ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები

გამოჩენილი ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი ადამიანის ცხოვრებას ყოფს ფსიქოსოციალური განვითარების რვა სტადიად, რასაც ადამიანის რვა ასაკსაც უწოდებენ. ეს სტადიები უნივერსალურია, ყოველი სტადია დგება მისთვის განკუთვნილ დროს.  სრულყოფილი პიროვნება მხოლოდ ყველა სტადიის თანმიმდევრული გავლის გზით ყალიბდება. პიროვნება  საფეხურებრივად ვითარდება, ფსიქოსიცოალური განვითარების ერთი საფეხურიდან გადადის მეორე საფეხურზე – ზრდის მიმართულებით, სოციალური თვალსაწიერისა და ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით. საზოგადოება კი მოწყობილია ისე, რომ მხარს უჭერს ადამიანის სოციალური უნარების განვითარებას. 

ერიქსონის აზრით, თითოეულ სტადიას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი კრიზისი – გადამწყვეტი მომენტი, რომლის გადაჭრა განაპირობებს პიროვნებისთვის სასიკეთო ფსიქოსოციალური კომპონენტის ჩამოყალიბებას, ხოლო გადაუჭრელობა კი – პიროვნებისთვის არასასიკეთო ფსიქოსოციალური კომპონენტის ჩამოყალიბებას. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა ადექვატურად გადაჭრას ყოველი ასეთი კრიზისი, რის შემდეგაც ის უფრო კარგად შეგუებული და მომწიფებული გადადის განვითარების შემდეგ სტადიაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული რვა სტადია უნივერსალურია, ერიქსონი ყურადღებას ამახვილებს კულტურალური განსხვავებების როლზე კრიზისების გადაჭრის პროცესში. ის თვლის, რომ ყველა კულტურა ე.წ. გადამწყვეტ კოორდინირებას ახორციელებს ინდივიდის განვითარებასა და მის სოციალურ გარემოს შორის. განვითარების პროცესში მყოფ პიროვნებას საზოგადოება დახმარებას უწევს და მხარს უჭერს სწორედ მაშინ, როცა ეს მას ყველაზე უფრო სჭირდება. 

ერიქსონი ამტკიცებს, რომ ცხოველთა სახეობებს ფსიქოსოციალური ჩვევებისადმი ინსტიქტური მზაობა აქვთ, ხოლო ადამიანმა კი ფსიქოსოციალური უნარები უნდა შეიძინოს დასწავლის პროცესში. 

გაგაცნობთ რვავე სტადიას:

სტადია 1. ჩვილობა. ასაკი: 0-1 წელი.  შედეგი: ბაზალური ნდობა ან ბაზალური უნდობლობა. 

ჩვილი სოციალურ გარემოს განიცდის, როგორც უსაფრთხოსა და სტაბილურს, ხოლო ადამიანებს, როგორც მზრუნველებს და საიმედოებს. რა თქმა უნდა ეს განცდა ამ ასაკში სრულად არ ცნობიერდება. ბაზალური ნდობის განვითარება დამოკიდებულია იმ მზრუნველობაზე, რასაც ჩვილი მშობლისგან ან მშობლის ფუნქციის შემსრულებლისგან ღებულობს. ამ მხრივ ერიქსონი გადამწყვეტ მნიშვნელობას დედობრივ მზრუნველობას ანიჭებს. ის ამბობს: „ვფიქრობ, რომ დედები აყალიბებენ ნდობის განცდას ისეთი დამოკიდებულების წყალობით, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენს ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნილებებისადმი ფაქიზ მზრუნველობას… ამის წყალობით ბავშვში ყალიბდება საფუძველი განცდისთვის „ყველაფერი კარგადაა““. 

ამდენად, ბაზალური ნდობის ჩამოყალიბება არ არის დამოკიდებული საკვების რაოდენობაზე, არც მშობლის მხრიდან სინაზის გამოვლინებაზე, არამედ მშობლის მიერ სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ჩვილი უნდა ენდობოდეს არა მხოლოდ გარემოს, არამედ საკუთარ შინაგან ბუნებას, მან უნდა გამოიმუშაოს საკუთარი თავის ნდობა და განსაკუთრებით ის უნარები, რითაც მისი ორგანოები ეფექტიანად პასუხობენ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ერიქსონი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა კულტურასა და სოციალურ კლასში დნობას და უნდობლობას მშობლები სხვადასხვა გზით ასწავლიან, თუმცა ბაზალური ნდობის მოპოვების გზა უნივერსალურია.

