იცოდე ხანდაზმულ მშობლებთან ურთიერთობა

შეიძლება ითქვას, რომ მშობლებს ჩვენი დაბადების დღიდან ვიცნობთ. მოგვიანებით კი დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაზე უკეთ მათ ვიცნობთ. მოდის მათი ხანდაზმულობა, ვდგებით მათზე მზრუნველობის ამოცანის წინაშე და აღმოვაჩნეთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით მათ შესახებ; არ ვიცით, როგორ მივუდგეთ მათ; არ ვიცნობთ მათი, როგორც პიროვნების, სურვილებს, წუხილს, შიშებს. 

ხანდაზმულ ადამიანზე ზრუნვა მნიშვნელოვნად ცვლის ოჯახის დინამიკას. იცვლება ფიზიკური, ემოციური, სოციალური და ფინანსური მდგომარეობა, რაც ოჯახის თითოეული წევრის როლზე, პასუხისმგებლობასა და განცდებზე აისახება. ამან შეიძლება განაპირობოს სტრესი, დაძაბულობა, წყენა, უთანხმოება, იმედგაცრუება. ხანდაზმულ მშობლებთან ურთიერთობის ცოდნა დაგეხმარება ოჯახში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შენარჩუნებასა და შექმნაში. აქ მოტანილი რჩევები პანაცეა არ არის, თუმცა მიჰყევი მათ და ირწმუნე, რომ ყველაფერს აკეთებ ურთიერთობების ჯანსაღ კალაპოტში მოსაქცევად. შენ სამშენებლო აგურს დებ ურთიერთპატივისცემის გაძლიერებისთვის და არა – წყენის გაძლიერებისთვის. 

შენი ხანდაზმული მშობელი უარყოფს დახმარების საჭიროებას ან ეწინააღმდეგება მას? ამან შეიძლება იმდგაცრუება და სასოწარკვეთა მოგგვაროს. ეს ძალიან ხშირია და ეს ახსნადია: ნებისმიერ ადამიანს ძვირად უღირს საკუთარი დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა. იგივეა ხანდაზმულ ასაკშიც. დამოუკიდებლობის დაკარგვამ შეიძლება დააზიანოს პიროვნებისთვის უაღრესად ფასეული თვითშეფასება, საკუთარი ფუნქციობის და სიამაყის განცდა. ამიტომაც ხანდაზმული ადამიანი შეიძლება რისკავდეს უსაფრთხოებით და კომფორტით, საკუთარი ფუნქციობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ქვემოთმოყვანილი რჩევები დაგეხმარება ხანდაზმულ მშობელთან თანამშრომლობის ატმოსფერო განვითარებასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული მზრუნველობის განხორციელებაში. იქამდე კი ურთიერთობის ოქროს წესი, გამონაკლისის გარეშე: ხანდაზმულთან ურთიერთობა წარმართე ისე, რომ მან შენი მხრიდან იგრძნოს პატივისცემა, გაგება და მხარდაჭერა. 

  1. მოთმინება იქონიე. ყველასთვის სტრესია ის, როცა აჩქარებენ პასუხის გაცემასა თუ გადაწყვეტილების მიღებას. სტრესია ეს ხანდაზმული ადამიანისთვისაც. კიდევ უფრო დიდი სტრესია იმ ხანდაზმულისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შენელებული აქვს ნერვული პროცესები. მოთმინებით წარმართე საუბარი. აეწყე იმ ტემპზე, რომელიც მისთვის კომფორტულია. 
  2. ილაპარაკე „მე“-ზე და არა „შენ“-ზე. იმის ნაცვლად, რომ თქვა „შენ უნდა გააკეთო“ ან „შენ მე მაბრაზებ“, თქვი „მე მეფიქრება,  რომ კარგი იქნებოდა ამის გაკეთება“ ან „მე ვბრაზდები“. როცა დებულებას აყალიბებ „შენ“-ზე აქცენტით, ხანდაზმული იძულებულია თავდაცვის პოზიციაში გადავიდეს. 
  3. შეინარჩუნე სიმშვიდე. ისე არაფერი აშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც ცხარე დისკუსია. თუ თვლი, რომ ბრაზდები და თავს ვეღარ იკავებ, უბრალოდ გადი, გაიარე გარეთ. დამშვიდდები და დაბრუნდები. 
