ორგაზმი წარმოადგენს სქესობრივი აგზნების ფიზიოლოგიურ კულმინაციას სქესობრივი დაძაბულობის თანმდევი შემცირებით და კუნთების მოდუნებით. ორგაზმი ხასიათდება უეცარი და ინტენსიური სიამოვნების განცდით, გულისცემისა და არტერიული წნევის მკვეთრი მატებით, აგრეთვე მენჯის ფსკერის კუნთების უეცარი და ძლიერი შეკუმშვით, რაც ვაგინალური კუნთების შეკუმშვას განაპირობებს. ორგაზმი განიცდება სქესობრივი აქტის, მასტურბაციის ან ძილის დროს.
სქესობრივი რეაქციის ციკლი წარმოადგენს თანმიმდევრულ ფიზიოლოგიურ მოვლენებს, რომელთაც ადგილი აქვთ სქესობრივი აგზნებისა და სქესობრივი აქტის დროს. როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ეს მოვლენები ოთხი თანმიმდევრული ეტაპით არის წარმოდგენილი: აგზნება, პლატო, ორგაზმი, რეგრესია. ამ ეტაპების ხასიათი ორივე სქესისთვის მსგავსია განურჩევლად სქესობრივი სტიმულაციის ტიპისგან.
აგზნების სტადიაზე ორგანიზმი ემზადება სქესობრივი აქტივობისთვის კუნთების დაძაბვით, გულისცემის გახშირებით და არტერიული წნევის მატებით. აგზნების სტადიაზე მამაკაცებში აღინიშნება სასქესო ასოს ერექცია, ქალებში კი – ვაგინალური კედლების ლუბრიკაცია, ვაგინის შესავალისა და კლიტორის გაფართოება. პლატოს სტადიაზე სუნთქვა უფრო აჩქარებული ხდება, კუნთების დაძაბულობა გრძელდება, მამაკაცებში აღინიშნება სასქესო ასოსა და სათესლე ჯირკვლების ზომების გადიდება, ქალებში კი – ვაგინის გარე კედლისა და კლიტორის შეკუმშვა. ორგაზმის სტადიაზე წინა სტადიებისთვის დამახასიათებელი ნერვ-კუნთოვანი დაძაბულობა რამდენიმე წამში იხსნება; ვაგინა იწყებს რეგულარული შეკუმშვების სერიას, მამაკაცებში კი ადგილი აქვს ეაკულაციას. რეგრესიის ეტაპზე ორგანიზმი თანდათანობით უბრუნდება მოსვენების მდგომარეობას. მამაკაცებში სასქესო ასო ნორმალურ ზომებს უბრუნდება, ქალებში კი სასქესო სტრუქტურები უბრუნდება აგზნებამდე არსებულ მდგომარეობას. მამაკაცებში რეგრესიის ეტაპი მოიცავს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე რეფრაქტერულ პერიოდს, რომლის განმავლობაში მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აგზნება. ქალებში ასეთი რეფრაქტერული პერიოდი არ აღინიშნება და რეგრესიის ეტაპის ნებისმიერ მომენტში შეიძლება სწრაფად მოხდეს კვლავ აგზნება. აღნიშნულის გამო ქალს შეუძლია ზედიზედ რამდენიმე ორგაზმი განიცადოს, რის უნარს მამაკაცი, როგორც წესი, მოკლებულია. ეს აიხსნება იმით, რომ ორგაზმის განცდაზე პასუხისმგებელი ტვინის კონკრეტული უბნები მამაკაცის შემთხვევაში ორგაზმის მიღწევისთავანე შეკავდება და უმოქმედო ხდება სასქესო ორგანოების შემდგომი სტიმულაციის მიმართ მაშინ, როცა ქალის ტვინში იგივე უბნებს კვლავ გააქტიურება შეუძლია.
ორგაზმის პრობლემა ქალებში, საკმარისი სქესობრივი ლტოლვისა და სტიმულაციის მიუხედავად, გამოიხატება:
- დაგვიანებული ორგაზმით
- იშვიათი ორგაზმით
- არაინტენსიური ორგაზმით
- ორგაზმის არარსებობით
ქალებში ორგაზმის სიხშირე და ინტენსიურობა ინდივიდუალურია. ასევე ინდივიდუალურია ორგაზმის მისაღწევად საჭირო სტიმულაციის ტიპი და ხანგრძლივობა. ორგაზმის ინტენსივობის შეგრძნება შეიძლება განსხვავდებოდეს სტიმულაციის ფორმის და სტიმულირებული ზონების მიხედვით. ის შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პარტნიორთან და სხვადასხვა გარემოში. ორგაზმის ხარისხი გამოცდილებასთან ერთად უმჯობესდება, რადგან ქალი უკეთ ეცნობა საკუთარ სხეულს, მეტად შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები და როგორც წესი, ჰყავს გამოცდილი პარტნიორი.
