რატომ ვეხმარებით სხვას: ალტრუიზმის სამი თეორია

ალტრუიზმი ეწოდება ადამიანის ქცევას, უანგაროდ დაეხმაროს სხვას. ალტრუიზმი ქცევების ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებულს ქველმოქმედებისთვის ფულის გაღებით და დამთავრებულს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვით. ერთი შეხედვითაც კი, ალტრუისტული იმპულსები და ქცევები სოციალური დუღაბის როლს ასრულებს, რაც სოციუმის წევრთა ურთიერთთანამშრობლობისა და საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ალტრუისტული ქცევის ბუნების გაგების მიზნით სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის იმ პირობებს, რომელშიც ადამიანები ალტრუისტულ ქცევას ახორცილებენ. არსებობს არაერთი თეორია, რომელიც ალტრუიზმის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის ახსნას ცდილობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულ სამ თეორიას გაგაცნობთ:

  1. სოციალური გაცვლის თეორია.

ეს თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანების ურთიერთქმედება დამყარებულია სოციალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით არა მხოლოდ მატერიალურ ფასეულობას თუ ფულს, არამედ სოციალურ საქონელს – სიყვარულს, სტატუსს, ინფორმაციას და დახმარებას. ამ გაცვლის პროცესში ჩვენ ვიყენებთ ე.წ. მინიმაქსის სტრატეგიას, რაც გულისხმობს გასავლის მინიმალიზებას და შემოსავლის მაქსიმალიზებას. ამდენად, სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით, ადამიანებს შორის ურთიერთობა წარმოადგენს ერთგვარ გაირგებას, რომლის მიზანია საკუთარი მოგების გაზრდა, ხოლო წაგების შემცირება. ჯილდო, რომელიც სხვათა დახმარებას მოტივირებს, შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი. მაგალითად, როცა კომპანია საკუთარი კორპორატიული იმიჯის გასაუმჯობესებლად სპონსორობას სწევს, ეს გარეგანი ჯილდოს მაგალითია. ჩვენ გავცემთ, რათა მივიღოთ, თუმცა სხვათა დახმარების წილ მიღებული სარგებელი შეიძლება შინაგან ჯილდოს წარმოადგენდეს. მაგალითად, დენის კრებსმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების კვლევით აჩვენა, რომ ის სტუდენტები, რომელთა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პარამეტრები მათ მაღალ დისტრესზე მიუთითებდა, უფრო მიდრეკილები აღმოჩნდენ სხვათა დახმარებისკენ. მეორე ფაქტორი, რომელიც ალტრუისტული ქცევისკენ გვიბიძგებს არის საკუთარი ღირსების განცდა. ამის მაგალითია ადამიანი, რომელმაც მეტროს ბაქანიდან ჩავარდნილი ბავშვი გადაარჩინა. ინტერვიუში ის ამბობს: „თუკი მე არ ვეცდებოდი მის გადარჩენას და ისევე გავშეშდებოდი, როგორც სხვები, მაშინ მე სულიერად მოვკვდებოდი, მე ვეღარ შევძლებდი საკუთარი თავის პატივისცემას.“ გამოკვლევა აჩვენებს, რომ სისხლის თითქმის ყველა დონორი ადასტურებს, რომ სისხლის ჩაბარება მათ მორალურად უკეთ აგრძნობინებს თავს და საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობას ანიჭებს.

სოციალური გაცვლის თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა. ცნობილია, რომ საქველმოქმედო აქციაზე უფრო სოლიდური შემოწირულობები შემოდის, როცა შემომწირველებს სამაგიეროდ რამეს ჩუქნიან (ტკბილეულს, სუვენირს და სხვა). ხშირად ეს საჩუქრები სართოდ უსაჭიროა და არასოდეს იყიდიდი მას, თუმცა ისინი კარგად მუშაობენ სოციალური გაცვლის თვალსაზრისით.

სხვათა დახმარების წილ საკუთარი მოგების მიღების თეორია ერთი შეხედვით შეურაცხმყოფელია, თუმცა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები: განა სხვათა დახმარებით მიღებული კმაყოფილება ადამიანური არ არის? ზუსტად მისი წყალობით არ ხდება ის, რომ ჩვენი ქცევების უმრავლესობა ანტისოციალური კი არ არის, პროსოციალურია? ამის წყალობით არ ხდება ის, რომ სიამოვნებას და კმაყოფილებას ვგრძნობთ მაშინ, როცა სიკეთეს ვუკეთებთ ადამიანს? უარესი არ იქნებოდა, თუკი კმაყოფილებას მივიღებდით მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის განხორციელებული ქცევებიდან?

