შუახნის ასაკად განისაზღვრება 40-65 წელი.
შუახნის ასაკთან დაკავშირებით ფსიქოლოგების აზრი იყოფა. მკვლევართა ერთი ნაწილი შუახნის ასაკის თავისებურებებს „შუახნის ასაკის კრიზისს“ უწოდებს, მეორე ნაწილი კი მათ ნორმალურ გარდამავალ ასაკობრივ პროცესს მიაკუთვნებს.
კრიზისის მოდელის მიმდევრები თვლიან, რომ შუახნის ასაკი ადამიანის მიერ განიცდება, როგორც საკუთარი შესაძლებლობების წარსულში დატოვებისა და იმედების მსხვრევის პერიოდი. კრიზისის მოდელის მიხედვით, შუახნის ასაკის ადამიანი, აფასებს რა განვლილ გზას, სვამს შეკითხვას: „ღირდა კი ეს ყველაფერი ძალისხმევად?“ ის ფიქრობს, რომ შესაძლებლობები ცოტაღა დარჩენია და ეჭვქვეშ აყენებს საკუთარი ცხოვრების ყველა მხარეს: სამსახურს, ოჯახს, ურთიერთობებს.
გარდამავალი ასაკის მოდელის მიმდევრების აზრით, შუახნის ასაკი მნიშვნელოვანი მოვლენების ერთობლიობაა, რამაც შეიძლება განაპირობოს გარკვეული სირთულეები როგორც ფსიქოლოგიურ, ისე სოციალურ პლანში, თუმცა ადამიანების უმრავლესობისთვის ეს მოვლენები განჭვრეტადია; უმრავლესობა წარმატებით ართმევს თავს აღნიშნულ სირთულეებს, აცნობიერებს, რომ ასაკობრივი ცვლილებები გარდაუვალია, ეგუება მათ და შესწევს უნარი დაისახოს მიზნები და გეგმები. ამდენად, შუახნის ასაკის თავისებურების აღსაწერად „კრიზისი“ გადაჭარბებული სახელდებაა.
და მაინც, შუახნის ასაკის ადამიანების 10-20% უჩივის ისეთ განცდებს, ფიქრებსა და ქცევით ტენდენციებს, რომლებიც აქამდე მათთვის უცხო იყო და თან ამ ყოველივეს ისეთი ინტენსივობით განიცდის, რომ შეიძლება „კრიზისიც“ მივუსადაგოთ. ამის მიუხედავად, მოდი, უარი ვთქვათ ისეთ სტიგმაზე, როგორიც „შუახნის ასაკის კრიზისია“ და ვისაუბროთ გამოწვევებზე, რის წინაშეც შეიძლება შუახნის ასაკში დავდგეთ. ნაცვლად კრიზისისა, მართებული იქნება შუახნის ასაკის სტრესორებზე საუბარი, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები, უსიამოვნო სუბიექტური მდგომარეობა, რაც კონკრეტული სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს. სიმპტომების ხასიათი და ინტენსივობა ინდივიდუალურია.
შუახსნის ასაკის შესაძლო სიმპტომები
ა) სევდა და სინანული. შეიძლება გაწუხებს ფიქრი, რომ არ გამოიყენე შენი შესაძლებლობები, გაფლანგე დრო, ძალისხმევა ჩადე იმ საქმეში თუ ურთიერთობაში, რაც ამდენს არ იმსახურებდა. ამ ფიქრებმა შეიძლება ისე მოგიცვეს, რომ დაკარგე შენი აქამდე განვლილი ცხოვრების წარმატებული, საამაყო და სიხარულის მომტანი მომენტების დანახვისა და განცდის უნარი.
ბ) დაუკმაყოფილებლობა და მეოცნებეობა. შეიძლება მოსაწყენად და უსარგებლოდ გეჩვენება შენი ყოველდღიური ცხოვრება, სამსახური თუ სხვა პასუხისმგებლობები და ამ დაუკმაყოფილებლობის დასაძლევად ოცნებას მიმართავ, წარმოისახავ როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება სხვა პროფესია რომ აგერჩიათ თუ სხვა პარტნიორი რომ გყოლოდა. სინამდვილეში ასეთი ოცნებები ვერაფერს არგებს დაუკმაყოფილებლობის განცდას, მეტიც, ის ცხოვრებისეულ სინამდვილეზე, მის გამოწვევებსა თუ მიღწევებზე კონცენტრირებას გიმცირებს, გწყვეტს რეალობას.
