დერმატილომანია – კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

დერმატილომანიის ეს არის საკუთარი კანის საფარველის ჩიჩქნის იმპულსური და განმეორებითი მოთხოვნილება, რომლის გაკონტროლება ადამიანს სრულიად არ შეუძლია ან ძალიან უძნელდება. დერმატილომანიას ლიტერატურაში სხვა სახელწოდებებითაც შევხვდებით: პათოლოგიური კანის ჩიჩქნა, ნევროტული ექსკორიაცია, ფსიქოგენური ექსკორიაცია.

დერმატილომანიას განიხილავენ, როგორც ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის ნაირსახეობას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკური ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის მქონე პაციენტები, როგორც წესი, არ მიმართავენ ექსკორიაციებს არც ობსესიის და არც კომპულსიის გამოვლინების დროს.

აშშ სტატისტიკის მიხედვით დერმატილომანია მოსახლეობის დაახლოებით 2%-3%-ში აღინიშნება. მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო DSM-5 (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders) დერმატილომანიას განსაზღვრავს, როგორც ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის ერთ-ერთ ტიპს, რამდენადაც მისთვის დამახასიათებელია კომპულსიური სწრაფვა განმორებითი ქცევისადმი, თუმცა დერმატილომანია არ არის კლასიკური ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა. დერმატილომანიისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ის პირები, რომლებსაც:

  • აქვთ ემოციების რეგულირებასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • იმპულსების კონტროლის სირთულეები;
  • კანის მომეტებული მგრძნობელობა;
  • კანის უსწორმასწორობებისადმი დაბალი ტოლერანტობა.

დერმატილომანია გულისხმობს ისეთ ქცევით აქტებს, როგორებიცაა კანის ქავილი, კანის ჩიჩქნა, კანის საფარველის აძრობა, კანის სრესა. დერმატილომანია, როგორც წესი, იმ ანატომიურ უბნებს ეხება, რომელთაც ადამიანი ადვილად წვდება ხელით. ასეთი უბნებია სახე (ყველაზე ხშირად), თავის კანი, კისერი, ხელები და ხელის თითები, ბარძაყები, წვივები, ტერფები და ფეხის თითები.

თითქმის ყველა ვაწვალებთ საკუთარ კანს დროდადრო, თუმცა დერმატილომანიასთან საქმე გვაქვს მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი ნიშნები:

  • ისე იზინებთ კანს, რომ წითლდება, საფარველი ერღვევა, მტკივნეული ხდება;
  • გინდათ, რომ გაჩერდეთ, მაგრამ ვერ ახერხებთ;
  • ამ ქცევის გამო გაღიზიანებულობის, უხერხულობის ან სირცხვილის განცდა გეუფლებათ;
  • ეს ქცევა მოქმედებს თქვენს ყოველდღიურ აქტივობაზე.

უმრავლეს შემთხვევაში დერმატილომანიის დროს კანის საფარველს ადამიანი ჩიჩქნის თითების და ფრჩხილების გამოყენებით, თუმცა არის შემთხვევები, როცა იყენებს პინცეტს, ქინძისთავს, დანას, მაკრატელს. ზოგიერთ შემთხვევაში კი კანს იზიანებს კბილებითაც, აქ იგულისხმება მაგალითად, ტუჩების კვნეტა.

განარჩევენ დერმატილომანიის ორ ფორმას:

