მოწმის ჩვენება, თუკი ის ნათელი და კონკრეტულია, ძლიერ დამაჯერებელია. იმაზე უფრო სანდო რა უნდა იყოს, როგორიცაა მტკიცებულება: „საკუთარი თვალით დავინახე!” კვლევები ცხადყოფს, რომ მძიმე დანაშაულის თვითმხილველთა მიერ გახსენებული მომხდარის დეტალების სიზუსტის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. კვლევებით არის აგრეთვე დადგენილი, რომ მათ, ვინც საკუთარი თვალით დაინახა რა მოხდა, განსაკუთრებულად ენდობიან მაშინაც კი, როცა ასეთი ჩვენება, საქმის სხვა მტკიცებულებებთან შედარებით, უმნიშვნელოა.
კვლევაში, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარდა, ცდისპირებს სტუდენტთა სამი ჯგუფი წარმოადგენდა. სტუდენტებს აცნობდნენ ძარცვის ჰიპოტეტურ საქმეს. საქმეში, რომელიც ცდისპირთა პირველ ჯგუფს გააცნეს, იდო უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა არ იყო თვითმხილველთა ჩვენებები. ეჭვმიტანილის დამნაშავედ ცნობის სასარგებლოდ ხმა მისცა ცდისპირთა მხოლოდ 18%-მა. იგივე საქმე გააცნეს სტუდენტთა მეორე ჯგუფსაც მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად საქმეში თვითმხილველის ჩვენება იდო. თვითმხილველი ეჭვმიტანილის შესახებ აცხადებდა: „ეს ის არის! მე დავინახე!“. საქმის ამგვარი მოცემულობით ეჭვმიტანილის დამნაშვედ ცნობის სასარგებლოდ ცდისპირთა უკვე 72%-მა მისცა ხმა. ცდისპირთა მესამე ჯგუფთან სიტყვით გამოვიდა ეჭვმიტანილის ადვოკატი, რომელმაც თვითმხილველის დისკრედიტაცია მოახდინა იმით, რომ მოიტანა დასაბუთება მისი ცუდი მხედველობის თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რა ეფექტი იქონია ამან ცდისპირთა გადაწვეტილებაზე? – დიდი ვერაფერი, 68%-მა მაინც ეჭვმიტანილის დამნაშავედ ცნობის სასარგებლოდ მისცა ხმა. როგორც ხედავთ, დისკრედიტირებული მოწმეც კი გაცილებით უფრო სანდოა, ვიდრე ისეთი ბრალდება, სადაც მოწმე საერთოდ არ არსებობს.
დანაშაულის თვითმხილველის მნიშვნელობა ნათლად ჩანს სასამართლო პროცესებში, სადაც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ. შთაბეჭდილება, რასაც თვითმხილველის ჩვენება ახდენს ნაფიც მსაჯულებზე, ხშირად წარუშლელია. ეს გასაგებს ხდის იმ ფაქტს, რომ გამამტყუვნებელი განაჩენები უფრო ხშირია სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, სადაც არსებობს მოწმეთა ჩვენებები და შედარებით იშვიათია სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, სადაც თვითმხილველები არ არსებობენ.
იბადება შეკითხვა: შეუძლიათ ნაფიც მსაჯულებს მოწმის ყალბი ჩვენების ამოცნობა? ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასობით მოწმის თანდასწრებით მოახდინეს უნივერსიტეტის შენობაში ქურდობის ინსცენირება, რის შემდეგ თვითმხილველებს სთხოვეს, რომ ფოტოებზე ამოეცნოთ „დამნაშავე“. ამოცნობას ესწრებოდა ცდისპირთა მეორე ჯგუფი – „ნაფიცი მსაჯულები“, რომლებიც აფასებდნენ მოწმეთა ჩვენებებს. როგორც კვლევამ აჩვენა, „ნაფიცი მსაჯულები“ ენდობოდნენ მოწმეთა როგორც ზუსტ, ისე არაზუსტ ჩვენებებს 80%-ში. ამან მკვლევარები მიიყვანა დასკვნამდე, რომ დამკვირვებლებს აბსოლუტურად არ შეუძლიათ იმ მოწმეების გამოყოფა, რომლებმაც არასწორად ამოიცნეს დამნაშავე და ხელი დაადეს უდანაშაულო ადამიანს.
