ორგაზმი და ორგაზმის პრობლემა.
ორგაზმი ეწოდება სქესობრივი აგზნების პიკს, რომლის დროს აღინიშნება სქესობრივი დაძაბულობის მოხსნა, ყოვლისმომცველი სიამოვნებისა და დაკმაყოფილების განცდა. ორგაზმისთვის დამახასიათებელია ისეთი ინტენსიური სომატური ცვლილებები, როგორებიცაა: გულისცემის, სუნთქვისა და არტერიული წნევის მატება; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოტყორცნა (მათ შორის – დოფამინის, ოქსიტოცინის); სქესობრივი დაძაბულობისგან ერთბაშად გათავისუფლება; გენიტალური და ანალური მიდამოს კუნთების რიტმული შეკუმშვა (წამში ერთი შეკუმშვა რამდენიმე წამის განმავლობაში). აღნიშნული შეკუმშვები მამაკაცებში განაპირობებს ეაკულაციას.
ორგაზმის პრობლემა ეწოდება მუდმივ ან გარდამავალ სირთულეებს, რაც გამოიხატება საკმარისი სქესობრივი ლტოლვისა და სტიმულაციის მიუხედავად ორგაზმის მიღწევის შეფერხებაში ან მის არარსებობაში, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ დისტრესს. მამაკაცის ორგაზმის პრობლემის ორი ტიპი განირჩევა: ორგაზმის შეფერხება და ორგაზმის არქონა (ანორგაზმია).
მამაკაცის სქესობრივი ფუნქცია ფსიქოსოციალური, ნეიროფიზიოლოგიური, ვასკულარული და ენდოკრინული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ეს ურთიერთქმედება განაპირობებს სქესობრივი აქტის შეუფერხებელ განხორციელებას ერექციიდან კულმინაციამდე, რაც ეაკულაციით და ორგაზმით სრულდება. მამაკაცის სქესობრივი ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა პრობლემით, მათ შორის: სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებით, ერექციული დისფუნქციით, ეაკულაციის დარღვევით ან ორგაზმის შეფერხებით. ერექციული დისფუნქცია შედარებით უკეთაც არის შესწავლილი და არსებობს მისი სტანდარტიზებული სამკურნალო პრეპარატები მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობს ორგაზმის დარღვევების მედიკამენტური მკურნალობა.
ორგაზმის დარღვევები, როგორც სამედიცინო პრობლემა, მნიშვნელოვანი საკითხია მამაკაცთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, რამდენადაც ის შეიძლება განაპირობებდეს განაყოფიერების უუნარობას მამაკაცებში. გარდა ამისა, ორგაზმის პრობლემები ხშირად ძლიერ შფოთვას და ფრუსტრაციას განაპირობებს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვა სქესობრივი პრობლემებიც გამოიწვიოს, როგორებიცაა ერექციული დისფუნქცია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.
რამდენადაც ნორმაში ეაკულაცია და ორგაზმი დროში ერთმანეთს ემთხვევა, ისინი სინონიმებადაც კი მიიჩნევა, თუმცა აუცილებლად გასაცნობიერებელია, რომ დროში თანხვედრის მიუხედავად ორგაზმი და ეაკულაცია დამოუკიდებელი პროცესებია. კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ მამაკაცების უმრავლესობას, რომელთაც სამედიცინო მდგომარეობის გამო (რეტროპერიტონული ქირურგია, რადიკალური პროსტატექტომია) აღენიშნებათ ეაკულაციის არქონა, ორგაზმის განცდა შენარჩუნებული აქვთ. მამაკაცებს კი, რომელთაც ორგაზმის არქონა აღენიშნებათ, არც ეაკულაცია აქვთ.
ამდენად, ორგაზმის შეფერხება ეს არის მუდმივი ან გარდამავალი სირთულეები ორგაზმის მიღწევაში, ხოლო ანორგაზმია კი ეს არის ორგაზმის არქონა ეაკულაციისგან დამოუკიდებლად.
