კონცეფცია დაბადების რიგითობის შესახებ პიროვნების ინდივიდუალური თეორიის ავტორს – ალფრედ ადლერს ეკუთვნის. ადლერის მტკიცებით, დაბადების რიგითობა ჩვენი შემდგომი ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი ფაქტორია. მაშინაც კი როცა ბავშვებს ერთი და იგივე მშობლები ყავთ და ერთი და იმავე ოჯახში იზრდებიან, მათ მაინც არ აქვთ იდენტური სოციალური გარემო. უფროს და უმცროს შვილებს ურთიერთობების განსხვავებული გამოცდილება აქვთ, როგორც და-ძმებთან, ისე – მშობლებთან. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, მშობელთა ემოციური მიმართებები, განწყობები და ქცევები იცვლება ოჯახში ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადების შემდეგ, რაც განსხვავებულად მოქმედებს სხვადასხვა დროს დაბადებული მათი შვილების ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაზე.
ადლერის მიხედვით ოჯახში ბავშვის დაბადების რიგითობას ანუ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი პიროვნული განვითარებისთვის. კერძოდ, ის თუ რა სიტუაციაში, რა ურთიერთობებში ხვდება ბავშვი და როგორ აღიქვამს და განიცდის ის ყოველივე ამას, დიდ გავლენას ახდენს მისი ცხოვრების სტილის ფორმირებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს აღქმები სუბიექტურია. ამდენად, ნებისმიერ პოზიციაზე მყოფმა ბავშვმა შეიძლება ნებისმიერი ცხოვრების სტილი განივითაროს, თუმცა ადლერი ამტკიცებს, რომ დაბადების რიგითობა მაინც განაპირობებს თვალსაჩინო ფსიქოლოგიურ თავისებურებებს.
პირმშო (უფროსი შვილი). პირმშოს პოზიცია შესაშურია იქამდე, ვიდრე ის ოჯახში ერთადერთი შვილია. პირველი შვილის დაბადება მშობლებისთვის განსაკუთრებულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული, ისინი მთლიანად მოცულნი ხდებიან ბავშვით და ცდილობენ, რომ ყველაფერი „სწორად“ გააკეთონ. პირმშო უდიდესი სიყვარულის და ზრუნვის ობიექტი ხდება, ის ბედნიერია ამით. ეს იდილია მომდევნო შვილის დაბადებამდე გრძელდება. კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა პირმშოს ფუფუნების დასასრულის დასაწყისია. ეს დრამატულად ცვლის მის მდგომარეობას, მის განცდებს და აღქმებს. ადლერი ამ მოვლენას მონარქის ტახტიდან ჩამოგდებას ადარებს და თვლის, რომ ეს გამოცდილება შეიძლება ძლიერ მატრავმირებელიც იყოს. რა თქმა უნდა, პირმშო სხვადასხვა გზით ცდილობს დაიბრუნოს ის განსაკუთრებული უფლება, რომლითაც ის სარგებლობდა, თუმცა მისი ყველა მცდელობა უშედეგოა. ის აცნობიერებს, რომ მშობლების ყურადღებას ვერასგზით ეუფლება, ისინი ან გულგრილნი რჩებიან მისი მოთხოვნებისადმი ან უარესი – სჯიან მას ამისთვის. შედეგად პირმშო დაისწავლის თვითიზოლაციას, ითვისებს მარტო გადარჩენის სტრატეგიას ისე, რომ არ საჭიროებდეს ვინმესთან მიჯაჭვულობას და სხვათა მხრიდან გამართლებას. ადლერი ამტიკებს, რომ პირმშოებს კარგი ლიდერული უნარები აქვთ, უყვართ ძალაუფლება. გარდა ამისა ისინი მეტად კონსერვატორულები არიან, ყველაზე ხშირად გვევლინებიან ოჯახური ტრადიციებისა და მორალური სტანდარტების დამცველებად.
დედისერთა. დედისერთას პოზიცია ოჯახში უნიკალურია, რამდენადაც მას არ ჰყავს და-ძმა და შესაბამისად, არ აქვს მათთან კონკურენციის გამოცდილება. ყალიბდება პიროვნება, რომელიც ისეთივე მზრუნველობას ითხოვს გარშემომყოფთაგან, როგორ მზრუნველობასაც მშობლებისგან იღებდა. მისი ცხოვრების სტილის მთავარი თავისებურება დამოკიდებულება და ეგოცენტრიზმია. რამდენადაც დედისერთა ოჯახში არავისთან მეტოქეობს, არავისთან იყოფს ყურადღებას, მზრუნველობას და აღიარებას, ამ გამოცდილების გამო, მას შემდგომ ცხოვრებაში ხშირად ექმნება სირთულეები ურთიერთობებში თანატოლებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან.
