საიდან ჩნდება აგრესია: 3 თეორია

ჩვენი ქცევა ერთმანეთთან მიმართებაში სულ უფრო და უფრო დესტრუქციული ხდება. საიდან მოდის ეს დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ ვავნოთ სხვებს, მივაყენოთ მათ ტკივილი? რა გარემოებები განაპირობებს აგრესიის გამოვლინებას? 

რა არის აგრესია? აგრესიას განვმარტავთ, როგორც ფიზიკურ ან სიტყვიერ ქცევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ზიანი მიაყენოს სხვას. 

ორი ტიპის აგრესია გვხვდება ცხოველთა სამყაროში. პირველია სოციალური აგრესია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტრობის გამოხატული გამოვლენა. მეორეა ჩუმი აგრესია, რომელიც გავს იმ ქცევას, რასაც ავლენს მტაცებელი ცხოველი მსხვერპლთან მიპარვისას. აგრესიის ეს ამ ორ ტიპზე პასუხისმგებელია თავის ტვინის სხვადასხვა უბანი.

ადამიანშიც ორი ტიპის აგრესიას განარჩევენ: მტრულ აგრესიას და ინსტრუმენტულ აგრესიას. მტრული აგრესიის საფუძველია ბრაზი. მისი ერთადერთი მიზანი სხვისთვის ზიანის მიყენებაა. ინსტრუმენტული აგრესიის შემთხვევაში ზიანის მიყენება არ არის თვითმიზანი, არამედ ის ემსახურება სხვა მიზნის მიღწევას. მაგალითად, როცა სისხლისმღვრელ ომს გამართლებას უძებნიან იმით, რომ ის ემსახურება რაღაც დიად მიზანს. ამდენად, მტრულ აგრესიას შეიძლება ვუწოდოთ „ცხელი“, ხოლო ინსტრუმენტულს – „ცივი“, თუმცა ზოგჯერ რთულია მათ შორის მკვეთრი ზღვრის გავლება. მეტიც, ინსტუმენტული აგრესიის საფუძველზე შეიძლება გაჩაღდეს მტრული აგრესია. მკვლელობების უმრავლესობა მტრული აგრესიის შედეგია. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სიკვდილით დასჯა არ ამცირებს მკვლელობის სტატისტიკას. 

აგრესიის მიზეზების კვლევისას სოციალურ ფსიქოლოგიაში წარმოიშვა  სამი თეორია: 

თეორია 1. აგრესიის ინსტიქტური ბუნების თეორია;

თეორია 2. ფრუსტრაციაზე საპასუხო აგრესიის თეორია;

თეორია 3. დასწავლილი აგრესიის თეორია.  

  1. არის თუ არა აგრესია ინსტიქტური ქცევა?

პირველი თეორია აგრესიას განიხილავს, როგორც ინსტიქტის გამოვლინებას. ინსტიქტის ენერგია კი, თუ ის არ პოულობს განმუხტვას, გროვდება იქამდე, სანამ არ აფეთქდება. აგრესიის ენერგია გროვდება შიგნით, როგორც წყალი – კაშხალში. 

ზიგმუნდ ფროიდი, შემოიტანა რა სიკვდილის ინსტიქტის ცნება, აგრესიას მიიჩნევს სიკვდილის ინსტიქტის გამოხატულებად, მის ობიექტივაციად. აგრესიას ინსტიქტად განიხილავს კონრად ლორენციც, თუმცა ცხოველთა ქცევის შესწავლის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მას არა დესტრუქციის, არამედ ადაპტაციის ფუნქცია აქვს. ლორენცი თვლის, რომ ჩვენ არ გვაქვს თანდაყოლილი მექანიზმი აგრესიის დასამუხრუჭებლად. ერთის მხრივ, აგრესიის დამუხრუჭება დაუცველს გაგხვდიდა იმ საფრთხეებისგან, რომლებიც გარემოსგან გვემუქრება. მეორეს მხრივ, აგრესიის დამუხრუჭების უუნარობით ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ სერიოზულ საფრთხეს. 

