ფანტაზია, როგორც ფსიქიკური ფუნქცია

ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ არის ობიექტური სინამდვილის იმ ფარგლებით შეზღუდული, როსაც ჩვენი აწმყო და წარსული წარმოადგენს. ფსიქიკა ობიექტურად მოცემულის საზღვრებს არღვევს და თვითონ ქმნის ახალ სინამდვილეს. ამის შესაძლებლობას მას ფანტაზია ანუ წარმოსახვა აძლევს.

ფანტაზიისგან განსხვავებით, ჩვენი ფსიქიკის ორი უმთავრესი ფუნქცია – აღქმა და მეხსიერება – ობიექტურ სინამდვილეს ასახავს. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ აღქმა აწმყო დროის ობიექტური სინამდვილის ასახვაა, ხოლო მეხსიერება – წარსული დროის სინამდვილის. ისევე, როგორც აღქმას და მეხსიერებას, ფანტაზიასაც აქვს საგანი და შინაარსი. ფანტაზიის მასალაც ისეთივეა, როგორიც აღქმისა და მეხსიერების, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ ეს მასალა ფანტაზიაში სხვაგვარადაა გაფორმებული. ამასთან, შეუძლებელია ფანტაზიაში ისეთი შინაარსი გაჩნდეს, რისი შესატყვისიც იქამდე არასდროს გვქონია შეგრძნებებსა და აღქმაში. მაგალითად, დაბადებიდან უსინათლო ადამიანი, რაგინდ მდიდარი ფანტაზიის პატრონი უნდა იყოს ის, ვერასდროს წარმოისახავს ფერებს, რამდენადაც ფერის შეგრძნება და აღქმა მას გამოცდილებაში არასდროს ქონია.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ერთდროულად მეხსიერების და ფანტაზიის მაღალ დონეზე განვითარება ერთი და იმავე ადამიანში თითქმის არ გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს რომელსაც მშვენიერი მეხსიერება აქვს, ფანტაზია სუსტი აქვს და პირიქით. მეტიც, მეხსიერება შეიძლება ხელსაც კი უშლიდეს ფანტაზიის თავისუფალ მუშაობას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეხსიერება, როგორც მასალა, ფანტაზიის მუშაობისთვის დადებით ფაქტორს წარმოადგენს, რამდენადაც ფანტაზია სარგებლობს მეხსიერებაში არსებული გამოცდილებით. მეხსიერებისა და ფანტაზიის მუშაობაში შინაარსის მხრივ არავითარი განსხვავება არ არსებობს. არის თუ არა მათ შორის განსხვავება საგნის მიხედვით? – მეხსიერების, ისევე როგორც აღქმის, საგანი ობიექტურად არსებული საგანია. სულ სხვაგვარადაა საქმე ფანტაზიის შემთხვევაში. ფანტაზია თვითონ ქმნის საკუთარ საგანს.

დიმიტრი უზნაძეს მოჰყავს ასეთი მაგალითი: ადამიანმა შავი გედი წარმოიდგინა. რა არის ეს? – ფანტაზია თუ მეხსიერება? – ობიექტურად თუ შევხედავთ, შავი გედის წარმოდგენა ფანტაზიად ვერ ჩაითვლება, რადგან შავი გედი სინამდვილეში მართლაც არსებობს, თუმცა მოცემულ მაგალითში ადამიანს არასდროს უნახავს შავი გედი, არც კი გაუგონია მისი არსებობის შესახებ. მაშასადამე, მან თვითონ შექმნა შავი გედის ხატი და ამდენად, ეს არა მეხსიერების, არამედ ფანტაზიის მუშაობაა. აქედან დასკვნა: ჩვენ ის კი არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, თუ წარმოდგენის საგანი ობიექტურად არსებობს თუ არ არსებობს, არამედ ის, ახალია ის თუ არა წარმოსახვის სუბიექტისთვის, ჰქონია თუ არა მას ეს საგანი როდესმე განცდილი.

ფანტაზია არა მარტო ცალკეული ხატების შექმნაში ვლინდება, არამედ უხშირესად ის მთელ სიუჟეტებს ქმნის, წარმოდგენების მთლიან და ურთიერთდაკავშირებულ სურათებს. მეხსიერების და ფანტაზიის განსხვავება აქაც იგივეა: მეხსიერება რეპროდუქციაა, ხოლო ფანტაზია – პროდუქცია.

