პირადი საზღვრები ურთიერთობაში

პირადი საზღვრები ეწოდება ნებისმიერ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს შორის ჯანსაღ დისტანციას. პირადი საზღვრების ფლობა გვეხმარება საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნებაში, ემოციური ენერგიის დაზოგვასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ურთიერთობებში ჯანსაღი დისტანცირების უნარი სამ პროცესზე დგას: 1. პირადი საზღვრების განცდა; 2. პირადი საზღვრების დაწესება; 3. პირადი საზღვრების დაცვა.

ჩახლართული და გაუგებარი  ურთიერთობების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ პირადი საზღვრების არარსებობაა. აქ ადამიანები ფსიქოემოციურად იმდენად გადაიზილებიან ერთმანეთში, რომ ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება ერთი პიროვნება და სად იწყება – მეორე. ასეთი მოუწესრიგებელი ურთიერთობა შეიძლება შეინიშნებოდეს პარტნიორებსა თუ მეუღლეებს შორის,  ოჯახის წევრებსა (მშობლებს და შვილებს, და-ძმებს) და მეგობრებს შორის.

როცა ისეთ ურთიერთობაში ვართ, სადაც დარღვეულია პირადი საზღვრები, აღინიშნება შემდეგი:

  • გვირთულდება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
  • გვეუფლება თვითბრალდების განცდა, თუკი რამეს დამოუკიდებლად ვაკეთებთ და განსაკუთრებით ისეთ რამეს, რაც ჩვენთან ურთიერთობაში მყოფს არ მოსწონს;
  • მუდმივად დაძაბული ვართ, რამე არასწორი არ ვუთხრათ ან არასწორად არ მოვექცეთ მას;
  • უგულვებელვყოფთ საკუთარ სურვილებს და საჭიროებებს მისი ინტერესების სასარგებლოდ;
  • ვგრძნობთ, რომ გვჭირდება საზღვრების დაწესება.

ასეთ ურთიერთობებში ადამიანი კარგავს კონტაქტს საკუთარ ნამდვილ „მე“-ისთან; თავს აიგივეს ურთიერთობასთან და არა – საკუთარ პიროვნულ ღირებულებებთან, სურვილებთან და მისწრაფებებთან. მან შეიძლება შეზღუდოს სხვა ურთიერთობები, არ იყოს მოწადინებული ახალი ნაცნობობისთვის, რამდენადაც მთელი მისი ფსიქიკური ენერგია ამ  უსაზღვრებო ურთიერთობაზე ეხარჯება.

პირადი საზღვრები ეს არის საზღვარი, რომელსაც, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუწესებთ სხვებთან ურთიერთობაში და ამით ვიცავთ ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობას. პირადი საზღვრები ურთიერთობის მთავარი მომწესრიგებელია, რამდენადაც ის ადამიანს უქმნის საკუთარი სივრცისა და ინდივიდუალურობის განცდას. როცა პირადი საზღვრები გვაქვს, ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ საკუთარ პიროვნებას, გამოვხატავთ საკუთარ საჭიროებებს და სურვილებს ყოველგვარი შიშისა და თვითბრალდების გარეშე. როცა პირადი საზღვრები გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ „არა“ იმ შიშის გარეშე, რომ ამის გამო შეიძლება გაგვრიყონ ან მიგვატოვონ. პირადი საზღვრები გვეხმარება საკუთარი არჩევანის გაკეთებაში, ემოციური წონასწორობის დაცვასა და ისეთი ურთიერთობების აგებაში, რომლებიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის საჭიროებების აღიარებასა და გათვალისწინებაზე.

ურთიერთობებში საზღვრების დაწესება აუცილებელია როგორც პირადად ჩვენი, ასევე თვითონ ურთიერთობის სიჯანსაღისთვის. პირადი საზღვრების დაწესება და დაცვა ხელს უწყობს ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ კეთილდღეობას, აგრეთვე – საკუთარი პიროვნების სრულფასოვნად განცდას და ურთიერთობების მეტად ჯანსაღ და სასიამოვნო კალაპოტში მოქცევას.

პირადი საზღვების დაწესებას და დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტრესის შესამცირებლად, კმაყოფილების გასაზრდელად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. შფოთვა და სტრესი მაშინ ვითარდება, როცა პასუხისმგებლობას ვიღებთ სხვების ემოციებზე, ქცევებსა და აზრებზე. ჩვენი შფოთვა ხშირად ჩვენსავე ურთიერთობაში არასაკმარისი საზღვრების გამოა. ურთიერთობის კანონი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ სხვების აზრები, გრძნობები ან ქმედებები; ერთადერთი რაზეც პასუხისიმგებელნი ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენივე აზრები, გრძნობები და ქცევები. გავიხსენოთ, როგორ ვგრძნობთ თავს, როცა მოგვცეს დავალება, მაგრამ არ მოგვცეს ამ დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები. იგივე გრძნობაა, როცა ვინმე ცდილობს, პასუხისმგებლობა  მოგვანდოს საკუთარ გრძნობებზე, აზრებსა და ქცევებზე.