გ) გაღიზიანებულობა. შეიძლება საკუთარ თავს ბრაზის შეტევები შენიშნო. ასეთ ბრაზს განვლილი ცხოვრების გამო სინანული და იმის განცდა აღძრავს, რომ იმდროინდელმა გადაწყვეტილებებმა თქვენი შესაძლებლობები და ბედნიერება იმსხვერპლა. შეიძლება შენიშნო, რომ ადვილად ღიზიანდები. პატარა რამეზე უბრაზდები მეუღლეს, შვილებს, ხანდაზმულ მშობლებს, ახლობლებს.
დ) ნოსტალგია. იმის ნაცვლად, რომ შენი ყურადღება ამჟამინდელი ცხოვრების, ახლანდელი ურთიერთობების სიკეთეებისკენ მიმართო, აიდიალებ წარსული ცხოვრების მომენტებს, წარსულ ურთიერთობებს. ხშირად იგონებ, რა კარგ ფორმაში იყავი მაშინ, რა კარგი სამეგობრო გყავდა, რამხელა სანაცნობო წრე და ა.შ.
ე) იმპულსური და დაუდევარი ქცევა. შემაწუხებელი განცდების დასაძლევად შეიძლება მიმართავ რისკიან ქცევებს, როგორებიცაა გაუაზრებელი და მსხვილი ხარჯების გაწევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ჭარბი კვება. იცოდე, ეს ქცევები ვერაფერში გეხმარებიან, პირიქით – შენს ჯანმრთელობას აზიანებენ.
ვ) სქესობრივი ლტოლვის ცვლილება. შეიძლება შენიშნო ცვლილება შენს სქესობრივ ინტერესში. შენიშნო, რომ სქესობრივი ლტოლვა გაგიძლიერდა ან პირიქით – დაგიქვეითდა. გაწუხებს ეჭვები პარტნიორთან მიმართებით – ხომ არ გადაგიყვარა, ხომ არ გღალატობს; ან თვითონ ფიქრობ სხვასთან ურთიერთობაზე, ფიქრობ ან ცდილობ კიდეც ახალგაზრდა პარტნიორთან შეხვედრას, რითაც არაცნობიერად საკუთარ ახალგაზრდობას ებღაუჭები და სიბერის მოახლოვების გარდაუვალობას ეწინააღმდეგები.
ზ) ამბიციების ცვლილება. შეიძლება გიჩნდება სურვილი რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება, გადახვიდე საცხოვრებლად ახალ ადგილას, შეიძინო ახალი სახლი, დაიკავო ახალი პოსტი სამსახურში და ა.შ. ეს „წარსულში გაშვებული შანსის“ კომპენსაციაა. შეიძლება საპირისპიროს გრძნობდე: მოტივაცია არ გაქვს, ახალი მიზნების მიღწევა არ გსურს, რადგან ეჭვქვეშ აყენებ ამ მიზნების და ზოგადად, ცხოვრების აზრს.
ჩამოთვლილი სიმპტომები დეპრესიისთვის დამახასიათებელი ჩივილების მსგავსია. მნიშვნელოვანია, რომ შუახნის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები არ აგვერიოს დეპრესიაში.
შუახნის ასაკის სტრესორები
ა) ფიზიკური ცვლილებები
- ადამიანი ხედავს იმ ცვლილებებს, რომელიც მისმა გარეგნობამ განიცადა: ჭაღარავდება, მიმიკური ნაოჭები ეკვეთება, სხეულის ფორმები ეცვლება.
- ადამიანი აღარ გრძნობს ენერგიის ისეთ მოზღვავებას, როგორც – ახალგაზრდობაში.
- ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული ცვლილებებია: სახსრების, სისხლძარღვების, არტერიული წნევის მდგომარეობა და სხვა.
- ქალებში იწყება მენოპაუზა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობილების მერყეობა.
- მამაკაცებში მცირდება ტესტოსტერონი, რაც განაპირობებს გუნება-განწყობილების დაქვეითებას, სქესობრივი ლტოლვის შემცირებას, ერექციულ დისფუნქციას, ძილის დარღვევას.
ბ) ოჯახური ცვლილებები
- შუახნის ასაკის მშობელს შეიძლება განუვითრდეს ე.წ. დაცარიელებული ბუდის სინდრომი: შვილები გაიზარდნენ, დატოვეს მშობლების სახლი და დამოუკიდებლად ცხოვრობა დაიწყეს. მშობელს შეიძლება დაეუფლოს მარტოობის და სიცარიელის განცდა, მას ხელიდან ეცლება მშობლის როლი, ამიერიდან ყურადღება უნდა მიმართოს საკუთარ თავზე, რაც ადვილი სულაც არ ყოფილა.
