მოზარდის კოგნიტური განვითარება გულისხმობს მისი შემეცნებითი უნარების ზრდას – აზროვნების, წარმოსახვის, განსჯისა და ინტუციის ფუნქციების. ამ პერიოდში ხდება ცოდნის აქტიური დაგროვება, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი პრობლემების წამოჭრას და მათ გააზრებას. ეს კიდევაც ამდიდრებს და კიდევაც ართულებს მოზარდის ცხოვრებას. მოზარდის კოგნიტური განვითარების ცენტრალური მოვლენაა აბსტრაგირებული აზროვნების განვითარება , რაც თავის მხრივ, აისახება მოზარდის მეხსიერების მუშაობის, პრობლემის გადაჭრის, სოციალური შემეცნებისა და მორალური განსჯის პროცესებზე.
აბსტრაგირებული აზროვნება. აბსტრაგირებულ აზროვნებას განიხილავენ, როგორც მოზარდთა ასაკის კოგნიტური განვითარების დამაგვირგვინებელ ეტაპს. მკვლევარები დღესაც მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ხასიათი აქვს აბსტრაგირებული აზროვნების განვითარებას: ნახტომისებური თუ საფეხურებრივი. აბსტრაგირებული აზროვნების გამოხატულებაა ფორმალური ოპერაციული აზროვნება, რაშიც იგულისხმება პოტენციური შესაძლებლობების და მათი რეალობასთან შესაბამისობის გააზრება. ფორმალური ოპერაციული აზროვნება ეს არის ჰიპოთეზების ფორმულირება, შემოწმება და შეფასება. ფორმალური ოპერაციული აზროვნება გულისხმობს ასევე საკუთარი აზრების განსჯას, ობიექტებს შორის კავშირების ძიებას, როგორც რეალური, ისე შესაძლო სიტუაციების წარმოდგენას, დაგეგმვას.
მოზარდის აზროვნებას სამი ძირითადი მახასიათებელი აქვს:
- პრობლემის გადაჭრის პროცესში სხვადასხვა ცვლადების გაერთიანების უნარი;
- ცვლადების ერთმანეთზე ზემოქმედების გააზრების უნარი;
- ჰიპოთეტურ-დედუქციური კავშირებით ცვლადების გამოყოფისა და გაერთიანების უნარი.
იმის მიუხედავად, რომ ფორმალური ოპერაციული აზროვნება მოზარდთა ასაკის მონაპოვარია, მას ყოველთვის როდი იყენებენ მოზარდები, მეტიც, მას ყოველთვის არც მოზრდილი ადამიანები იყენებენ. ამის დასტურია ის, რომ ადამიანების უმრავლესობა, მისთვის აქამდე უცნობ პრობლემასთან შეჯახებისას, უფრო მეტად მიდრეკილია კონკრეტული ოპერაციული რეაგირებისკენ, ვიდრე – ფორმალური ოპერაციული აზროვნებისკენ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფორმალური ოპერაციული აზროვნებისთვის აუცილებელია ინტელექტის გარკვეული დონე. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფორმალურ ოპერაციულ აზროვნებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კულტურალური და სოციო-ეკონომიკური ფაქტორები. ამ მიზეზთა გამო, ზოგიერთი მკვლევარი ფორმალურ ოპერაციულ აზროვნებას განიხილავს არა როგორც განვითარების სტადიას, არამედ – როგორც განვითარების დონეს. ის ფსიქოლოგები, რომლებიც არ იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ მოზარდობის პერიოდში გონებრივი განვითარების ნახტომია დამახასიათებელი, ამტკიცებენ, რომ საზღვრები, რომელსაც ფსიქოლოგია ავლებს ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა აზროვნების სტილს შორის, არის ხელოვნური. მათი აზრით, კოგნიტური განვითარება წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, პატარა ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს ფარული ფორმალური ოპერაციული უნარები. ზოგიერთ ბავშვს აბრსტრაგირებული აზროვნების უნარი აქვს.
ინფორმაციის დამუშავება.