  4. მიეცი საშუალება, თქვას. მიეცი საშუალება ხანდაზმულს, რომ გამოთქვას საკუთარი აზრი მიუხედავად იმისა, ეთანხმები მას თუ არა და მიუხედავად იმისა, უჭირს აზრის გამოთქმა თუ არა. მიეცი საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი, თუკი ეს მას სურს და მიეცი საშუალება, დაასრულოს აზრი. ნამდვილად მოუსმინეთ იმას, თუ რის თქმა სურს ხანდაზმულ ადამიანს. არ შეაწყვეტინო ლაპარაკი და არ ეცადო შეავსო პაუზები, რომლებსაც ის საუბრისას აკეთებს. მიეცი საშუალება, გამოიყენოს პაუზა იმის მოსაფიქრებლად, თუ რა თქვას და რა გიპასუხოს. დარწმუნდი, რომ შენც გისმენენ, როცა ლაპარაკობ. არ ილაპარაკო იმისთვის, რომ უნდა ილაპარაკო. რაც არ უნდა მეგობრული იყოს თქვენი ურთიერთობა, მაინც იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა. პატივი ეცი მის განსხვავებულ აზრს ისევე, როგორც შენ გინდა, რომ პატივი სცენ შენს აზრს. მოისმინე მისი თვალსაზრისი და იქონიე მზაობა კომპრომისისადმი, როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. 
  5. ილაპარაკე გასაგებად. ზოგჯერ ხანდაზმულს უჭირს იმის აღიარება, რომ არ ესმის ან ვერ იგებს ნათქვამს. შეინარჩუნე სიმშვიდე, ისაუბრე მოთმინებით, გასაგებად, თუმცა არა იმის ხაზგასასმელად, რომ შენ იძულებული ხარ ასე ისაუბრო. ისაუბრე ხმამაღლა, როცა ამის საჭიროებაა (მაგალითად, სმენის პრობლემის დროს), მაგრამ არ აგრძნობინო, რომ მისი პრობლემის გამო ყვირი. წარმოთქვი გარკვევით,  მოერიდე ჩაბუტბუტებას და სწრაფად ლაპარაკს. კონცენტრირდი ერთ აზრზე და ააგე მოკლე და გასაგები წინადადებები. თუ ხანდაზმული მაინც ვერ გაიგებს ნათქვამს, სცადე სხვა სიტყვებით გამოხატო სათქმელი.
  6. ნუ იქნები დამამცირებელი. დარწმუნდი, რომ შენს მიერ ხმამაღლა ლაპარაკი ან გარკვევით ნელა ნათქვამი არ ატარებს დაცინვის ხასიათს, მათ შორის, როცა ხანდაზმულს აქვს დემენცია ან სმენის დაქვეითება. არ ელაპარაკო ხანდაზმულს, როგორც ბავშვს. პატრონური დამოკიდებულება ყველაზე ხშირი მიზეზია წყენის და ფრუსტრაციის. 
  7. მიეცი საშუალება გამოხატოს საკუთარი გრძნობები. ხანდაზმული ადამიანის საუბარი შეიძლება ზედმეტად ემოციური მოგეჩვენოს. შენ ნუ გადაუწყვეტ, როდის გაიცინოს და როდის იტიროს. პატივი ეცი მის ემოციურ მდგომარეობას. აჩვენე მხოლოდ თანაგრძნობა და არა ის, თუ რა უნდა იგრძნოს და როდის. 
