კვლევები აჩვენებს, რომ თანამედროვე ადამიანს სულ უფრო და უფრო ნაკლები სექსი აქვს. სქესობრივი კავშირის სიხშირე იკლებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, იკლებს იმ ადამიანებთანაც, რომელთაც სტაბილური პარტნიორი ყავთ. ახალი ამბავი არ არის, რომ ერთმანეთზე მეტად ტექნოლოგიებთან ვურთიერთობთ, თავისუფალი დროის ნაკლებობა გვაქვს, თანამედროვე ცხოვრების რიტმი დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან. ეს ყველაფერი კი ჩვენი სიამოვნების ხარჯზე ხდება.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სქესობრივი ცხოვრების ყველაზე დიდი მტერი სტრესია. სტრესს უწოდებენ “ლიბიდოს მკვლელს”. სტრესი არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს, ზემოქმედებას ახდენს სიამოვნების განცდაზე პასუხისმგებელ თავის ტვინის ცენტრებზე და ზოგჯერ სრულიად შეუძლებელს ხდის კონტაქტის დამყარებას საკუთარ სექსუალობასთან. სტრესი დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სქესობრივ დაუკმაყოფილებლობას განიცდის, თუკი საერთოდ აქვს სექსი.
სტრესი ცხოვრების ნორმალური შემადგენელი ნაწილია, მაგრამ როცა ის ხდება ქრონიკული, უდიდეს გავლენას ახდენს კეთილდღეობაზე, მათ შორის – სქესობრივ ჯანმრთელობაზე. სტრესმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს სქესობრივ ინტერესს, ლტოლვას, აგზნებას, ორგაზმს და შეიძლება სქესობრივი დისფუნქციაც განაპირობოს.
როცა რამე საფრთხის პირისპირ ვდგებით, მაგალითად, გარეულ მხეცს გადავეყარეთ, ჩვენს ორგანიზმში აქტიურდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემა, რომელიც აწარმოებს სტრესის ჰორმონებს – კორტიზოლს და ადრენალინს. გარეულ მხეცთან შეხვედრის ვითარებაში მწვავე სტრესის განვითარება და სტრესის ჰორმონების გამოთავისუფლება აუცილებელია, რადგან ეს გვეხმარება თავის გადარჩენაში. როცა სტრესი ქრონიკულია, მაშინ სულ სხვაგვარადაა საქმე. როცა სტრესი მუდმივია, მაშინ კორტიზოლის დონე მუდმივად აწეულია და სწორედ ეს განაპირობებს ქრონიკული სტრესით განპირობებულ ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის – სქესობრივი ჯანმრთელობის.
ქრონიკული სტრესი განიმარტება, როგორც: ა) მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა, რომელიც განაპირობებს სტრესიულ მდგომარეობას ხანგრძლივი დროით, როგორიცაა მაგალითად, ოჯახის წევრის გარდაცვალება ან ბ) პატარ-პატარა სტრესების დაგროვება, რომელთაც გამუდმებული ხასიათი აქვთ, როგორებიცაა მაგალითად, ფინანსური პრობლემები, დედლაინები, ქუჩის საცობები და სხვა. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ამ პატარა სტრესებს, რომელთაც ყოველდღიურ უსიამოვნებებს ვუწოდებთ, გაცილებით უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე, ვიდრე უფრო სერიოზულ, მაგრამ იშვიათ სტრესებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარე ჩვენი სქესობრივი ფუნქციაა.
კორტიზოლის მაღალი დონე იწვევს ცვლილებებს სასქესო ჰორმონების – ტესტოსტერონის, ესტროგენისა და პროგესტერონის წარმოებასა და მოქმედებაში. მამაკაცებში კორტიზოლი კონკურენციას უწევს ტესტოსტერონს – იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას, ერექციულ დისფუნქციას და სპერმის წარმოქმნის შემცირებას. ქალებში კორტიზოლის მომატება განაპირობებს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, სქესობრივი აგზნების შეფერხებას, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას, ვაგინალურ სიმშრალეს და სქესობრივი კონტაქტის გაძნელებას.