- შუახნის ასაკის ადამიანის მშობლები დაბერდნენ, ავადმყოფობენ, განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ. ეს ფიზიკური და ემოციური სტრესია. მშობლების გარდაცვალება კი მძიმე განცდებს აღძრავს.
- შუახნის ასაკში განქორწინების შემთხვევები ართუ ხშირია, თუმცა განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდება.
გ) კარიერის ცვლილებები
- შუახნის ასაკის ადამიანი შეიძლება ცდილობდეს, წინ წაიწიოს კარიერულ საფეხურზე იმის მიუხედავად, რომ გრძნობს, ახალი პასუხისმგებლობა ახალი სტრესია.
- ზოგიერთი შუახნის ასაკის ადამიანი კი პირიქით, გრძნობს, რომ მისი კარიერა ჩიხში შევიდა, ყოველდღიური სამუშაო რუტინა შრომით კმაყოფილებას არ ანიჭებს.
- შუახნის ასაკის ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ საპენსიო ასაკი შორს არ არის და რომ ერთ დღეს სამსახურიდან უნდა წავიდეს.
დ) ფინანსური ცვლილებები
- ზემოთხსენებული ცვლილებები აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე.
- კარიერული ცვლილებები ახლებურ ფინანსურ გაანგარიშებას მოითხოვს.
- ხარჯები იზრდება ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვის კვალდაკვალ.
- სამსახურის დაკარგვა ფინანსურ პრობლემებს აჩენს.
- შვილების ფინანსური პრობლემები და მათი დახმარების აუცილებლობა მნიშვნელოვანი სტრესია; იზრდება წუხილი შვილების ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
როგორ გავუმკლავდეთ შუახნის ასაკის ფსიქოლოგიურ სირთულეებს
რჩევა 1. გააცნობიერე და მიიღე ცვლილებები
- თვალი გაუსწორე, გააცნობიერე და მიიღე ის შეუქცევადი ცვლილებები, რომლებიც ასაკს მოაქვს. ასეთი შემგუებლობა დაგეხმარება ემოციური მდგრადობის მოპოვებაში, საზრისების წვდომასა და მიზნების დასახვაში.
- აღიარე შენი განცდები. არ გაექცე მათ, არ დათრგუნო ისინი, არ მიმართო თავდავიწყების სარისკო ქცევებს, როგორებიცაა ალკოჰოლის და ნივთიერებების მოხმარება, აზარტული თამაშები, სახიფათო გართობა და სხვა. ისინი კიდევ უფრო გაგიზრდიან სტრესს. გაუზიარე შენი განცდები სანდო ადამიანებს, მიმართე პროფესიონალს. იმის ნაცვლად, რომ ჩაკლა საკუთარი განცდები, თვალი გაუსწორე მათ. მეტიც, აწარმოე შენი განცდების და ფიქრების დღიური, ჩაიწერე ისინი.
- გააცნობიერე და მიიღე ის გარემოებები, რომლებიც შენს კონტროლს არ ექვემდებარება. მაგალითად, შენ ვერ შეაჩერებ შენი მშობლების დაბერების, მათი შესაძლებლობების შეზღუდვის პროცესს. უბრალოდ მიიღე ასეთი მოცემულობები. ხოლო თუ ისეთი ვითარება გსტრესავს, რომლის შეცვლაც შეგიძლია, მაშინ დასვი შეკითხვა: “რა შეიძლება გავაკეთო ამ სიტუაციის შესაცვლელად?” და დასახე მოქმედების გეგმა. გაუსწორე თვალი იმას, რომ გარკვეულ შესაძლებლობებში შეზღუდული ხარ და დაავიწროვე აქტივობის არეალი იმ გარემოებებამდე, რომლებიც შენი კონტროლის ქვეშაა. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ იდარდო შენი უკვე ზრდასრული და დამოუკიდებელი შვილების საცხოვრებლად ცალკე გადასვლაზე, დასახე მათი ამგვარი დამოუკიდებლობის ფარგლებში მათთან თქვენი ურთიერთობის ფორმა და ციკლი.