ეაკულაციაში გამოყოფენ ორ ფაზას: 1. გამოყოფა და 2. გამოდევნა. გამოყოფის ფაზაში სათესლე ჯირკვლების და წინამდებარე ჯირკვლის მიერ წარმოებული სპერმა სათესლე მილების საშუალებით მიეწოდება ურეთრას. ამის საფუძველია ურეთრის შიდა სფინქტერის შეკუმშვა, რაც განაპირობებს შარდის ბუშტის ყელის დახურვას და სპერმის რეტროგრადული გადინების არიდებას. პროცესი დამოკიდებულია მენჯის სარტყლის გლუვი კუნთებისა და ავტონომიურ ინერვაციის ფუნქციონირებაზე. ამ ფაზის მასტიმულირებელია სასქესო ასოს რეცეპტორებიდან გაგზავნილი სიგნალები ტვინში, რომელიც, თავის მხრივ, სტიმულირებს სპერმის გამოყოფას. მეორე ფაზაში ხდება სპერმის გამოდევნა ურეთრის უკანა მხრიდან მის წინა მხარეს – სადინარში. ეს პროცესი რეგულირდება მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციონირებით. ორგაზმი ვითარდება ურეთრაში წნევის მომატების კვალდაკვალ, რაც გამოწვეულია შარდის ბუშტის ყელისა და შარდსაწვეთის სფინქტერის ერთდროული დახურვით და პერიურეთრული კუნთების შეკუმშვით.
ორგაზმის შეფერხება.
მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders – DSM-5) ორგაზმის შეფერხებას განსაზღვრავს, როგორც ორგაზმის მნიშვნელოვან დაგვიანებას ან მის არარსებობას პარტნიორული სქესობრივი აქტივობის თითქმის ყველა ან ყველა შემთხვევაში (75–100%), ინდივიდის მხრიდან ორგაზმის შეკავების სურვილის გარეშე, რომელიც გრძელდება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და იწვევს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ დისტრესს.
ორგაზმის შეფერხება კლასიფიცირდება, როგორც: პირველადი ან მეორადი, გენერალიზებული ან სიტუაციური. სიმძიმის მიხედვით კი შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის ან მძიმე. ორგაზმის პირველადი შეფერხება ნიშნავს იმას, რომ მამაკაცს გამოცდილებაში საერთოდ არ ქონია ორგაზმი, ხოლო ორგაზმის მეორადი შეფერხება გულისხმობს იმას, რომ მამაკაცს გამოცდილებაში აქვს ნორმალური ორგაზმების პერიოდი. ორგაზმის სიტუაციური შეფერხება ნიშნავს იმას, რომ მამაკაცს ორგაზმის პრობლემა ექმნება კონკრეტულ სიტუაციებში, სხვა სიტუაციებში კი ნორმალურად აღწევს მას. ორგაზმის გენერალიზებული შეფერხების დროს კი ორგაზმის შეფერხებას ადგილი აქვს ნებისმიერ სიტუაციაში.
განსაზღვრული არ არის ორგაზმის შეფერხების ზუსტი დროითი ზღურბლი. როგორც ჩანს, ის პარტნიორზე დამოკიდებულებით მერყეობს. მაგალითად, ზოგიერთი მამაკაცი პარტნიორთან ორგაზმს 15 წუთში აღწევს და ეს არ არის დისტრესთან დაკავშირებული, თუმცა იმავე მამაკაცისთვის სხვა პარტნიორთან 15 წუთიანი დროითი მაჩვენებელი შეიძლება დისტრესის გამომწვევი გახდეს, რადგან ეს კონკრეტული პარტნიორი შეიძლება უჩიოდეს გახანგრძლივებული სქესობრივი აქტის გამო ტკივილს ან დისკომფორტს. მასშტაბურმა პოპულაციურმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტრავაგინალური სქესობრივი აქტის დროს ეაკულაციის საშუალო დრო 5.4 წუთია, სტანდარტულმა გადახრამ მიაღწია 22 წუთს. მამაკაცთან, რომელიც უჩივის იმას, რომ ორგაზმის მიღწევის დრო 22 წუთზე მეტი აქვს, შეიძლება დიაგნოსტირებული იქნას ორგაზმის შეფერხება.
მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-5) მიხედვით, მამაკაცების მხოლოდ 25% აღწევს რეგულარულ ორგაზმს ყველა სქესობრივ აქტში. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი სამართლიანია 50 წლის ასაკის ქვემოთ მამაკაცთა პოპულაციაში. 65 წლის ასაკის ქვემოთ მამაკაცებში ორგაზმის პირველადი შეფერხების სიხშირეა 15:10, 000, ხოლო მეორადი შეფერხების სიხშირე 5%-ია. 80 წლის მამაკაცებში ორგაზმთან დაკავშირებული ჩივილები ორჯერ აჭარბებს 60 წლამდე მამაკაცების ასაკობრივ ჯგუფს. ასაკის მატებასთან ერთად ორგაზმის პრობლემების ზრდა მრავალ ფაქტორს უკავშირდება, როგორებიცაა: სასქესო ასოს მგრძნობელობის დაქვეითება, ტესტოსტერონის წარმოების დაქვეითება, მედიკამენტების მოხმარების გაზრდა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, პარტნიორის მხრიდან გახანგრძლივებული სქესობრივი აქტისადმი ტოლერანტობის დაქვეითება.
ორგაზმის ნეიროფიზიოლოგია.
ორგაზმი კომპლექსური ნეირობიოლოგიური პროცესია, რომელიც წარმოადგენს სომატური და ფსიქიკური აქტივობის შედეგს. ეაკულაციისთანავე თავის ტვინი ამუშავებს სიგნალებს, რომელიც მას მიეწოდება ურეთრაში გაზრდილი წნევის შედეგად (შარდის ბუშტის ყელისა და შარდსადენის გარე სფინქტერის ერთდროული დახურვის გამო). ტვინიდან მომდინარე იმპულსის საშუალებით ხდება სპერმის გამოტყორცნა და პერიურეთრალური კუნთების შეკუმშვა. ეს პროცესი წარმოადგენს ორგაზმის ტრიგერს. თავის ტვინის სკანირებამ გამოავლინა ტვინის ის კონკრეტული უბნები, რომლებიც ორგაზმის წარმოშობაზე არიან პასუხისმგებელი. სქესობრივი სტიმულაციის პირობებში დაფიქსირდა გაზრდილი აქტივობა კეფა-საფეთქლის უბანში, წინა სარტყელში, კუნძულოვან ქერქსა და შავ სუბსტანციაში. ორგაზმის დროს აღინიშნა სისხლის მიმოქცევის შემცირება პრეფრონტალური ქერქის (მარჯვენა მედიალური ორბიტოფრონტალური, მარცხენა ლატერალური ორბიტოფრონტალური, მარცხენა დორსოლატერალური) და მარცხენა საფეთქლის წილებში (კეფა-საფეთქლის ლატერალური ხვეული, საფეთქლის ზედა ხვეული); აღინიშნა მარცხენა დაკბილული ბირთვის, მარცხენა ლატერალური შუა ტვინის და ხიდის აქტივაციის ზრდა. გამოვლენილია თავის ტვინის ადენოზინური, მუსკარინული და ნიკოტინური ქოლინერგული რეცეპტორების, აგრეთვე კანაბინოიდური და დოფამინური რეცეპტორების როლი ორგაზმის ფუნქციაში.
ორგაზმის დარღვევების პათოფიზიოლოგიური ფაქტორები.