  8. არ გადადო მზრუნველობაზე საუბარი. რაც უფრო ადრე დაიწყებ საუბარს  მშობლებთან იმის შესახებ, თუ რა ტიპის მზრუნველობას საჭიროებენ ისინი, მით უკეთესი. სულ პატარა სიგნალიც კი თუ გაქვს, რომ მშობელს მზრუნველობა სჭირდება, არ წაუყრუო ამას. დაიწყე იქამდე, ვიდრე დიაგნოსტირებული იქნება მისი ის მდგომარეობა, რომელიც მოვლას საჭიროებს. მზრუნველობის საჭიროებაზე საუბარი უნდა აწარმოო ისე, რომ ეს მოდის შენი სიყვარულიდან და არა იქედან, რომ შვილი ხარ და სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს. ასე მაგალითად, „დედა/მამა, მე შენ მიყვარხარ. მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავდი. ახლა ჩემი ჯერია, რომ მე ვიზრუნო შენზე.“ 
  9. მას ჰკითხე, თუ რას სჭირდება. ხანდაზმულ ადამიანს ხშირად ეშინია, რომ დაკარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე, დაკარგავს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შეუმცირე მას ეს შიში. მას ჰკითხე, რა სჭირდება, რაში დაჭირდება შენი დახმარება. ამით აფიქსირებ, რომ პატივს სცემ მას, როგორც პიროვნებას, მის სურვილებს ეძიებ და არა თავს ახვევ საკუთარს. არ არის გამორიცხული ასეთი საუბარიც მოგიხდეს: „რაღაც მომენტში მე მომიწევს გადაწყვეტილება მივიღო თქვენს მაგივრად. იმისთვის, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რასაც თქვენ ისურვებდით და პატივი ვცე თქვენს საზღვრებს, მოდით, დამაკვალიანეთ ისე, რომ დამეხმაროთ ამაში.“ 
  10. პრობლემებზე ფორმალურ საუბრებს ყოველდღიური საუბრები ამჯობინე. ხშირად ხანდაზმულ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ მის პრობლემებზე ფორმალურ საუბარში შემოგყვეს. ნუ ჩაუტარებ მას კონფერენციებს, არამედ აწარმოე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ყოველდღიური საუბრების ფორმატში. ეს ამსუბუქებს კომუნიკაციასაც და ხანდაზმულის ემოციურ სტრესსაც საკუთარი პრობლემების მიმართ. მაგალითად, ჰკითხე ასე: „როგორ არის საქმე? რა თქვა ექიმმა?“ თუ თვლით, რომ ვერ ღებულობ საჭირო ინფორმაციას, მაშინ შესთავაზე მასთან ერთად წასვლა მომდევნო სამედიცინო შემოწმებაზე. არაფორმალური საუბარი ბევრად უფრო ნაყოფიერი და გულითადი იქნება, თუკი  გამოავლენ სიყვარულს და მზრუნველობას და არა კონტროლს და პატრონობას. 
  11. გაუზიარე ისტორიები საკუთარი ან სხვების გამოცდილებიდან. ეს განსაკუთრებით ეხმარება დელიკატურ თემებზე საუბარს. სხვისი გამოცდილებიდან თქვენი ურთიერთობის შესაბამისი საკითხები შეიძლება ჩამოაყალიბო, თუმცა კი – ტაქტით და პატივისცემით. მაგალითად, „ჩვენც რომ შეგვემთხვეს ასეთი რამ, როგორ მოვიქცე?“ 
  12. კიდევ სცადე. რაც არ უნდა დიპლომატიური იყო, მშობლებს შეიძლება არ ქონდეთ სურვილი ისაუბრონ პირად მდგომარეობაზე ან ფინანსებზე. ისევ დამოუკიდებლობის ღირებულებიდან გამომდინარე, შეიძლება თავდაცვის პოზიციაში გადავიდნენ შეკითხვაზე საპასუხოდ. ასეთ შემთხვევაში აღარ ჩააცივდე. შეჩერდი და სხვა დრო და მომენტი შეარჩიე, როცა კიდევ ერთხელ შეძლებ ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. 
  13. მიეცი საშუალება, იყოს მართალი. მიეცი შენს თავს უფლება, რომ ცდებოდე, ხოლო ხანდაზმულ მშობელს მიეცი საშუალება, რომ იყოს მართალი მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ მართალი შენ ხარ. ამით დადებითაც იმოქმედებ მის თვითშეფასებაზე, აგრძნობინებ პატივისცემას და შეუმცირებ წინააღმდეგობას. მაგალითად, „მამა/დედა, მე მივხვდი, რომ შენ მართალი იყავი ავეჯის გადაადგილებასთან დაკავშირებით. შენთვის რომ დამეჯერებინა, დიდ თავის ტკივილს ავირიდებდი“. 
