შეგინიშნავთ, რომ ადამიანი ინდივიდუალურად სხვაგვარად იქცევა, ჯგუფში კი – სხვაგვარად? – ამაზე პასუხი დეინდივიდუალიზაციის ფენომენშია. დეინდივიდუალიზაცია ფსიქოლოგიური მოვლენაა, რომლის დროს ადამიანი ჯგუფის შემადგენლობაში კარგავს საკუთარი პერსონალური იდენტობის განცდას და თავს აღიქვამს ჯგუფის ნაწილად, რის საფუძველზეც ახორციელებს ისეთ ქცევას, რასაც ის ჩვეულებრივ არ მიმართავს.
იქნება ეს ქაოსში გადაზრდილი მშვიდობიანი პროტესტი თუ ანონიმური აგრესიული ონლაინ კომენტარის უკან მდგომი გამბედაობა, დეინდივიდუალიზაცია ნათელს ჰფენს იმ ფსიქოლოგიურ ტენდენციებს, რომლებიც ასეთ ქცევებს უწყობს ხელს.
დეინდივიდუალიზაციის არსებითი მახასიათებელი არის თვითშემეცნების დაქვეითება, რაც, თავის მხრივ, თვითკონტროლის შესუსტებას და არანორმატიული ქცევის განხორციელებას ედება საფუძვლად. ამდენად, დეინდივიდუალიზაციის უფრო ზუსტი განმარტება ასეთი იქნება: ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, როცა ინდივიდი კარგავს საკუთარი პერსონალური იდენტობის განცდას და თვითშემეცნების უნარს, რაც ათავისუფლებს მას თვითკონტროლისა და ნორმატიული ქცევების აუცილებლობისგან.
დეინდივიდუალიზაციის არსის გააზრება, გვარწმუნებს იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვან ადგილს შეიძლება იკავებდეს ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში – სამუშაო გარემოში, სოციალურ ქსელებში, თავშეყრის ადგილებში.
სოციალური ფსიქოლოგები და პერსონოლოგები გამოყოფენ დეინდივიდუალიზაციის სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორისაა:
ა) ჯგუფის ფუნქციონირებით გამოწვეული სენსორული და ყურადღების გადაძაბვა;
ბ) თვითშემეცნების დაქვეითება – რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით უფრო მეტია რისკი თვითშემეცნების დაკარგვის. თვითშემეცნების დაქვეითება ხელს უშლის საკუთარი ღირებულებითი სისტემის გაცნობიერებას და ამ ღირებულებით სისტემაზე ქცევის დაფუძნებას, მის მოწესრიგებას;
გ) საზოგადოებრივი თვითშეგნების დაქვეითება – ჯგუფში სხვათა მხრიდან შეფასების შესუსტების შედეგად ჯგუფის წევრის საზოგადოებრივი თვითშეგნება შეიძლება ისე დაქვეითდეს, რომ მან თავისუფლად განახორციელოს ისეთი ქცევა ან ქცევები, რასაც არ მიმართავდა პირად ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში. საზოგადოებრივი თვითშეგნების დაქვეითება ასუსტებს პირად პასუხისმგებლობას.
დ) თვითრეფლექსიის დაქვეითება – საკუთარი ქმედებების გარედან დანახვის და თვითასახვის უნარის დაქვეითება ქმნის ისეთ პირობას, სადაც ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი ქცევის რეგულირებას საზოგადოებრივი ნორმების შესაბამისად.
ე) ფსიქოემოციური აგზნება – ძლიერმა ფსიქოემოციურმა აგზნებამ, რაც განსაკუთრებით დიდ ჯგუფებში აღინიშნება (როგორებიცაა მაგალითად, ხალხმრავალი კონცერტები, საპროტესტო აქციები, საფეხბურთო მატჩები) შეიძლება უკიდურესად გაამძაფროს იმპულსურობა და ექსტრემალური ქცევის მოთხოვნილება. ასეთი აგზნება სრულიად შთანთქავს პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღების ტიპიურ პროცესებს და იწვევს ისეთ რეაქციებს, რომლებიც შეიძლება გასაკვირი ჩანდეს.
