ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა: ჩვევა თუ დაავადება 

რას წარმოადგენს ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ობსესიურ-კომპულსიური გამოვლინება სხვა არაფერია, თუ არა პიროვნული თავისებურება და ის ყველა ადამიანს აღენიშნება მეტ-ნაკლებად. სინამდვილეში ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა სერიოზული მენტალური დაავადებაა, რაც შესაძლებლობების შეზღუდვის და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი ხდება. 

ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა ხასიათდება ცნობიერებაში, ნების საწინააღმდეგოდ, შემოჭრილი აკვიატებული, განმეორებადი და არასასურველი აზრებით, რომელთა დასაძლევად პიროვნება ასრულებს განმეორებად, სტერეოტიპულ, რიტუალურ ქცევებს. ადამიანი ცდილობს, ობსესიურ ფიქრებსა და კომპულსიურ ქცევებს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა ამას ვერ ახერხებს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს შფოთვას. ობსესია არის უკონტროლო და აკვიატებული აზრები, ხატებები ან  მოთხოვნილებები, რომლებიც აღძრავენ ძლიერ არასასიამოვნო განცდებს, ხოლო კომპულსია განმეორებითი ქცევითი აქტებია, რომელიც მიმართულია ობსესიის და მასთან დაკავშირებული შფოთვის შემცირებისკენ.

ობსესიური აზრები უპირატესად არასასიამოვნო შინაარსისაა, რასაც თან ახლავს შიში, შფოთვა, სირცხვილისა და დანაშაულის განცდა. ადამიანი ამაოდ ცდილობს გაიგოს, თუ რატომ ვერ აღწევს თავს ამ ფიქრებს; კომპულსიურ ქცევას კი მიმართავს არა სიამოვნების მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ როგორმე კონტროლი დაამყაროს საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ამის ნაცვლად კი იღებს იმას, რომ ასეთი ქცევების გავლენის ქვეშ ექცევა, წუხს, შფოთავს და იფიტება. ობსესიურ-კომპულსიურ მდგომარეობასთან შეუღლებულია ისეთი პიროვნული ნიშნები, როგორებიცაა პერფექციონიზმი, პასუხისმგებლობის მოჭარბებული გრძნობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა. 

პრობლემას წარმოადგნეს ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობების გავრცელების სიხშირე (მსოფლიო მოსახლეობის 2-4%) და ის სირთულეები, რომელთაც ის განაპირობებს არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ ოჯახის და სოციუმის ცხოვრებაში. პირველი სიმპტომები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა, როგორც წესი, თავს იჩენს გვიანი ბავშვობის და ადრე ახალგაზრდობის პერიოდში. 

ისიც მართალია, რომ ადამიანების უმრავლესობას ცხოვრების გარკვეულ მომენტში აქვს ობსესიური ფიქრების ან კომპულსიური ქცევის გამოცდილება, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ობსესიურ-კომპულსიური დაავადება ქვია. დაავადების შემთხვევაში ობსესიურ-კომპულსიური ციკლი ისეთი უკიდურესობით არის გამოხატული, რომ ის შთანთქავს ცხოვრების მთელ დროს და ენერგიას, იწვევს ძლიერ სტრესს და ხელს უშლის პიროვნების ყოველდღიურ საქმიანობას. ობსესიურ-კომპულსიური დაავადების მქონე ადამიანს არ სურს და აწუხებს აკვიატებული იდეები; უმრავლეს შემთხვევაში აცნობიერებს, რომ ისინი არალოგიკურია, თუმცა ვერაფრით იცილებს მათ თავიდან. ყოფითი აკვიატება კი ხელს არ უშლის პიროვნების ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგალითად, თქვენ აგეკვიატათ დილით რადიოში მოსმენილი სიმღერა, მაგრამ ეს ხელს არ გიშლით დღის ნორმალურად წარმართვაში – დაგეგმილ შეხვედრებში, მუშაობაში, დასვენებაში, გართობაში და ა.შ. ზოგიერთ აკვიატებას შეიძლება სერიოზული ხასიათიც ქონდეს. ასეთია ავად გახდომაზე ფიქრი, ძვირფასი ადამიანის უსაფრთხოებაზე ფიქრი, იმაზე ფიქრი, რომ შეცდომა კატასტროფული შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს და ა.შ. ასეთმა ფიქრმა ადამიანი შეიძლება მომენტალურად შეაწუხოს, თუმცა დაძლიოს ის და გააგრძელოს ჩვეული ფუნქციონირება. როგორც თქმულიდან ჩანს, ადამიანების უმრავლესობას შეიძლება დროდადრო გაუჩნდეთ რაღაც არასასურველი აკვიატებული ფიქრები, თუმცა ობსესიურ-კომპულსიური დაავადების დროს ასეთი ფიქრები გამუდმებით ჩნდება და იწვევს ძლიერ შფოთვას, შიშს, ბრაზს, ზიზღს ან სირცხვილს, რაც ხელს უშლის ყოვლდღიური ცხოვრების ნორმალურად წარმართვას. 