მამაკაცებში ორგაზმის დარღვევები შეიძლება განპირობებული იყოს სამედიცინო მდგომარეობებით, ასეთებია:
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ენდოკრინოპათიები)
- ქირურგიული ჩარევები სასქესო ორგანოების ან მიმდებარე მიდამოში
- სიმსივნური დაავადებების ან რადიოთერაპიის გართულებები
- მენჯის ღრუს ორგანოების ტრავმა
- სასქესო ასოს მგრძნობელობის დაქვეითება
- სასქესო ასოს ჰიპერსტიმულაცია (იდიოსინკრატული ან ფსიქოგენური მასტურბაცია)
- პერიფერიული ინერვაციის ასაკობრივი პრობლემები,
- ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
- ოპიატების და ალკოჰოლის მომხმარებლობა
- სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ანატომიური დეფექტი
ენდოკრინოპათიები. დადგენილია ტესტოსტერონის დაქვეითების როლი ორგაზმის დარღვევების დროს. საინტერესოა აგრეთვე ორგაზმის კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასთან: აღმოჩნდა, რომ ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) შემთხვევათა 64%-ში დადგინდა ორგაზმის შეფერხება მაშინ, როცა ჰიპერთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება) შემთხვევათა მხოლოდ 3%-ში აღინიშნა ორგაზმის პრობლემები. რაც შეეხება პროლაქტინს, მისი როლი ორგაზმის ფუნქციაში ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ პროლაქტინის მატება განაპირობებს სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას. კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებში პროლაქტინის ზომიერი მატება (>20 ნგ/მლ) არ ახდენდა გავლენას სქესობრივ ფუნქციაზე, თუმცა მძიმე ჰიპერპროლაქტინემია (>35 ნგ/მლ) განაპირობებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ შორის ერექციულ დისფუნქციას და ტესტოსტერონის წარმოების დაქვეითებას.
ჰიპერსტიმულაცია. ზოგიერთი მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს მასტურბაციას და არა – პარტნიორულ სექსს. ამ შემთხვევაში მასტურბაციით მიღწეულ სტიმულაციას ვერ ანაცვლებს პარტნიორული სექსი ან ოროგენიტალური სტიმულაცია, რაც ართულებს ორგაზმის მიღწევას სქესობრივი კონტაქტის დროს. მამაკაცი მიმართავს უკიდურესად ხშირ, იდიოსინკრატულ მასტურბაციას. კვლევებმა აჩვენა ამგვარი მასტურბაციის კორელაცია მამაკაცის ორგაზმის შეფერხებასთან. როგორც აღმოჩნდა, იდიოსინკრატული მასტურბაციის პრაქტიკა განაპირობებს სასქესო ასოს მგრძნობელობის დაქვეითებას და ამან შეიძლება მოჯადოებული წრე შექმნას: მამაკაცი სულ უფრო მეტი ძალისხმევით მიმართავს მასტურბაციას ასოს დაქვითებული მგრძნობელობის გამო, ეს კი სულ უფრო ამძიმებს ორგაზმის შეფერხებას. კვლევები აჩვენებს, რომ ორგაზმის შეფერხების მქონე მამაკაცებს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ახასიათებს მასტურბაციის მაღალი აქტივობა, ღამის პოლუციის დაქვეითება, ნაკლები ხარისხის ორგაზმი, აგრეთვე – მაღალი შფოთვა და დეპრესია.
ორგაზმის დარღვევების ფსიქოლოგიური ფაქტორები.
ორგაზმის შეფერხება შეიძლება განპირობებული იყოს ფსიქოლოგიური მიზეზებით, როგორებიცაა:
- შიში და შფოთვა – დაზიანების ან ზიანის მიყენების შიში, პარტნიორის დაორსულების შიში, მორალური ხასიათის შფოთვა.
- დეპრესია.
- სირცხვილი, თვითბრალდება, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა.
- ინტიმური ურთიერთობის სირთულეები.
- სქესობრივი ტრავის, ძალადობის გამოცდილება.
- პარტნიორულ ურთიერთობაში მტკივნეული გამოცდილება – განქორწინება, დაქვრივება.
