მიიჩნევთ, დაიხმარეთ პროფესიონალი.
წყარო:
https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/apa.13615
https://www.psychologytoday.com/us/blog/the-trauma-addiction-connection/201109/are-we-born-trauma
Crace J. Craig., Don Baucum. Human Development. 9-the edition. Prentice Hall, 2002