  1. ავტომატური დერმატილომანია. ამ შემთხვევაში კანის საფარველის ჩიჩქნის ქცევა ავტომატურად ხორცილედება, ამაზე ფიქრის გარეშე. ამ ქცევას შეიძლება ადამიანი ახორციელებდეს ნებისმიერ სიტუაციაში – ტელევიზორის ყურებისას, კითხვისას თუ ავტომობილის მართვისას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ავტომატური დერმატილომანია თვითსტიმულაციის ნაირსახეობაა. ადამიანი აღწერს, რომ კანის აძრობის მომენტში სასიამოვნო შეგრძნება აქვს, შემდეგ კი – უხერხულობის, სირცხვილის ან ბრაზის.
  2. ფოკუსირებული დერმატილომანია. ამ შემთხვევაში კანის ზედაპირის ჩიჩქნა უფრო მეტად ცნობიერდება და მეტიც, კანის ჩიჩქნის სურვილი შეეხება კონკრეტულ ანატომიურ უბანს. კანის ზედაპირის ჩიჩქნის სწრაფვას ადამიანი შეიძლება ისეთი რაციონალური მიზნით ამართლებდეს, როგორიცაა “ნაწიბურის მოცილება მინდა”, “მუწუკის მოცილება მინდა”, “მექვება” და სხვ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფოკუსირებული დერმატილომანია დისკომფორტის ან მოწყენის განცდის დასაძლევად აღიძვრება.

დერმატილომანიის მიზეზები.

დერმატილომანიის ერთი რაიმე მიზეზი არ არის დადგენილი. გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც შესაძლოა იწვევდნენ დერმატილომანიას, ესენია:

  • ტვინის სტრუქტურა. დერმატილომანიის შემთხვევებში ნაჩვენებია დასწავლილ ქცევებზე პასუხისმგებელი ტვინის უბნების თავისებურება;
  • სტრესი და შფოთვა. დერტმატილომანია შეიძლება განვითარდეს, როგორც საპასუხო ქცევა სტრესზე, ფშოთვასა და დეპრესიაზე.
  • გენეტიკა. ნაჩვენებია დერმატილომანიის გაზრდილი რისკი იმ ადამიანებში, რომელთა მშობლებს ან და-ძმას აღენიშნებათ მსგავსი ქცევა.

დერმატილომანიის დიაგნოსტირება.

დერმატილომანიის სადიაგნოსტიკო სპეციფიკური ტესტ-სისტემა არ არსებობს. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:

  • კანის საფარველის ფიზიკური დათვალიერება;
  • ანამნეზის შეკრება: კითხვარების გამოყენებით სამედიცინო მდგომარეობების, ცხოვრების წესის და ქცევების თავისებურებების შეფასება;
  • დიფ. დიაგნოსტიკური კვლევა.

დერმატილომანიის დიაგნოსტირება ხუთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს ეყრდნობა:

  1. კანი საფარველი დაზიანებულია;
  2. პაციენტს აქვს მცდელობები, შეწყვიტოს კანის საფარველის დაზიანება;
  3. პაციენტს აქვს დერმატილომანიასთან დაკავშირებული არასასიამოვნო განცდები;
  4. კანის საფარველის დაზიანება დაკავშირებული არ არის რაიმე დაავადებასთან ან სამკურნალო საშუალებების გვერდით მოვლენებთან;
  5. ადამიანს არ აქვს სხვა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც შეიძლება კანის თვითდაზიანება განაპირობოს.

დერმატილომანია უფრო ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება ქონდეთ ჩამოთვლილი მენტალური პრობლემებიდან რომელიმე:

  • დეპრესია;
  • შფოთვითი დარღვევა;
  • ბიპოლარული დაავადება;
  • პრადერ-ვილის სინდრომი.

დერმატილომანიის მკურნალობა.

დერმატილომანიის სამკურნალოდ გამოიყენება კომბინირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და მედიკამენტურ ჩარევას. მედიკამენტებიდან გამოიყენება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტები), ანტიკონვულსანტები და ანტიფსიქოტური აგენტები; გარდა ამისა – ნუტრიცეფტიკები – ფუნქციური საკვები და საკვები დანამატები. თუ კანის დაზიანება ღრმა და სერიოზულია, მაშინ საჭირო ხდება დერმატოლოგის კონსულტაცია. ზოგჯერ დაზიანება ისეთი ხარისხისაა, რომ ქირურგის ჩარევაც ხდება საჭირო. დერმატილომანიის გართულებებიდან აღსანიშნავია:

  • კანის შეუქცევადი დაზიანება, ნაწიბურები;
  • კანის ინფექცია, წყლული;
  • სისხლდენა;
  • სეფსისი.