ზოგჯერ ფანტაზია სუსტი და უსახურია, რომელიც ობიექტური სინამდვილის ფარგლებს ვერ სცილდება და მისი პროდუქტი თვითონ ფანტაზიის სუბიექტისთვის თუა ღირებული, დანარჩენ საზოგადოებას ის ბევრს ვერაფერს ეუბნება. ასეთ ფანტაზიას რეპროდუქციულ ფანტაზიასაც უწოდებენ. თუმცა არის სხვაგვარი ფანტაზიაც, რომელიც მართლაც ახალ საგნებს, ახალ სინამდვილეს ქმნის. ეს პროდუქციული ანუ შემოქმედებითი ფანტაზიაა. იმის მიუხედავად, რომ რეპროდუქციული ფანტაზიის ღირებულება დაბალია და  მხოლოდ მეხსიერებაში არსებული გამოცდილების მოდიფიკაცია-შევსება-დასრულებაა, ის მაინც ფანტაზიაა, რამდენადაც სუბიექტის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტია.

რატომ მიმართავს ადამიანი ფანტაზიას? რა არის მიზეზი იმის, რომ ვწყდებით სინამდვილეს და არარეალურ სამყაროს ვაგებთ? რა არის მიზეზი იმის, რომ ზურგს ვაქცევთ არსებულ ვითარებას და არარსებულ სიტუაციას წარმოვისახავთ?  – ობიექტურ რეალობას თავისი, ჩვენგან დამოუკიდებელი, არსებობა აქვს და ის საკუთარ მკაცრ კანონზომიერებებს ექვემდებარება, რომელიც ჩვენს სურვილებს და მოთხოვნილებებს ანგარიშს არ უწევს. ამის გამო ხშირად ჩვენი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება; გვიჩნდება იმპულსი – თუ არსებული სინამდვილე ჩემს მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, თვითონ შევქმნი სინამდვილეს, რომელიც მათ დამიკმაყოფილებს.

ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ჩვენი ფანტაზიის მუშაობას ჩვენივე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებიდან მომდინარე ენერგია უდევს საფუძვლად. როცა ძლიერი მოთხოვნილება გვაქვს, რომლის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ, მაშინ მისი საგნის წარმოდგენა გვიჩნდება: დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება წარმოსახვის ანუ ფანტაზიის აქტუალიზებას განაპირობებს. განწყობის თეორიაც მსგავს ახსნას უძებნის ფანტაზიის მიზეზს: ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალგვარი მოთხოვნილების ნიადაგზე არაერთი განწყობა გვიჩნდება, რომელთა სრულად რეალიზებას მოკლებულნი ვართ. ამ არარეალიზებული განწყობების რეალიზაციისკენ სწრაფვაა ფანტაზია: ჩვენი არარეალიზებული განწყობები სწორედ ფანტაზიაში პოულობენ რეალიზაციისთვის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.

ადამიანს ბევრი მოთხოვნილება აქვს ისეთი, რისი სრული გამოვლენის და დაკმაყოფილების საშუალება არსებულ სინამდვილეში არ ეძლევა. ის აქტიური არსებაა და საკუთარი არსის სრული გამოვლენისკენ ისწრაფის. სწორედ ფანტაზიაა ის ფუნქცია, რომელიც არა ობიექტურ, არამედ ფსიქიკურ სინამდვილეში აძლევს ამის შესაძლებლობას.

განარჩევენ ფანტაზიის ორ სახეს: პასიურ ფანტაზიას და აქტიურ ფანტაზიას.

