როგორ ვისაუბროთ სექსზე პარტნიორთან

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი სექსის შესახებ არის ის, რომ კარგი სექსი შეიძლება ნებისმიერ წყვილს ქონდეს. კარგი სექსი თავისთავადი არ არის, მას ურთიერთობა სჭირდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რის გამო მიმართავენ ადამიანები სექსოპათოლოგს არის არა სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის პრობლემები ან ერექციული დისფუნქცია, არამედ სირცხვილი და შიში, რაც წინ ეღობება პარტნიორთან ღია საუბარს სქესობრივი პრობლემების, ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ. ღია და  გულწრფელი საუბარი ჯანსაღი და საიმედო ურთიერთობის არსებითი შემადგენელია. ყველა სტატიას, რომელსაც იპოვი სქესობრივი ცხოვრების შენთვის პრობლემურ თემაზე, ერთი და იგივეს გეუბნება: ელაპარაკე მას ამის შესახებ. თქვენი სქესობრივი ლტოლვები თანხვედრაში არ არის? – ელაპარაკე მას ამაზე. დიდი ხანია ინტიმურობა არ გიგრძვნია? – ელაპარაკე მას ამაზე. გინდა, რომ შეწყვიტოს იმის კეთება, რაც არ მოგწონს? – ელაპარაკე მას ამაზე. იკითხავ: როგორ ველაპარაკო? – სწორედ ამის შესახებ არის ეს სტატია. 

სქესობრივი კომუნიკაცია პიროვნების უნართაგან ერთ-ერთია და ის სწავლადია. სექსის შესახებ ღია საუბარი შეიძლება ადვილი არ იყოს, განსაკუთრებით – ახალ პარტნიორებს შორის. საუბარს ართულებს კომუნიკაციური და კულტურალური ბარიერები, უხერხულობისა და სირცხვილის განცდა. კვლევები აჩვენებს, რომ პარტნიორებს შორის დიალოგი მათი სქესობრივი ცხოვრების საკითხებზე აახლოვებს მათ, აძლიერებს ურთიერთლტოლვას, აუმჯობესებს სექსის ხარისხს და ზოგადად – ურთიერთობას და ეს ახსნადია: ამგვარი დიალოგი განაპირობებს ერთმანეთის საჭიროებების უკეთ გაცნობიერებას, სურვილების და პრობლემების გამოკვეთას, საერთო ინტერესების შეჯერებას. 

პარტნიორული ცხოვრება მრავალმხრივი ფენომენია, ამიტომ შეგვიძლია გამოვყოთ არსებითი თემები, რაზეც ყოველმა წყვილმა უნდა ისაუბროს: 1. სექსის აღიარება („სექსი არსებობს, ჩვენ ის გვაქვს“); 2. კავშირი („რა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთთან კავშირის განცდა გვქონდეს?“); 3. სურვილი („რა გვჭირდება ერთს და მეორეს ურთიერთლტოლვისთვის?“); 4. სიამოვნება („რა გვჭირდება ერთს და მეორეს იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ?“); 5. ძიება („რა ვცადოთ შემდეგ ჯერზე?“). 

საუბრამდე მოემზადე 

საუბრის დაგეგმვამდე ჯერ თავად გააცნობიერე საკუთარი სქესობრივი საჭიროებები: რა ფანტაზია მაქვს? – რა მინდა ვცადო? – რა არის ისეთი, რაც მსურს და არ განგვიხორციელებია? – რა ტიპის დაცვის საშუალებებს ვანიჭებ უპირატესობას? – რას მივიჩნევ პრობლემად ჩემს სქესობრივ ცხოვრებაში და რა გადამიჭრიდა ამას? ასეთი გაცნობიერების პროცესში მხედველობაში მიიღე ის, რომ ორ ადამიანს არ შეიძლება ზუსტად ერთნაირი სქესობრივი ინტერესები და სურვილები ქონდეს. სწორედ საუბარი მოგცემთ საშუალებას, რომ პარტნიორებმა შეხების საერთო წერტილები მოძებნოთ, გამოკვეთოთ საერთო ინტერესები, საერთო სურვილები და საერთო პრობლემები. ძალიან სასარგებლოა, როცა პარტნიორები სქესობრივი აქტივობის ამგვარ კატეგორიზებას ახდენენ: „კი/არა/შეიძლება“.

