სიყვარულის თეორიები

რატომ გვიყვარდება? რატომ გრძელდება ზოგჯერ სიყვარული დიდხანს, ზოგჯერ კი – საპნის ბუშტივით ქრება? სიყვარული ის გრძნობაა, რომლის შესახებაც ყველაფერი ვიცით და თან არაფერი ვიცით. ფსიქოლოგიაში არსებობს მრავალი თეორია, რომელიც სიყვარულის, როგორც ფსიქიკური მოვლენის, ახსნას ცდილობს: როგორ ჩნდება სიყვარული, როგორ განიცდება, სად იწყება და სად სრულდება ის. ამ თეორიათაგან ყველაზე ცნობილ ხუთ თეორიას გაგაცნობთ.

ზიკ რუბინის თეორია – „მოწონება და სიყვარული“

ფსიქოლოგი ზიკ რუბინი  მოწონებასა და სიყვარულს შორის ზღვარს ავლებს. როცა ჩვენ ძლიერ გვიზიდავს მეორე ადამიანი, გვახარებს მასთან ურთიერთობა და მის სიახლოვეს ყოფნას მიველტვით, ეს მოწონებაა. სიყვარული კი გაცილებით ღრმა, ინტენსიური გრძნობაა და  ინტიმურობისა და ფიზიკური სიახლოვის ძლიერ სურვილს გულისხმობს. ადამიანი, რომელსაც მოსწონს მეორე ადამიანი, ბედნიერია მისი კომპანიით, ხოლო ადამიანი, რომელსაც უყვარს მეორე ადამიანი, ისევე მოცულია მისით, როგორც საკუთარი თავით. რუბინი თვლის, რომ რომანტიკული სიყვარული აგებულია სამი ელემენტით: 1. მჭიდრო კავშირისა და დამოკიდებულების მოთხოვნილება; 2. დახმარების მზაობა; 3. ერთადერთობისა და სრულად მოცულობის განცდა. ამ ელემენტებზე დაყრდნობით რუბინმა შეიმუშავა კითხვარი, რითიც ის აფასებდა ერთი ადამიანის დამოკიდებულებას მეორე ადამიანის მიმართ. ამ კითხვარით წარმოებული გამოკვლევების შედეგებში მოწონებიდან სიყვარულამდე შკალების დიაპაზონი ადასტურებდა თეორიის ავტორის წარმოდგენას სიყვარულის შესახებ.

ჯონ ლის თეორია – „სიყვარულის ფერთა სპექტრი“

ფსიქოლოგმა ჯონ ლიმ განავითარა თეორია, რომლის მიხედვით სიყვარული ემსგავსება ფერთა სპექტრის გამომხატველ წრეს. როგორც სამი ძირითადი ფერის კომბინაციები ქმნის უამრავ სხვა ფერს, ისე სამი ძირითადი სიყვარულის კომბინაციებით იქმნება სიყვარულის მრავალი სახეობა.  ჯონ ლი გამოყოფს სიყვარულის სამ ძირითად სახეს:

ეროსი (წითელი) – ამ ტიპის სიყვარულში შერწყმულია ფიზიკური და ემოციური ლტოლვა. მისთვის დამახასიათებელია შეყვარებულის გაიდიალება.

ლუდოსი (ლურჯი) – ამ ტიპის სიყვარული გართობაა. მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვნებისკენ და უზრუნველობისკენ სწრაფვა. მას არ ახასიათებს ინტიმურობა.

სტორგე (ყვითელი) – ამ ტიპის სიყვარული მეგობრობაა. ის დროთა განმავლობაში ყალიბდება, იზრდება და ვითარდება. აქ ფიზიკური ლტოლვა ნაკლებად მნიშვნელოვანია.