პასიური ფანტაზია

როცა ფანტაზია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დინებაში მონაწილებს, მას პასიური ფანტაზია ეწოდება. ამ შემთხვევაში ფანტაზიის მუშაობა ავტონომიურია, უნებურია – ნებელობის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება. მეტიც, ის ზოგჯერ წინააღმდეგობასაც კი უწევს ჩვენს განზრახვებს, ხელს უშლის ობიექტური სინამდვილის საჭიროებებს და მიზნებს. არ არსებობს ადამიანის აქტივობის არც ერთი მნიშვნელოვანი სახე, რომელშიც ფანტაზია არ ერეოდეს და მის მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენდეს. ფანტაზია ახერხებს ჩარევას ისეთ რეალისტურ ფუნქციაშიც კი, როგორიც აღქმაა და ცვლილების შეტანას სინამდვილის სურათში. ეს ცვლილებები შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში თვალსაჩინოა და ზოგჯერ ფანტაზია აღქმის სრულ მოდიფიკაციას განაპირობებს. აღქმის სრულ მოდიფიკაციას, პირველ რიგში, ილუზიების შემთხვევაში აქვს ადგილი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ილუზია არ არის ფანტაზიის პროდუქტი. არის ილუზიები, რომლებსაც სულ სხვა – ფიზიოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური – საფუძველი აქვთ და ამის მაგალითი ოპტიკური ილუზიებია.

საკმარისია, რომ რამდენიმე ადამიანს ერთი და იმავე ობიექტის აღწერა ვთხოვოთ, დავრწმუნდებით იმაში, რომ აღქმის დეტალები ინდივიდუალურად განსხვავდება. სავსებით ერთნაირად ჩვენ არაფერს აღვიქვამთ. ფსიქოლოგიას ამ ფაქტის ასახსნელად აპერცეფციის ცნება შემოაქვს. აპერცეფციის კონცეფციის მიხედვით, აღქმაში მარტო შეგრძნებები არ შედის, არამედ – წარმოდგენებიც და სწორედ ამიტომ არის ერთი და იგივე ობიექტის აღქმა ასეთი ინდივიდუალური: ყველა ჩვენგანს აღქმის შინაარსში საკუთარი, განსხვავებული, წარმოდგენები შეგვაქვს.

კიდევ უფრო ხშირია ფანტაზიის ჩარევა მეხსიერების მუშაობის პროცესში. ეს ახსნადიცაა, რადგან მეხსიერება უშუალო სინამდვილეს როდი შეეხება, არამედ – წარსულს, ის წარსულის ასახვაა. წარსული სინამდვილე კი უფრო შორსაა, ვიდრე არსებული სინამდვილე და ეს კიდევ უფრო დიდ გზას უხსნის ფანტაზიას. ამიტომაც გასაგებია ის, რომ აღქმის შინაარსში ისე ადვილად ვერ შეიტან სუბიექტურ მომენტებს, როგორც – მეხსიერების შინაარსში. აღქმის შემთხვევაში თვითონ სინამდვილეა მაკონტროლებელი, ხოლო მეხსიერების შემთხვევაში კი სუბიქტის დარწმუნებულობა, რომ მისი მოგონება სწორია.

პასიური ფანტაზიის გამოხატულებაა ოცნება და სიზმარი. როცა ადამიანი ზურგს აქცევს სინამდვილეს, როცა მას სინამდვილესთან ურთიერთობა აღარ სურს, მაშინ ფანტაზიას არაფერი უშლის ხელს სრულად გაიშალოს. ეს განსაკუთრებული სისრულით ძილში ხდება, როცა საქმე გვაქვს ფანტაზიის დასრულებულ სახესთან – სიზმართან. სიზმარი თავიდან ბოლომდე ფანტაზიის შეუფერხებელი გამოვლინებაა. ფანტაზიის თავისუფალი მუშაობა ცხადშიც ხდება და ამ დროს ის არაფრით განსხვავდება სიზმრისგან, მხედველობაში გვაქვს ოცნება. ოცნება სპეციფიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს  ფხიზელ ფსიქიკის მდგომარეობაში აღეძრება და ის მუდამ მზადაა, რომ ობიექტური რეალობის ასახვაზე მიმართული ფუნქციების ადგილი დაიკავოს.