შუათანა (მეორე შვილი). შუათანა შვილისთვის მამოტივირებელ როლს უფროსი და ან ძმა თამაშობს: მას ბაძავს, ეჯიბრება, ცდილობს აჯობოს და მოხსნას უფროსის რეკორდები. ამის წყალობით მისი განვითარების ტემპი ჩქარდება; შუათანა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე მისი უფროსი და ან ძმა განვითარდა. მაგალითად, შუათანამ შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს სიარულიც და ლაპარაკიც. ადლერი წერს: „შუათანა იქცევა ისე, თითქოს მარათონში მონაწილეობდეს.“ შუათანა იძენს შეჯიბრობითობის კარგ უნარებს; მისი ცხოვრების სტილი მდგომარეობს იმის გამუდმებულ მტკიცებაში, რომ ის საუკეთესოა; მისთვის დამახასიათებელია მიღწევებზე ორიენტირება; საკუთარი უპირატესობის უზრუნველსაყოფად იყენებს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ხერხებს; შეიძლება ძალიან მაღალი მიზნებიც დაისახოს, რაც ცხადია, მეტი მარცხის რისკსაც შეიცავს. ადლერი თვითონ იყო მეორე შვილი ოჯახში.
ნაბოლარა. ნაბოლარას მდგომარეობა მრავალმხრივ საინტერესოა. პირველი არის ის, რომ ნაბოლარა არასდროს მდგარა “ტახტიდან ჩამოგდების” საფრთხის წინაშე და ამიტომ მისთვის უცხოა ამასთან დაკავშირებული სტრესი. როგორც ყველაზე პატარა, ის გარემოცულია მზრუნველობით არა მხოლოდ მშობლების, არამედ უფრო და-ძმის მხრიდან. მეორეა ის, რომ თუკი ოჯახი ხელმოკლეა, მაშინ ნაბოლარას საკუთარი თითქმის არასდროს არაფერი გააჩნია, ყველაფერი უფროსი და-ძმების გამონაცვალი აქვს. მესამეა ის, რომ უფროსი და-ძმები მბრძანებლობენ მასზე, ამ მხრივ მათ მეტი ძალაუფლება აქვთ და ამდენად, ნაბოლარა შეიძლება არასრულფასოვნების განცდამ მოიცვას, მით უფრო – დამოუკიდებლობის შეზღუდვის ფონზე, რომელიც ასევე პრობლემურია ნაბოლარებში. ამის მიუხედავად ნაბოლარას უპირატესობა არის ის, რომ მას ძლიერი მოტივაცია უჩნდება, აჯობოს უფროს და-ძმას. სწორედ ამ მოტივაციის წყალობით ის ხშირად საუკეთესოა ბევრი მიმართულებით – მუსიკაში, სპორტში, სწავლაში. ადლერი ხშირად უწოდებდა მას „მებრძოლ ნაბოლარას“, რომელიც შეიძლება რევოლუციონერიც კი გახდეს.
დაბადების რიგითობაზე დაფუძნებული ადლერის ეს ტიპოლოგია ხისტად როდი ამტკიცებს, რომ კონკრეტული რიგითობა კონკრეტულ ფსიქოტიპს აყალიბებს, არა! ის ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ოჯახში დაბადების რიგითობა ბავშვს განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებს, განსხვავებულ პრობლემებთან შებმას აიძულებს. ეს კი მათი გადაჭრის გზების ძიების აუცილებლობას განაპირობებს. ადლერის მთავარი ინტერესი ამ ტიპიური პრობლემების კვლევა და იმ გზების გამოვლენაა, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ბავშვები მათ დასაძლევად ნახულობენ. სწორედ ეს დაძლევის გზები ხდება შემდგომი ცხოვრების სტილის მთავარი ორიენტირი.
https://www.betterhelp.com/advice/family/birth-order-theory-insights-into-your-personality
https://www.medicalnewstoday.com/articles/birth-order-theory#overview