გავრცელებული ობსესიები

დაბინძურების აკვიატება – სიბინძურესთან შეხების გამო წუხილი, როგორებიცაა: 

  • ორგანიზმის სითხეები (შარდი, სისხლი, ნერწყვი და სხვ.)
  • მიკრობები/ინფექციური დაავადებები
  • გარემოს დამაბინძურებლები (რადიაცია, აზბესტი, პესტიციდები და სხვ.) 
  • საყოფაცხოვრებო ქიმიკატები (საწმენდი სითხეები, გამხსნელები, მჟავები) 
  • მიწა/ტალახი

სისასტიკის აკვიატება

  • წუხილი, რომ არ დააზიანოს საკუთარი თავი
  • წუხილი, რომ სხვა არ დააზიანოს
  • სასტიკი და შემაძრწუნებელი ხატების წარმოსახვა

პასუხისმგებლობის აკვიატება

  • პასუხისმგებლობის გამო წუხილი რაიმე საშინელ მოვლენასთან დაკავშირებით  (ხანძარი, ძარცვა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვ.)
  • წუხილი იმის გამო, რომ არასათანადო სიფრთხილის გამო ზიანი მიაყენო ვისმეს (მაგალითად, გაგიტყდეს რამე, რაზეც შეიძლება მოცურდეს ვინმე და დაზიანდეს და სხვ.)

პერფექციონისტული აკვიატება

  • წესრიგის და სიზუსტის უკიდურესი მოთხოვნილება
  • უკიდურესი მოთხოვნილება იცოდე ან გახსოვდეს
  • უსაჭირო ნივთების გადაყრის დროს რამე მნიშვნელოვანის დაკარგვის შიში
  • დასახული ამოცანის სწორად და იდეალურად შესრულების უკიდურესი მოთხოვნილება 
  • შეცდომის დაშვების შიში 

სქესობრივი აკვიატება

  • წუხილი იმის თაობაზე, რომ არ იმოქმედო სქესობრივი იმპულსით 
  • ახლობლებისთვის, ბავშვებისთვის, ვინმესთვის სქესობრივი ზიანის მიყენების შიში
  • სქესობრივი აგრესიის ჩადენის შიში

რელიგიური/მორალური აკვიატება

  • ღმერთის შეურაცხყოფის, წყევლის და ღვთისმგმობელობის შიში
  • სწორი და არასწორი საქციელის ან მორალურობის მიმართ გადაჭარბებული შფოთვა

იდენტობის აკვიატება

  •  გადაჭარბებული ყურადღება სქესობრივ ორიენტაციაზე
  • გადაჭარბებული ყურადღება გენდერულ იდენტობაზე 