რატომ ვოცნებობთ? – ჩვენი ცხოვრება და სინამდვილესთან ყოველდღიური, აქტიური ურთიერთობა და პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა ჩვენი ძალების მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ქონას მოითხოვს. მოითხოვს, რომ გამუდმებით ჩართული იყოს ჩვენი აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, ნებელობა, მოქმედება. მუდმივად ასეთი დაძაბულობა ადვილი არა არის. ძალების ასეთი კონცენტრირება დამღლელია, დამქანცველია და მოვადუნებთ თუ არა ამ აქტიური ძალების მოქმედებას, მყისვე ჩვენი ფანტაზია ამუშავდება. ფანტაზია დამოუკიდებელ ფუნქციონირებას იწყებს და დამოუკიდებელ პროდუქტებს ქმნის. ამ პროდუქტებს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ჩვენი ყოფითი ამოცანა შეადგენდა. ფსიქიკა ავტონომიურ, აქტიურ და უწესრიგო მოძრაობის რეჟიმზე გადადის და ჩვენ ოცნებას ვიწყებთ.

ოცნების არსებითი ნიშანი არის ის, რომ მისი შინაარსი ეგოცენტრულია. რაც უფრო ძლიერია ჩვენი სურვილი და რაც უფრო მცირეა არსებულ სინამდვილეში მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მით უფრო ადვილად ვიწყებთ ოცნებას. არაფერს იმდენი კავშირი არ აქვს ჩვენს განუხორციელებელ სურვილებთან, რამდენიც ოცნებას. საინტერესოა ერთი პარადოქსი: ოცნების შინაარსში მარტო სურვილის დაკმაყოფილების ხატები კი არ გვეძლევა, არამედ ზოგჯერ მისი საწინააღმდეგოც. გაიხსენეთ, ის, რისიც გვეშინია, შეიძლება ოცნებაში მოვიყვანოთ სისრულეში. ძნელად ასახსნელია, რატომ მიმართავს ჩვენი ოცნება იმას, რაც ჩვენს ინტერესში არ შედის, რატომ იწვევს ასეთი სურათები ჩვენში დაკმაყოფილებას. ფსიქოანალიზი ფიქრობს, რომ ჩვენი შიში სინამდვილეში ჩვენს ფარულ სურვილებს გამოხატავს და ამდენად ოცნებაში იმის ასრულება, რისიც გვეშინია, ამ ფარული სურვილის ასრულებაა. ზოგიერთი მკვლევარი კი თვლის, რომ ადამიანი საკუთარი მდგომარეობის გაურკვევლობას ვერ იტანს და ამიტომ გამუდმებულ შიშს, რომ ვაითუ ეს მოხდეს, ამჯობინებს, რომ ბარემ მართლა მოხდეს ის, რისიც მას ასე ეშინია, რადგან ზოგჯერ შიში უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ის, რისიც გეშინია. განწყობის თეორია სხვა კუთხიდან უყურებს ამ საკითხს: ოცნების აზრი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ის აუცილებლად სუბიექტის გარკვეულ მიზანს ემსახურება, არამედ საქმე სხვაგვარადაა: სუბიექტს გარკვეულ პირობებში, გარკვეული მოვლენის მიმართ, უარყოფითი განწყობა უჩნდება, რომელიც ემოციურად შიშის სახით განიცდება და რომელსაც რეალიზაცია სჭირდება და რადგანაც ეს არსებულ სინამდვილეში ვერ ხერხდება, განხორციელებას ოცნებაში პოულობს.

რაც შეეხება სიზმარს, აქ ფანტაზიის მუშაობა კიდევ უფრო დასრულებულ სახეს იძენს. თუკი ოცნების შემთხვევაში სინამდვილესთან იმ მხრივ მაინც გვაქვს საქმე, რომ იძულებულნი ვართ, მის კანონებს გავუწიოთ ანგარიში, სიზმარში ეს დაბრკოლება მოხსნილია. აქ ფანტაზია აბსოლუტურად სუვერენულია. რაგინდ აბსურდული, რაგინდ უაზრო არ უნდა იყოს მოვლენა თუ საგანი, სიზმარში ყველაფერი შესაძლებელი ხდება. მეტიც, ყველაზე უფრო საინტერესო, რაც სიზმრის ცნობიერებისთვის არის დამახასიათებელი არის ის, რომ ყველანაირი აბსურდი სიზმარში განიცდება არა, როგორც შესაძლებელი, არამედ როგორც – სინამდვილე. სიზმარში ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ ფანტაზიას ვამუშავებთ.