მოზარდთა ასაკისთვის დამახასიათებელი ინფორმაციის დამუშავებისთვის არსებითია ე.წ. მეგაშემეცნება. მოზარდები იწყებენ საკუთარი აზრების გაანალიზებას, ავლენენ სტრატეგიის და დაგეგმვის უნარებს. მოზარდი ეუფლება საკუთარი აზროვნების შემოწმებისა და მისი გაცნობიერებულად შეცვლის ოპერაციებს. შესაბამისად, მოზარდის გონებრივი განვითარება მოიცავს შემდეგსაც:
- ინფორმაციის დამუშავების ცალკეული კომპონენტების უფრო ეფექტიანი გამოყენება, მაგალითად, როგორებიცაა მეხსიერება და დასწავლა;
- სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადაჭრის სულ უფრო რთული სტრატეგიების შემუშავება;
- ინფორმაციის მოპოვების და შენახვის სულ უფრო ეფექტიანი ხერხების ფლობა;
- ოპერაციული ფუნქციის სულ უფრო დახვეწა, რაც მოიცავს დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებას, სცენარების ფართო სპექტრიდან სტრატეგიის შერჩევას.
ამდენად, მოზარდთა კოგნიტური განვითარება და შესაბამისად, ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდა გულისხმობს როგორც ცოდნის დაგროვებას, ასევე ინფორმაციის დამუშავების გაუმჯობესებას. ეს ორი ასპექტი ურთიერთდაკავშირებულია. პრობლემის გადაჭრა მით უფრო რაციონალური და ეფექტიანია, რაც უფრო მეტ საჭირო ინფორმაციას ფლობს ადამიანი. მას, ვისაც ინფორმაციის შენახვისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციის გახსენების პროცესი უკეთ აქვს განვითარებული, აყალიბებს ცოდნის უფრო მდიდარ ბაზას.
აზროვნების საზღვრები და შინაარსი.
მოზარდები საკუთარ კოგნიტურ მიღწევებს აქტიურად იყენებენ ინტელექტუალური და მორალური მიგნებებისთვის – ოჯახთან, სოციუმთან, სამყაროსთან მიმართებაში. მოზარდებში აბსტრაგირებული აზროვნების განვითარება არა მხოლოდ ბუნებისმეტყველებითა და მათემატიკით გატაცებაში გამოიხატება, არამედ – სოციალური სამყაროს კვლევა-ძიებაში. ახალი შემეცნებითი შესაძლებლობების წყალობით ისინი მნიშვნელოვნად აფართოვებენ საკუთარი აზროვნების საზღვრებს, ამდიდრებენ მის შინაარსს. მოზარდის გონებას უკვე შეუძლია არარეალურ ვითარებებში მოქნილად ოპერირიება, ამიტომაც ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის თუ საშინელებათა ჟანრის წიგნები თუ ფილმები მისთვის კარგი გასართობი ხდება. იგივე მიზეზით ინტერესდებიან მოზარდები ოკულტიზმით, ცნობიერების შეცვლის მდგომარეობით და ცდილობენ ასეთი განცდების გამოწვევას – მედიტაციებიდან დაწყებული, ნარკოტიკების მოხმარებით დამთავრებული.
ოჯახის და სამყაროს გამოკვლევა. მოზარდებისთვის დამახასიათებელია მათი ნამდვილი მშობლების შედარება იდეალური მშობლების საკუთარ გაგებასთან. შედარების პროცესში ისინი ხშირად კრიტიკულად განეწყობიან საკუთარი მშობლების, ოჯახის ინსტიტუტის მიმართ. ამის საფუძველზე ხშირია მოზარდის კონფლიქტი ოჯახთან. აქ საყურადღებოა იმ ფსიქოლოგთა მოსაზრება, რომლებიც თვლიან, რომ ისეთი ყოფითი შეტაკებები ისეთ ყოფით თემებზე, როგორებიცაა არეული ოთახი, ჩაცმულობა, ვარცხნილობა, პირსინგები, ჭამა, მეცადინეობა და სხვა, შემაშფოთებელი კი არ არის, არამედ სასარგებლოა და აი, რატომ: ის საშუალებას აძლევს მოზარდს ისეთ უსაფრთხო გარემოში, როგორიც ოჯახია, გაავარჯიშოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების პროცესი, თანაც გაივარჯიშოს ისეთ უწყინარ პრობლემებზე, როგორიც მაგალითად თმის დავარცხნა ან ოთახის დალაგებაა. მოზარდის კონფლიქტი ოჯახთან არის ვითარება, როცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფრაზა „შევთანხმდეთ“. ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, იმის მაგივრად, რომ ვიწუწუნოთ მეამბოხე მოზარდის გამო, გავიაზროთ ჩვენი შვილის გარდატეხის ასაკი ოჯახური ცხოვრების იმ ეტაპად, როცა მშობლები და შვილები უნდა შევთანხმდეთ ახალ ურთიერთობებზე. თუ შენ დაიწყებ შენი შვილის, როგორც თანასწორის აღქმას, რომელსაც შენგან განსხვავებული აზრის ქონის და გამოთქმის უფლება აქვს, ამით ხელს შეუწყობ მასში პიროვნული დამოუკიდებლობის და დიალოგის განვითარებას.