იმავე მკვლევარებმა მომდევნო ექსპერიმენტში მოახდინეს ქურდობის ისეთი ინსცენირებები, სადაც თვითმხილველებს ხან შეეძლოთ კარგად შეეთვალიერებინათ „ქურდი“ და ხანაც – არა. „ნაფიცი მსაჯულები“ უფრო მეტად ენდობოდნენ იმ მოწმეებს, რომლებსაც კარგად ყავდათ შეთვალიერებული „ქურდი“, თუმცა იმ შემთხვევებშიც კი, როცა მოწმეებს კარგად არ ყავდათ შეთვალიერებული ქურდი და ხელს ადებდნენ უდანაშაულო ადამიანს, ნაფიცი მსაჯულები 62%-ში მაინც ენდობოდნენ მოწმეთა ჩვენებას.
საინტერესოა აგრეთვე კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ნაფიცი მსაჯულები სკეპტიკურად ეკიდებიან იმ მოწმეებს, რომელთაც ცუდად ახსოვთ დეტალები, თუმცა კი საკუთრივ მომხდარის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ფლობენ. ნაფიცი მსაჯულები თვლიან, რომ თვითმხილველი, რომელსაც შეუძლია გაიხსენოს უმნიშვნელო დეტალებიც კი (მაგალითად, კედელზე ზუსტად სამი ნახატი ეკიდა, იატაკზე ორი წყვილი ფეხსაცმელი იდო და სხვა), ყურადღებიანი და სანდოა. სინამდვილეში კი, თვითმხილველი, რომლის ყურადღება ასეთ დეტალებზე იყო მიმართული, ნაკლები სარწმუნობით გაიხსენებს დამნაშავის სახეს.
რამდენად ზუსტია თვითმხილველის ნაამბობი? მართლაც ასე ხშირია უზუსტობები თვითმხილველის მონათხრობში? რომანებიდან თუ ფილმებიდან ბევრი გმირი ვიცით, რომელთაც, თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე, სრულიად უდანაშაულოდ გაატარეს წლები საპატიმროში. ნამდვილი სტატისტიკით კი, აშშ-ში თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე ყოველწლიურად ბრალი წარედგინება დაახლოებით 75 000 ადამიანს. ეს ცხადად აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია თვითმხილველის ჩვენება მართლმსაჯულების პროცესში. იმისთვის, რომ შევაფასოთ თვითმხილველთა მიერ ფაქტების გახსენების სიზუსტე, უნდა გავზომოთ ზუსტი და არაზუსტი ჩვენებების ზოგადი სიხშირე. ამის ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა ექსპერიმენტის პირობებში დანაშაულის ინსცენირება და თვითმხილველთა ჩვენებების ანალიზი. აღნიშნული მიმართულებით უამრავი კვლევაა ჩატარებული. მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში უნივერსიტეტის 141 სტუდენტი პროფესორზე „თავდასხმის“ მოწმე გახდა. ინსცენირებული თავდასხმიდან შვიდი კვირის თავზე, მკვლევარებმა თვითმხილველებს აჩვენეს ექვსი პირის ფოტოსურათი და სთხოვეს „თავდამსხმელის“ ამოცნობა. თვითმხილველთა 60%-მა პროცენტმა უდანაშაულო ადამიანის ფოტოზე მიუთითა და ამოიცნო ის, როგორც თავდამსხმელი.
კვლევები აჩვენებს აგრეთვე, რომ ნაფიცი მსაჯულები გაცილებით ენდობიან იმ მოწმეებს, რომლებიც მეტ თავდაჯერებულობას ავლენენ საკუთარ ჩვენებაში. არადა იგივე კვლევები ცხადყოფს, რომ ასეთი თავდაჯერებული მოწმე ხშირად სულაც არ იძლევა ზუსტ ჩვენებას და ფსიქოლოგიური მოვლენაა: ზოგიერთი პიროვნება, ცდება ის თუ არ ცდება, ჯიუტად თავდაჯერებულია. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ არიან ასეთი თავდაჯერებულნი და დამარწმუნებელნი ის მოწმეები, რომლებსაც სინამდვილეში ფაქტები შეცდომით ახსოვთ.
ელიზაბეტ ლოფტუსმა, თანაავტორებთან ერთად, შეისწავლა კონსტრუირებული მოგონების პროცესი. კვლევა მდგომარეობდა შემდეგში: ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტების ორ ჯგუფს აჩვენებდნენ ფოტოებს, რომლებზეც თანმიმდევრობით იყო აღბეჭდილი ავტოსაგზაო შემთხვევა. ის სტუდენტები, რომელთაც წინასწარ დაუსვეს შეკითხვა, რომელიც შესაბამისობაში იყო იმასთან, რასაც ფოტოზე ხედავდა, 75%-ში სიზუსტით აღწერდნენ ფოტოზე ნანახს, ხოლო ის სტუდენტები, რომელთაც წინასწარ დამაბნეველი შეკითხვა დაუსვეს, მხოლოდ 41%-ში პასუხობდნენ სიზუსტით – 59% უარყოფდა იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა და “იხსენებდა” იმას, რაც არ უნახავს. ამ მოვლენას ლოფტუსმა დეზინფორმაციის ეფექტი ანუ ცრუ ჩვენების ეფექტი უწოდა.