  14. გაუგე, რას იცავს იმით, რომ გეწინააღმდეგება. როცა ხანდაზმული შენს დახმარებას ეწინააღმდეგება, ის ამით იცავს რაღაც ისეთს, რის დაკარგვისაც ეშინია მაშინაც კი, როცა ამას არ აცნობიერებს. მაგალითად, დამხმარის დაქირავების შეთავაზებამ ხანდაზმულ დედას შეიძლება გაუჩინოს განცდა, რომ კარგავს კონტროლს საკუთარ გარემოზე. ამიტომ შესთავაზე მაგალითად, ასე: „დედა, შენ ყოველთვის ისე კოხტად უვლიდი სახლს და სულ მიხაროდა აქ სტუმრის მოყვანა. მე ვფიქრობ, რომ შენ გამოგადგება ადამიანი, ვინც მძიმე სამუშაოს შეასრულებს შენს მაგივრად. რას იტყვი, რომ დავიქირაოთ დიასახლისი, რომელიც მოუვლის იატაკს, ფანჯრებს, შენი ხელმძღვანელობის ქვეშ.“  
  15. აჩვენე, რომ მათ კი არა, შენ გჭირდება დახმარება. როცა ხანდაზმულებს ესაუბრები, დარწმუნდი, რომ მათ ღირებულებებს არ ემუქრები. აქცენტი გააკეთე არა იმაზე, რომ რაღაც არ შეუძლიათ და ამიტომ უნდა დაიქირაოთ მეთვალყურე, არამედ იმაზე, რომ ეს შენ გჭირდება იმისთვის, რომ მშვიდად იყო მშობლებთან მიმართებით. უთხარი ამგვარი რამ: „მე ვიცი, რომ თქვენ არ გჭირდებათ მეთვალყურე. თქვენ მშვენივრად ართმევთ თავს ყველაფერს. ეს ჩემთვისაა, რომ მე მშვიდად ვიყო. ვიცი, რომ არაფერია სანერვიულო, მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ. მომეცით საშუალება, რომ ამ ადამიანმა მოგაქციოთ ყურადღება, გააკეთეთ ეს ჩემთვის.“ გარდა ამისა, შესთავაზე, რომ დახმარების ხარჯს შენ გასწევ, მაგალითად:  „დედა, შენ და მამა ყოველთვის გულუხვები იყავით ჩემს მიმართ, ჩემი შვილების მიმართ. თქვენი დახმარებით მე ის ვარ, ვინც ვარ და ახლა შემიძლია დაგეხმარო თუნდაც მცირედში. გამიხარდება თუ მომცემ საშუალებას, მე გადავუხადო თქვენს დამხმარეს.“
  16. ვერ შეთანხმდით? – ნუ გაჯიუტდები. თუ გადაწყვეტილების პროცესში შენ და ის ისევ საკუთარ აზრზე რჩებით, მაშინ გათავისუფლდი საკუთარი წინააღმდეგობისგან, გახსენი საკუთარი ცნობიერი იმისთვის, რომ გადაჭრის სხვა გზა მონახო და აჩვენე ხანდაზმულს, რომ ღია ხარ ახალი წინადადებებისთვის. მაგალითად: „მამა/დედა, მე მივხვდი, რომ კარგად ვერ მოგისმინე. შენ თქვი, რომ არ გინდა აქედან გადასვლა. მე კი იმაზე ვღელავ, რომ შენ აქ მარტო უნდა იცხოვრო. არ ვიცი, როგორ მოვაწყოთ ისე, რომ აქაც დარჩე და უსაფრთხოდაც იყო. სხვა დროს მოვიფიქროთ ეს კიდევ, თუმცა ახლა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შენ აქ დარჩე და მე კი დარწმუნებული ვიყო, რომ უსაფრთხოდ ხარ“. ასეთი შემობრუნება საოცრად მოქმედებს კომუნიკაციაზე. 
  17. არ მისცე რჩევები, თუ თვითონ არ გთხოვა ეს. მშობლის ხანდაზმულობასთან ერთად ხშირად ადგილი აქვს მშობელი-შვილი როლის შეტრიალებას, რაც შეიძლება მშობლისთვის მტკივნეული იყოს. ამიტომ არ ეცადო შენი მშობლის მშობელი გახდე. არ უთხრა „ახლა შენ ხარ ჩემი შვილი“. არ ასწავლო ჭკუა მშობელს. ის სიბრძნის ასაკშია, შენ – ჯერ არა. რჩევა მიეცი მხოლოდ მაშინ, როცა გთხოვა ეს და როცა დარწმუნებული იქნები, რომ რჩევა მისაღები იქნება მისთვის. ამ მხრივ საუკეთესო მოდელია ნეიტრალური ადამიანი იყოს მისი კონსულტანტი. შენ მზრუნველი შვილი ხარ და არა მისი აღმზრდელი.