სხვა აკვიატებები 

  • ურთიერთობებთან დაკავშირებული აკვიატებები (მაგალითად, გადაჭარბებული ფიქრები იმის შესახებ, არის თუ არა პარტნიორი „ის ერთი“, გადაჭარბებული ფიქრი მის ნაკლსა და ღირსებებზე). ამგვარი ფიქრები შეიძლება მიმართული იყოს შეყვარებულზე, მეგობრებზე, სხვა ახლობლებზე
  • ეგზისტენციური აკვიატებები (გადაჭარბებული წუხილი ფილოსოფიურ და ეგზისტენციალურ თემებზე, მაგალითად, სიკვდილზე, სამყაროზე და საკუთარ როლზე ამ სამყაროში)
  • გადაჭარბებული ფიქრი წარსულში მომხდარ მოვლენებზე, რასაც შეიძლება მოყოლოდა (სინამდვილეში არ მოყოლია) სავალალო შედეგი
  • ემოციური დაბინძურების აკვიატება (იმის შიში, რომ შეიძლება სხვა ადამიანების პიროვნული თვისებები გადმოგედოს, სხვათა ფსიქიკური მახასიათებლებით დაინფიცირდე). 

კომპულსია

კომპულსია წარმოადგენს განმეორებით ქცევას, რომელსაც პიროვნება იყენებს აკვიატებული ფიქრების (ობსესიების) გასანეიტრალებლად. ამასთან, ის აცნობიერებს, რომ კომპულსია მხოლოდ დროებითი გადართვაა, თუმცა ობსესიებთან გამკლავების სხვა უკეთესი საშუალების არქონის გამო, ისევ და ისევ მიმართავს კომპულსიურ ქცევას. კომპულსიური ქცევა შეიძლება განხორციელდეს იმ გარემოებებთან მიმართებითაც, რომლებიც ობსესიას აღძრავს. კომპულსიური ქცევა დიდ დროს და ენერგიას ართმევს ადამიანს, წყვეტს მას მისთვის ჩვეულ და ძვირფას საქმიანობას. 

კომპულსიები თუ რიტუალები

როგორც ეს აკვიატებული იდეების შემთხვევაში ვთქვით, აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა განმეორებითი ქცევა და ყველა „რიტუალი“ არ არის კომპულსია. ეს დამოკიდებულია ქცევის ფუნქციასა და კონტექსტზე. მაგალითად, ძილის წინა რუტინა, რელიგიური მსახურება, მეცადინეობის რიტუალი – ყველა ეს აქტივობა რაღაც დოზით მოიცავს ყოველ ჯერზე ერთი და იმავე, განმეორებით, ქცევას, მაგრამ ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სასიამოვნო და ფუნქციური შემადგენელია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რუტინული სამუშაო, რომელიც ერთი და იგივე ქცევით აქტებშია გამოხატული, სულაც არ არის კომპულსია ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანის შემთხვევაში. მაგალითად, ბიბლიოთეკარისთვის დღეში 8 საათი წიგნების შეკვეთის მიღება-გაცემა ნორმალური განმეორებითი ქცევაა. 

ინდიკატორს იმისა არის თუ არა კონკრეტული ქცევა კომპულსიური წარმოადგენს განცდები, რომლებიც ამ ქცევას უკავშირდება. თუ თქვენ ყურადღებას ამახვილებთ დეტალებზე ან ნივთების მოწესრიგებულობაზე და ფიქრობთ, რომ კომპულსიური ქცევაა, ეს აუცილებლობით არ ნიშნავს, რომ თქვენ ობსესიურ-კომპულსიური დაავადება გაქვთ. ამ შემთხვევაში „კომპულსია“ წარმოადგენს პიროვნულ შტრიხს ან თქვენი გემოვნების გამოხატულებას. უმეტეს შემთხვევაში ობსესიურ-კომპულსიური დაავადების მქონე პირი კომპულსიურ ქცევებს თავსმოხვეულად განიცდის და სურვილი აქვს, რომ არ ქონდეს ისინი. ამ ქცევებს მისთვის სასიამოვნოდ კი არ განიხილავს, არამედ თვლის, რომ ისინი აუცილებელია უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, შფოთვის მოსახსნელად ან აკვიატების დასაძლევად. 