საუბრისთვის სწორი დრო შეარჩიე

შეათანხმე პარტნიორთან საუბრის დრო, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. ეს უნდა იყოს დრო, როცა ორივე მშვიდი და საუბრისთვის განწყობილი ხართ. არ შეარჩიოთ სასაუბროდ დრო გრძელი დამღლელი დღის შემდეგ. არ ისაუბროთ სექსზე, როცა კონფლიქტი გაქვთ ან სქესობრივი პრობლემის გამო დაძაბულები ხართ. სანამ საუბარს წამოიწყებ, შეხედე, არის თუ არა შენი პარტნიორი სათანადოდ განწყობილი. თუ ხედავ, რომ ის გადაღლილია ან გუნებაზე არ არის, ნუ შეშფოთდები და ნუ იჩქარებ უარყოფითი დასკვნების გაკეთებას. მოეკიდე გაგებით მის ემოციურ მდგომარეობას, გადადე საუბარი და შეათანხმე სხვა დრო. თუ 4 მდგომარეობიდან რომელიმეში ხართ შენ ან შენი პარტნიორი, მაშინ გადადეთ ეს საუბარი. ეს მდგომარეობებია: 1. მშიერი, 2. გაბრაზებული, 3. განმარტოვებული, 4. დაღლილი.

მოგაწვდით რამდენიმე ყველაზე სასურველ დროს ასეთი საუბრისთვის:

  • პაემანზე, როცა ერთად ყოფნით კმაყოფილები ხართ.
  • ხანგრძლივი მგზავრობისას, როცა კონფლიქტი არ გაქვთ და ერთი ერთზე მშვიდად საუბარი შეიძლება.
  • თავისუფალ დროს, როცა ერთმანეთთან საუბარი გინდათ. 

შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმოწერა

პირისპირ საუბარი არ არის ერთადერთი გზა. ზოგიერთი ადამიანი უკეთესად გამოხატავს საკუთარ სათქმელს წერილობით, ზოგიერთს კი ფიზიკური დისტანცია უადვილებს ლაპარაკს. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმოწერა, სატელეფონო საუბარი. 

როგორ ვისაუბროთ ახალ პარტნიორთან

ახალი ურთიერთობა, როგორც წესი, საინტერესო და სასიამოვნო, თუმცა შეიძლება შფოთვაც ახლდეს. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება ახლადშეძენილ პარტნიორთან საუბრის სათანადოდ წარმართვაში. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ დისტანციურადაც გაისაუბროთ. 

  • დაიწყე იმით, რომ ჰკითხო პარტნიორს, კომფორტული იქნება თუ არა მისთვის სექსზე საუბარი.
  • ჰკითხე რა არის ის, რაც აუცილებლად სჭირდება სქესობრივ ურთიერთობაში და რა სჭირდება იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
  • ჰკითხე როდის აქვს სურვილი, რა ტიპის სექსი სურს.
  • დიალოგი დაიწყეთ მცირედით და ნელ-ნელა დროში განავითარეთ. უფრო ადვილია რამდენიმე მოკლე-მოკლე დიალოგი, რაც თანდათან ზრდის ინტიმურობას და დისკუსიის სიღრმეს.
  • არ დაგეგმო და არ ეცადო სექსზე დაითანხმო პარტნიორი, როცა ის არაფხიზელ მდგომარეობაში. იქამდე, ვიდრე კარგად არ გაიცნობთ და შეეწყობით ერთმანეთს, ასეთი პრაქტიკა შეიძლება მატრავმირებელი იყოს. 

პარტნიორთან ნდობის და დაცულობის განცდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება სქესობრივი ურთიერთობის წესებზე. ამისთვის უნდა განიხილოთ შემდეგი საკითხები: 

  • როგორ ვატყობინებთ ერთმანეთს, რომ ვთანხმდებით?
  • როგორ ვიქცევით მაშინ, როცა რაღაც არ მოგვწონს? როგორ ვატყობინებთ ერთმანეთს, რომ უნდა დავამუხრუჭოთ?
  • რა ტიპის დამცავ საშუალებებზე, კონტრაცეფციაზე ვთანხმდებით? 
  • აქვს პარტნიორს ტრავმული გამოცდილება? ძალადობის მსხვერპლად ყოფნის გამოცდილება?