  18. მოაწყე სწორად გარემო. შეარჩიე თქვენი საუბრისთვის ისეთი გარემო, როცა არ არის ხმაური ან ხანდაზმული არ არის რაიმე საქმით დაკავებული. შეუთანხმე და ისე გამორთე ტელევიზორი ან მუსიკალური ცენტრი, დაუწიე ხმას. თუ ამის საჭიროება აქვს სმენის მხრივ, მაშინ ესაუბრე ისე პირისპირ, რომ შენი ტუჩების მოძრაობა მისთვის დასანახი იყოს. თუკი რამდენიმე ადამიანი ხართ შეკრებილი, მაშინ დარწმუნდი, რომ ხანდაზმული მაგიდის კუთხეში არ ზის ან საერთოდ გარიყული არ არის შეკრების ადგილიდან. საუკეთესოა, როცა ხანდაზმული გიზით შუაში და მოსაუბრეები მის გარშემო ხართ შეკრებილნი. 
  19. გააცნობიერე, რას ნიშნავს ხანდაზმულობა და შედი მის მდგომარეობაში. ხანდაზმულთა უმრავლესობა მთელ რიგ უნარებს კარგავს სიბერესთან ერთად, უმცირდება ან სრულად ეკარგება ავტონომიურობა, საკუთარი თავის და გარემოს კონტროლის უნარი. მაშინაც კი როცა კომუნიკაცია უძნელდება და თავს არიდებს მას, გააკეთეთ ყველაფერი, რათა ჩართო ურთიერთობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ხანდაზმულს აძლევს საკუთარი ფუნქციობის და მოვლენებზე კონტროლის განცდას, უმცირებს შფოთვას. 
  20. გამოკვეთე პრიორიტეტები. ხანდაზმული ადამიანები პირისპირ დგებიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, როგორებიცაა მოძრაობის შეზღუდვა, გამძლეობის დაქვეითება, მარტოობა, მეხსიერების პრობლემები. შენი მიზანია დაეხმარო მას ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებაში, თუმცა ყველა პრობლემასთან ერთდროულად შებრძოლება სტრესული, უხერხული, შეუძლებელი, იმედგამაცრუებელი და დამთრგუნველი იქნება ხანდაზმულისთვის. ამიტომ გამოყავი პრიორიტეტები; დაიწყე პრობლემით, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს მოგვარებას და იზეიმეთ პატარ-პატარა გამარჯვებებით. 
  21. ჰკითხე მათ მათი განვლილი ცხოვრების შესახებ. ჩნდება მომენტები, როცა სალაპარაკო არ გაქვთ? გიჭირთ სასაუბრო თემის გამონახვა? ბევრ ჩვენგანს მოსმენილი არ აქვს მშობლებისგან მათი ადრეული ცხოვრების შესახებ. ხანდაზმულ მშობელთან სიახლოვის იმაზე უკეთესი გზა არ არსებობს, რომ კითხო მათ ამბები მათი განვლილი ცხოვრებიდან. თანაც წარსული გამოცდილების გაცოცხლება ძლიერ სასარგებლოა თვითონ ხანდაზმულის კოგნიტური და ემოციური ფუნქციებისთვის. კითხე მას მაგალითად, როგორ ფიქრობს რაში გავხარ შენ მას და რაში არ გავხარ; ვინ არის ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე; სიყვარული თუ დაუკარგავს; არის რამე, რის თქმაც უნდოდა შენთვის და არ უთქვამს; როდის იყო ყველაზე ბედნიერი; ყველაზე დიდი გაკვეთილი რა მიუღია ცხოვრებისგან; ყველაზე მეტად რა საქმიანობა უყვარდა ახალგაზრდობაში; სკოლა როგორი იყო მის ბავშვობაში და რა საგნები უყვარდა; როგორი მოდა იყო მის ახალგაზრდობაში, როგორ ვარცხნილობებს ატარებდნენ და ა.შ. არ გაგიჭირდება მოიფიქრო, რაზე ესაუბრო მისი განვლილი ცხოვრებიდან, რა მოგონებები გაიზიარო. 
  22. იცინეთ ერთად. სიცილი ნამდვილად საუკეთესო წამალია. იუმორის მომენტები ხომ ხშირია ცხოვრებაში მაშინაც კი, როცა სიტუაცია სტრესულია. გამოიყენე ეს მომენტები. საკითხების დამძიმების ნაცვლად, გააიოლე ისინი. მხოლოდ გაითვალისწინე, რომ არ გააუფასურო ის საკითხები, რაც ფასეულია ხანდაზმული მშობლისთვის. ერთად სიცილი ამცირებს სტრესს და აძლიერებს სიახლოვეს, მაგრამ სიცილი ნიშნავს მშობლებთან ერთად სიცილს და არა – მშობლებზე სიცილს. 

წყარო: 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top