სიზმარში შექმნილ ფანტასტიკურ სინამდვილეს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს:

  1. დროის და სივრცის მოცემულობა: სიზმრის სინამდვილე არც დროის მიხედვით გავს რეალურ სინამდვილეს და არც სივრცის მიხედვით;
  2. საგნის და შინაარსის არათანხვედრა: სიზმარში აღმოცენებული წარმოდგენები ჩვეულებრივი წარმოდგენებია, მაგრამ შეიძლება სიზმარში ვხედავდეთ ერთ საგანს და ვგულისხმობდეს სხვას. მაგალითად, სიზმარში ხეს ხედავდე, მაგრამ მასში ადამიანს გულისხმობდე: „ხე იყო, მაგრამ ადამიანი იყო“.
  3. ემოციური არათანხვედრა: სიზმრის შინაარსი შეიძლება საპირისპირო ან არაადექვატურ ემოციას უკავშირდებოდეს. მაგალითად, სიზმარში რაღაც ძლიერ სამწუხაროს ხედავდე, მაგრამ სიამოვნებას გრძნობდე ან გულგრილობას ან სრულ სიმშვიდეს.
  4. საგნები და მოვლენების მათი არსებითი ნიშნების გარეშე განცდა. მაგალითად, სიზმარში ფეხშიშველი დადიხარ თოვლში, მაგრამ თოვლი ცივი არ არის.
  5. სიზმრის ცნობიერი გადაჭარბებულია. ვის არ გვინახავს სიზმარში არაჩვეულებრივი სიდიდის ადამიანი ან პირიქით მინიატურული სიდიდის ადამიანი. თანაც ეს არავითარ უხერხულობას ან გაკვირვებას არ იწვევს სიზმრის ცნობიერებაში.

ჩამოთვლილი მიუთითებს, რომ სიზმრის სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თანაც სიზმრის სუბიექტი ამას შესაძლებელს კი არა, სინამდვილედ თვლის. კრიტიკის უნარი სიზმარში დათრგუნულია.

რა არის სიზმრის მასალა? – სიზმრის ცნობიერების მთელ მასალას ჩვენი წარმოდგენები შეადგენს. აღმოჩნდა, რომ სიზმარში განსაკუთრებით ხშირად მხედველობითი წარმოდგენები მონაწილეობენ. ამიტომაც ვეძახით ალბათ ამ პროცესს „სიზმრის ნახვას“. ზოგიერთი კვლევის მიხედვით შესწავლილ სიზმართა 93% მხედველობით წარმოდგენებს შეიცავდა, სმენითი წარმოდგენები 73%-ში იყოს, შეხებითი წარმოდგენები – 16%-ში, კინესთეტური -18%-ში, სუნის და გემოს წარმოდგენები – 3%-ში, ტკივილის წარმოდგენები კი უკიდურესად იშვიათად. მხედველობითი წარმოდგენები არა მხოლოდ რაოდენობრივად სჭარბობს ყველა სხვა წარმოდგენებს, არამედ სიცხოველითაც. ამ მხრივ მასთან ვერც ერთი სხვა მოდალობის წარმოდგენა ვერ მივა.

რაც შეეხება სიზმრის წარმოდგენათა შინაარს, ისინი შეიძლება იყოს ფანტასტიკური შინაარსის ან განცდილის რეპროდუქციას წარმოადგენდეს, თუმცა ეს რეპროდუქცია, როგორც წესი, უცვლელი სახით კი გვესიზმრება, არამედ საკმაოდ თვალსაჩინოდ  არის შეცვლილი.

სარგებლობს თუ არა სიზმრის ფანტაზია სხვა მასალით, ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ სიზმარში ყოველგვარი ფსიქიკური მასალა გვხვდება, ზოგიც ამას ეწინააღმდეგება და თვლის, რომ აქტიური ფსიქიკური განცდები, აზროვნება და ნებელობა სიზმრის ცნობიერისთვის უცხოა. მხოლოდ გრძნობების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ სუბიექტი არა მხოლოდ სიზმარს ხედავს საკუთარი გრძნობების შესახებ, არამედ განიცდის მათ სიზმარში. ამდენად, ძილში აქტუალურად მხოლოდ წარმოდგენები და გრძნობები გვაქვს. სიზმარში შეიძლება მოაზროვნე და ნებელობით მოქმედი ადამიანი იყოს წარმოდგენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს თვითონ სიზმრის სუბიექტი აზროვნებს ან ნებელობით მოქმედებს; სუბიექტის აზროვნება და ნებელობა მასში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს.