ქალების უმეტესობას ორგაზმის მისაღწევად კლიტორის მუდმივი სტიმულაცია სჭირდება; ბევრი პოზიცია ამას საკმარისად ვერ უზრუნველყოფს და მეტწილად დამატებით სტიმულირებას საჭიროებს. ვაგინალური პენეტრაცია არაპირდაპირი გზით სტიმულირებს კლიტორსაც, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს ორგაზმის გამოსაწვევად საკმარისი სტიმულაცია. ბევრი ქალი ორგაზმის მისაღწევად საჭიროებს კლიტორის პირდაპირ სტიმულაციასაც. ეს ნორმალურია და არც ქალისთვის და არც მისი პარტნიორისთვის წარუმატებლობის განცდას არ უნდა იწვევდეს. ქალისთვის ის, რომ ყოველთვის არ აღწევდეს ორგაზმს, შეიძლება დისტრესის გამომწვევი არ იყოს. ეს შემთხვევა ორგაზმის პრობლემად არ განიხილება. იმ შემთხვევაში, როცა სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მათ შორის – ორგაზმის პრობლემასთან დაკავშირებით, ქალი შფოთვას, იმედგაცრუებას, დისტრესს განიცდის და პარტნიორებს შორის ურთიერთობა რთულდება, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტირება. ორგაზმის მიღწევის სირთულეები ხშირია. ქალების დაახლოებით სამი მეოთხედი არასდროს ან იშვიათად აღწევს ორგაზმს პენეტრაციული სექსის დროს.
სექსი არის ის, რაც წყვილებს ან უფრო და უფრო აახლოვებს ან უფრო და უფრო აშორებს. როდესაც ურთიერთობაში ერთი პარტნიორი დაუკმაყოფილებელია, ეს უკვე დისტრესის წყაროა და წყვილმა ეს საკითხი პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს. მაშინაც კი, როდესაც პარტნიორებს შორის ემოციური ინტიმურობა და სიყვარულია, ქალისთვის ორგაზმის მიღწევის სირთულეებმა შეიძლება იმედგაცრუებისა, უარყოფის განცდები გამოიწვიოს და ურთიერთწყენამდე და ემოციურ დისტანცირებამდე მიგვიყვანოს.
ორგაზმის პრობლემა ქალებში, ისევე როგორც მამაკაცებში, კლასიფიცირდება, როგორც: პირველადი ან მეორადი, გენერალიზებული ან სიტუაციური. ორგაზმის პირველადი პრობლემა ნიშნავს იმას, რომ ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი; ორგაზმის მეორადი პრობლემა კი ნიშნავს იმას, რომ ქალს აქვს გამოცდილებაში ნორმალური ორგაზმები და ორგაზმის პრობლემა შეძენილია. ორგაზმის სიტუაციური პრობლემა ნიშნავს იმას, რომ ქალს ორგაზმის პრობლემა ექმნება მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში – კონკრეტული ტიპის სტიმულაციის დროს ან კონკრეტულ პარტნიორთან. ორგაზმის გენერალიზებული პრობლების დროს კი ორგაზმის პრობლემას ადგილი აქვს ყველა სიტუაციაში.
სქესობრივი აგზნება და ორგაზმი კომპლექსური რეაქციებია სხვადასხვა ფაქტორზე საპასუხოდ, როგორებიცაა ფიზიკური, ემოციური, სენსორული და ფიზიოლოგიური ფაქტორები. ამ ფაქტორთაგან ნებისმიერის პრობლემამ შეიძლება გავლენა იქონიოს ორგაზმის აღმოცენებასა და განცდაზე. გაგაცნობთ ამ ფაქტორებს:
პიროვნული და ფსიქოლოგიური ფაქტორები
- ორგაზმის ცნობიერი მოლოდინი. ეს ერთ-ერთი გავრცელებული ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელსაც სხვაგვარად „დამკვირვებლის ეფექტი“ ეწოდება. ქალი ცნობიერად ამუშავებს და ელოდება ორგაზმის მომენტს, ამით ის დისტანცირდება სხეულებრივი შეგრძნებებისგან და ტკბობისგან, უმაღლდება შფოთვა. ეს ყოველივე ხელს უშლის ორგაზმის მიღწევას.