სიყვარულის ამ სამი ტიპის კომბინაციით იქმნება კიდევ სამი სახის სიყვარული:

პრაგმა (მწვანე) – იქმნება ლუდოსის და სტორგეს კომბინაციით. ეს არის სიყვარული, რომელიც არჩევანს ეფუძნება. მისთვის უპირატესია კარგი და დაკმაყოფილების მომტანი ურთიერთობა. ურთიერთობის დაწყებას წინ უსწრებს გასავალისა და სარგებლის აწონ-დაწონვა. შეყვარებული ფასობს ისეთი თვისებებით, როგორებიცაა განათლება, მორალი, სოციალური სტატუსი და სხვა.

მანია (იისფერი) – იქმნება ლუდოსის და ეროსის კომბინაციით. ამ ტიპის სიყვარულის მთავარი მახასიათებელია სიყვარულის ობიექტის ფლობა. ეს სიყვარული მესაკუთრე, ეჭვიანი და უკიდურესად ემოციურია. ის მთლიანად მოცულია სიყვარულის ობიექტით; იტანჯება მისი დაკარგვის შიშით.

აღაპე (ნარინჯისფერი) – იქმნება ეროსის და სტორგეს კომბინაციით. ეს არის მტკიცე და თავდაუზოგავი სიყვარული. მისი მამოძრავებელი შინაგანი კმაყოფილება, მოთმინება, ერთგულება და სიკეთეა.

რობერტ სტენბერგის თეორია – „სიყვარულის სამკუთხედი“

ფსიქოლოგი რობერტ სტერნბერგის სიყვარულის სამკუთხედის თეორიის მიხედვით, სიყვარულის სამი კუთხია: ინტიმურობა, ლტოლვა, ერთგულება. ამ სამი მდგენელის კომბინაციები კი სხვადასხვა სახის სიყვარულს ქმნიან. მაგალითად, ინტიმურობისა და ერთგულების კომბინაციით იქმნება თანამგრძნობი სიყვარული, ხოლო ლტოლვისა და ინტიმურობის კომბინაციით კი – რომანტიკული სიყვარული. თეორიის მიხედვით, ურთიერთობა, რომელიც აგებულია ორი ან მეტი ელემენტით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ ერთ კომპონენტს ეფუძნება. სტერნბერგი იყენებს სრულყოფილი სიყვარულის ცნებას და ასე უწოდებს სიყვარულს, რომელშიც გაერთიანებული სამივე კომპონენტი – ინტიმურობა, ლტოლვა და ერთგულება. ეს არის ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარული, თუმცა კი ის იშვიათობაა.

ჰაზან-შეივერის თეორია – „სიყვარული მიჯაჭვულობა“

დენვერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებს სინდი ჰაზანს და ფილიპ შეივერს ეკუთვნით თეორია სიყვარულის, როგორც მიჯაჭვულობის შესახებ. ეს თეორია, თავის მხრივ, დაემყარა ჯონ ბოულბის მიჯაჭვულობის თეორიას და ამტკიცებს, რომ პიროვნებისთვის დამახასიათებელი მიჯაჭვულობის ტიპი, რომელიც მას ბავშვობაში უყალიბდება მშობლებთან ურთიერთობის შედეგად, მოგვიანებით ასახვას ჰპოვებს მის სასიყვარულო ურთიერთობაში. მოზრდილი ადამიანის მიჯაჭვულობის სამ ტიპს გამოყოფენ:

  • მშფოთვარე/ამბივალენტური: ამ ტიპის მიჯაჭვულობის მქონე პიროვნება გამუდმებით სწუხს, რომ პარტნიორს არ უყვარს. ის ისე ესწრაფვის საყვარელ ადამიანთან მიწებებას, რომ აფრთხობს მას. 
  • განრიდების: ამ ტიპის მიჯაჭვულობის მქონე პიროვნება განიცდის დისკომფორტს მეორე ადამიანთან სიახლოვისას, გაურბის ინტიმურობას და უჭირს ნდობით განწყობა. 
  • უსაფრთხო: ამ ტიპის მიჯაჭვულობის მქონე პიროვნება უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად გრძნობს თავს ურთიერთობაში. ის ენდობა პარტნიორს; არ ეშინია სიახლოვის, ნაკლებად შფოთავს მიტოვების გამო.