- გაიმარტივე ახალ სიტუაციებში მოქმედება. შენ საკმარისი გამოცდილება გაქვს იმისთვის, რომ გაუმკლავდე ცვლილებებსაც და ახალ როლებსაც. დაუთმე დრო გეგმების დასახვას და დიდი გამოწვევების პატარა პრაქტიკულ ნაბიჯებზე დაყვანას. მაგალითად, დგახარ მოხუცი მშობლის მოვლის ამოცანის წინაშე. დაიწყე იმით, რომ შეადგინე სია, თუ რა აუცილებლობები და რა თანმიმდევრობით გჭირდება ამ ამოცანის სათანადოდ შესასრულებლად. როგორც კი ასეთი აუცილებლობების განხორციელებას მიეჩვევი, შეძლებ გააფართოო აქტივობის სიაც და გეგმაც.
რჩევა 2. იქონიე მიზანი
ისეთმა გარემოებებმა, როგორებიცაა სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, მშობლების გარდაცვალება, შვილის სახლიდან წასვლა, შეიძლება საზრისის გარეშე დაგტოვოს. შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა, შენი საუკეთესო დრო წარსულში დარჩა. გათავისუფლდი ასეთი სტერეოტიპისგან, მიჰყევი ქვემორე რჩევას და შენ გექნება მიზანი:
- მოსინჯე რაღაც ახალი. წაივარჯიშე რაიმე ახალ ჰობიში, მაგალითად, ფოტოგრაფიაში, მხატვრულ წერაში, მებაღეობაში, ხელსაქმეში და სხვა. ეს დაგეხმარება: ა) შეინარჩუნო თავის ტვინი კარგ ფორმაში; ბ) გაიფართოო ინტერესი; გ) გაიფართოო ურთიერთობის წრე.
- აღმოაჩინე ახალი ადგილები და ახალი შთაბეჭდილებები. იმოგზაურე. თუ მოგზაურობას ვერ ახერხებ, მოინახულე საინტერესო ადგილები შენს საცხოვრებელთან ახლოს, როგორებიცაა პარკები, გამოფენები, ისტორიული ადგილები. შეივსე სასიამოვნო შთაბეჭდილებებით. ეს შენი დროისა და ენერგიის სასარგებლოდ გამოყენებაა.
- გააცოცხლე ძველი ინტერესები და დავიწყებული ჰობები. შეიძლება დაუბრუნდე ახალგაზრდობისდროინდელ გატაცებებს – სამსახიობო ოსტატობას, ხატვას, ცურვას თუ სხვა საქმიანობას. ეს დაგეხმარება მიზნის განცდაში, თვითშეფასების ამაღლებასა და ახალი ნაცნობობის დამყარებაში.
- იყავი სოციალურად აქტიური. მიიღე მონაწილეობა სოციალურ აქტივობებში, საქველმოქმედო შეკრებებში, მოხალისეობრივ საქმიანობაში. ჩაერთე ღონისძიებებში და მათ ორგანიზებაში. სულ მცირედი წვლილიც კი (მაგალითად, ღონისძიების გაფორმებაში მონაწილეობა) დიდ სიამოვნებას მოგიტანს. ჩაერთე ახალგაზრდების აქტივობებში, სადაც მოგეცემა შენი გამოცდილების გაზიარების საშუალება.
რჩევა 3. დაკავდი თავის მოვლით
თუ არ მისდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაიწყე ახლავე, არასდროს არის გვიან.
ივარჯიშე
იარე ფეხით და ივარჯიშე, თუმცა დაისახე რეალისტური მიზნები. თუ არც აქამდე იყავი დიდად აქტიური, მაშინ დაიწყე ნელი, ზომიერი აქტივობებით და თანდათანობით გაზარდე. გახსოვდეს, აქტივობამ უნდა მოგიტანოს სიამოვნება და სარგებლობა და არა გადაღლა და დაზიანება. არ ეცადო ახლანდელი შესაძლებლობებით შეეჯიბრო საკუთარ ახალგაზრდობისდროინდელ შესაძლებლობებს. ყურადღება მიმართე იმ სარგებელზე, რასაც ფიზიკური აქტივობა მოგიტანს:
- გაგიუმჯობესდება გონებრივი ფუნქციები;
- შეგიმცირდება შფოთვის და დეპრესიის რისკი;
- გაგიუმჯობესდება ძილი;
- შეგიმცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნის რისკი;
- გაგიძლიერდება კუნთები;
- დაიკლებ და შეინარჩუნებ წონას;
- შეანელებ ძვლების სიმტკიცის კარგვას.
გადახედე შენი კვების სტილს
- შუახნის ასაკში განსაკუთრებით საშურია ცუდი კვებითი ჩვევების დაძლევა და ჯანსაღი კვება.