პირადი საზღვრების დაწესება შეიძლება რთული იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • შეიძლება არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია პირადი საზღვრების შესახებ.
  • შეიძლება ფიქრობ, რომ ურთიერთობაში შენი სურვილები და საჭიროებები მეორეხარისხოვანია ან პირიქით, ფიქრობ, რომ ჯერ შენი ინტერესებია და მერე – მისი.
  • შეიძლება თვითბრალდება გიჩნდება იმის გამო, რომ პირადი საზღვრების დაწესების სურვილი გაგიჩნდა ან სცადე ასეთი საზღვების დაწესება.
  • შეიძლება ფიქრობ, რომ პირადი საზღვრების დაწესებით გაანაწყენებ მას.
  • შეიძლება ფიქრობ, რომ შენი „არა“ გულს ატკენს მას.
  • შეიძლება ფიქრობ, რომ პირადი საზღვრების დაწესებამ შეიძლება დააზიანოს ან დაანგრიოს თქვენი ურთიერთობა. 
  • შენთან ურთიერთობაში მყოფი შეიძლება მანიპულაციას მიმართავს: საკმარისია პირადი საზღვრების დაწესება სცადო, რომ შეიძლება მან არაერთი ტაქტიკა აამუშაოს შენი განზრახვის ჩასაშლელად. ეს ტაქტიკები შეიძლება იყოს ბრალდება, შეიმინგი და თუნდაც მუქარა.

როგორ დავაწესოთ პირადი საზღვრები? – პირადი საზღვრების დაწესება, რაც აქამდე არასდროს გვქონია, ადვილი არ არის. ამიტომ დაიწყე მცირედით: გააცნობიერე თუ რა არის ის აუცილებელი საზღვრები იმისთვის, რომ ურთიერთობაში თავს კარგად გრძნობდე. განსაზღვრე, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგალითად, ურთიერთპატივისცემა, საკუთარი თავისუფალი დროის ქონა, საკუთარი გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა და სხვა.

თავიდან საზღვრების დადგენა და დაწესება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქამდე პირადი საზღვრების გარეშე ურთიერთობდი. განსაზღვრე რაც შეიძლება მკაფიო საზღვრები პარტნიორთან, მშობლებთან, შვილებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან. ეს კითხვარი დაგეხმარება:

  • რომელ ურთიერთობებს მოაქვს ჩემთვის სტრესი, შფოთვა?
  • ვცდილობ ურთიერთობაში ემოციების, აზრების ან ქცევის კონტროლს?
  • ვგრძნობ, რომ ცუდად მექცევიან, ბოროტად მიყენებენ?
  • იცვლება თუ არა სხვების მხრიდან ჩემდამი დამოკიდებულება  იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად ვპასუხობ მათ მოლოდინებს ან ვასრულებ მათ მოთხოვნებს?
  • რა საზღვრები მჭირდება? რა შეზღუდვები აკლია ჩემს ურთიერთობებს?

რამდენიმე რჩევა ურთიერთობაში პირადი საზღვრების დასაწესებლად:

  • ჩამოაყალიბე ის საზღვრები, რომლებიც გჭირდება ურთიერთობაში და ამის შესახებ ესაუბრე შენთან შენთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანს.
  • ნათლად და მკაფიოდ აუხსენი, რა გჭირდება და რას ითხოვ მისგან.
  • იყავი თანმიმდევრული და როგორც კი ზღვარს დააწესებ, იყავი მეთოდური მის აღსრულებაში. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შეიძლება დაგჭირდეს მცდელობების განმეორება.
  • გახსოვდეს, რომ შენთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანს დრო სჭირდება საზღვრებთან შესაგუებლად მით უფრო, რომ ასეთი გამოცდილება არ გქონიათ.
  • იყავი მზად წინააღმდეგობისთვის. მეორე ადამიანმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს თქვენს საზღვრებს, განსაკუთრებით თუ ის მიჩვეული არ არის ასეთ საზღვრებში ურთიერთობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ ან მას ზიანს აყენებ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ზრუნავ საკუთარ პიროვნებაზე და კეთილდღეობაზე.
  • ისწავლე უარის თქმა. „დიახ“-ის თქმას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც შენი „არა“ თანაბრად ფასეულია. „არა“-ს თქმა, სავარაუდოდ, გაზრდის ზეწოლას, რომ გათქმევინონ „დიახ“. იცოდე „არა“-ს მტკიცედ, მაგრამ კეთილგანწყობილი ფორმით თქმა ან იმ ადამიანთან საუბრის შეწყვეტა, ვინც არ პატივს სცემს შენს საზღვრებს. გქონდეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უპასუხებ ჯანსაღი გზით იმას, რაც არღვევს შენს საზღვრებს.
  • რეგულარულად გადახედე შენს ქმედებებს, რათა დარწმუნდე, რომ იცავთ შენს მიერ დადგენილ საზღვრებს, განსაკუთრებით – სტრესულ ან გადაღლის პერიოდებში. ყოველკვირეული, შემდეგ ყოველთვიური შემოწმება დაგეხმარება ამაში.

