აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება მენტალური დაავადებაა

აზარტული თამაში გულისხმობს გაურკვეველი შედეგით გარისკვას მეტის მოგების განზრახვით, რაც გამოიხატება  მატერიალური ღირებულებით (როგორც წესი, ფულით) გარისკვაში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ვლინდება ფსონების განმეორებითი და განუწყვეტელი დადებით, რაც ადამიანის ცხოვრებას არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის. აზარტული თამაშების შედეგები არა მხოლოდ ინდივიდუალურ პრობლემას წარმოადგენს, არამედ ის პრობლემაა ოჯახის და  საზოგადოებისთვის. 

აზარტული თამაშები ადიქციური ქცევის ისეთი გამოვლინებაა, რომელიც დაუყოვნებელი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი სწრაფი უკუკავშირის მოლოდინის გამო, თამაშისკენ სწრაფვა შეიძლება ისეთ ხარისხში ავიდეს, რომ ადამიანმა უგულვებელყოფს ცხოვრების სხვა მიზნები და ისეთი სავალალო შედეგები იწვნიოს, როგორებიცაა დიდი თანხების დაკარგვა, მატერიალური სიდუხჭირე, ურთიერთობების ნგრევა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებში მნიშვნელოვანია სუიციდის რისკი. ამით აზარტული მოთამაშეები აჭარბებენ ყველა სხვა ადიქციის მქონე ადამიანებს. კვლევები აჩვენებს, რომ ორიდან ერთ აზარტულ მოთამაშეს აქვს სუიციდური ფიქრები, ხოლო ხუთიდან ერთს – მცდელობები. 

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა მომეტებულ რისკად ითვლება ახალგაზრდა ასაკი და მამრობითი სქესი. მამაკაცები უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ თამაშს, ვიდრე – ქალები. სამაგიეროდ ქალებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე – მამაკაცებში. ფსიქოტრავმა და სოციალური უთანასწორობა წარმოადგენს რისკის ფაქტორებს. რისკის ფაქტორებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე დაბალი შემოსავალი, უმუშევრობა, სიღარიბე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების რაოდენობის ზრდა კორელაციაშია აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ოთხი სიმპტომის არსებობა: 

  • ხშირი ფიქრები აზარტული თამაშების თემაზე (წარსული თამაშების ხელახლა განცდა ან მომავალი თამაშების დაგეგმვა);
  • აზარტული თამაშის საჭიროება, თანაც მზარდი თანხებით, სასურველი ემოციების მისაღწევად;
  • საკუთარი ქცევის კონტროლის, თამაშის შემცირების ან  თავის დანებების არაერთი წარუმატებელი ცდა;
  • მოუსვენრობა და გაღიზიანებულობა თამაშის შეწყვეტის ან თავის დანებების მცდელობების შემთხვევაში;
  • სტრესის ან გუნება-განწყობილების დაქვეითების, დათრგუნულობის გამკლავება თამაშის გზით;
  • წაგების შემდეგ ისევ სათამაშოდ დაბრუნება „შურისძიების მიზნით“ (ამას საკუთარი დანაკარგის დევნას უწოდებენ); 
  • ტყუილი იმის დასაფარად, თუ რამდენად დიდია აზარტულ თამაშებში ჩართულობა;
  • მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ინტერესების დაკარგვა, როგორიცაა სამუშაო, განათლება, ურთიერთობები;
  • სხვებისგან დახმარების მოლოდინი, ფულის გამუდმებული სესხება აზარტული თამაშით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად. 

თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს შეიძლება ქონდეს პერიოდები, როცა სიმპტომები სუსტდება. ასეთ პერიოდებში აზარტული თამაშები არ აღიქმება დიდ პრობლემად იქამდე, ვიდრე მთელი სერიოზულობით არ იჩენს ისევ თავს. 

სპეციალისტებმა აზარტული თამაშების დამოკიდებულების მქონე ადამიანის ოჯახის წევრებისთვის, პარტნიორებისთვის, მეგობრებისა და ახლობლებისთვის შეიმუშავეს მხარდაჭერის მოდელი, რომელსაც ვუწოდებთ „გააკეთე/არ გააკეთო” მოდელს. 