ჰაზანი და შეივერი ასევე ასკვნიან, რომ სიყვარულისა და მიჯაჭვულობის გამოცდილებამ შეიძლება ჩამოაყალიბოს რწმენები, რომლებიც გავლენა მოახდინენ შემდგომ ურთიერთობებზე. ეს ციკლური პროცესი აბსოლუტურად ნორმალურია უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე პიროვნებისთვის, თუმცა შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას მშფოთვარე და განრიდების მიჯაჭვულობის მქონე პიროვნებებს. ჰაზანი და შეივერი სტატისტიკასაც გვთავაზობენ და ამტკიცებენ, რომ მიჯაჭვულობის ყველაზე ხშირი ფორმა უსაფრთხო მიჯაჭვულობაა. სიხშირით მას მოსდევს განრიდების მიჯაჭვულობა და  ბოლო ადგილზეა მშფოთვარე მიჯაჭვულობა.

ელეინ ჰატფილდის თეორია – „გრძნობითი სიყვარული და ვნებიანი სიყვარული“

ფსიქოლოგი ელეინ ჰატფილდი ავითარებს თეორიას, რომლის მიხედვით სიყვარულის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: გრძნობითი სიყვარული და ვნებიანი სიყვარული.

გრძნობითი სიყვარული ხასიათდება პატივისცემით, მიჯაჭვულობით, სინაზით და ნდობით. ეს სიყვარული შობს ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას.

ვნებიანი სიყვარული ხასიათდება ინტენსიური გრძნობებით, სქესობრივი მიზიდულობით, შფოთვით და სინაზით. როცა მეორე მხრიდანაც ასეთ სიყვარულს ღებულობს, ადამიანი გრძნობს აღმაფრენას და სიხარულს. ხოლო თუ მეორე მხრიდან ასეთი სიყვარული უპასუხოა, მაშინ ადამიანი სასოწრაკვეთილი ხდება. ჰატფილდი ფიქრობს, რომ ვნებიანი სიყვარული აღიძვრება მაშინ, როცა კულტურული მოლოდინი უწყობს ხელს შეყვარებას, როცა ადამიანი სიყვარულის ობიექტი შეესაბამება თქვენს შეხედულებას იდეალურ სიყვარულზე, როცა მეორე ადამიანის სიახლოვე ფიზიკურად აღგაგზნებთ. ასეთი სიყვარული ჰატფილდის აზრით ხანმოკლეა და ის 6-30 თვე გრძელდება. იდეალურ შემთხვევაში, ვნებიანი სიყვარული გადაიზრდება გრძნობად სიყვარულში, რომელიც ხანგრძილივია, თუმცა ცხოვრება აჩვენებს, რომ ეს იშვიათობაა.

წყარო:

Rubin Z. Measurement of romantic loveJ Personal Social Psychol. 1970;16(2):265-273. doi:10.1037/h0029841

Cramer K, Marcus J, Pomerleau C, Gillard K. Gender invariance in the Love Attitudes Scale based on Lee’s color theory of loveTest Psychomet Methodol App Psychol. 2015;22(3):403-413. doi:10.4473/TPM22.3.6

Sternberg RJ. A triangular theory of lovePsychol Rev. 1986;93(2):119-135. doi:10.1037/0033-295X.93.2.119

Langeslag SJ, van Strien JW. Regulation of romantic love feelings: Preconceptions, strategies, and feasibility. PLoS One. 2016;11(8):e0161087. doi:10.1371/journal.pone.0161087

Hazan C, Shaver P. Romantic love conceptualized as an attachment processJ Personal Social Psychol. 1987;52(3):511-524. doi:10.1037/0022-3514.52.3.511

Hatfield E. Passionate and compassionate loveThe Psychology of Love.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top