თუკი თავიდან პირადი საზღვრების დამყარებასა და შენარჩუნებას ძალისხმევა სჭირდება, დროთა განმავლობაში აღმოაჩენ, რომ ისინი ჩვევად იქცევა და ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვრების არქონით გამოწვეული შენი დისკომფროტი კი გაქრა. ასევე შეამჩნევ, რომ შენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანებიც დამშვიდდნენ და მათგან ზეწოლა შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის მიერ პიროვნული საზღვრების განცდა დიდწილად არის დამოკიდებული იმ კულტურასთან, რომელშიც ის აღიზარდა და ცხოვრობს. დასავლური ინდივიდუალისტური კულტურები პირად საზღვრებში, პირველ რიგში, ავტონომიურობას მოიაზრებენ მაშინ, როცა აღმოსავლურ კოლექტივისტურ კულტურებში მთავარი ჰარმონიულობაა. ზოგადადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომაა ის საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია კულტურალური ბარიერების გადალახვა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების უზრუნველყოფა.

როცა ჩვენი ამოცანაა ისეთ ადამიანთან ურთირთობაში (იქნება ეს მშობელი, მეგობარი, თანამშრომელი თუ სხვა) პიროვნული საზღვრების დაწესება, რომლის კულტურალური ღირებულებები განსხვავდება ჩვენისგან, ეს ამოცანა არცთუ იოლად შესასრულებელი გვეჩვენება. საერთოდ, ცნება „პიროვნული საზღვრები“ დასავლური კულტურიდან მოდის და ის ინდივიდუალურობის ხელშემწყობ გარემოს გულისხმობს, სადაც ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობაშია, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, იმოქმედოს საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით, შეძლოს დისტანცირდეს სოციალური ჯგუფის (მათ შორის – ოჯახის) ტრადიციებისგან.

დასავლური სტანდარტით, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელ კოლექტივისტურ კულტურებში პიროვნული საზღვრები ბუნდოვანი ან სრულიად არარსებული ჩანს. მაგალითად, მთელ რიგ აღმოსავლურ კულტურებში ნორმალურია, როცა ზრდასრული შვილები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, მშობლებთან ერთად ცხოვრებას აგრძელებენ ქორწინების შემდეგაც. აქ ღირებულებას წარმოადგენს დიდი, ერთიანი ოჯახი. უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული აღმოსავლური კულტურებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობები საზღვრების არქონას სულაც არ გულისხმობს, სულაც პირიქით – ურთიერთობაში საზღვრებს საკმაოდ მკაცრი წესების სახე აქვს, რომლებიც ამ კულტურების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირად ზედმიწევნით სრულდება. ასეთია მაგალითად, დისტანცია უფროსსა და უმცროსს შორის, მშობელსა და შვილს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და ა.შ.

ამის მიუხედავად გარდაუვალია კონფლიქტი კოლექტივისტური ღირებულებებისა და ინდივიდუალისტური ღირებულებების მქონე ინდივიდებს შორის. როცა კულტურალური ორიენტაცია კონფლიქტს განაპირობებს, არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია კომპრომისის გამონახვა ან სულ მცირე, ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება, როგორც იმედგაცრუებისა და გათიშულობის ალტერნატივა:

პრინციპი 1. პიროვნული საზღვრების ქონა არ გულისხმობს სხვათა ღირებულებების დაკნინებას. ასეთი მიდგომა უარს ამბობს ისეთ შეფასებით განსაზღვრებებზე, როგორებიცაა  კარგი და ცუდი, ნორმალური და არანორმალური, ჩამორჩენილი და პროგრესული. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ზღვარი, მაგალითად, ძალადობრივი ურთიერთობა, ცალსახად ცუდი და არანორმალურია, თუმცა სიტუაციების უმეტესობა შეფასების თვალსაზრისით ნეიტრალურია და დაიცავი ეს ნეიტრალიტეტი.