თუ აგრესიას გავიგებთ, როგორც ინსტიქტს, მაშინ ჩნდება შეკითხვა: რატომ არის აგრესია ასეთი განსხვავებული სხვადასხვა ადამიანში და სხვადასხვა კულტურაში. მიუხედავად ინსტიქტური აგრესიის თეორიის სუსტი არგუმენტებისა, აგრესიის ბიოლოგიური საფუძველი და მნიშვნელობა ეჭვგარეშეა. მიუხედავად აგრესიის მიზეზები და ფორმები მრავალფეროვნებისა, უძველესი ადამიანებში ის ემსახურებოდა ადაპტაციას. აგრესიული ქცევა მათ ეხმარებოდათ მოეპოვებინათ საკვები, გაეწიათ წინააღმდეგობა მომხდურებისთვის, შეეშინებიათ და მოეკლათ თავდამსხმელი, მოეპოვებინათ სქესობრივი პარტნიორი და წინ აღდგომოდნენ მის წართმევას. 

აგრესია წარმოადგენს რთულ ქცევით კომპლექსს და ამდენად, არ შეიძლება თავის ტვინის ერთ კონკრეტულ უბანზე საუბარი, რომელიც მას აკონტროლებს. როგორც ცხოველებში, ისე ადამიანში გამოვოლნილია თავის ტვინის ცენტრები, რომელთა გაღიზიანება იწვევს აგრესიული ქცევის პროვოცირებას და პირიქით, ამ ცენტრების დეაქტივაცია ამცირებს აგრესიის გამოვლინებებს. ამ ცენტრებზე ზემოქმედებით ყველაზე უფრო აგრესიული ცხოველის დამშვიდებაც კი შეიძლება და ყველაზე უფრო მშვიდის გაბრაზებაც. ნუშისებრი სხეულის ელექტროსტიმულაცია ადამიანებში იწვევს აგრესიული ქცევას და თავდასხმის აქტს. 

  1. არის თუ არა აგრესია  პასუხი ფრუსტრაციაზე? 

წარმოიდგინეთ, რომ ზაფხულის ცხელი საღამოა. მუშაობით დაღლილს ძლიერ მოგწყურდათ. შენიშნეთ გამაგრილებელი სასმელების ავტომატი. მიიჩქარით მისკენ. ვიდრე მიუახლოვდებით, უკვე წარმოიდგენთ, როგორ გადაკრავთ ცივ, შუშხუნა სასმელს. მიუახლოვდით, აფიქსირებთ გადახდას, მაგრამ აპარატი სასმელს არ გაძლევთ, ტექნიკური შეფერხებაა. კიდევ ერთხელ აჭერთ საჭირო ფუნქციას. ისევ არაფერი. უფრო ძლიერად აჭერთ თითს, მაგრამ ისევ არაფერი. მაშინ თქვენ იწყებთ ავტომატის ცემას. იმედგაცრუებული გაბრუნდებით უკან და თუ ამ დროს ვინმე უშნოდ გაგეხუმრათ, იზრდება თუ არა ალბათობა იმის, რომ არასასიამოვნოდ უპასუხოთ? – ფრუსტრაციის თეორიის მიმდევრები უპასუხებდნენ, რომ დიახ, ამის ალბათობა დიდია. ისინი ამტკიცებენ, ფრუსტრაცია ყოველთვის იწვევს აგრესიის გამოვლინებას. 

ფრუსტრაციას ვუწოდებთ მიზნის მიუღწევლობით განპირობებულ იმედგაცრუებას. ფრუსტრაციის წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც ეღობება მიზნის მიღწევას. მოყვანილ მაგალითში ფრუსტრაციის წყაროა გამაგრილებელი სასმელების აპარატის წყობიდან გამოსვლა. ფრუსტრაცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერია ჩვენს მიერ მიზნის მიღწევის მოტივაცია, რაც უფრო ძლიერია სიამოვნების მიღების მოლოდინი და მის ნაცვლად კი ვღებულობთ არაფერს. 

ფრუსტრაციის თეორიის მიხედვით, ფრუსტრაციაზე ყოველთვის აგრესიით არ ვპასუხობთ, რადგანაც აღზრდის პროცესში ჩვენ დავისწავლეთ საკუთარი ბრაზისა და მისი პირდაპირი გამოვლენის დათრგუნვა განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენმა ბრაზმა შეიძლება უარყოფითი შეფასება იქონიოს საზოგადოების მხრიდან. ხშირად, პირდაპირი პასუხის ნაცვლად,  აგრესიას მივმართავთ უფრო უსაფრთხო სამიზნეზე. ამას უწოდებენ აგრესიის გადატანას. სწორედ ეს შემთხვევაა იმ ცნობილ კარიკატურაში, სადაც შინ დაბრუნებული მამაკაცი დაუყვირებს ცოლს, ცოლი დაუყვირებს შვილს, შვილი დაუყვირებს ძაღლს, რომელიც უკბენს ფოსტალიონს. ეს ყველაფერი კი გამოიწვია იმან, რომ მამაკაცი სამსახურში გააბრაზეს. 