დერმატილომანიის შემთხვევაში ადამიანი თავს არიდებს სპეციალისტთან მისვლას იმის გამო, რომ სირცხვილს ან უხერხულობას გრძნობს. უნდა გვახსოვდეს, რომ დერმატილომანია ცუდი ჩვევა კი არ არის, არამედ სამედიცინო მდგომარეობაა. დერმატილომანიის დროს ისევე არ უნდა მოგერიდოთ სპეციალისტთან მისვლა და დახმარების მიღება, როგორც არ გერიდებათ მაგალითად, კანის დამწვრობის, სხვა ტრავმების დროს.

რჩევები

ვიდრე დერმატილომანიას საბოლოოდ დაძლევდეთ, პირველ რიგში, გადადგით ნაბიჯები კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად:

  • დაიცავით დაზიანებული ადგილების ჰიგიენა;
  • გამოიყენეთ ვაზელინი დაზიანებული ადგილების დასატენიანებლად; დატენიანებული უბნები არ გარქოვანდება და მათი კვლავ აძრობის იმპულსი არ გაგიჩნდებათ;
  • დაადეთ დაზიანებულ უბანს სახვევი. თუ წებოვანი ლენტის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა გაქვთ, მაშინ დაფარეთ ის მარლის დისკით და ქაღალდის ლენტით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის გელი ან ჰიდროგელის საფენი (განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი და გაღიზიანებული დაზიანებისთვის). დაიცავით სახვევის ჰიგიენა, შეცვალეთ ყოველდღიურად.
  • შეხორცების შემდეგ დაზიანებულ ადგილზე წაისვით მზისგან დამცავი კრემი- SPF 30 ან უფრო მაღალი შემცველობით. მზისგან დამცავი საშუალებები ხელს შეუწყობს კანის საფარველის სწრაფ აღდგენას.  

გირჩევთ რამდენიმე ხერხს დერმატილომანიის სიმპტომების შესამცირებლად:

  • სასურველია ხელის ფრჩხილები იქონიოთ მოკლედ გადაჭრილი;
  • თითებზე დაიკარით პლასტირი; გამოიყენეთ თათმანი ან თითის თათმანები და ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთარი კანის საფარველის დაზიანებას დაიწყებთ, ეს ფიზიკური ბარიერები შეგახსენებენ, რომ არ გააკეთოთ ეს.
  • უთხარით თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ ცდილობთ დაძლიოთ დერმატილომანია და ყოველ ჯერზე შეგაჩერონ, როცა ამის კეთებას დაიწყებთ.
  • გააცნობიერეთ როდის და სად გიჩნდებათ ასეთი იმპულსი; გააცნობიერეთ და დაძლიეთ ასეთი სტრესორები;
  • ივარჯიშეთ თავშეკავებაში, თანდათან გაზარდეთ დრო, რომლის განმავლობაში კანის დაზიანების გარეშე გაძლებთ;
  • დაზიანების მიყენების ნაცვლად, იზრუნეთ საკუთარ კანზე. მაგალითად, წაისვით დამატენიანებელი კრემი;
  • არ შეინახოთ ადვილად მისაწვდომ ადგილას პინცეტი, ქინძისთავი ან სხვა ხელსაწყოები, რომლებსაც შეიძლება იყენებდეთ დერმატილომანიის იმპულსის გაჩენისას;
  • იმპულსის შემოტევისას დააკავეთ ხელები სხვადასხვა აქტივობით, ამას კონკურენტული რეაგირება ეწოდება. ასეთი აქტივობა შეიძლება იყოს რეზინის ბურთის შეკუმშვა, კრიალოსანის დამარცვლა, ქსოვა და სხვა. მოსინჯეთ და შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური კონკურენტული რეაგირების „სათამაშოები“.

წყაროები:

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9063575

https://www.webmd.com/mental-health/skin-picking-disorder

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top