ვ) ჯგუფური იდენტობა – პერსონალური იდენტობის დაქვეითების ფონზე ჯგუფში ჩნდება კოლექტიური იდენტობის განცდა, რაც ჯგუფის წევრს კიდევ უფრო აშორებს საკუთარ „მე“-ისგან. წევრები ჯგუფის მიზნებს საკუთარ მიზნებზე მაღლა აყენებენ, რამაც შეიძლება გამოიწიოს მათი მორალური თუ ეთიკური საზღვრების ცვლილება.
ზ) ჯგუფური ნორმები – ჯგუფის წევრების ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს ჯგუფური ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა აღიქმება ჯგუფისთვის მისაღებად. როცა ეს ნორმები პროსოციალურია (სოციალური სიკეთის მომტანი), დეინდივიდუალიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰუმანურ და ალტრუისტულ ქცევას, ხოლო როდესაც ისინი დესტრუქციულია, მაშინ შეიძლება გამოვლინდეს ანტისოციალური ტენდენციები.
თ) ჯგუფის შეჭიდულობა და იდენტიფიკაცია – ჯგუფის შეჭიდულობა აძლიერებს დეინდივიდუალიზაციის ეფექტს. როდესაც ინდივიდები გრძნობენ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას, ისინი უფრო მეტად მოდიან ჯგუფის განწყობებთან და ქმედებებთან შესაბამისობაში.
სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ჯგუფში ერთის მხრივ, ხდება ადამიანების ფსიქოემოციური აგზნება და მეორეს მხრივ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაქვეითება. როცა ეს ორი კომბინირებს, მაშინ ნორმატიული თავშეკავება შეიძლება უკიდურესად შესუსტდეს, შედეგად კი განხორციელდეს ისეთი ქმედებები, როგორებიცაა:
- წესრიგის დარღვევა – მაგალითად, საგნების სროლა, გინება და უცენზურო სკანდირება და სხვა;
- იმპულსური თვითგამოხატვა – ჯგუფური ვანდალიზმი, ძარცვა, ორგიები და სხვა;
- სოციალური დესტრუქცია – ქუჩის არეულობა, სამართლადამცავთა მხრიდან სისასტიკე, ლინჩის წესით ქმედება და სხვა.
1967 წელს ოკლაჰომას უნივერსიტეტის 200 სტუდენტი შეიკრიბა იმის სანახავად, თუ როგორ იდგა მათი თანატოლი შენობის სიმაღლეზე და იმუქრებოდა იქედან გადმოხტომით. მაყურებლები აყვირდნენ: „გადმოხტი! გადმოხტი!“. ახალგაზრდა მართლაც გადმოხტა და სასიკვდილოდ დაშავდა. ჯგუფის ასეთ ქმედებაში ის კანონზომიერება იკითხება, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით: ჯგუფს შეუძლია მის წევრებში აღძრას ფსიქოემოციური აგზნება და რაღაც იმაზე უფრო დიდის მიკუთვნებულობის განცდა, ვიდრე საკუთარი „მე“-ია. მოცემულ მაგალითში წარმოვიდგინოთ, რომ ფაქტს ესწრებოდა არა 200, არამედ 1 სტუდენტი. დიდი ალბათობით ის არ დაიძახებდა „გადმოხტი!“. გარკვეულ ვითარებებში ადამიანები, რომლებიც ჯგუფის წევრები არიან, მიდრეკილნი ხდებიან უგულვებელყონ ქცევის ნორმატიული შეზღუდვები, დაკარგონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაექვემდებარონ დეინდივიდუალიზაციას.