დენიელ ბეიტსონი განიხილავს რა სოციალური გაცვლის თეორიას, ამტკიცებს, რომ ჩვენს მისწრაფებაზე გავუწიოთ დახმარება სხვას, მოქმედებს, როგორც ეგოცენტრული, ისე სრულიად უანგარო განწყობები. ისიც ხდება, რომ რაღაცით გულნატკენებმა, ვცდილობთ რა საკუთარი ტანჯვის შემსუბუქებას, შეიძლება მივმართოთ სხვათა დახმარებას, თუმცა ისიც ხდება, რომ ჩვენი დახმარება იქედან საზრდოობს, რომ ვგრძნობთ ადამიანის მიმართ მიჯაჭვულობას და განვიცდით ემპათიას (თანაგრძნობას). მოყვარული მშობელი იტანჯება, როცა საკუთარი შვილი იტანჯება და ბედნიერია, როცა შვილი ბედნიერია. გარდა მიჯაჭვულობისა, ემპათიის განცდას განაპირობებს პიროვნული სიმპათია. მაგალითად, მილიონობით ადამიანს მოგვარა ცრემლი პრინცესა დიანას ტრაგიკულმა დაღუპვამ, მაშინ როცა იგივე ცრემლი არ დაიღვარა ლტოლვილთა ბანაკში დაღუპული უამრავი ადამიანის მიმართ.

ბეიტსონის აზრით, როცა ემპათიას ვგრძნობთ, ყურადღებას მივმართავთ არა იმდენად საკუთარ დისტრესზე, რამდენადაც მეორე ადამიანის ტანჯვაზე. ეს გვიბიძგებს დავეხმაროთ მეორე ადამიანს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი ემპათია ბუნებრივად ჩნდება. როგორც ცნობილია ერთი დღის ახალშობილიც კი უმატებს ტირილს მაშინ, როცა სხვა ახალშობილის ტირილი ესმის. როგორც ჩანს, ჩვენ თანდაყოლილი ემპათიის უნარით ვიბადებით. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბეიტსონი ავალებდა ცდისპირ სტუდენტებს, რომ დაკვირვებოდნენ  ცდის ობიექტ ადამიანზე დენით ზემოქმედებას (სინამდვილეში დენის დარტყმა არ ხდებოდა). ექსპერიმენტის პაუზის დროს ადამიანმა, რომელზეც „დენით ზემოქმედებდნენ“ განაცხადა, რომ ბავშვობაში მას მართლად დაარტყა დენმა და ამიტომ ეს საკითხი მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მტკივნეულია. მაშინ ესქპერიმენტატორმა ცდისპირებს შესთავაზა ჩანაცვლებოდნენ ექსპერიმენტის ობიექტს. აღმოჩნდა, რომ ცდისპირთა ემპათიამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ თითოეული მათგანი მზად იყო ჩანაცვლებოდა. შეიძლება ეს ჭეშმარიტ ალტრუიზმად მივიჩნიოთ? – მარკ შალერი და რობერტ ჩალდინი სკეპტიკურად უყურებენ ამ დებულებას. ისინი თვლიან, რომ დაზარალლებული ადამიანისადმი ემპათიის განცდა უბრალოდ აუარესებს გუნება-განწყობილებას. საკუთარ ექსპერიმენტში ისინი იყინებდნენ ცდისპირების გადართვას მხიარულ გუნება-განწყობილებაზე (მაგალითად, კომედიური ფილმის დახმარებით) და აღმოჩნდა, რომ ასეთ ვითარებაში ადამიანები, რომლებიც ემპათიას განიცდიდნენ არ ავლენდნენ განსაკუთრებულ მზაობას დახმარებისათვის. მკვლევარებმა დაასკვნეს: როცა ჩვენ ემპათიას განვიცდით, მაგრამ ვიცით, რომ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი გუნება-განწყობილება, ჩვენი მხრიდან დახმარების გაწევის ქცევა იკლებს. იმის გათვალისწინებით, რომ თვითიდენტიფიკაცია შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მკვლევარებმა გამოავლინეს შემდეგი: ჩვენ ვურთიერთობთ ჯგუფის წევრებთან განსაკუთრებით კარგად მაშინ, როცა იმდენად ახლოს კავშირში ვართ მათთან, რომ „საკუთარ თავს ვხედავ მასში“.