მოზარდობის ასაკში იზრდება ინტერესი სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და მორალური თემებისადმი. მოზარდები ქმნიან საზოგადოების მოწყობის, ეთიკური პრინციპების საკუთარ კონცეპციას. ეს პრინციპები ხშირად გასულია იმ პრინციპების ჩარჩოებიდან, რომელთაც ისინი საზოგადოებაში აწყდებიან. მოზარდი ქმნის საკუთარ შეხედულებებს სოციალური და პოლიტიკური სისტემების შესახებ, მათი კულტურული და ისტორიული კონტექსტების შესახებ. მოზარდებზე ყველა ის კრიზისი ახდენს ზეგავლენას, რასაც გარემოში აქვს ადგილი. უმცროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით მოზარდები ბევრად უფრო მოწყლვადები არიან ეკონომიკური ძვრების, ომების, საზოგადოებრივი მოძრაობებისადმი და არა მხოლოდ იმ გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ – გლობალურად. მოზარდები და მათი უფროსი მეგობრები, რომელთა ასაკში უკიდურესად ძლიერია იდეალისტური მისწრაფებები, დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან რადიკალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ მოძრაობებში. მოზარდებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მასმედია და სოციალური ქსელები. ნებისმიერი ასაკის ადამიანი ვითარდება უკეთ, როცა შეუძლია გავლენა მოახდინოს გარემოზე, გააცნობიეროს საკუთარი ქმედების როლი გარემოს ცვლილებებთან მიმართებაში, თუმცა შეუძლებელია შეცვალო მოვლენა, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოგეწოდება. მოზარდები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამ მხრივ, ისინი პასიური მომხმარებლები არიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და არცთუ იშვიათად საკუთარი ქცევის მოდელს აგებენ იმის საფუძველზე, რასაც აკვირდებიან ამ კონტენტებში; ხშირად ექცევიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ტირაჟირებული ტრენდების გავლენის ქვეშ.
მოზარდების აზროვნებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ ესწრაფვიან რა შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას, აანალიზებენ საკუთარ მდგომარეობას წარსულში და ფიქრობენ მომავალზე. სწორედ არამყარი და უკიდურესი ქცევებიც მაშინ იჩენს თავს, როცა მოზარდი იწყებს საკუთარი შინაგანი სამყაროს ინტელექტუალურ წვდომას. ის ან ახდენს საკუთარი ქცევის, აზრების და განწყობების გადაწყობას უფრო ახალი, უფრო ინდივიდუალური მიმართულებით ან ღებულობს გადაწყვეტილებას კონფორმიზმის სასარგებლოდ – ჯგუფურ ნორმებზე ორიენტირებით.
მოზარდებს, მათი სააზროვნო პროცესების განვითარების კვალდაკვალ, უადვილებათ პროფესიის და სამომავლო საქმის არჩევა. ისინი აანალიზებენ საკუთარი შესაძლებლობების, როგორც ამჟამად არსებულ, ისე სამომავლოდ შესაძლებელ ვარიანტებს. ამის მიუხედავად, პროფესიის არჩევანი ამ ასაკში მაინც არ არის დამყარებული რეალისტურ თვითშეფასებაზე.