როგორ უნდა ილაპარაკო იმაზე, თუ რა გსურს

პარტნიორთან სქესობრივ სურვილებზე საუბარი შეიძლება იყოს ლაღი და საინტერესო, რადგან ასეთი საუბარი თითოეულის კმაყოფილებისკენ არის მიმართული. ასეთი საუბარი შეიძლება იყოს დამთრგუნველიც, როცა პარტნიორი აღიქვამს მას, როგორც კრიტიკას, საყვედურს ან დაცინვას. თუკი პარტნიორი ღელავს, შფოთავს ან მორცხვობს, ნუ დააჩქარებ. პირიქით, მას უნდა ქონდეს განცდა, რომ შეგიძლიათ შეწყვიტოთ საუბარი, როგორც კი თავს არაკომფორტულად იგრძნობს. მოსინჯეთ შემდეგი პრაქტიკა:

  • შეავსეთ ერთად სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებული კითხვარები. ეს სახალისო ნაწილი დაგეხმარებათ კომუნიკაციის გაიოლებაში, მეტი ღიაობის მიღწევაში, ერთმანეთთან დაახლოვებაში, ერთმანეთის უკეთ გაცნობაში. 
  • უთხარი პარტნიორს იმის შესახებ, თუ რა მოგწონს. ეს ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ის, რომ უთხრა, რა არ მოგეწონება. 
  • დაუბრუნე პოზიტიური უკუკავშირი და წაახალისე იგივესთვის. 

როგორ განვიხილოთ უსაფრთხო სექსი

  • დაიწყე პარტნიორთან საუბარი რისკის ფაქტორებზე. 
  • მიაწოდეთ ერთმანეთს ინფორმაცია, გქონდათ თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ისტორია? როდის ჩაიტარეთ ბოლო გამოკვლევა?
  • ისაუბრეთ დაცული სექსის მიზანზე, ისაუბრეთ კონტრაცეფციის მიზანზე.
  • გაარჩიეთ, როგორ ინაწილებთ პასუხისმგებლობას კონტრაცეფციაზე. 

სექსზე უარის თქმა

პარტნიორს შეუძლია უარი თქვას სექსზე ნებისმიერ დროს, მაშინაც კი როცა ეს შეთანხმებულია და მეტიც, მაშინაც კი როცა შუაგულ პროცესშია. პარტნიორები ერთმანეთში უნდა ხედავდნენ სექსის დაუძლეველ სურვილს, სექსის უხალისოდ მიღება თანხმობა არ არის. გქონდეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გსურთ მიიღოთ ერთმანეთისგან. გახსოვდეთ, რომ ინტიმურობა აუცილებლად სექსს არ მოითხოვს. როგორ უნდა თქვა სექსზე უარი:

  • თქვი მკაფიო „არა“. ნუ დაეყრდნობი იმას, რომ შენი არავერბალური სიგნალები მისახვედრი იქნება პარტნიორისთვის.
  • თუ პარტნიორი არ უსმენს შენს „არა“-ს, მაშინ „არა“-სთან ერთად გამოიყენე სხეულის ენა, გასწიე ხელებით (არაძალადობრივად) შენგან მისი თავი და სხეული.
  • იყავი მკაფიო შენს უარში, დააკონკრეტე, თუ რას ნიშნავს შენი „არა“: „ახლა არა“, „დღეს არა“ თუ „არასდროს“. 

მისდიე ამ წესებს პარტნიორთან სექსზე საუბრის დროს: 

წესი 1. საუბრის დაწყებამდე გააცნობიერე, რომ შენი განზრახვა კეთილია. განმარტე საკუთარ თავთან საკუთარი განზრახვა, მაგალითად: „მე ვაპირებ ამაზე საუბარს იმიტომ, რომ მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს პარტნიორს. მე მინდა მასთან კარგი სექსი მქონდეს“. 

წესი 2. გააცნობიერე, რომ შენ და შენი პარტნიორი ხართ გუნდი. არც ერთი პარტნიორი არ არის პრობლემური, სქესობრივი ურთიერთობის პრობლემა ეს საერთო პრობლემაა. თქვენ აქ არც ბრალს დებთ და არც თავს იცავთ, არამეთ გუნდურად წყვეტთ. მაშინაც კი როცა საუბარი ისე არ აეწყო, როგორც წარმოგედგინათ, არ განეწყოთ იმედგაცრუებით ან მტრულად, არამედ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რის მიღება სურს მას ამ საუბრით და ქცევით მაშინაც კი, როცა ამას ასე მოუხერხებლად აკეთებს?“. 