მონაწილეობს თუ არა სიზმარში შეგრძნებები ან აღქმები? ძილში ადამიანი აბსულუტურად მოწყვეტილი არ არის ობიექტურ სინამდვილეს, მასზე მოქმედებს ობიექტური რეალობა: გარეგანიც და შინაგანიც. მართალია ძილის დროს გაღიზიანებადობა მინიმუმზეა დაყვანილი, თუმცა სრულად აღკვეთილი არ არის. ამის მაგალითია ის, რომ ძილშიც კი ვრეაგირებთ ისეთ შინაგან სიგნალზე, როგორიც შარდის ბუშტის გადავსებაა ან ვრეაგირებთ რაიმე გარე სიგნალზე.

საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ვოლდმა. ის ცდისპირებზე ძილის დროს სხვადასხვა გამღიზიანებლით მოქმედებდა და შემდეგ სიზმრების შინაარსს სწავლობდა. აღმოჩნდა, რომ გაღიზიანება თითქმის ყოველთვის ახდენდა გავლენას სიზმარზე, მაგრამ უხშირესად პირდაპირი სახით არ შედიოდა სიზმრის შინაარსში, არამედ – გადამუშავებული სახით და ზოგჯერ ისე, რომ მისი ცნობაც კი ძნელი იყო. მაშასადამე, ძილის დროს გარე გაღიზიანების მოქმედების შედეგად ჩვენ შეგრძნებები გვიჩნდება, რომლებიც რაკიღა ფხიზელი ცნობიერება მიძინებულია, აღქმის სახით კი არ გვეძლევა, არამედ მას სიზმრის ცნობიერი იყენებს. მაგალითად, ძილის დროს გარედან შემოსული ძაღლის ყეფა სიზმრის ცნობიერმა შეიძლება ადამიანის ყვირილად აქციოს.

აქტიური ფანტაზია

როგორც ზემოთ განვმარტეთ, ოცნებასა და სიზმარში ფანტაზია თავისუფლად მუშაობს, თუმცა – ჩვენი აქტიური ჩარევის გარეშე და ამდენად, პასიური ფანტაზია ავტონომიურია. ადამიანი ნებელობის მქონე არსებაა, ის არა მხოლოდ ქცევის სუბიექტია, არამედ – შემოქმედებისაც. მას არა მარტო წარმოდგენა შეუძლია იმის, რაც ჯერ კიდევ არ არის სინამდვილე, არამედ ამ წარმოდგენის განხორციელებაც ანუ შემოქმედებითი ობიექტივაცია. ადამიანი ოცნებით და სიზმრით არ კმაყოფილდება და ფანტაზიის პროდუქტების შემოქმედებით ობიექტივაციას მიმართავს. როგორც კი ფანტაზია ნებელობითი ხდება, ხელოვნურ ნაწარმოებთა შემოქმედებას იწყებს და ამით ის აქტიურ ფანტაზიად იქცევა. აქტიური ფანტაზია შემოქმედებითი ფანტაზიაა.

შემოქმედებითი ფანტაზიის მუშაობისას ადამიანის მიზანს ობიექტური პროდუქტის შექმნა წარმოადგენს. იგივე ხდება შრომის პროცესშიც, თუმცა განსხვავება არსებითია: შრომაში აქტივობის სახეს ეს ობიექტური პროდუქტი განსაზღვრავს: მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეს პროდუქტია საჭირო და ადამიანიც იმ აქტივობას ახორციელებს, რომელიც ამ პროდუქტის შესაქმნელადაა მიზანშეწონილი. სულ სხვაგვარადაა საქმე შემოქმედებაში: აქ სუბიექტს საკუთარი ძალების გარკვეული მიმართულებით ამოქმედება ამოძრავებს – გარკვეული განწყობა გარე გამოვლენას ესწრაფის და აქ პროდუქტი კი არ განსაზღვრავს აქტივობას, არამედ პირიქით, აქტივობა განსაზღვრავს პროდუქტს, როგორც თავის ობიექტურ განსახიერებას.