- სქესობრივი განათლების სიმწირე.
- კულტურალური და რელიგიური ფაქტორები.
ორგაზმი შეიძლება შეაფერხოს არასაკმარისმა ფსიქოემოციურმა აგზნებამ. მამაკაცს შეიძლება აღენიშნებოდეს ერექცია ისე, რომ ფსიქოემოციურად არასაკმარისად იყოს აგზნებული იმისთვის, რომ დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტი განახორციელოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ერექციის გასაუმჯობესებელი მედიკამენტებით მიღწეული ერექცია. ასეთი ერექცია ხშირად აღიძვრება ისე, რომ არ ახლავს საკმარისი ფსიქოემოციური აგზნება და ის აუცილებელი მენტალური სტიმულაცია, რაც ორგაზმის მისაღწევად არის საჭირო.
ორგაზმის შეფერხებას შეიძლება ჰქონდეს სიტუაციური ხასიათი (მაგალითად, გიძნელდება კონკრეტულ პარტნიორთან მაშინ, როცა სხვასთან – არა). სიტუაციურ სირთულეებს ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს და ამდენად, ფსიქოკონსულტაციის ჩვენებაა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს სტრესის უკიდურესად არასასურველი გავლენა სქესობრივ ფუნქციაზე და განსაკუთრებით – ორგაზმის ხარისხზე. კვლევები ცხადყოფს, რომ ფსიქოლოგიური სტრესი, განსაკუთრებით კი – ქრონიკული სტრესი, უარყოფითად მოქმედებს სქესობრივი ფუნქციის ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებზე.
დიაგნოსტირება.
ორგაზმის დარღვევის დიაგნოსტირების პირველი საფეხური პაციენტის გამოკითხვა და ანამნეზის შეკრებაა. ანამნეზის ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:
- მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩივილები, არსებული და გადატანილი დაავადებები;
- სოციალური, კულტურალური და რელიგიური მახასიათებლები;
- მედიკამენტები, რომელთაც მამაკაცი ღებულობს. აგრეთვე სხვა ნივთიერებების (ალკოჰოლი, ნარკოტიკები) შესაძლო მოხმარება;
- ცხოვრების წესი, საქმიანობა, სტრესორები;
- პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება;
- ტიპიური სქესობრივი აქტივობა;
- სექსისადმი ფსიქოემოციური დამოკიდებულება, მათ შორის – შიშის, შფოთვის, სირცხვილის, ბრალდებისა და თვითბრალდების შესაძლო არსებობა;
- მასტურბაციის პრაქტიკა;
- ორგაზმთან დაკავშირებული ჩივილები;
- რა განსხვავებას აღწერს მამაკაცი ორგაზმის განცდებს შორის მასტურბაციისა და სქესობრივი აქტის დროს;
- მიუმართავს თუ არა მამაკაცს რაიმე საშუალებებისთვის ორგაზმის პრობლემის დასაძლევად.
დიაგნოსტირების შემდგომ საფეხურზე შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა, რაც გულისხმობს სისხლში ტესტოსტერონის, თირეოტროპული ჰორმონის, პროლაქტინის განსაზღვრას და ნორმიდან გადახრის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. მაგალითად, თირეოიდული ჰორმონით მკურნალობის შემდეგ, როცა სისხლში ჰორმონის დონე ნორმას აღწევს, პაციენტები აღნიშნავენ ორგაზმის გაუმჯობესებას, დროის ზღურბლის მაჩვენებლის დაწევას 22 წუთიდან 7 წუთამდე.
პაციენტებთან, რომელთაც სასქესო ასოს მგძნობელობის დაქვეითება აღენიშნებათ, შესაძლებელია ჩატარდეს ბიოთესიომეტრია: მგრძნობელობის ზღურბლის განსაზღვრა ვიბრაციულ-ტაქტილური სტიმულაციის გზით.
მკურნალობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მომენტისთვის არ არსებობს დამტკიცებული სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგაზმის დარღვევების სამკურნალოდ. ამ ტიპის პრეპარატების შესაძლებლობები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე პრეპარატი დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. სასქესო ასოს მგრძნობელობის დაქვეითებით განპირობებული ორგაზმის დარღვევების შემთხვევებში ეფექტიანი აღმოჩნდა პენისის ვიბრაციული სტიმულაციია (PVS). პაციენტების 72%-მა აღნიშნა ორგაზმის გაუმჯობესება. მათი ინფორმაციით, სქესობრივი აქტების 62% ორგაზმით დაასრულა. არაფარმაკოლოგიური ინვაზიური საშუალებებიდან აღსანიშნავია აგრეთვე თრომბოციტული მასით მდიდარი პლაზმის ინტრაკავერნოუზული ინექცია, სასქესო ინერვაციის ქირურგიული კორექცია.
ფსიქოთერაპია.
ორგაზმის დარღვევების სამკურნალოდ ფსიქოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე – კომბინაციაში სხვა ჩარევებთან. ორგაზმის დარღვევების ფსიქოთერაპია მოიაზრებს ისეთ მიდგომებს, როგორებიცაა:
- ფსიქოსექსოლოგიის პრაქტიკული მიდგომები.
- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპა.
- წყვილთა თერაპა.
- ფსიქოდინამიური თერაპია.
- მაინდფულნესი.
ფსიქოთერაპიის მიზანია ფსიქოგანათლებისა და თერაპიის გზით ორგაზმის პრობლემის დაძლევა და სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება. ამ მიზნით ფსიქოთერაპიული სამუშაო მოიცავს შემდეგ ამოცანებს:
- ორგაზმის ხელისშემშლელი ფსიქოლოგიური ფაქტორების დაძლევა: სტრესის მართვა, ფსიქოემოციური ფაქტორების (შიში, შფოთვა, სირცხვილი, თვითბრალდება და სხვა) გაცნობიერება.
- ტრავმაზე მუშაობა.
- პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ძალიან ეფექტიანია წყვილთა თერაპია, რომელიც ეხმარება პარტნიორებს ბარიერების დაძლევაშ
- ფსიქოგანათლება სქესობრივი ქცევის საკითხების ირგვლივ.
- ურთიერთობის, ინტიმურობის და სქესობრივი ქცევის გაუმჯობესება.
- როლური თამაშის ტექნიკის გამოყენება ურთიერთობასა და სექსში ბარიერების დაძლევის მიზნით. ის შეიძლება განხორციელდეს როგორც ინდივიდუალური თერაპიის, ისე წყვილთა თერაპიის რეჟიმში.
- მასტურბაციის სტილის გაცნობიერება, რუტინის შეცვლა და სქესობრივი ფანტაზიის კორექტირება, რაც საშუალებას აძლევს მამაკაცს, მოამზადოს საკუთარი თავი პარტნიორული სექსისთვის დამახასიათებელ რეაგირებისთვის.
- ცხოვრების წესის გაცნობიერებადა ცხოვრების ჯანსაღი წესის მოტივირება.
- მავნე ჩვევების დაძლევა, როგორებიცაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.
და ბოლოს, რამდენიმე სასარგებლო რჩევა:
- იზრუნე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, იარე კონსულტაციაზე ექიმთან, მართე შენი დაავადებები;
- იზრუნე სტრესისა და მენტალური პრობლემების მართვაზე;
- ისაუბრე სექსზე პარტნიორთან;
- მისდიე ცხოვრების აქტიურ წესს: ივარჯიშე, უკუაგდე მავნე ჩვევები, დაკავდი სასიამოვნო აქტივობებით, იკვებე ჯანსაღად, მოიწესრიგე ძილი, დაისვენე სრულფასოვნად.
წყარო:
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC4816679
https://www.nature.com/articles/s41443-023-00692-7
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24640-anorgasmia