დეინდივიდუალიზაციის ფაქტორებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გავშლით:
ფაქტორი – ჯგუფის სიდიდე. დიდ ჯგუფს შეუძლია არა მარტო მისი წევრის უკიდურესი ფსიქოემოციური აგზნება, არამედ ის უზრუნველყოფს წევრის ანონიმურობასაც. მაგალითად, ბრბოს წევრებს, რომელიც ლინჩის წესს ახორციელებს, სჯერათ, რომ თავს აარიდებენ პასუხისმგებლობას, ისინი საკუთარ ქმედებას აღიქვამენ, როგორც ჯგუფურ ქმედებას. ქუჩის არეულობის მონაწილეები, რომლებიც დეინდივიდუალიზებულ ბრბოდ იქცნენ, არც ძარცვას ერიდებიან.
ზემოთხსენებული 200 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფის მაგალითის გაგრძელებად შეიძლება ვთქვათ ის, რომ კვლევებმა აჩვენა, როცა ასეთი სეირის მაყურებელი ჯგუფი პატარაა და თან თვითმკვლელობის მცდელობა დღისით-მზისით ხდება, მაშინ ჯგუფი, როგორც წესი, არ პროვოცირებს თვითმკვლელობას. ხოლო როცა ასეთი ჯგუფი დიდია ან შემთხვევა ღამით ხდება, მაშინ ინდივიდუალური ანონიმურობის გარანტია მაღალია და ჯგუფის წევრები მიმართავენ თვითმკვლელობამდე მისული ადამიანის პროვოცირებას, სხვადასხვა დამცინავ შეძახილებს ესვრიან მას.
ლინჩის წესის აღმსრულებელი ბრბოს შემთხვევაშიც, რაც უფრო დიდია ეს ბრბო, მით უფრო ადვილად მიდიან მისი წევრები მხეცურ ქცევაზე, როგორებიცაა მსხვერპლის ცოცხლად დაწვა თუ აკუწვა. ყველა ხსენებული შემთხვევისთვის საერთოა ის, რომ ასეთ ჯგუფებში სოციალური შეფასების შიში მნიშვნელოვნად იკლებს. საკუთარ ქცევას ჯგუფის წევრები ხსნიან სიტუაციით და არა – მათივე თავისუფალი ნებით.
ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: 2 ძველი ავტომობილი დატოვა ქუჩაში ახდილი კაპოტით და მოხსნილი სანომრე ნიშნებით. მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ავტომობილი დატოვა პალო ალტოში, სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს, ხოლო მეორე – ნიუ-იორკში, ასევე – უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს. ავტოდამრბევები ნიუ-იორკში 10 წუთში გამოჩნდნენ და ავტომობილს მაშინვე ამოაცალეს აკუმულატორი და რადიატორი. მანქანას უმოწყალოდ ძარცვავდნენ 3 დღე-ღამის მანძილს, რის შემდეგაც მისგან დარჩა მხოლოდ ჯართი. რაც შეეხება პალო ალტოში დატოვებულ ავტომობილს, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ავტომობილს შეეხო, იყო გამვლელი, რომელმაც კაპოტი დახურა, რადგანაც წვიმა იწყებოდა. ზიმბარდომ ივარაუდა, რომ დიდ ქალაქებში ანონიმურად დარჩენის მაღალი შანსი თავისთვად დეინდივიდუალიზაციას წარმოადგენს და განაპირობებს ისეთი ქცევების რისკს, როგორიც ვანდალიზმია. რამდენად ანონიმურობა იყო ის ფაქტორი, რამაც პალო ალტოსა და ნიუ-იორკში სხვადასხვა შედეგი აჩვენა, ძნელი სათქმელია, თუმცა ანონიმურობის მნიშვნელობის შესახებ უტყუარი შედეგები სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომელთაც ქვემოთ შევეხებით.