ფრუსტრაციის თეორიის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ფრუსტრაცია ზოგჯერ იწვევდა აგრესიას, ზოგჯერ კი – არა. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს (Eugene Burnstein & Philip Worchel, 1962) ჯგუფური სამუშაოს მონაწილე წამდაუწუმ აჩერებდა თათბირს იმ მიზეზით, რომ თითქოს მისი სასმენი აპარატი წყობილებიდან გამოდიოდა. ჯგუფის ამგვარი ფრუსტრაცია არ იწვევდა არც აგრესიას და არც გაღიზიანებას. ექსპრიმენტატორებმა დაასკვნეს, რომ თუკი ფრუსტრაცია შეიძლება აიხსნას ობიექტური მიზეზით, მართალია გუდაწყვეტას იწვევს, მაგრამ – ნაკლებ გაღიზიანებას, ვიდრე ის ფრუსტრაცია, რომელსაც ადამიანი უსამართლობად მიიჩნევს. ფრუსტრაცია მართალია იწვევს ბრაზს და აგრესიული ქცევისთვის ემოციურ მზაობას, მაგრამ ეს ბრაზი იზრდება მაშინ, როცა მას ვინც გამოიწვია ფრუსტრაცია შეეძლო ეს არ გამოეწვია. 

საინტერესოა კვლევები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ აგრესია იზრდება, როცა მხედველობის არეალში არის იარაღი. იარაღი აძლიერებს აგრესიულ განზრახვას. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ში მკვლობების უმრავლესობა ჩადენილია პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით, რაც თავის მხრივ ზრდის იმის ალბათობასაც, რომ მსხვერპლი უფრო ხშირად იქნება შინაური, ვიდრე – დაუპატიჟებელი სტუმარი. სტატისტიკა ასევე ცხადყოფს იმასაც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარება აკრძალულია, მკვლელობის სიხშირე ნაკლებია. საინტერესოა ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არა მხოლოდ პროვოცირებს აგრესიას, არამედ ქმნის ფსიქოლოგიურ დისტანციას აგრესორსა და მსხვერპლს შორის და აიოლებს აგრესიული ქცევის განხორციელებას. მილგრამის ექსპერიმენტებმაც ცხადყვეს, რომ მსხვერპლისგან სივრცითი დაშორება აიოლებდა მის მიმართ სისასტიკის გამოვლენას. ცხადია, მკვლელობა ცივი იარაღითაც ხდება, თუმცა ეს ძნელია და იშვიათიცაა. ბევრად ადვილია სასხლეტის გამოკვრა, როცა მსხვერპლი მნიშვნელოვან დისტანციაზეა. 

ფრუსტრაციის თეორია ესადაგება მტრულ აგრესიას და არა – ინსტრუმენტულს.

ფრუსტრაცია ყოველთვის არ არის დაკავშირებული დეპრივაციასთან (რაიმე საჭიროების უკმარისობასთან). მაგალითად, სქესობრივი ფრუსტრაცია შეიძლება განიცადოს ადამიანმა, რომელიც არ არის მარტოხელა და ყავს სქესობრივი პარტნიორი. საინტერესოა ასეთი პარადოქსიც, ეკონომიკურმა აღმავლობამ შეიძლება გააძლიეროს ფრუსტრაცია და გაზარდოს ძალადობის დონე. როცა ადგილი აქვს „გაზრდილი მოლოდინების რევოლუციას“, ფრუსტრაცია შეიძლება გაიზრდოს იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდა. როცა სწრაფად ვითარდება ერი, იზრდება განათლების დონე, ადამიანები სულ უფრო მეტად უფიქრდებიან იმას, თუ რა არის ნამდვილი მატერიალური კეთილდღეობა. რამდენადაც სამოთხე მაშინვე არ მყარდება, იზრდება ბზარი სასურველსა და შესაძლებელს შორის, რაც ფრუსტაციას იწვევს. ამიტომაც მაშინაც კი, როცა დეპრივაცია მცირდება, ფრუსტრაცია და აგრესია შეიძლება გაიზარდოს გაზრდილი მოლოდინების დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე. ფრუსტრაცია იზრდება  მოლოდინებსა და მიღწევებს შორის დისტანციის კვალდაკვალ. 

  1. არის თუ არა აგრესია დასწავლილი ქცევა?