არასანდო გარემო, დედის უუნარობა, მისი მხრიდან ბავშვის მიუღებლობა ჩვილში აღძრავს შიშის ფსიქოსოციალურ განწყობას, ბაზალურ უნდობლობას და შფოთვას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება. ასეთი განწყობა მიმართულია არა მხოლოდ ზოგადად გარემოს, არამედ კონკრეტული ადამიანებისადმი და ის თავის სრულ გამოხატულებას იპოვის განვითარების უფრო გვიანდელ სტადიებზე. უნდობლობის განცდა ძლიერდება მაშინ, როცა ბავშვი აღარ არის დედის ყურადღების ცენტრალური ფიგურა. მაგალითად, როცა დედა უბრუნდება იმ საქმიანობებს, რომლებიც დეკრეტულ პერიოდში შეაჩერა ან დედას შეეძინა მომდევნო შვილი. გარდა ამისა მშობლები, რომლებიც მისდევენ კულტურისთვის დამახასიათებელი აღზრდის საპირისპირო პრინციპებს ან ვერ გრძნობენ თავდაჯერებას მშობლის როლში, შეიძლება ჩვილს უქმნიდნენ გაურკვევლობისა და ორაზროვნების ატმოსფეროს, რის საფუძველზეც მას უჩნდება ბაზალური უნდობლობა. ერიქსონი თვლის, რომ ასეთი არაკეთილსაიმედო გარემოს შედეგია  დეპრესია ბავშვებში და პარანოია მოზრდილებში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობა/უნდობლობის კრიზისის გადაულახავობა გამოიწვევს იმას, რომ უნდობლობა გამოჩნდება განვითარების ყველა მომდევნო სტადიაზე. 

მოგვიანებით ადამიანი ისევე ენდობა სოციუმს, როგორც ჩვილობისას ენდობოდა დედას. პიროვნული თვისება, რომელიც ყალიბდება ჩვილობის პერიოდის კრიზისის სასიკეთოდ გადაჭრის შემდეგ, არის იმედი. იმედი ეს არის პიროვნების პირველი დადებითი კომპონენტი, რომელზეც შენდება ადამიანის რწმენა მისი კულტურალური სივრცის შესაბამისად. ერიქსონი აღნიშნავს, როცა რელიგიური ინსტიტუტი კარგავს ინდივიდისთვის მნიშვნელობას, მაშინ მის ადგილს იკავებს რწმენის სხვა წყაროები (მაგალითად, მეცნიერება, ხელოვნება, საზოგადო ცხოვრება).

სტადია 2. ადრეული ბავშვობა. ასაკი: 1-3 წელი. შედეგი: ავტონომია ან სირცხვილი, დაეჭვება