ფაქტორი – ფიზიკური ანონიმურობა. ფილიპ ზიმბარდო ერთ-ერთ ექსპერიმენტში ცდისპირებს მოსავდა კუ-კლუქს კლანისთვის დამახასიათებელი თეთრი მანტიით და ნიღბიანი თავსაბურავით. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: ცდისპირებს ავალებდნენ დაეჭირათ თითი ღილაკზე, რომელიც ელექტროდენით დარტყმას აყენებდა კონკრეტულ ადამიანს. სინამდვილეში დენის დარტყმა იმიტირებული იყო, რის შესახებაც ცდისპირებმა არაფერი იცოდნენ. აღმოჩნდა, რომ ის ცდისპირები, რომელთაც კუ-კლუქს კლანის წევრებივით ემოსათ, ორჯერ უფრო ხანგრძლივად აჭერდნენ თითს ელექტროღილაკს, ვიდრე ის ცდისპირები, რომელთა სახე დაფარული არ იყო, ხოლო გულზე კი ბეიჯი ეკეთათ, სადაც მათი სახელი იყო დატანილი.
პატრიცია ელისონმა და ჯონ გოვერმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: ექსპერიმენტის მონაწილე მძღოლი შუქნიშანზე ელოდა, როდის მოადგებოდა უკან კაბრიოლეტი, რის შემდეგაც განზრახ აყოვნებდა ავტომობილის დაძვრას მწვანე ნიშნის ანთების შემდეგ 12 წამით. უკან მდგომი ავტომობილის მძღოლი აგრესიის ნიშნად იწყებდა გაბმულ სიგნალს. ექსპერიმენტატორი აფიქსირებდა სიგნალის დაწყების და ხანგძლივობის დროს. კვლევამ აჩვენა, რომ თუ კაბრიოლეტის ხუფი დახურული იყო და შიგ მჯდომი მძღოლი ანონიმურობას ინარჩუნებდა, მაშინ სიგნალი სამჯერ უფრო ადრე იწყებოდა და ორჯერ უფრო ხანგრძლივად გრძელდებოდა, ვიდრე იმ მძღოლების შემთხვევაში, რომლებიც ღია კაბრიოლეტში ისხდნენ.
ედა დინერმა ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: ჰელოუინის ზეიმზე ის აკვირდებოდა ბავშვებს, რომლებიც კარდაკარ ჩამოივლიან ეგიდით – „გაგვიმასპინძლდი, თორემ შურს ვიძიებთ“. ექსპერიმენტატორი გულღიად ესალმებოდა მათ, შეიპატიჟებდა შინ და სთავაზობდა, რომ მაგიდაზე განთავსებული საკანფეტედან თითო შოკოლადი აეღოთ, რის შემდეგაც მცირე ხნით გადიოდა ოთახიდან და ბავშვებს კანფეტებთან მარტო ტოვებდა. ფარულმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ბავშვები ჯგუფის შემადგენლობაში 2-ჯერ და მეტჯერ იყვნენ მიდრეკილნი, რომ ერთზე მეტი შოკოლადი აეწაპნათ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ოთახში მარტო შედიოდნენ. ასევე გაცილებით პატიოსნად იქცეოდნენ ის ბავშვები, რომელთაც შეპატიჟებისას სახელს და გვარს ეკითხებოდნენ ბავშვებთან შედარებით, რომელთა ვინაობა ანონიმური რჩებოდა.
აღწერილი და მსგავსი ექსპერიმენტების შედეგები ახსნას უძებნის ძალოვნების თუ არაფორმალური დაჯგუფებების უნიფორმის ეფექტსაც.
მაგალითად, სხვადასხვა ტომების მეომრები დეინდივიდუალიზაციას მიმართავენ იმით, რომ იღებავენ სახეს და სხეულს, ატარებენ სპეციალურ ნიღბებს. მეტიც, ანთროპოლოგიური კარტოთეკის შესწავლა ცხადყოფს, რომ ის მეომარი ტომები, რომლებიც დეპერსონალიზაციას მიმართავდნენ, უფრო მეტი სისასტიკით გამოირჩეოდნენ მოწინააღმდეგის, მათ შორის – ტყვეების მიმართ.