გავრცელებული კომპულსიური ქცევები

წმენდა-დასუფთავება

  • ხელების უკიდურესად ხშირი დაბანა ან ხელების დაბანის განსაკუთრებული რიტუალი
  • უკიდურესად გამოხატული ბანაობა, კბილების ხეხვა, ვარცხნა, ტუალეტის რუტინა
  • უკიდურესი წმენდა საცხოვრებელი თუ სხვა ობიექტების 
  • ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ აიცილო თავიდან დამაბინძურებლებთან კონტაქტი

უკიდურესი შემოწმებები იმისთვის, რომ

  • არ დაგიზიანებიათ/ არ დააზიანოთ სხვები
  • არ დაგიზიანებიათ/ არ დააზიანოთ საკუთარი თავი
  • ცუდი არაფერი მოხდეს
  • არ დაგიშვიათ შეცდომა

განმეორებები

  • რუტინული აქტივობები (სახლიდან გასვლა-შემოსვლის რიტუალი,  სკამიდან ადგომა-დაჯდომის რიტუალი)
  • სხეულის მოძრაობები (კაკუნი, შეხება, დახამხამება და სხვ.)
  • ჯერადი განმეორება (მაგალითად, რაღაცის სამჯერ გაკეთება, რადგან სამი „კარგია“)

მენტალური კომპულსიები

  • მოვლენის განმეორებითი წარმოსახვა მათი თავიდან აცილების მიზნით 
  • მენტალური რიტუალი უბედურების არიდების მიზნით
  • საქმის შესრულებისას დათვლა იმისთვის, რომ მაგალითად, სამუშაო დაასრულო ისეთ რიცხვზე, რომელიც „კარგია“ 
  • შეცვლა/გაუქმება („ცუდი“ სიტყვის „კარგი“ სიტყვით შეცვლა მისი შესაძლო უარყოფითი შედეგის გაუქმების მიზნით)

სხვა კომპულსიები

  • საგნების გასწორება და მოწესრიგება იქამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ ყველაფერი სწორადაა
  • მოყოლა, შეკითხვა ან აღიარება დამშვიდების მისაღებად
  • იმ სიტუაციებზე თავის არიდება, რომლებიც ობსესიას იწვევენ

ერთ-ერთი ქმედითი გზა, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ საქმე გვაქვს ობსესიურ-კომპულსიურ დაავადებასთან თუ ყოფით აკვიატებებთან, მდგომარეობს იმაში, რომ განვასხვავოთ ეს გამოვლინება „ეგო-სინტონურია“ თუ „ეგო-დისტონური“. „ეგო-სინტონურია“ როცა ის თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან, იდენტობასთან, რწმენასთან და სურვილებთან. „ეგო-დისტონურია“ როცა არ შეესაბამება, დაშორებული ან სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც ვეთანხმები, რაც მსურს, რასაც ვაფასებ და რისიც მწამს. ობსესიურ-კომპულსიური დაავადებისთვის დამახასიათებელი აკვიატებები ეგო-დისტონურია – დაავადებულისთვის ისინი სტრესორებია, ადამიანს აწუხებს საკუთარი ფიქრები და მთელი გულით სურს, რომ არ ახორიელებდეს კომპულსიურ ქცევებს. 

წყარო:

  • Joseph Polimeni, Jeffrey P. Reiss, Jitender Sareen., Could obsessive–compulsive disorder have originated as a group-selected adaptive trait in traditional societies? Medical Hypotheses., Volume 65, Issue 4, 2005, Pages 655-664

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top