განვითარების ამ სტადიამდე ბავშვი მთლიანად დამოკიდებულია მასზე მზრუნველ ადამიანებზე, თუმცა რამდენადაც მას სწრაფად უვითარდება ნერვულ-კუნთოვანი სისტემა, მეტყველება და სოციალური უნარები, ის იწყებს გარემოს გამოკვლევას და შედარებით დამოუკიდებელ ურთიერთქმედებას მასთან. განსაკუთრებით ამაყობს საკუთარი ახლახან აღმოჩენილი ლოკომოტორული უნარებით და უნდა ყველაფერი თვითონ გააკეთოს – თვითონ დაიბანოს, ჭამოს, ჩაიცვას და ა.შ. ამ ასაკის ბავშვს აღენიშნება საგნების გამოკვლევის და მათით მანიპულირების დაუძლეველი სურვილი. ამ განწყობებს ის აფიქსირებს მშობლებთან: „მე თვითონ“, „მე ვიცი, მე გავაკეთებ“. ამ სტადიის ფსიქოსოციალური კრიზისის სასიკეთო გადაჭრა დამოკიდებულია მშობლების მზაობაზე, გამუდმებით აძლიონ ბავშვს თავისუფლება იმის, რომ თვითონ აკონტროლოს საკუთარი ქმედებები. ამავე დროს, მშობლებმა არა ჯიბრით, თუმცა გარკვევით უნდა შეუზღუდონ ბავშვს აქტივობის ის სფეროები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს როგორც მისთვის, ისე – გარშემომყოფებისთვის. ავტონომია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს განუსაზღვრელი თავისუფლება. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლები მხარს უჭერენ ბავშვის გაზრდილ შესაძლებლობებს და მისი არჩევანის თავისუფლების გარკვეულ ფარგლებში. თუ ბავშვს არ ეძლევა საშუალება განავითაროს საკუთარი ავტონომიურობა და თვითკონტროლი, მაშინ მას უყალიბდება სირცხვილის განცდა, რასაც ერიქსონი განიხილავს, როგორც საკუთარ თავზე მიმართულ ბრაზს. სირცხვილი ვლინდება მაშინ, როცა მშობლები მოუთმენლობით, გაღიზიანებით და სიჯიუტით აკეთებენ ბავშვის მაგივრად იმას, რაც თვითონ ბავშვს შეუძლია გააკეთოს და პირიქით, როცა მშობელს აქვს მოლოდინი, რომ ბავშვი თვითონ გააკეთებს იმას, რის გაკეთებაც მას ჯერ არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს ერთხელ მაინც უბიძგებია ბავშვისთვის გააკეთოს ის, რაც მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ან გაუკეთებია ბავშვის ნაცვლად ის, რაც მას თვითონ შეეძლო გაეკეთებინა, თუმცა როცა მშობლების მხრიდან ზედმეტ კონტროლს ან ბავშვის შესაძლებლობებისადმი წაყრუებას მუდმივი ხასიათი აქვს, ბავშვს უყალიბდება სირცხვილი სხვების წინაშე, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება. იმის ნაცვლად, რომ თავდაჯერებული იყოს და თავისუფლად ურთიერთობდეს გარემოცვასთან, ის ფიქრობს, რომ სხვები მას უნდობლად და არაკეთილგანწყობით ეკიდებიან. შესაძლოა, თავს უბედურად თვლიდეს. მას სუსტი ნებელობა აქვს; ემორჩილება მათ, ვინც მასზე მბრძანებლობს და ექსპლუატირებს მას. შედეგად, პიროვნებას უყალიბდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა  საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უნებისყოფობა. ამ სტადიაზე გადაუჭრელმა კრიზისმა მოგვიანებით შეიძლება განაპირობოს ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომატიკა (რაც კონტროლის ილუზიას უქმნის) ან დევნის პარანოიდული შიში. საინტრესოა, რომ ამ სტადიაზე ბავშვის მიერ ავტონომიურობის მიღწევა მნიშვნელოვნად აძლიერებს მასში ნდობის განცდას და პირიქით, ბავშვები, რომელთაც ბაზალური ნდობის ნაკლებობა აქვთ, ამ სტადიაზე შეიძლება იყონ დაურწმუნებლები, მხდალები, ეშინოდეთ საკუთარი ინტერესის დაცვის და ეძიებდნენ დახმარებას გარემოცვისგან. 

სტადია 3. თამაშის ასაკი. ასაკი: 3-6 წელი. შედეგი: ინიციატივა ან  ბრალეულობის განცდა