საკუთარი თავის გაგება და ეგოცენტრიზმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდობის პერიოდში განვითარებული ფორმალური ოპერაციული აზროვნების მნიშვნელოვანი ასპექტია საკუთარი აზრების ანალიზის უნარი. როგორც წესი, ამას მოზარდები დიდ დროს უთმობენ. საკუთარი თავის გაგებით ისინი სხვათა გაგებასაც სწავლობენ. მოზარდთა ასაკის აზროვნებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული ტიპის ეგოცენტრიზმი, რასაც ორი ფაქტორი განაპირობებს: 1. მოზარდი უკიდურესად მოცულია საკუთარი „მეტამორფოზით“ და 2. მოზარდი უკიდურესად მოცულია სხვა ადამიანების აზროვნების ანალიზით. მოზარდის ეგოცენტრიზმისთვის დამახასიათებელია ის, რომ შეიძლება არ ასხვავებდეს საკუთარ და სხვათა ინტერესებს. შესაბამისად, მოზარდი შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებდეს სხვა ადამიანების რეაქციებს და ვარაუდობდეს, რომ სხვებიც ისევე მოიწონებენ ან გააკრიტიკებენ მას, როგორც თვითონ – საკუთარ თავს. კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდები, უმცროსი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, შედარებით მეტად სწუხან იმაზე, რომ სხვები შეამჩნევენ მათ არაადექვატურობას. მოზარდობისთვის დამახასიათებელი იდეა, რომ მათ გამუდმებით აკვირდებიან და აფასებენ, ცნობილია „წარმოსახვითი მაყურებლის“ ფენომენის სახელწოდებით. ეს მოვლენა საკუთარი განწყობების და ქცევების შესწავლას ემსახურება, თუმცა არასასიამოვნო განცდებსაც აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ მოზარს სხვათა წინაშე გამუდმებული ღიაობის განცდა აქვს. რამდენადაც მოზარდი ჯერ კიდევ არ არის საკუთარ იდენტობაში დარწმუნებული, ის უკიდურესად რეაგირებს სხვათა აზრზე, ეს კი თავის მხრივ, იმის გაგებას ემსახურება, თუ რას წარმოადგენს თვითონ. ეგოცენტრიზმის გამოვლინებაა ისიც, რომ მოზარდი მოცულია საკუთარი გრძნობებით. თვლის, რომ მისი ემოციები უნიკალურია. მას ჰგონია, რომ არასდროს და არავის განუცდია ასეთი რამ. მოზარდთა ეგოცენტრიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. პერსონალური მითი. ეს არის მოზარდის განცდა, რომ ის ისეთი განსაკუთრებულია, რომ არ შეიძლება ექვემდებარებოდეს ბუნების ჩვეულებრივ კანონებს; მას არ შეიძლება რამე ცუდი შეემთხვას, ის მუდამ იცოცხლებს. ასეთი განცდები შეიძლება გახდეს ექსტრემალური და რისკის ქცევების საფუძველი, რაც ძალიან გავრცელებულია მოზარდებში. მოზარდთა წარმოდგენებიდან კიდევ ერთი გავრცელებული წარმოდგენაა ე.წ. ნაპოვნობის ფანტაზია. მოზარდს ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთ ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორებიც მისი მშობლებია, შეეძლოთ შეექმნა ისეთი უნიკალური ინდივიდი, როგორიც თვითონაა. ამდენად, ის მათი ბიოლოგიური შვილი კი არ არის, არამედ იპოვეს. საბედნიეროდ, ასეთი ეგოცენტრული ფანტაცია 15-16 წლის ასაკისთვის ქრება და მოზარდი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ადამიანების უმრავლესობა არ აქცევს მას განსაკუთრებულ ყურადღებას და რომ თვითონაც ისევე ექვემდებარება ბუნების კანონებს, როგორც – დანარჩენი ადამიანები. მოზარდებისთვის დამახასიათებელ ეგოცენტრიზმს და მასთან დაკავშირებულ წარმოდგენებს ზოგჯერ მოზარდთა ინტელექტუალურ ინტოქსიკაციასაც ვუწოდებთ. ეს არის ბავშვისთვის სრულიად ახალი გამოცდილება, აზროვნების ახალი ძალების შეძენა, რომლებიც მიმართულია შინაგანი სამყაროსკენ, საკუთარი „მე“-ის შემოწმებისკენ და გარე სამყაროს შემოწმებისკენაც.