მხატვრული შემოქმედების ტენდენცია, ისე როგორც საერთოდ ფანტაზიის, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველგან, სადაც კი შესაძლებელია იჩენს თავს. ყველაფერი, რაც კი ჩვენი ხელიდან გამოდის, ამ ტენდენციის მტარებელია. ამიტომ ის საგნები, რომელთაც პრაქტიკული მიზნებისთვის ვამზადებთ, მაგალითად, ჭურჭელი, ავეჯი, ტანისამოსი და სხვა, არა მარტო დანიშნულების თვისებებს შეიცავს, არამედ ისეთებსაც, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო დანიშნულებასთან. მაგალითად, რაში სჭირდება თეფშს მხატვრული გაფორმება იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც მას აკისრია. ან რაში სჭირდება ავეჯს მოჩუქურთმება იმ ფუნქციების შესასრულებლად, რაც მას აკისრია. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ჩვენს ესთეტურ მოთხოვნილებებზე და ამიტომ ყველაფერს, რაც კი ჩვენი ხელიდან გამოდის მხატვრული შემოქმედების დაღი აქვს. ფანტაზია აქაც ისე მუშაობს, როგორც სხვა შემთხვევაში: როცა რაიმე პრაქტიკული დანიშნულების საგანს წარმოვიდგენთ, მის მიმართ გარკვეული განწყობა გვიჩნდება და ეს განწყობა თავის რეალიზაციას მხოლოდ საგნის პრაქტიკულ ნიშნებში კი არ პოულობს, არამედ ისეთ მახასიათებლებშიც, რაც ფანტაზიის სტიმულაციას იწვევს.

რა მასალით სარგებლობს მხატვრული შემოქმედება? – საყოველთაოდ ცნობილია ის დიდი როლი, რასაც ხელოვნებაში ჩვენი გრძნობათა ორგანოები ასრულებენ. ამ მხრივ პირველ ადგილზე მხედველობითი და სმენითი აპერცეფციაა. სხვა ფსიქიკური მასალიდან მხატვრული შემოქმედება გრძნობებს იყენებს. თუ მხედველობაში მივიღებთ რა დიდია კავშირი ჩვენს ემოციებსა და ჩვენს განწყობებს შორის, მაშინ ცხადი გახდება ემოციური ცხოვრების განსაკუთრებული მნიშვნელობა მხატვრული შემოქმედებისთვის. შემოქმედებით პროცესში რამდენიმე საფეხურს განარჩევენ:

შემოქმედებითი პროცესის პირველი საფეხური: მასალის დაგროვება. ეს იქამდე იწყება, სანამ მხატვრული ნაწარმოების იდეა ჩაისახებოდეს. მასალა განწყობას უყალიბებს შემოქმედს.

შემოქმედებითი პროცესის მეორე საფეხური: მომავალი ნაწარმოების იდეის დაბადება. ამ საფეხურზე თითქოს სპონტანურად, ნებელობისა და ინტელექტის ჩარევის გარეშე, სრულიად არაცნობიერად ისახება მომავალი მხატვრული ნაწარმოების იდეა. ამ მდგომარეობას ჩვენ ინსპირაციას ანუ შთაგონებას ვუწოდებთ.

შემოქმედებითი პროცესის მესამე საფეხური: მხატვრული ნაწარმოების კონცეფციის განხორციელება. ეს საფეხური სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ზოგიერთ ხელოვანს სჭირდება, რომ ხანგრძლივმა დრომ განვლოს ინსპირაციის შემდეგ, რათა საქმეს ხელი მოჰკიდოს. ზოგიერთი ხელოვანი ბევრ და დაძაბულ შრომას დებს ამ საფეხურზე. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა შემოქმედებით ტექნიკას ენიჭება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საფეხური ინტენსიურ და სისტემატიზებულ შრომას მოითხოვს, რომელშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნებელობა და ინტელექტუალური აქტები.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top