ინიციატივასა და ბრალეულობის განცდას შორის კონფლიქტი სკოლამდელი ასაკის ბოლო კონფლიქტია. ამ სტადიაზე ბავშვის წარმატებები მეტყველებასა და მოტორიკის ფლობაში მას საშუალებას აძლევს, აქტიურად იურთიერთოს თანატოლებთან და უფროს ბავშვებთან ოჯახის გარემოს გარეთ. ეს არის ასაკი, როცა ბავშვი იწყებს იმის განცდას, რომ მას პიროვნებად აღიქვამენ, ანგარიშს უწევენ მის აზრს. ამ პერიოდის იდენტობა შეიძლება გამოვხატოთ ასე: „მე ვარ ის, ვინც მე გავხდები“. ამ სტადიაზე ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იმ ადამიანებთან, ვის საქმეს ან თვისებებს მაღალ შეფასებას აძლევენ; სულ უფრო და უფრო მიმართულები არიან მიზნისკენ, სწავლობენ და აგებენ სამომავლო გეგმებს. ჩამოუყალიბდება ბავშვს ინიციტივა თუ ჩამოუყალიბდება ბრალეულობის განცდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დამოკიდებულებას ავლენენ მშობლები მის ინიციატივებზე. ბავშვები, რომელთა დამოუკიდებელი აქტივობა წახალიებულია, მათ არ დასცინიან და არ ამუხრუჭებენ, ხდებიან ინიციატივიანნი, ცნობისმოყვარენი და შემოქმედებითნი. ბრალეულობის განცდა  ბავშვებს უყალიბდებათ მაშინ, როცა უფროსები არ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებლად იმოქმედონ. აქ ერიქსონი აგრძელებს ზიგმუნდ ფროიდის კონცეფციას და აღნიშნავს, რომ ბრალეულობის გრძნობა უჩნდებათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც სჯიან იმის გამო, რომ სიყვარულს ავლენენ ან ითხოვენ მას საპირისპირო სქესის მშობლისგან. ბრალეულობის განცდის მქონე ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს, საკუთარ თავს უვარგისად მიიჩნევს. მას ეშინია თავის დაცვა, უკიდურესად დამოკიდებული ხდება უფროსებზე,  აკლია მიზანდასახულობა და გამბედავობა მიზნის მისაღწევად. ერიქსონი თვლის, რომ ბრალეულობის გამუდმებული განცდა მომდევნო წლებში შეიძლება გახდეს სხვადასხვა პათოლოგიის, ზოგადი პასიურობის, სქესობრივი უუნარობის, ფსიქოპათიური ქცევის მიზეზი. ერიქსონი ამტკიცებს, რომ მომავალ წლებში ადამიანის უნარი, იშრომოს ნაყოფიერად, ჰქონდეს თვითკმარობა მოცემულ სოციო-ეკონომიკური სისტემის კონტექსტში, დამოკიდებულია სწორედ ამ სტადიის კრიზისის გადალახვაზე. 

სტადია 4. სასკოლო ასაკი. ასაკი: 6-12 წელი. შედეგი: შრომისმოყვარება ან არასრულფასოვნება

ამ სტადიის დასაწყისში ბავშვი ითვისებს კულტურის ელემენტარულ ჩვევებს, მეცადინეობის დისციპლინას. ეს პერიოდი ხასიათდება ლოგიკური აზროვნებისა და თვითდისციპლინის ზრდით, ასევე თანატოლებთან ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებით, რომლებიც ფორმალურ წესებზეა დაფუძნებული. იმ საზოგადოებები, სადაც ბავშვების განათლებას ნაკლები ყურადღება ეთმობა, ამ ასაკის ბავშვი იწყებს სხვადასხვა ინსტრუმენტების და შრომის იარაღების დაუფლებას, რაც მას მომდევნო წლების საქმიანობებში გამოადგება. იმ საზოგადოებებში კი, სადაც პრიორიტეტი ბავშვის განათლებაა, ამ ასაკის ბავშვი ძირითადად კონცენტრირებულია სასკოლო განათლებასა და მის ყოველდღიურობაზე. ამდენად, აღნიშნულ სტადიაზე ბავშვი მისი კულტურისთვის დამახასიათებელ ტექნოლოგიებს ეცნობა და ითვისებს, რის შედეგად უყალიბდება შრომისმოყვარების განცდა. აქ საფრთხე იმალება არასრულფასოვნებისა და არაკომპეტენტურობის განცდის გაჩენაში. თუკი ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულია, ამან შეიძლება განაპირობოს სწავლის სურვილის დაქვეითება. არასრულფასოვნების განცდა შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაშიც, როცა ბავში აღმოაჩენს, რომ მის გარემომცველ საზოგადოებაში სქესი, რასა, რელიგია და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს წარმატებას და არა – ცოდნა და მოტივაცია. ამის შედეგად შეიძლება დაიკარგოს საკუთარი შესაძლებლობების და ფუნქციობის რწმენა. ბავშვის შრომისმოყვარება და საკუთარი კომპეტენტურობის განცდა დიდწილად დამოკიდებულია მის სასკოლო წარმატებაზე, თუმცა თუ ბავშვი სასკოლო წარმატებას და მიღწევებს აღიქვამს ერთადერთ კრიტერიუმად, რომლითაც აფასებენ მის ღირსებებს, მაშინ ის შეიძლება გაიზარდოს როგორც უბრალო მუშახელი მის საზოგადოებაში დადგენილი იერარქიის ფარგლებში. ნამდვილი შრომისმოყვარება მხოლოდ იმ მისწრაფებაში არ მდგომარეობს, რომ იყო კარგი მუშაკი. ერიქსონი თვლის, რომ შრომისმოყვარება თავის თავში მოიცავს პიროვნებათაშორის კომპეტენტურობას – იმაში დარწმუნებულობას, რომ მისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისას ადამიანი დადებითად მოქმედებს საზოგადოებაზე. კომპეტენტურობის ფსიქოსოციალური ძალა წარმოადგენს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქმედითი მონაწილეობის საფუძველს.