მორალური განვითარება. გარდატეხის ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია იმითაც, რომ მოზარდი მორალის ახალ ასპექტებს ეცნობა. მაგალითად, აცნობიერებს სექსის მნიშვნელობას, სქესობრივი ურთიერთობების ნორმებს, ქორწინების საკითხებს; აფასებს იმ თანატოლების ქცევას და განწყობებს, რომლებიც სხვადასხვა რისკის ქცევებს ახორციელებენ; აფასებს საჭიროა თუ არა სკოლაში სიარული, განათლების გაგრძელება და შრომა; აცნობიერებს, რა განცდები აქვს სოციუმთან მიმართებაში, რომელიც ადამიანის წარმატებას, ხშირად, ძალაუფლებით და სიმდიდრით აფასებს; იაზრებს და აფასებს რელიგიური რწმენის ადგილს ცხოვრებაში. მოზარდობის ასაკი ის პერიოდია, როცა მორალის განვითარება პრეკონვენციური დონიდან კონვენციურ დონეზე გადადის. მორალის პრეკონვენციური დონისგან განსხვავებით, რომელიც პირად ინტერესებზეა დაფუძნებული, კონვენციურ დონეზე გადამწყვეტია სოციალური მოლოდინები. ის ორიენტირებულია სხვათა მხრიდან კარგი შეფასების დამსახურებაზე, კანონმორჩილებაზე, კარგ ურთიერთობებზე: უნდა დავემორჩილო წესებს, რათა მოწონება დავიმსახურო, თავიდან ავიცილო კრიტიკა და არ გავირიყო; უნდა დავემორჩილო წესებს, რათა თავიდან ავიცილო კანონთან დაპირისპირება და ბრალდება.
როგორ დავუჭიროთ მხარი მოზარდის ჯანსაღ კოგნიტურ ზრდას
- შექმენით გარემო, სადაც პატივს სცემენ მოზარდის დამოუკიდებელ აზროვნებას, მის იდეებს;
- ჩართეთ მოზარდი დისკუსიებში სხვადასხვა თემაზე, მიმდინარე პრობლემებზე;
- წაახალისეთ მოზარდი, რათა გაგიზიაროთ საკუთარი აზრები, ფიქრები;
- წაახალისეთ მოზარდი, რომ იფიქროს დამოუკიდებლად და განავითაროს საკუთარი იდეები;
- დაეხმარეთ მოზარდს დასახოს მიზნები;
- შესთავაზეთ მოზარდს იფიქროს მომავალ შესაძლებლობებზე და დაეხმარეთ უკეთ გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები;
- შეაქეთ მოზარდი კარგად გააზრებული დასკვნებისა და გადაწყვეტილების მიღების გამო;
- დაეხმარეთ მოზარდს, გადახედოს საკუთარ შეცდომებს;
- დაეხმარეთ მოზარდს სუსტად გააზრებული დასკვნების ხელახლა დამუშავებაში;
- წაახალისეთ მოზარდი, წარმოიდგინოს როგორ შეიძლებოდა თავიდან აერიდებინა არასასურველი შედეგები;
- მოზარდთან დისკუსია პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ რელიგიურ თემებზე წარმართეთ მშვიდად მაშინაც კი, როცა არ იზიარებთ მის აზრს;
- გაგებით შეხვდით მოზარდის იდეალიზმს და გაიაზრეთ ის, როგორც მომავლის იმედი.
წყარო:
https://www.stanfordchildrens.org/en/topic/default?id=cognitive-development-in-adolescence-90-P01594
Human Development., Grace J. Craig., Don Baucum. Prentice Hall., 1999., 696 pages
https://www.urmc.rochester.edu/encyclopedia/content?ContentID=P01594&ContentTypeID=90