იბადება შეკითხვა, ყოველთვის ისე ხდება, რომ ფიზიკური ანონიმურობა ჩვენში მხეცს აღვიძებს? – საბედნიეროდ არა! ზემოთხსენებულ ექსპერიმენტებს თუ დავაკვირდებით, უმრავლეს შემთხვევაში ექსპერიმენტის სიტუაცია, რომელშიც ცდისპირს ამყოფებდნენ, ანტისოციალურ ხასიათს ატარებდა. იგივე კუ-კლუქს კლანის კოსტიუმი შესაძლოა თავისთავად პროვოცირებდეს სისასტიკეს. ამის საილუსტრაციოდ რობერტ ჯონსონმა და ლესლი დაუნინგმა გაიმეორეს ზიმბარდოს ეს ექპერიმენტი, თუმცა ცდისპირებს კუ-კლუქს კლანის კოსტიუმების ნაცვლად მედდის უნიფორმები ჩააცვეს, თუმცა ამ უნიფორმაშიც უზრუნველყვეს მათი ანონიმურობა. აღმოჩნდა, რომ მედდის უნიფორმით შემოსილი ცდისპირები ნაკლებ სისასტიკეს ავლენდნენ ზიმბარდოს ექსპერიმენტის ცდისპირებთან შედარებით.
როგორ ჩანს, იმ სიტუაციებში, სადაც ადამიანი რჩება ანონიმური, ის ნაკლებად უწევს ანგარიშს საკუთარ ქმედებებს და უფრო მეტად ექცევა სიტუაციური მინიშნებების (როგორც უარყოფითი, ისე – დადებითი) გავლენის ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ დეინდივიდუალიზაციის პირობებში ალტრუისტულ მინიშნებების სიტუაციას შევქმნით, ადამიანები იმაზე უფრო დიდ ქველმოქმედებას სწევენ, ვიდრე – ჩვეულებრივ ახასიათებთ. ხსენებული ფენომენით შეიძლება აიხსნას აგრეთვე შავი უნიფორმის (რაც ტრადიციულად სისასტიკესთან, სიკვდილთან და შიშთან ასოცირდება) მტარებელი ადამიანების ჯგუფის ქმედებებში სისასტიკის მეტი მაჩვენებელი. კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ შავი სვიტერის ტარებაც კი შეიძლება ადამიანს იმაზე მეტად აგრესიულს ხდიდეს, ვიდრე ის საერთოდ არის.
საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს კენეტ და მერი ჯერგენებმა და უილიამ ბარტონმა. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: წარმოიდგინეთ, რომ ცდისპირი ხართ. თქვენ გთავაზობენ შეხვიდეთ აბსოლუტურად ბნელ ოთახში, სადაც 1 საათი უნდა გაატაროთ შვიდ თქვენთვის უცნობ ქალთან და მამაკაცთან ერთად. ექსპერიმენტატორი განგიმარტავთ, რომ არ არსებობს არანაირი წესები იმისა, თუ როგორ მოიქცევით. ასევე განგიმარტავენ, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გამოგიყვანენ ოთახიდან და დაიშლებით ისე, რომ არ გეძლევათ საშუალება, გაიცნოთ ერთმანეთი. საკონტროლო ექსპერიმენტში, სადაც ოთახი ბნელი არ იყო, მონაწილეები ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ. ბნელი ოთახის ექსპერიმენტში კი ცდისპირები უფრო ინტიმური და ნაზი ურთიერთობისკენ მოტივირდნენ. ისინი ნაკლებად ჭორაობდნენ და მეტად ლაპარაკობდნენ ინტიმურ საკითხებზე. ბნელი ოთახის ცდისპირთა 90% ახორციელდებდა მეორე ცდისპირთან ფიზიკურ შეხებას, 50% – ჩახუტებას. საინტერესოა, რომ ასეთ ექსპერიმენტულ პირობებში ყოფნა ცდისპირთა მხოლოდ მცირე ნაწილს არ მოეწონა, უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა და თანხმობას აცხადებდა განმეორებით ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, თუნდაც უსასყიდლოდ. ანონიმურობამ მათში გააღვიძა ინტიმურობა და შეთამაშების სურვილი.