“გააკეთე”: 

  • მიიღეთ დახმარება იმ ადამიანებისგან, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს;
  • მიიღეთ მონაწილეობა აზარტული თამაშების პრობლემაზე მიმართულ თერაპიულ ჯგუფებში;
  • აღიარეთ თამაშზე დამოკიდებული თქვენი ახლობელი ადამიანის დადებითი პიროვნული თვისებები; 
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთან საუბრისას;
  • უთხარით მას, რომ თქვენც გჭირდებათ დახმარება, – რომ აზარტული თამაშები თქვენზეც ახდენს ზეგავლენას;
  • აუხსენით ბავშვებს აზარტული თამაშების პრობლემა და დაეხმარეთ გააცნობიერონ ისეთი აქტივობები, რომლებშიც შეიძლება დამალული იყოს აზარტი. მაგალითად, ვიდეოთამაშებში „ნადავლის ტომრების“ ან „სასაჩუქრე შეფუთვების“ გახსნა და სხვა;
  • გაიაზრეთ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მკურნალობა სჭირდება და ეს შეიძლება დროს მოითხოვდეს;
  • დააწესეთ საზღვრები ფულის განკარგვაში, აკონტროლეთ ოჯახის ბიუჯეტი, საბანკო და საკრედიტო ბარათების ინფორმაცია;
  • გაიარეთ კონსულტაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი საკონსულტაციო და თერაპიული სერვისების თაობაზე;

“არ გააკეთო”:

  • არ მოეპყროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს, როგორც ამორალურს და საზოგადოების არასრულფასოვან წევრს;
  • არ უქადაგოთ და არ უკითხოთ ლექცია;
  • არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ ბრაზზე;
  • არ მოსწყვიტოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მქონე ადამიანი ოჯახურ და სხვა ჩვეულ აქტივობებს;
  • თამაშის შეწყვეტისთანავე არ მოელოდეთ დაუყოვნებლივ გამოჯანმრთელებას და ყველა პრობლემის მოგვარებას;
  • არ ეცადოთ მოთამაშის „გადარჩენა“. 

ზოგიერთი ადამიანი მართლაც ანებებს თავს აზარტულ თამაშს დამოუკიდებლად, თუმცა ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ათიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მიმართავს დახმარებისთვის პროფესიონალს. 

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მრავალმხრივ ზიანს აყენებს ადამიანს. აღსანიშნავია ის უარყოფითი შედეგები, რაც მას მოაქვს თავის ტვინისთვის. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა ნელ-ნელა აღადგენს ტვინის ნორმალურ ფუნქციას. მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. გამოიყენება სხვადასხვა ტიპის თერაპია, მათ შორის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოდინამიური თერაპია, ჯგუფური თერაპია, ოჯახის თერაპია. მკურნალობის გეგმაში შეიძლება ჩართული იქნას მედიკამენტებიც, რომლებიც მიმართულია დეპრესიის ან შფოთვის სიმპტომების დაძლევაზე. უმნიშვნელოვანესია ოჯახის და მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა.

ფსიქოკონსულტირება ეხმარება თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს და მისი ოჯახის წევრებს აზარტული თამაშების არსის გაგებაში და იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ მოქმედებს აზარტული თამაშები მათზე. ის ასევე ეხმარება პაციენტს სამოქმედო ვარიანტების განხილვასა და პრობლემის დაძლევის გეგმის შემუშავებაში. ფსიქოკონსულტირება დაგეხმარებათ: 

  • საკუთარ ქცევაზე კონტროლის დამყარებაში;
  • ოჯახური ურთიერთობების გაჯანსაღებაში;
  • აზარტის მოთხოვნილების დაძლევაში;
  • სტრესთან და სხვა პრობლემებთან გამკლავებაში;
  • ცხოვრების ინტერესების პოვნა-დაბრუნებაში;
  • ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებაში; 
  • გამოჯანმრთელების გზის შენარჩუნებასა და მაპროვოცირებელი ფაქტორების არიდებაში. 

აზარტული თამაშებისადმი მიზიდულობის დაძლევის გზაზე გამოიყენეთ შემდეგი სტრატეგიები: 

  • მიმართეთ დახმარებისთვის ოჯახს ან ახლობელ ადამიანს, დაგეგმეთ პროფესიონალთან ვიზიტი.
  • გადაერთეთ სხვა აქტივობებზე.
  • გადადეთ თამაში. თუ საკუთარ თავს დროს მისცემთ, ამით შეძლებთ შეასუსტოთ თამაშის სურვილი.
  • შეჩერდით წამით და დაფიქრდით, რა მოხდება, თუკი იქნებით აზარტული მოთამაშე.
  • თავიდან აიცილეთ სოციალური იზოლაცია. 

წყარო:

https://www.psychiatry.org/patients-families/gambling-disorder/what-is-gambling-disorder

https://www.cam.ac.uk/research/news/the-psychology-of-gambling

https://www.psychologytoday.com/us/basics/addiction

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top