სხვა მონაცემები აჩვენებენ, რომ ჭეშმარიტი ალტრუიზმი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ შემდეგ სიტუაციებში:

  • ემპათია დახმარების გაწევას განაპირობებს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ სხვა ადამიანი მისთვის აუცილებელ დახმარებას ღებულობს;
  • ადამიანები, რომლებშიც აღიძრა ემპათია, დახმარებას გასწევენ მაშინაც კი, როცა დარწმუნებულები არიან, რომ მათი დახმარება აღიარების გარეშე დარჩება.
  • როცა დახმარებამ შედეგი არ გამოიღო და დახმარების ობიექტის ტანჯვა გრძელდება, ემპათიის მქონე ადამიანის გუნება-განწყობილება ქვეითდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტი არაფრის გაკეთება შეიძლებოდა.
  • ადამიანები, რომლებიც ძლიერ ემპათიას განიცდიან, შეიძლება უგულვებელყოფდნენ საკუთარ პრინციპებს, წარმოდგენას პატიოსნებაზე, სამართლიანობაზე, ოღონდ კი გაუწიონ დახმარება.

კვლევები აჩვენებს, რომ დახმარების გაწევის ზოგიერთი ქცევები ეგოცენტრულია (ჯილდოს მიღების ან სასჯელის არიდების მიზნით) ან თითქმის ეგოცენტრულია (საკუთარი დისტრესის შემსუბუქება), თუმცა ზოგიერთი ადამიანი მიმართავს უანგარო ალტრუიზმს, ზრუნავს სხვის კეთილდღეობაზე და არა – საკუთარზე.

ვიეტნამის ომის ვეტერანის ნაამბობიდან: ერთ-ერთი ჭურვი შემთხვევით ბავშვთა სახლს დაეცა. დაიღუპნენ აღმზრელები, ერთი პატარა გოგონა მძიმედ დაიჭრა. გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა. ექიმმა დამტვრეული ვიეტნამური ენით ბავშვებს მიმართა, რომ მოხალისე დონორია საჭირო, რომელიც სისხლს გაიღებს გოგონასთვის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთი მოცახცახე ხელი აიწია – ეს იყო პატარა ბიჭი ჰენგი. როცა მას ვენაში უჩხვლიტეს, ატირდა და ხელები თვალებზე აიფარა. ექიმმა კითხა: „გტკივა ჰენგ?“ ბავშვმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და შეეცადა ცრემლები დაემალა. ამასობაში მოვიდა ვიეტნამელი მედდა. ის გაესაუბრა ბიჭს და მიმართა ექიმს: „ბიჭმა არასწორად გაიგო თქვენი ნათქვამი, მას ეგონა, რომ მთელი მისი სისხლი იყო საჭირო და იფიქრა, რომ ამის შემდეგ ის მოკვდებოდა“. „მაშინ რატომ დათანხმდა სისხლის მოცემაზე?“ – იკითხა გაოცებულმა ექიმმა. მედდამ ეს შეკითხვა პატარა ბიჭს უთარგმნა. ბიჭმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია“.

  • სოციალური ნორმების თეორია.

ეს თეორია ამბობს, რომ დახმარებას ვუწევთ არა იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის მომგებიანია, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მეზობელს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ პატრონს ნაპოვნი ნივთი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბრძოლის ველზე დაჭრილ მეგობარს. ამ ყველაფერს სოციალური ნორმები განაპირობებს. ნორმები ეს არის საზოგადოებრივი მოლოდინები. ისინი განგვისაზღვრავენ ჩვენ გარკვეულ ქცევებს, გარკვეულ ცხოვრებისეულ ვალდებულებებს. განარჩევენ ორ სოციალურ ნორმას, რომელიც ალტრუიზმს განაპირობებს:

ა) ურთიერთპატივისცემის ნორმა

ურთიერთპატივისცემის ნორმა საყოველთაო მორალური კოდია. ჩვენ არ უნდა ვავნოთ ერთმანეთს, არამედ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს ნორმა უნივერსალურია. ჩვენ ვდებთ ინვესტიციას სხვებში და ველოდებით იგივეს მათგან. ზოგჯერ ადამიანი მეტს დებს და ნაკლებს იღებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში იმედოვნებს გაცემა-მიღების ბალანსის აღდგენას. ეს ნორმა თანასწორობას გულისხმობს. ასეთი დახმარების გაღების აუცილებლობას განსაკუთრებით ის ადამიანები გრძნობენ, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი სხვაზე და არ აქვთ განცდა, რომ სხვაზე დაბლა დგანან სტატუსით. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი ღირსების დაბალი განცდით ცხოვრობენ, ამ ადამიანებს არ უყვართ დახმარების თხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღირსების განცდასთან კონფლიქტში ექცევიან. იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას ღებულობენ და სხვადასხვა გარემოებათა გამო დახამარებითვე ვერ პასუხობენ, უქვეითდებათ თვითშეფასება.