სტადია 5. სიყმაწვილე. ასაკი: 12-18 წელი. შედეგი: იდენტობა ან იდენტობის კრიზისი

ეს სტადია ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ ადამიანი უკვე ბავშვი არ არის, მაგრამ არც მოზრილია და დგას სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებისა და ახალი როლების წინაშე, იმის წინაშე, რომ უნდა მოახდინოს საკუთარ იდენტობაში სხვადასხვა მოცემულობის ინტეგრირება, წარსულსა და მომავალს შორის ლოგიკური ბმის გაცნობიერება. ამ სტადიის კრიზისის გადალახვა აყალიბებს პიროვნების იდენტობას, ხოლო ვერგადალახვა კი იწვევს იდენტობის კრიზისს ანუ როლურ აღრევას. „მე“-ის იდენტობაში ერიქსონი გამოყოფს სამ ელემენტს. პირველია საკუთარი „მე“-ის მთლიანობის შინაგანი განცდა (რომელიც სათავეს იღებს წარსულიდან და მიემართება მომავლისკენ). მეორეა გარემოს მხრიდან მისი პიროვნული მთლიანობის განცდა. მესამეა შინაგანი და გარეგანის ერთმანეთთან თავსებადობის განცდა. მოზარდის მომწიფება თავის თავში მოიცავს სამყაროს შეფასების და მასთან საკუთარი მიმართების ახლებური გზების ძიებას. მოზარდმა შეიძლება გამოიგონოს იდეალური ოჯახი, რელიგიური, ფილოსოფიური და საზოგადოებრივი მოწყობის სისტემები და შეუპირისპიროს ისინი სინამდვილეში არსებულს. ერიქსონი აღნიშნავდა: „მოზარდის აზროვნება შთამაგონებელი იდეალებიდან გადაიქცევა იდეოლოგიურ აზროვნებად.“ ამგვარად, იდეალების დიფუზია იმის შედეგი ხდება, რომ ინდივიდს არ შეუძლია მიიღოს ის ღირებულებები და იდეოლოგია, რის მტარებელიც მისი მშობლები, რელიგიური წრე და სხვა ავტორიტეტული ფიგურებია. ამდენად, მოზარდი თაობისთვის დამახასიათებელი  პროტესტები არის ახალგაზრდების მცდელობა, ააგონ საკუთარი ღირებულებების სისტემა, რათა იპოვონ ის მიზნები და პრინციპები, რომლებიც აზრს შესძენს მათი და მომდევნო თაობების ცხოვრებას. საკუთარი იდენტობის მიუღწევლობა ახალგაზრდებში განაპირობებს იდენტობის კრიზისს, იგივე როლურ აღრევას, რაც შემდგომ წლებში კარიერის შერჩევის და განათლების გაგრძელების სირთულეებს ქმნის. იდენტობის კრიზისი ახალგაზრდებს უჩენს გარემოსთან შეუგუებლობის, დეპერსონალიზაციის განცდას და ზოგჯერ ასეთი ახალგაზრდა გადაეშვება ე.წ. უარყოფით იდენტობაში, კანონსაწინააღმდეგო აქტივობაში. ერიქსონი აღნიშნავს, რომ ცხოვრება მუდმივი ცვლილებებია. ერთი სტადიის კეთილსაიმედო გავლა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პრობლემები არ იქნება შემდგომ სტადიებზე ან პირიქით, არსებობს იმის შანსი, რომ ძველი პრობლემების ახალი გადაწყვეტის გზები მოიძებნოს მომდევნო სტადიებზე. მოზარდებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, ერიქსონს შემოაქვს ე.წ. ფსიქოსოციალური მორატორიუმის იდეა, რომლის გაზიარება მოხდა და ინსტიტუციონალიზებულია სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, უმაღლესი განათლების სისტემა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მოსინჯონ სხვადასხვა პროფესიული როლი (მაგალითად, ისარგებლონ მობილობით, აირჩიონ სასწავლო კურსები და ა.შ.), ვიდრე არ ჩამოყალიბდებიან საკუთარ პროფესიულ ინტრესში. 