- ყურადღების გაფანტვა. ესეც ერთ-ერთი გავრცელებული ფსიქოლოგიური ფაქტორია. ქალი იმის ნაცვლად, რომ მოცულ იქნას სხეულებრივი შეგრძნებებით, ყურადღებას მიმართავს ისეთ რამეზე ფიქრი, როგორიცაა მაგალითად, კარგად გამოიყურება თუ არა მისი სხეული ამ დროს, ვინმეს ხომ არ ესმის, რაც ხდება და ა.შ. ყურადღების ასეთი გაფანტვა ხელს უშლის ორგაზმის მიღწევას.
- ცხოვრებისეული სტრესები. მომეტებული შფოთვის და ყურადღების გაფანტვის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი სტრესები, როგორიცაა ფინანსური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა, განქორწინება. სტრესი ზოგადად სქესობრივი ცხოვრების დიდი მტერია და განსაკუთრებით დამაზიანებლად ის ორგაზმის ფუნქციაზე მოქმედებს.
- შიშები. ორგაზმის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი შეიძლება გახდეს სქესობრივ თემატიკასთან დაკავშირებული შიშები, როგორებიცაა პენეტრაციის შიში, ტკივილის შიში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შიში, ორსულობის შიში, კონტროლის დაკარგვის შიში.
- ტრავმული გამოცდილება. წარსულში სქესობრივი ზეწოლის ან ძალადობის, გაუპატიურების, ინცესტის ან სხვა სქესობრივი შინაარსის ტრავმული გამოცდილება.
- ინფორმაცის ნაკლებობა. სქესობრივი ცხოვრების, სასქესო ფუნქციის და ანატომიის, სქესობრივი სტიმულაციისა და სქესობრივი აქტის შესახებ ცოდნის ნაკლებობა.
- საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვა.
- სექსთან დაკავშირებული სირცხვილის ან ბრალეულობის განცდა.
- სექსთან დაკავშირებული კულტურალური და რელიგიური შეხედულებები.
- მენტალური დაავადება (მათ შორის დეპრესია, შფოთვითი დარღვევები და სხვა).
პარტნიორთან ურთიერთობის ფაქტორები
- პარტნიორთან ემოციური სიახლოვის ნაკლებობა
- გადაუჭრელი კონფლიქტი პარტნიორთან
- პარტნიორთან მწირი კომუნიკაცია სქესობრივ ცხოვრებასთან და სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე, უკუკავშირისა და სქესობრივი სურვილების გაზიარების ნაკლებობა
- უნდობლობა ან ღალატი
- ძალადობა
- პარტნიორის სქესობრივი დისფუნქცია
ფიზიკური ფაქტორები
- ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისეთმა დაავადებებმა, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი და სხვა შეიძლება განაპირობოს ორგაზმის პრობლემები.
- გინეკოლოგიური ჩარევები. გინეკოლოგიური ქირურგიული ჩარევები, როგორებიცაა ჰისტერექტომია, სასქესო სისტემის ონკოქირურგია შეიძლება დაკავშირებული იყოს ორგაზმის პრობლემებთან.
- წამლები. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება დათრგუნოს ორგაზმის განცდა. ასეთი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეთ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ანტიფსიქოტურ მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს.
- ალკოჰოლი და მწეველობა. ალკოჰოლი ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გზით უარყოფითად მოქმედებს ორგაზმის ფუნქციაზე. თამბაქო განაპირობებს სასქესო ორგანოთა სისტემაში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას, რაც ასევე უარყოფითად აისახება ორგაზმის ფუნქციაზე.
- ასაკობრივი ცვლილებები. მენოპაუზის შემდგომმა ცვლილებებმა შესაძლოა განაპირობოს ორგაზმის პრობლემები.
სქესობრივი ფაქტორები
- სქესობრივი აგზნების პრობლემები
- სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
- ვაგინალური სიმშრალე
- ვაგინიზმი
რამდენიმე რჩევა თვითდახმარებისთვის
- მეტი ინტიმურობა. იქონიე პარტნიორთან არამხოლოდ სქესობრივი, არამედ არასქესობრივი სიახლოვე, ინტიმურობა. დაუთმე მეტი დრო და ენერგია მასთან ურთიერთობას – მასთან საუბარს, ერთად საქმიანობას და ერთად გართობას. წყვილები, რომლებიც მეტ დროს უთმობენ ერთმანეთთან საუბარს, ერთად დროის გატარებას, ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს, ამყარებენ ნდობას და დაცულობას.