შემდგომი კვლევებით ლოფტუსმა აჩვენა, რომ შთამაგონებელი დეზინფორმაციული დაკითხვის პირობებში, თვითმხილველმა შეიძლება ირწმუნოს, რომ მწვანე ფერი, რომელიც მან დაინახა, სინამდვილეში წითელი იყო, ხოლო მძარცველს ულვაშები ქონდა მაშინ, როცა მას ულვაშები არ ქონია. მოწმის დაკითხვაზე დამკითხავი პირი სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქმესთან დაკავშირებით მისი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე. ამიტომაც გასაკვირი არ არის, თუ რა იოლად აყალბებენ მოწმეები საკუთარ მეხსიერებას და განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ შეკითხვების დამსმელი კარგად ინფორმირებულია საქმის თაობაზე. ეს საგანგაშო ფენომენია მართლმსაჯულების თვალსაზრისით. საგანგაშოა ისიც, რომ ყალბი მოგონებები ისევე ნათლად და დამაჯერებლად არის ფორმულირებული, როგორც – ზუსტი მოგონებები და ეს ასეა, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მოწმეების შემთხვევაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ის საქმეები, სადაც ბავშვის ჩვენება დევს. არსებობს სტივენ სესისა და მერი ბრუკის საინტერესო კვლევა, რომელიც ბავშვების შთაგონებადობას აჩვენებს. კვლევა მდგომარეობდა შემდეგში: სკოლამდელი ასაკის ბავშვებს კვირაში ერთხელ, ათი კვირის მანძილზე, უმეორებდნენ ასეთ რამეს: „აბა, კარგად დაფიქრდი და მითხარი, თუ შეგმთხვევია ოდესმე ასეთი რამ: თუ შეგიძლია გაიხსენო, როგორ მოხვდი ექიმთან იმის გამო, რომ თითი მოგყვა თაგვის ხაფანგში.“ ათი კვირის შემდეგ, იმავე ბავშვებს იგივე შეკითხვას უსვამდა უკვე ახალი ექსპერიმენტატორი. ბავშვების 58% იძლეოდა ყალბ ჩვენებას და ძალიან დეტალურადაც ყვებოდა ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მოჰყვა თითი თაგვებისთვის განკუთვნილ ხაფანგში. მაგალითად, ერთი ბიჭუნა ყვებოდა, რომ ძმამ ხელი კრა და ჩააგდო სარდაფში, სადაც დაცემისას მას თითი მოჰყვა ხაფანგში: „მერე ჩვენ საავადმყოფოში წავედით, დედამ და მამამ მანქანით წამიყვანეს იმიტომ, რომ საავადმყოფო შორს იყო. იქ ექიმმა თითი შემიხვია.“ როცა ექსპერიმენტატორი ბავშვს უხსნიდა, რომ ასეთი რამ სინამდვილეში არ გადახდენია, ის მედგარ წინააღმდეგობას სწევდა: „ეს მართლა მოხდა! მე მახსოვს!“
დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ასეთი კვლევა: სტუდენტები თვითმხილველნი გახდნენ შემთხვევის, სადაც დაპირისპირების დროს ერთმა ადამიანმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მეორეს. აღმოჩნდა, რომ თუკი სასამართლოზე ჩვენების მიცემამდე თვითმხილველსა და ბრალდებულის ადვოკატს შორის საუბარი შედგებოდა, მაშინ სასამართლოზე მისი ჩვენება უფრო კეთილგანწყობილი იყო მსჯავრდებულის მიმართ. კვლევები აჩვენებს, რომ ამგვარი კეთილგანწყობა აღინიშნება იმის მიხედვით, თუ ვისი მოწმეა თვითმხილველი – ბრალდების მხარის თუ დაცვის მხარის და გამოხატულია ისეთ მახასიათებლებშიც კი, როგორებიცაა ხმის ტონი, ფრაზეოლოგია, სხეულის ენა.
იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ედვინ ბორჩარდმა შეიწავლა 65 საქმე, სადაც გამოტანილი იქნა გამამტყუვნებელი განაჩენები, მათ შორის – სიკვდილით დასჯა. მოგვიანებით კი ეს მსჯავრდებულები გაამართლეს და მათი უდანაშაულობა დამტკიცდა. აღნიშნული გამამტყუვნებელი განაჩენების უმრავლესობა დაფუძნებული იყო მოწმეთა ცრუჩვენებებზე. მაგალითად, საქმეში „მისსური ჰატჩინგის წინააღმდეგ“ ასეთი საბუთებია:
მოწმე დამნაშავის ამოცნობის პროცესში: – „ღმერთო… არ ვიცი… მგონი ეს არის… მაგრამ არ ვიცი… მეორე ნომერს გავს, მაგრამ ის მგონი ცოტა მაღალი იყო… არ ვარ დარწმუნებული…“
ერთი თვის შემდეგ, სასამართლო პროცესზე:
დაკითხვის მხარე: თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით, რომ N2 იყო ის ადამიანი, ვინც თქვენ დაინახეთ? ეჭვი არ შეგპარვიათ?
მოწმე: არანაირი ეჭვი არ გამჩენია, დავინახე თუ არა, ერთი წუთითაც არ მიყოყმანია.
რატომ ივიწყებენ მოწმეები იმ ყოყმანს, რომელსაც ამოცნობის პროცესში განიცდიდნენ? ამ საკითხზე დაფიქრდნენ გარი უელსი და ემი ბრედფილდი. მათ აჩვენეს, რომ მოწმე თავდაჯერებული ხდება საკუთარ ჩვენებაში, როცა იგებს, რომ სხვა მოწმეებმაც იგივე ადამიანი ამოიცნეს.
უელსმა და ბრედფილმა ასეთი კვლევა ჩაატარეს: აიოვას უნივერსიტეტის 352 სტუდენტს აჩვენეს სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერის ფრაგმენტი, რომელზეც ერთი მამაკაცი შედის მაღაზიაში. ცდისპირებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ ამ კაცმა მოკლა დაცვის თანამშრომელი, რაც კამერამ ვერ დააფიქსირა. ამის შემდეგ სტუდენტებს აჩვენეს ეჭვმიტანილთა ფოტები, რომელთა შორის არ იყო დამნაშავის ფოტო. ყველა სტუდენტმა „ამოიცნო“ დამნაშავე, მოახდინა არასწორი იდენტიფიკაცია. სტუდენტების ერთ ჯგუფს მკვლევარები უბრუნებდნენ ასეთ უკუკავშირს: „დიახ, თქვენი პასუხი სწორია.“ მეორე ჯგუფს: „არა, დამნაშავე სხვა ნომერია“. მესამე ჯგუფს საერთოდ არ უბრუნებდნენ უკუკავშირს. ამის შემდეგ ყველა ცდისპირს კითხეს: „რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს მიერ ფოტოზე ამოცნობილი ადამიანი სწორედ ის ადამიანია, ვინც სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე ნახეთ?“ პასუხი შვიდქულიან შკალაზე თავსდებოდა, სადაც 1 ნიშნავდა – „საერთოდ არ ვარ დარწმუნებული“ და 7 ნიშნავდა – „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“. შედეგები განმაცვიფრებელი აღმოჩნდა. გამოვლინდა, რომ ცდისპირებზე ძლიერ გავლენას ახდენდა ექსპერიმენტატორის შენიშვნები. იმ სტუდენტების 85%, რომელთა ამოცნობის შედეგი ექსპერიმენტატორმა შეაფასა, როგორც სწორი, საკუთარ დარწმუნებულობას აფასებდა 6-7 ქულით, რაც ოთხჯერ მაღალი იყო იმ სტუდენტების თვითშეფასებაზე (14%), რომელთაც ესპერიმენტატორმა უკუკავშირი არ დაუბრუნა და 12-ჯერ მაღალი იყო იმ სტუდენტების თვითშეფასებაზე (5%), რომელთაც ექსპერიმენტატორმა უთხრა, რომ მათ არასწორად ამოიცნეს. გასაოცარი ის არის, რომ ექსპერიმენტატორის კომენტარი უფრო ძლიერი ეფექტის მქონე აღმოჩნდა, ვიდრე ის, რომ მის კომენტარზე ადრე მათ ვიდეოჩანაწერზე საკუთარი თვალით დაინახეს დამნაშავე.
მოწმეთა შეცდომების თავიდან ასაცილებლად მართლმსაჯულების სისტემაში მოწოდებულია სამი ძირითადი მიმართულება: 1. სამართალდამცავთა მომზადება მოწმესთან ინტერვიუსთვის (ე.წ. კოგნიტური ინტერვიუს ტექნიკა), 2. მოწმის მხრიდან დამნაშავის ცრუ ამოცნობის პრევენციის ღონისძიებები, 3. ნაფიც მსაჯულთა ტრენირება.
წყარო:
- https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8024237/
- Social Psychology., David G. Myers, Jean M. Twenge., McGraw-Hill Education, 2022., 672 pages
- https://www.simplypsychology.org/eyewitness-testimony.html