წესი 3. დაიწყე საუბარი რბილად. ის თუ როგორ იწყებ საუბარს, გადამწყვეტია. როგორც დაიწყებ საუბარს, ისე დაამთავრებ მას. შენი ტონი იყოს მშვიდი და თანაბარი, მიაქციე ყურადღება სხეულის ენას და შეინარჩუნე მაქსიმალური სიმშვიდე და მოდუნება. თუკი ამის მზაობას ხედავ, ჩაკიდე პარტნიორს ხელი საუბრისას, იყავი მასთან შეხებაში, სულ მცირე ფიზიკური კონტაქტიც კი უფრო დააახლოვებს თქვენს კომუნიკაციას. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი პირველი წინადადებები გამორჩეულად კეთილგანწყობილი იყოს.   

წესი 4. მეტი „მე“ და ნაკლები „შენ“. იმის ნაცვლად, რომ საუბარი ააწყო ასე „შენ ეს გააკეთე/შენ ეს არ გააკეთე“, ააწყე საუბარი „მე“-ზე. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრა: „შენ არ ატარებ ჩემთან ბევრ დროს“, უთხარი: „მე ხშირად თავს მარტო ვგრძნობ, მე მინდა, რომ მეტი სიახლოვე ვიგრძნო“. ფორმულა ასეთია: „მე ვგრძნობ… მე მინდა“. ამის საპირისპიროდ თუ პარტნიორს ეუბნები: „შენ ამას აკეთებ/შენ ამას არ აკეთებ“, ეს თავდასხმად აღიქმება და გიპასუხებს: „არ ვაკეთებ/ვაკეთებ“. როცა პარტნიორს საკუთარ განცდებს უზიარებ, მისი მიმღებლობა და ემპათია იზრდება. ააგე საუბარი არა ლოგიკა/ლოჯისტიკა/სტატისტიკაზე, არამედ იმაზე თუ რას განიცდი და რა გინდა. მაგალითად, შენ მიმართავ მას: „შენ არ გინდა სექსი უკვე რამდენიმე თვეა“. ამ თავდასხმაზე ის გიპასუხებს: „როგორ არ მინდა, სამი კვირის წინ გვქონდა.“ კამათი გაგრძელდება იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში რამდენი კვირის წინ გქონდათ სექსი. შენ აგრძელებ: „რა სამი კვირის წინ, დაბადების დღეზე რომ ვიყავით იმ თვეში გვქონდა ბოლოს“. ამ სტატისტიკაში დაიკარგა თქვენი განცდები, დაიკარგა, თუ რა გაწუხებს, რომ თავს მარტო გრძნობ, რომ მასთან სიახლოვე გაკლია. თუ თქვენ ასე გააგრძელებთ კამათს, შენ შენსას დაამტკიცებ, ის – თავისას, ეს არსად მიგიყვანთ.  

წესი 5. აუჩქარებლად იმეტყველე. ჩვენი უმრავლესობა ჩქარობს საუბარში, როცა ნერვიულობს ან ნაწყენია. პარტნიორი ამას გრძნობს და დაძაბულობაზე დაძაბულობით გვპაუხობს; უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, ისე გადაეშვებით გააფთრებულ კონფლიქტში. სწრაფ კომუნიკაციაში თქვენ: ა) ცუდად უსმენთ; ბ) მიდრეკილი ხართ ნაჩქარევი უარყოფითი დასკვნებისკენ; გ) სათანადოდ ვერ აყალიბებთ იმას, რის თქმაც გსურთ. აქ გამოგადგება 2 რჩევა: 

1. ილაპარაკე შენი ჩვეული საუბრის სიჩქარის ნახევრით. 

2. წინადადების წარმოთქმის წინ კარგი ჩასუნთქვა გააკეთე, ეს დასწევს მეტყველების ტემპს, მოგადუნებს. 