დეინდივიდუალიზაციას ეფუძნება საპროტესტო აქციების ტექნოლოგიაც. აქციის მიზანია მისი წევრების ყურადღების ფიქსირება და ფსიქოემოციური აგზნება. ამ მიზნით ჯგუფი ყვირის, სკანდირებს, მღერის თუ მოძრაობებს ასრულებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მონაწილეებში ერთდროულად იქნას გამოწვეული აგზნება და თვითშემეცნების დაქვეითება. ასეთი, ერთი შეხედვით, უწყინარი აქტივობა შეიძლება ამზადებდეს ნიადაგს უფრო უკონტროლო ქმედებებისთვის. ასეთი ჯგუფის წევრებში დაკმაყოფილების განცდას იწვევს იმ ქმედებების ჩადენა, რასაც სხვები იდენენ. ჩნდება განცდა, რომ იგივეს ვგძნობთ, რასაც სხვები გრძნობენ და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ განცდებს. ამას გარდა საყურადღებოა იმპულსური ქმედების ჯგუფებიც. მაგალითად, როცა სტადიონზე მსაჯს ბრაზით ვუყვირით, ჩვენ არ ვაცნობიერებთ ჩვენს საკუთარ ღირებულებებს, არამედ ვრეაგირებთ უშუალოდ სიტუაციაზე. მოგვიანებით, როცა დავფიქრდებით საკუთარ ქმედებებზე, შეიძლება სირცხვილის განცდაც კი დაგვეუფლოს. მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ თვითონ ვეძებთ შესაძლებლობას, რომ დეინდივიდუალიზაციას დავექვემდებაროთ – დისკოთეკაზე, ომში, საპროტესტო აქციაზე – ყველგან, სადაც საშუალება გვეძლევა მივეცეთ ძლიერ ემოციებს და განვიცადოთ საკუთარი თავი გარშემომყოფებთან მთლიანობაში.
დეინდივიდუალიზაცია და თვითშემეცნება მონეტის ორი მხარეა. დეინდივიდუალიზაცია გამორიცხავს თვითშემეცნებას. ამდენად, დეინდივიდუალიზაციის ვითარებაში ჩვენ ნაკლებად ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, მივყვებით სიტუაციას, არ ვუწევთ ანგარიშს საკუთარ ღირებულებებს და მიდრეკილნი ვართ დესტრუქციული ქმედებებისკენ.
ის ადამიანები, რომლებიც მაღალი თვითშემეცნებით ხასიათდებიან, ნაკლებად ატაცებულნი ხდებიან ჯგუფის მოწოდებით, მით უფრო თუ ეს ჯგუფი მათი ღირებულებითი სისტემისგან განსხვავდება. ისეთი ფაქტორები, რომლებიც თვითშემეცნებას აქვეითებს, მაგალითად ნარკოტიკები და ალკოჰოლი, შესაბამისად ზრდიან დეინდივიდუალიზაციას და პირიქით, დეინდივიდუალიზაცია ქვეითდება თვითშემეცნების ხელოვნურად გაზრდის შედეგად – მაგალითად, სათვალთვალო კამერების, სარკეების გამოყენებით. მსგავსი, დეინდივიდუალიზაციის დაქვეითების ეფექტი, აქვს კარგ კომუნიკაციასაც. მაგალითად, როცა მოზარდი მიდის თანატოლებთან ერთად დროის გასატარებლად, კარგი მშობელი მას ამ სიტყვებით აცილებს: „გისურვებ დროის სასიამოვნოდ გატარებას და არ დაივიწყო, ვინ ხარ.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „ისიამოვნე ჯგუფში ყოფნით, თუმცა არ დაკარგო თვითშემეცნება: არ დეინდივიდუალიზირდე“.
წყარო:
https://paloaltou.edu/resources/business-of-practice-blog/the-evolution-of-deindividuation
https://www.verywellmind.com/deindividuation-7546896
Social Psychology., David G. Myers, Jean M. Twenge., McGraw-Hill Education, 2022., 672 pages