ქრონიკულ სტრესს და შესაბამისად სტრესის ჰორმონების გამუდმებით მაღალ დონეზე ქონას, შეცდომაში შეყავს ორგანიზმი, ის რეაგირებს ისე, როგორც საფრთხის პირობებში და როცა თქვენი ორგანიზმი „ფიქრობს“, რომ თქვენ საფრთხეში ხართ, უკანა პლანზე წევს რეპროდუქციულ-სქესობრივ ფუნქციას. თავის ტვინს სიყვარულის და ვნების განცდისათვის საფუძვლად სჭირდება უსაფრთხოების განცდა და არა მუდმივი სტრესი.
სექსი მხოლოდ ჰორმონებს არ ეფუძნება, ის ძირეულად დამოკიდებულია ტვინის ფუნქციაზე. ამ მხრივ თავის ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი ლიმბური სისტემაა, განსაკუთრებით კი – ამიგდალა, რომელიც შიშთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნერვულ სიგნალებს ამუშავებს. ასევე მნიშვნელოვანი უბანია მიმდებარე ბირთვი, რომელიც სიამოვნების და დაჯილდოების განცდებთან დაკავშირებულ ნერვულ სიგნალებს ამუშავებს. ქრონიკული სტრესის პირობებში ამიგდალას აქტივობა იზრდება, რაც თავის ტვინს მომეტებულად ფხიზელს და რეაქტიულს ხდის. ეს კი იმის საპირისპირო პირობაა, რაც სქესობრივი აგზნებისთვის არის საჭირო. სიამოვნების განცდა საჭიროებს სიამოვნების ვითარებაში ყოფნას; თუ თქვენი თავის ტვინი მოცული იქნება სტრესით გამოწვეული რეაქციებით, მაშინ თქვენი სხეული არ აიგზნება სიამოვნების მისაღებად.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა თუ როგორ ზემოქმედებენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის ჰორმონები ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-გონადურ სისტემაზე. ეს უკანასკნელი ჩართულია რეპროდუქციულ და სქესობრივ რეაქციებში. სტრესის ჰორმონები, რომლებიც ადრენალური (თირკმელზედა) ჯირკვლის მიერ გამომუშავდება თრგუნავენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-გონადურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია სასქესო ჰორმონების წარმოებაზე. სასქესო ჰორმონების შემცირებული წარმოება კი სქესობრივი ლტოლვის და აგზნების დაქვეითებას განაპირობებს.
ცნობილია, რომ ქრონიკული სტრესი იწვევს რეპროდუქციულ პრობლემებს, როგორც ქალებში, ისე – მდედრ ცხოველებში. კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა ჯგუფი, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი სტრესი და შესაბამისად – კორტიზოლის მაღალი დონე, უჩიოდა დაქვეითებულ გენიტალურ აგზნებას და ზოგადად, სქესობრივი ინტერესის დაქვეითებას.
კვლევები აგრეთვე აჩვენებს, რომ წყვილების სქესობრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს შვილის დაბადებასთან დაკავშირებულმა სტრესმა. გამოიკვლიეს 255 წყვილი, რომელთაც ახლახან შეეძინათ შვილი. დადგინდა, რომ რაც უფრო დაბალია პარტნიორის სტრესი, მით უფრო მაღალია მეორე პარტნიორის სქესობრივი კმაყოფილება. ქალებში პარტნიორზე ფოკუსირებულ სქესობრივ ლტოლვაზე გავლენას ახდენდა საკუთარი სტრესი, ხოლო მამაკაცებში კი – პარტნიორის სტრესი. ამდენად, ახლადშეძენილი ბავშვის მშობლებში სტრესის მართვა მნიშვნელოვანი ამოცანაა დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ცხოვრების შესანარჩუნებლად.
ქრონიკული სტრესი იწვევს მეზოლიმბური დოფამინური სისტემის ფუნქციონირების ცვლილებას. ეს სისტემა სისტემა განთავსებულია ვენტრალურ ტეგმენტურ უბანსა და მიმდებარე ბირთვში და პასუხისმგებელია მოტივაციის, ჯილდოს, ტკბობის განცდაზე. როცა ამ სისტემის რეგულაციის მოშლა ხდება, ჩვენ ვკარგავთ ინტერესს არა მარტო სექსის, არამედ ყველაფრის მიმართ. ამიტომაცაა, რომ გუნება-განწყობილების დაქვეითება და სქესობრივი დისფუნქცია ხშირად ერთდროულად გვხვდება.