- ჩაანაცვლე ტკბილეული ხილით და ბოსტნეულით, შედეგი არ დააყოვნებს.
- საკმარისად მიიღე ცილით და კალციუმით მდიდარი საკვები, რათა შეინარჩუნო ძვლებისა და კუნთების სიძლიერე.
- დაუკვირდი შენი კვების წესს: ხომ არ იყენებ ჭამას სტრესის დასაძლევად? – თუ კი, მაშინ იცოდე, რომ ეს არ ამცირებს სტრესს, ეს გაზიანებს. შუახნის ასაკი ყველაზე უფრო სარისკოა ე.წ. ემოციური ჭამის მხრივ, არ დაუშვა ამ სახიფათო ჩვევის შენზე გაბატონება.
გაიუმჯობესე ძილი
- ძილი გქონდეს ღამის და შეეცადე იძინო 7-9 საათი. ეს დაგეხმარება კარგი ფიზიკური ფორმის, ჰორმონული ბალანსისა და სტრესებთან გამკლავების მხრივ.
- საძინებელი მოაწე ისე, რომ იყოს მყუდრო, ბნელი და გრილი.
- საწოლი გქონდეს კომფორტული, კარგი მატრასით და კარგი ბალიშით.
- მოსინჯე და აარჩიე შენთვის საუკეთესო დაძინებამდელი რიტუალი, როგორიცაა წიგნის წაკითხვა, აბაზანის მიღება და სხვა.
რჩევა 4. შეცვალე დამოკიდებულება
თუ შენ მიმართავ ყურადღებას უარყოფითზე, მაშინ იპოვი მიზეზს იმისთვის, რომ იყო უბედური. გახსოვდეს, რომ ნებისმიერ ასაკს და მათ შორის შუახნის ასაკს აქვს იმედგაცრუებებიც და აღმავლობებიც. გამოიყენე ქვემოთ მოცემული სტრატეგიები, რათა შენი ყურადღება მიმართო ცხოვრების დადებით მხარეებზე.
- მისდიე მადლიერების პრაქტიკას. დააფასე ადამიანები და მოვლენები, რომელთა მიმართ მადლიერი ხარ. შეადგინე ნუსხა, რის გამოც მადლიერი ხარ შენი ცხოვრების, მაგალითად, მშობლები დღეგრძელი გყავს, შვილები მოგესწრნენ, სტაბილური სამუშაო გაქვს, ფინანსურად გამართული ხარ და სხვა.
- შეხედე საკუთარ მიღწევებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე იდარდო, დააფასე ის, რაც გამოგივიდა, რასაც მიაღწიე. შეადგინე საკუთარი მიღწევების სია – რა ისწავლე, რა გააკეთე, რა დაგიფასდა, რა არგე სხვა ადამიანებს. იფიქრე იმ გონივრულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიგიღია, საქმეზე, რაც განგიხორციელებია და არა იმაზე, რასაც ნანობ.
- შეხედე, როგორი გაზრდილი ხარ. უთხარი საკუთრ თავს “როგორ გავიზრდე! განვვითარდი!“ შენ ახლა იმაზე უფრო დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და გაბედული ხარ, ვიდრე ახალგაზრდობაში იყავი. გააცნობიერე, რომ განვითარება უწყვეტი პროცესია და წინ კიდევ პიროვნული სიმაღლეებია, რომელთაც მიღწევა შეგიძლია.
- შეხედეთ წარუმატებლობებს, როგორც გამოცდილებას. ცხოვრების მანძილზე განცდილმა წარუმატებლობამ და იმედგაცრუებამ, ტკივილის მიუხედავად, პიროვნულად გაგზარდა და გაგაძლიერა.
- აღიქვი კარიერის მიწურული, როგორც გამოწვევა. კარიერის დასასრული და პენსიაზე გასვლა ახალი შესაძლებლობაა შენი საყვარელი საქმიანობებით დაკავებისთვის. მეტი დრო გაქვს საკუთარი თავის მოვლისთვის, ურთიერთობებისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის.
- წუხილის ნაცვლად, შეცვალე. ნუ სწუხხარ მომატებულ წონასა და წელის გაზრდილ გარშემოწერილობაზე, არამედ აქციე ეს რიცხვები მოტივაციად იმისთვის, რომ დაკავდე ფიზიკური აქტივობით.