პრინციპი 2. პირადი საზღვრები არ გამორიცხავს გაცნობიერებულ კომპრომისს. მაგალითად, ოჯახურ წვეულებაზე გელიან. შენ კი წასვლა არ გსურს. იმასაც აცნობიერებ, რომ შენი იქ მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია წვეულების მასპინძლისთვის. თუ გადაწყვეტილებას ურთიერთობის ჰარმონიულობის სასარგებლოდ მიიღებ, ეს მნიშვნელოვანი და აზრიანი ნაბიჯი იქნება მაშინაც კი, თუ ეს დიდ სიამოვნებას არ მოგანიჭებს. აქ სტრატეგია შემდეგში მდგომარეობს: როცა გაცნობიერებულად მიდიხარ ისეთ ნაბიჯზე, რომლის სურვილი არ გაქვს, ეს არ გამოიწვევს შენში ფსიქოემოციურ დისკომფორტს, რადგან შენ მხოლოდ შენი სურვილები არ ხარ, არამედ შენ ნებელობის მქონე პიროვნება ხარ, რომელიც გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებს ქცევის სხვადასხვა ალტერნატივებს შორის და ეს არჩევანი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მოთხოვნილებას. მეორეს მხრივ, შენ შეგიძლია შინ დარჩე და არ წახვიდე წვეულებაზე, ამით პატივი სცე შენს მოთხოვნილებას, განმარტოვდე. იმის ცოდნა, რომ საკუთარი ღირებულებების შესაბამისად მოქმედებ, დაგეხმარება სხვების მხრიდან ნებისმიერი რეაქციის „გადატანაში“. ასე მოიქცევი, თუ ისე მოიქცევი, ორივე შენი თავისუფალი არჩევანია, ამაშია ოქროს წესი: გაცნობიერებულად მოიქეცი.

პრინციპი 3. ინტერესი და გაგება სხვათა ღირებულებებისადმი. კულტურული საზღვრების კონფლიქტები შეიძლება ღრმად პირადული იყოს. ასეთი კონფლიქტი განსაკუთრებით დრამატულია, როცა ის იდენტობას უკავშირდება. უთანხმოება ნაკლებად რეაქტიული გახდება და კონფლიქტიც კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევა, თუკი მეორე მხარის ღირებულებებისადმი ინტერესს გამოიჩენ, უბრალოდ გაგებით მოეკიდები სხვა ადამიანის ღირებულებებს. ვთქვათ, იმედგაცრუებული ხარ კოლეგით, რომელიც ირიბ კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას მაშინ, როცა შენ პირდაპირობას აფასებ. იმის ნაცვლად, რომ ამ ნიადაგზე კონფლიქტი გააჩაღო, დაინტერესდი იმ მიზეზებით, რაც განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანი ასეთ კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას და თავს არიდებს პირდაპირობას. მიუდექი ამას ანალიზით, ყოველგვარი ბრალდების გარეშე. ასეთი მიდგომა შენს კომუნიკაციას თანამშრომლობით ტონს შესძენს, რას ურთიერთობას დაეხმარება.

პრინციპი 4. პრიორიტეტების გადაფასება. პრიორიტეტები ხისტი არ არის, ის გადახედვას ექვემდებარება. მიეცი თავს უფლება გადააფასო ისინი და შეიტანო ადექვატური ცვლილებები. ჩვენს პიროვნულ პრიორიტეტებს ცხოვრებისეული გამოცდილების კვალდაკვალ და გამოწვევების საპასუხოდ შეუძლიათ შეიცვალონ. მაგალითად, შესაძლოა, წარსულში ჰარმონიას ავტონომიაზე მაღლა აყენებდი, მაგრამ ახლა, როცა პირადი ურთიერთობა გაქვს, მეტი პრიორიტეტს მეტ ავტონომიურობას ანიჭებ. ახალი პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებამ მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება შენთან ურთიერთობაში მყოფთა იმედგაცრუება, შენი ბრალდება და თვითბრალდება გამოიწვიოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დაგეხმარება პიროვნული საზღვრების დაწესებით გამოწვეული კომფორტის მოპოვებაში.

წყარო:

https://www.psychologytoday.com/us/blog/conquering-codependency/202510/set-boundaries-that-transform-enmeshed-relationships

https://www.mayoclinichealthsystem.org/hometown-health/speaking-of-health/setting-boundaries-for-well-being

https://www.psychologytoday.com/us/blog/multicultural-mindset/202510/why-healthy-boundaries-look-different-across-cultures

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top