სტრესი ქმნის მოჯადოებულ წრეს: თავის მხრივ სექსის უუნარობა ან სექსით ტკბობის უუნარობა თვითონაც სტრესია. ადამიანები იმედგაცრუებულნი და დარცხვენილნიც კი არიან იმით, რომ სექსი სიხარულის ნაცვლად მათთვის შფოთვის წყაროა. სწორედ სირცხვილია სტრესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩამრთველი. იკვრება მოჯადოებული წრე: სტრესი იწვევს სქესობრივ დისფუნქციას, რომელიც თვითონაციწვევს სტრესს და სირცხვილს, რაც კიდევ უფრო აუარესებს სქესობრივ ფუნქციას.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას არცთუ უსაფუძვლოდ უწოდებენ „ყოველდღიურ ტრავმას“. პატარ-პატარა ქრონიკული სტრესები, რომლებიც გამუდმებით გვიტევენ, გამუდმებით აღგზნებენ ჩვენს თავის ტვინს და ანადგურებენ ჩვენში სიამოვნების და ტკბობის განცდის უნარს, გვძაბავენ და ემოციურად გვფიტავენ. სექსი და განსაკუთრებით პარტნიორული სექსი საჭიროებს ნდობისა და დაცულობის განცდას, რაც მისაღწევად შეუძლებელი ხდება, როცა ქრონიკული სტრესის გამო ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით თავდაცვის მდგომარეობაშია.
როგორ მოვიქცეთ?
კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენი ორგანიზმი და თავის ტვინი უაღრესად მოქნილია. ამის წყალობით ჩვენ შეგვიძლია აღვიდგინოთ ინტიმურობასა და მასთან დაკავშირებული სიამოვნების განცდა. სცადეთ, გამოგივათ:
- მართეთ თქვენი სტრესი. ამაში დაგეხმარებათ მაინდფულნესი, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, ბუნებასთან ურთიერთობა. ეს ეხმარება თავის ტვინის ჰიპოთალამო-ჰიპოკამპურ-ადრენალურ სისტემას და ქმნის პირობას სქესობრივი აქტივობისთვის. დაუთმეთ თუნდაც დღის მცირე პერიოდი ამ პრაქტიკას და თქვენ იგრძნობთ შედეგს.
- აღადგინეთ კავშირი საკუთარ სხეულთან. სხეულთან შეხების გაცნობიერება, გრძნობადი მოძრაობები და მედიტაცია დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის შემეცნებაში და მასთან ცნობიერი კავშირის აღდგენაში, სქესობრივი სურვილების გაღვიძებაში. პირდაპირ სექსში გადაშვებამდე, დაიწყეთ სხეულის შესწავლით, მისი განცდით.
- აჯობეთ სირცხვილს. სირცხვილს აძლიერებს დუმილი. ილაპარაკეთ თქვენი სქესობრივი პრობლემის შესახებ. ესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ფსიქოთერაპევტს, პარტნიორს, სანდო ადამიანს. ეს არის პრობლემის დაძლევის პირველი საფეხური.
- გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა. როცა რაღაც ისე არ მუშაობს სქესობრივ საკითხში, მიუდექით ამას ცნობისმოყვარეობით და არა – კრიტიკით. თქვენ სხეულს თქვენთვის რაღაცის თქმა უნდა. მოუსმინეთ მას. გამოიკვლიეთ მისი სათქმელი. ეძიეთ კვალიფიციური პასუხები.
- მიაღწიეთ უსაფრთხოების განცდას. თერაპიის გზით იქნება ეს თუ ურთერთობების გაჯანსაღებით და ნერვულ სისტემასთან მუშაობით, უსაფრთხოების განცდის მიღწევა როგორც სხეულებრივად, ისე ურთიერთობებში, თქვენი სქესობრივი აქტივობის აღდგენის გასაღებია.
თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ. როცა სტრესი აზიანებს თქვენს სქესობრივ ცხოვრებაზე, თქვენ დგახართ ამოცანის წინაშე, აამოქმედოთ თქვენი სქესობრივი პოტენციალი. გახსოვდეთ, რომ სიამოვნება არ არის ფუფუნება, ის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ თქვენი ემოციური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.
წყარო:
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC4199300/
https://www.elsevier.es/en-revista-international-journal-clinical-health-psychology-355-articulo-sexual-well-being-perceived-stress-in-S169726001930081X
https://www.psychologytoday.com/us/blog/why-good-sex-matters/202504/how-stress-is-hijacking-our-sex-lives
https://www.elsevier.es/en-revista-international-journal-clinical-health-psychology-355-articulo-sexual-well-being-perceived-stress-in-S169726001930081X