- ელაპარაკე მას სექსზე. ელაპარაკე პარტნიორს თქვენს სქესობრივ ურთიერთობაზე, შენს სურვილებზე და წუხილებზე და როგორ უნდა გააკეთო ეს, იხილე ჩვენი სტატია.
- მიმართე რელაქსაციას. კარგი ორგაზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე დაძაბულობისგან გათავისუფლება და რელაქსაცია. დაუთმე დრო მოდუნების პრაქტიკას. ეს შეიძლება იყოს წყლის პროცედურები (ცურვა, აბაზანა, შხაპი), სპა პროცედურები, მასაჟი, იოგა, ბუნებაში დასვენება და ა.შ. მოკლედ, გაანებივრე შენი ორგანიზმი და საპასუხოდ ისიც გაგანებივრებს.
- თვითსტიმულაცია. მასტურბაცია და თვითსტიმულაციის პრაქტიკა არის საშუალება იმისთვის, რათა ქალი უკეთ გაეცნოს საკუთარ სხეულს, მისი სქესობრივი აქტივობისა და მგრძნობელობის თავისებურება.
- გახსოვდეს პრელუდია. სქესობრივ აქტში მნიშვნელობა მიანიჭე პრელუდიას. ქალისთვის სტიმულაციის მაქსიმუმის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია უშუალოდ პენეტრაციამდელი სათანადო აგზნება, რაც პრელუდიით მიიღწევა. ამიტომ ითხოვე და მოითხოვე უხვი პრელუდია.
- გაავარჯიშე მენჯის ფსკერის კუნთები. კარგი სექსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებას. მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები ზრდის მენჯის სარტყელის შეგრძნებას და შედეგად, აუმჯობესებს სქესობრივ შეგრძნებებს, რაც კარგი ორგაზმის მიღწევაში დაგეხმარება.
ფსიქოთერაპია
თუ გრძნობ, რომ შენი ორგაზმის პრობლემის მთავარი ფაქტორი ფსიქოემოციური ფაქტორებია, როგორებიცაა ურთიერთობის პრობლემები, მენტალური დაავადება (მათ შორის დეპრესია, შფოთვა), სქესობრივი შიშები ან ბრალეულობა, სქესობრივი შინაარსის ტრავმულ გამოცდილება, მაშინ ფსიქოთერაპევტი დაგეხმარება. ფსიქოსექსუალური თერაპიის სწავლებით, ორგაზმული რეაქციები ინდივიდუალურია და არ არსებობს სქესობრივი სიამოვნების განცდის სწორი გზა, არ არსებობს სწორი ორგაზმი. თერაპევტი გასწავლით, როგორ მოარგოთ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა ორივეს სურვილებს და საჭიროებებს, როგორ გააფართოოთ და გაამრავალფეროვნოთ სქესობრივი აქტივობა. თერაპიის შედეგად უკეთ გაეცნობი შენს სხეულს და იმას, რა გსურს. თერაპევტი დაგეხმარება დაძლიო შფოთვა, შიში, იმედგაცრუება, ნეგატიური მოლოდინები. თერაპიის მიზანი სქესობრივი ცოდნისა და ურთიერთობის გაუმჯობესებაა, ორგაზმის გაუმჯობესება კი ამ ურთიერთობის გაუმჯობესების შედეგი იქნება. თერაპიის პროცესი მოითხოვს დროს, მოთმინებას, ვარჯიშს. ამიტომ დარწმუნდი, რომ შენ და შენი პარტნიორი გულმოდგინეები ხართ ამ პროცესის მიმართ. თერაპიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სენსორული ფოკუსირების სავარჯიშოები. თუ პრობლემის საფუძველი თქვენი მოთხოვნილებების გაზიარების სირთულეა, ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ პარტნიორებს ამ უნარების განვითარებაში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anorgasmia/symptoms-causes/syc-20369422
https://www.leicspart.nhs.uk/wp-content/uploads/2022/07/495-Female-orgasmic-difficulties-2.pdf
https://www.britannica.com/topic/human-sexual-activity/Sociosexual-activity
https://www.bbc.com/future/article/20150625-the-mystery-of-the-female-orgasm