ბ) სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა

სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა წარმოადგენს რწმენას იმისა, რომ ადამიანი უნდა დაეხმაროს საჭიროების მქონე ადამიანს იმის მიუხედავად, ეს სარგებელს მოუტანს თუ არა მას მომავალში. სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა უფრო ღრმად არის ფესვგადგმული კოლექტივისტურ კულტურებში, ვიდრე ინდივიდუალისტურ კულტურებში. კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ნორმის წყალობით ადამიანები მაშინაც კი უწევენ დახმარებას სხვას, მათ შორის – სრულიად უცნობ ადამიანს, როცა ეს დახმარება ანონიმურია ან როცა არანაირ საპასუხო ჯილდოს არ გამოიწვევს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როცა ჩვენ დახმარების საჭიროებას გადაულახავ გარემოებებს მივაწერთ, მაშინ ვეხმარებით, ხოლო როცა ვთვლით, რომ დახმარების საჭიროება თვითონ ადამიანის არაგონივრულმა ქცევამ განაპირობა, მაშინ ვთვლით, რომ თვითონაა დამნაშავე. წარმოიდგინე საკუთარი თავი ექსპერიმენტის მონაწილედ, რომელიც ვისკონსინის უნივერსიტეტში ჩატარდა. გირეკავთ ვიღაც ადამიანი და გეუბნებათ, რომ თქვენს კურსზე სწავლობდა. სხვა გზა არ აქვს, ამიტომ გთხოვთ დახმარებას. დახმარება გამოცდისთვის მომზადებაში სჭირდება, რადგან კურსის მსვლელობისას ვერ მოახერხა სათანადოდ ჩაეწერა ლექციები: „ვიცი, რომ უკეთესად უნდა მოვკიდებოდი ამ ჩანაწერების გაკეთებას, მაგრამ ზოგჯერ დაუდევრობა დამრევს ხელს და ხელში შემრჩა უვარგისი კონსპექტი.“ გაგიჩნდებოდა ემპათია მის მიმართ? დაეხმარებოდი საკუთარი კონსპექტით? თუ შენ ისევე ფიქრობ, როგორც ამ ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობა, მაშინ არ გაგიჩნდება დახმარების სურვილი. მაგრამ თუკი მიზეზად გეტყოდა, რომ ლექციების ჩანაწერის გაკეთება ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, უფრო მეტი ემპათია გაგიჩნდებოდა. მაშასადამე, როცა ადამიანს ჩვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ არ ვადანაშაულებთ მას იმაში, რომ დასახმარებლად თვითონ გაიხადა საქმე, ვხელმძღვანელობთ სოციალური პასუხისმგებლობის ნორმით და ვეხმარებით მას.

  • ევოლუციური თეორია

ალტრუიზმის მესამე ახსნა ევოლუციურ ფსიქოლოგიას ეყრდნობა. ევოლუციის თეორიის მიხედვით, ევოლუციის გზაზე გადარჩენილი პატერნები, მათ შორის – ქცევითი, სახეობის გადარჩენას ემსახურება. ჩვენ დაპროგრამებული ვართ იმისკენ, რომ გავუწიოთ დახმარება ჩვენივე სახეობის წარმომადგენლებს. ჩვენ გვაქვს ბიოლოგიურად განპირობებული ურთიერთდახმარება: ვეხმარებით, რითაც საპასუხო დახმარებას მოველით. ასეთი დახმარების ქცევითი პატერნებს ჩვენ სხვადასხვა სახეობებში ვხვდებით, განსაკუთრებით სოციალური ცხოვრების მქონე სახეობებში. აი, ერთი მაგალითი, თუკი ღამურა-ვამპირი ერთი ან ორი დღე უსაკვებოდ დარჩა (საკვების გარეშე 60 საათში მოკვდება), მაშინ ის მიაკითხავს მეორე გამაძღარ ღამურას, რომელიც მას უწილადებს უკვე გადაყლაპული საკვების ნაწილს. დონორი ღამურა ამას აკეთებს აბსოლუტურად უანგაროდ და მეტიც, საკუთარ ორგანიზმს საკვებს აკლებს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ დახმარებას ერთმანეთს უწევენ მხოლოდ ნათესავი ღამურები, რომლებიც ხან ღებულობენ და ხან თვითონ გასცემენ ასეთ დახმარებას. ევოლუციური ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ ალტრუიზმი, როგორც ინდივიდისთვის სარგებლობის არმომტანი ქცევითი პატერნი თანდათან გაიცხრილება ევოლუციის გზაზე.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top