წესი 6. ამოაგდე ლექსიკიდან „არასდროს“ და „ყოველთვის“. ერთი, რომ ცხოვრებაში არაფერი ხდება არასდროს და ყოველთვის და მეორე, ეს ორი სიტყვა მაშინვე თავდაცვით პოზიციაში აგდებს თქვენს თანამოსაუბრეს. თუ შენ პარტნიორს ეუბნები, რომ რაღაცას არასდროს აკეთებს ან რაღაცას ყოველთვის აკეთებს, ამით მას ალტერნატივას უსპობ. თანაც ასეთი ფორმულირება დაბლა სწევს იმის ღირებულებას, რის მიღწევაც გსურთ. მაგალითად, თუ პარტნიორს ეუბნები: „შენ არასდროს მეუბნები კომპლიმენტს“. ამაზე საპასუხოდ მას შეუძლია უცებ კომპლიმენტი გითხრას და ამით შეეცადოს შენს დარწმუნებას, რომ სცდები. ეს ისევ იმ სტატისტიკურ კამათში დაგაბრუნებთ, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. 

წესი 7. შექმენი სივრცე ცვლილებისთვის. გინდა შენმა პარტნიორმა რაღაც შეცვალოს? – მაშინ შექმენი სივრცე ამ ცვლილებებისთვის. გააცნობიერე, თვითონ ხომ არ უჭრი გზას ცვლილებებს. მაგალითად, ქალი, რომელიც წყვილთა თერაპიის სეანსზე საყვედურობს პარტნიორ მამაკაცს იმის გამო, რომ სურს მამაკაცი უფრო დომინანტური იყოს სექსში და ეს არ აქვს, თვითონვე საბოტაჟირებს საკუთარ სურვილებს, რადგან საკითხს ასე განსაზღვრავს: „ის არასდროს იქცევა ასე, ძალიან მორცხვია“. ამიტომ პარტნიორი არც არაფერს შეცვლის. 

წესი 8.  შენც მოუსმინე

ჩვენ ვიცით, რომ პარტნიორსაც უნდა ვაცალოთ ლაპარაკი. მოსმენა არის ის, რითაც  საუკეთესოდ გაიცნობ მას, მის განცდებს, მის სურვილებს და პრობლემებს. აითვისე აქტიური მოსმენის ხელოვნება. აქტიური მოსმენა შედგება შემდეგისგან: 

– უსმინე ყურადღებით, არ შეაწყვეტინო;

– დაამყარე მასთან კონტაქტი თვალებით;

– მიტრიალდი მისკენ, როცა მას უსმენ;

– როცა დაასრულებს აზრის გამოთქმას, ასახე რაც გაიგე, შენი სიტყვებით გადმოეცი: „როგორც მე გავიგე…“ ან „როგორც ჩემთვის გასაგები გახდა…“

– ჩაეკითხე მას იმის შესახებ, რამდენად სწორად გაიგე მისი ნათქვამი. ეს მას აგრძნობინებს, რომ სერიოზულად ეკიდები მის ნათქვამს და მნიშვნელოვანია შენთვის. 

9. იყავი ემპათიური

იყავი თანამგრძნობი. შეეცადე განსჯის გარეშე გაიგო პარტნიორის განცდები და ის შინაგანი წინააღმდეგობები, რაც სქესობრივ ცხოვრებაზე აისახება. აგრძნობინე მას, რომ გესმის მისი. აგრძნობინე მას, რომ ერთი გუნდი ხართ და ერთად აკეთებთ ყველაფერს სიამოვნების და სიხარულის მომტანი  თანაცხოვრებისთვის. 

და ბოლოს, როცა ერთხელ მიაგნებთ ერთმანეთთან საუბრისთვის უსაფრთხო სივრცეს, გამოცდით მშვიდი და კონსტრუქციული საუბრის პრაქტიკას, ეს კომუნიკაცია გაღრმავდება და გახდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობის ჩვეულებრივი ნაწილი. ეს კი ნამდვილად ღირს ცდად.

წყარო: 
https://www.medicalnewstoday.com/articles/how-to-talk-about-sex-with-your-partner#summary
https://www.verywellmind.com/married-couples-should-discuss-sexual-problems-2300936
https://www.inneratlastherapy.com/blog-posts/how-to-talk-about-sex-without-feeling-awkward
https://www.couplestherapyinc.com/how-to-talk-about-sex-with-your-partner-a-therapists-guide-to-avoidant-mates/

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top