შუახნის ასაკი ეს არის დრო, როცა ადამიანი კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს საკუთარ ცხოვრებას. ერთნი კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით და მიღწევებით. სხვებისთვის ასეთი თვითანალიზი მტკივნეული და სინანულის მომტანია. ასაკობრივი სტრესორების მიუხედავად პრობლემები მცირდება, როცა ასაკობრივი გამოვლინებები გაცნობიერებული და მიღებული იქნება, როგორც ცხოვრების ნორმალური შემადგენელი მომენტები.
ახალგაზრდობის მიწურულს ბევრი ადამიანი საკუთარ თავს წარმოიდგენს შუახნის ასაკში, როგორც ერთ დიდ შავ ხვრელში, რომელშიც მათ მოუწევთ ცხოვრების დაახლოებით 20 წლის გატარება. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ასაკში პიროვნული ზრდა და განვითარება წყდება. ფიქრობენ, რომ მოუწევთ დაემშვიდობონ როგორც ახალგაზრდულ ოცნებებს, ისე კარიერულ გეგმებს, ოჯახური ცხოვრებისა და პირადი ბედნიერების მოწყობას. ახალგაზრდობას მიიჩნევენ იმედის, ხოლო შუახნის ასაკს – იმედგაცრუების დროდ. ფსიქოლოგები კი საპირისპიროს ამბობენ: “ყველაფერი იმას მოწმობს, რომ შუახნის ასაკი ეს არის ცხოვრების საუკეთესო დრო. ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ არ გაწუხებთ დაავადებები და ხანდაზმულობის სირთულეები. მეორეს მხრივ, ეს არის დრო, როცა უკვე აღარ იტანჯებით ახალგაზრდობის შფოთვებით – შემიყვარებს თუ არა? მივაღწევ თუ არა წარმატებას? ზოგადი დისტრესის დონე დაბალია: დეპრესიისა და შფოთვის მდგომარეობები მინიმუმამდე ეშვება 35 წლის ასაკიდან და აღარც იმატებს 70 წლის ასაკამდე. ფულიც საკმარისი გაქვთ, რომ აკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ. ოჯახური ურთიერთობები შემდგარია, განქორწინების ალბათობა ძალიან დაბალია. შუახნის ასაკი არის ის, რისკენაც ისწრაფვოდით. თქვენ შეგიძლიათ მიუძღვნათ თქვენი დრო ყოფიერებას და არა – ვინმედ გახდომას.”
შუახნის ასაკის სირთულეების რისკი გვაქვს მაშინ, როცა გავურბივართ თვითანალიზს, ვიყენებთ სარისკო დაცვით მექანიზმებს, ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ ის გარდამავალი პროცესები, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება. ასეთ მგდომარეობაში არ გვსურს დავემშვიდობოთ ილუზიებს, თავს ვიტყუებთ იქამდე, ვიდრე რეალობას არ შევეჯახებით.
ფსიქოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ შუახნის ასაკის სირთულეები გამონაკლისია და არა – წესი. ადამიანების უმრავლესობის შუახნის ასაკი მიედინება შეუმჩნევლად და რბილად, თანაც ახალგაზრდობის პერიოდის ოცნებებს ცვლის რეალისტური მოლოდინები და ადაპტაციას. მაგალითად, 40 წლის დასაქმებული, იცის რა, რომ 60 წლის ასაკში პენსიაზე უნდა გავიდეს, რეგულარულად გადადებს ფულს საპენსიო დანაზოგისთვის. 50 წლის ასაკში უკვე განაწყობს თავს დამსახურებული დასვენებისთვის და განიხილავს ოჯახთან ერთად პენსიაზე გასვლის შემდგომი ცხოვრების გეგმას. ამდენად, ადამიანები აცნობიერებენ რა, რომ შუახნის პერიოდი დაკავშირებულია ცვლილებებთან, არ დაელოდებიან მომენტს, არამედ ამზადებენ საკუთარ თავს ასაკოვანი ადამიანის ცხოვრებისთვის.
იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორ ვუყურებთ ცხოვრებას, შუახნის ასაკი ერთისთვის შეიძლება იყოს სტრესული და არასასიამოვნო, მეორესთვის კი – პიროვნული ზრდის, ემოციური სიმშვიდის და ბედნიერების ასაკი. თუკი გვეცოდინება პრობლემის ამოცნობა, ეს დაგვეხმარება ავირიდოთ სტრესორები, გავაგრძელოთ სვლა და პიროვნული განვითარება.
წყარო:
https://www.psychologytoday.com/us/blog/human-kind/202210/midlife-crisis-whats-really-happening
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC7347230
https://www.helpguide.org/aging/healthy-aging/midlife-crisis