ადამიანმა შეიძლება დაისწავლოს, რომ აგრესია ჯილდოვდება. მაგალითად, ბავშვი, რომელიც თავისი აგრესიული გამოვლინებებით აშინებს სხვა ბავშვებს, ხედავს რა საკუთარ ძალმოსილებას, კიდევ უფრო აგრესიული ხდება. აგრესიული ჰოკეისტები, რომლებიც ამის გამო ხშირად სათადარიგო სკამზე ხვდებიან, უფრო მეტი გოლების მომტანები არიან თავისი გუნდებისთვის, ვიდრე არააგრესიული მოთამაშეები. ამ შემთხვევებში აგრესია მიმართულია მიზნის მიღწევაზე და წარმოადგენს ინსტრუმენტულ აგრესიას. იგივე შეიძლება ითქვას კოლექტიურ აგრესიაზეც (მაგალითად, საპროტესტო გამოსვლები), რომლის საშუალებით მიიღწევა სოციალური ჯგუფის მიზანი. ტერორიზმის მოვლენა მიზნად ისახავს გავლენებისა და ძალაუფლების არმქონე ადამიანების ცნობადობის გაზრდას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აგრეთვე ფეხბურთის შიშველი გულშემატკივრის ფენომენი, რამაც ძალიან იმატა იმის კვალდაკვალ, რომ ასეთი გამოვლინებები აქტიურად შუქდებოდა. როგორც კი მედიამ დააიგნორა ასეთი ინციდენტები, მათმა სიხშირემ იკლო.

 მეცნიერული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და სოციალური დასწავლის თეორიის პიონერი ალბერ ბანდურა თვლიდა, რომ ჩვენ ვსწავლობთ აგრესიას არა მარტო იმიტომ, რომ მისგან სარგებელს ვიღებთ, არამედ იმიტომაც, რომ სხვა ადამიანებზე დაკვირვების პროცესში გადმოვიღებთ მას, როგორც ქცევის მოდელს. ისევე როგორც სხვა სოციალურ უნარებს, აგრესიული ქცევის მანერებსაც ჩვენი გარემოცვისგან ვითვისებთ. ბანდურამ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: სკოლამდელი ასაკის დაწესებულების აღსაზრდელი ზის იატაკზე და გატაცებით აკეთებს რაღაცას ქაღალდით და პლასტელინით. ოთახის მეორე კუთხეში იმყოფება ქალი, რომლის სიახლოვეს აწყვია სათამაშო ავტომობილები, დიდი გასაბერი თოჯინა და ხის ჩაქუჩი. ქალი ცოტა ხანს თამაშობს ავტომობილებით, რის შემდეგაც დგება და იწყებს გასაბერი თოჯინის ცემას ჩაქუჩით. ათრევს იატაკზე ამ თოჯინას, არტყმევიებს თავს  და თან იმეორებს: „მოსდე ცხვირში… მოსდე მაგრა!“ ბავშვი უყურებს ამ ქმედებას, რის შემდეგაც გადის მეორე ოთახში, სადაც ბევრი სათამაშოა. პოულობს იქ გასაბერ თოჯინას და ხის ჩაქუჩს. თუ ბავშვს მოზრდილები არ ვაჩვენებთ აგრესიული ქმედების მოდელს, ისინი იშვიათად ავლენენ აგრესიას თამაშის დროს თუ საუბარში და ფრუსტრაციის მიუხედავად მშვიდად თამაშობენ. ის ბავშვები კი, რომლებიც უყურებდნენ მოზრდილი ადამიანის აგრესიულ ქმედებას, თვითონაც იღებდნენ ჩაქუჩს და ურტყამდნენ თოჯინას. მოზრდილის აგრესიის ყურება უმცირებს მათ მუხრუჭს. ამასთან, ბავშვები დიდი სიზუსტით იმეორებდნენ ექსპერიმენტატორის აგრესიულ ქმედებებს და გამონათქვამებს. ბანდურას აზრით ყოველდღიური ცხოვრება – ოჯახი, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები გვაძლევენ აგრესიული ქცევის მოდელებს. 

ბავშვები, რომელთა მშობლები ხშირად მიმართავენ დასჯას, როგორც წესი, იყენებენ მსგავს აგრესიულ ქცევებს სხვებთან ურთიერთობაში. მშობლებმა მისცეს მათ გაკვეთილი აგრესიის, როგორც პრობლემის გადაჭრის საშუალების შესახებ. მართალია, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც მშობლების მხრიდან აგრესიას განიცდიდნენ, არ ყალიბდებიან კანონდამრღვევებად ან აგრესიულ მშობლებად, მაგრამ მათი 30% მაინც იყენებს დასჯას საკუთარ შვილებთან და ამასთან, მათ მიერ დასჯის გამოყენების სტატისტიკა გაცილებით აღემატება ზოგადპოპულაციურ მაჩვენებელს. 

აშშ სტატისტიკის მიხედვით კანონდამრღვევი მოზარდების 70% იზრდება არასრულ ოჯახში. სრული ოჯახები, სადაც სახეზეა დედაც და მამაც, განსხვავდებიან არასრული ოჯახებისგან არა მხოლოდ იმით, რომ აქ ბავშვს უფრო მეტი მზრუნველობა და მამის პოზიტიური-მომწესრიგებლის ფუნქცია მუშაობს, არამედ იმითაც, რომ ასეთ ოჯახებში უკეთესია კეთილდღეობის, განათლების მიღების მაჩვენებელი. დადგენილია ერთ-ერთი მშობლის არყოლასა (როგორც წესი, მამის) და აგრესიას შორის კავშირი რასის, ფინანსური მდგომარეობის, განათლების და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მამის გარეშე აღზრდილი ბავშვები აუცილებლობით კანონდამრღვევ პირებად არ ყალიბდებიან, თუმცა რისკი მაღალია.  

აგრესიული ქცევის მოდელის ფართო სპექტს იძლევა ოჯახსგარე სოციალური გარემო. მაგალითად, იმ საზოგადოებებში, სადაც „მაჩოს“ სტილი (macho – ესპ. ნამდვილი კაცი, მამრი) აღფრთოვანებას იწვევს, აგრესიული ტენდენციები ადვილად გადაეცემა თაობიდან თაობებს. აშშ-ში ჩატარებული კვლევის (Richard Nisbett & Dov Cohen) ფარგლებში სწავლობდნენ ქვეყნის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კულტურული სტერეოტიპების გავლენას. აღმოჩნდა, რომ ახალი ინგლისსა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის დასახლებებში პურიტანული და პრაგმატული აღზრდა სხვაგვარ პიროვნებებს აყალიბებდა, ხოლო სამხრეთის უპირატესად შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობის სოციუმის ამაყი და მებრძოლი სულით აღზრდა – სხვაგვარს. პირველები იყვნენ ძირითადად მშვიდობიანი ფერმერები, ხოლო მეორენი – აგრესიული მონადირეები და მესაქონლეები, თუმცა გაზვიადებული იქნება სამხრეთელებს მივაწეროთ ძალადობისკენ მიდრეკილება. ისინი ლოიალურები არიან აგრესიის მხოლოდ ზოგიერთი ფორმის მიმართ, როგორიცაა ღირსების დაცვა, საკუთრების დაცვა. ფორმულირებას „ადამიანს აქვს უფლება მოკლას, როცა საკუთარ სახლს იცავს“ ეთანხმება არასამხრეთელების 18% და სამხრეთელების 36%. სამხრეთელები უფრო ხშირად უჭერენ მხარს საომარ ინიციატივებს. 

ოჯახმა და სოციუმმა შეიძლება განაპირობოს აგრესია, თუმცა ამაშინ მასკომუნიკაციებს ბადალი არ ყავს. მასკომუნიკაციის გზით ნანახი აგრესია: ა) იწვევს აგრესიულობის გაძლიერებას; ბ) ზრდის აგრესიისა და ძალადობისადმი მგრძნობელობის ზღურბლს. 

იმის გაგების შემდეგ, რომ ადამიანები სწავლობენ აგრესიას საკუთარი გამოცდილებით და აგრესიული ქცევის მოდელებზე დაკვირვებით, იბადება შეკითხვა: რა სიტუაციებში მიმართავენ ისინი აგრესიის პრაქტიკულ განხორციელებას? ბანდურა თვლის, რომ აგრესიული ქმედება მოტივირებული შეიძლება იყოს სხვადასხვა გამოცდილებით: ფრუსტრაციით, ტკივილით, შეურაცხყოფით, თუმცა მოვიქცევით აგრესიულად თუ არა დამოკიდებულია იმ შედეგზე, რომელსაც მოველით. აგრესია უფრო სავარაუდოდ ხორციელდება მაშინ, როცა აგრესიული ქცევა მიგვაჩნია უსაფრთხოდ ან სასარგებლოდ.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top