სტადია 6. ადრეული სიმწიფე. ასაკი: 18-25 წელი. შედეგი: ინტიმურობა ან იზოლაცია

ეს სტადია ფორმალურად ზრდასრული ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. ერიქსონი თვლის, რომ სწორედ ამ ეტაპზეა ადამიანი ნამდვილად მზად ინტიმური ურთიერთობისთვის, როგორც სოციალურ, ისე სქესობრივ პლანში. აქამდეც სქესობრივი ქცევა ცხადია არსებობდა, თუმცა ის მიმართული იყო საკუთარ იდენტობაზე.  ამ სტადიისთვის დამახასიათებელი კრიზისის სასიკეთო გადაჭრა აყალიბებს ინტიმურობას, ხოლო გადაუჭრელობა კი იწვევს იზოლაციას. ინტიმურობას ერიქსონი ფართო მნიშვნელობით იაზრებს და მასში გულისხმობს ღრმა გრძნობას, რომელსაც განვიცდით მეუღლის, მეგობრის, და-ძმის, მშობლების და სხვა ახლობლების მიმართ. ის აგრეთვე საუბრობს საკუთრივ ინტიმურობის შესახებ, რაც მდგომარეობს იმის უნარში, რომ შეაერთოთ ერთ მთლიანობაში თქვენი საკუთარი იდენტობა და მეორე ადამიანის იდენტობა იმ შიშის გარეშე, რომ ამით საკუთარს დაკარგავთ. სწორედ იდენტობების ამგვარი შერწყმა  მიაჩნია ერქსონს მყარი ქორწინების საფუძვლად. აქვე აღნიშნავს, რომ ნამდვილი ინტიმურობა არ ყალიბდება იქამდე, ვიდრე მიღწეული არ იქნება სტაბილური იდენტობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ იმყოფებოდე ნამდვილ ინტიმურ ურთერთობაში მეორე ადამიანთან, აუცილებელია გქონდეს ჩამოყალიბებული თვითიდენტობა ანუ იმის გაცნობიერება, თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ამის საპირისპიროდ მოზარდისთვის დამახასიათებელი “სიყვარული” სხვა არაფერია თუ არა, საკუთარი იდენტობის შემოწმების მცდელობა და ამისთვის სხვა ადამიანის (“სიყვარულის” ობიექტის) გამოყენება. ერიქსონის ხედვა ინტიმურობის უნარის შესახებ ეხმიანება ზიგმუნდ ფროიდის მიერ ჯანმრთელი ინდივიდის განმარტებას, კერძოდ, ფროიდი ინტიმურობად მიიჩნევს სიყვარულისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთების უნარს. ინტიმურობაში მხოლოდ სასიყვარულო-სქესობრივი სიახლოვე არ იგულისხმება. ეს შეიძლება იყოს ღიაობა და ემპათია მეგობრებს შორის. ამ სტადიის მთავარი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი გადაჭარბებულად მოიცვას საკუთარი იდენტობის განცდამ, რამაც ურთიერთობებისგან თავის არიდება განაპირობოს. მშვიდი და ნდობით აღსავსე ურთიერთობის დამყარების უუნარობას მივყავართ მარტოობის განცდამდე, სოციალურ ვაკუუმამდე და იზოლაციამდე. საკუთარ თავში ჩაძირული ადამიანები შეიძლება იყონ აბსოლუტურად ფორმალურ ურთიერთობებში, დაამყარონ ზედაპირული კონტაქტები. ისინი თავს არიდებენ ნამდვილ ჩართულობას ურთიერთობებში, რადგან ინტიმურობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და რისკები მათთვის სახიფათოდ განიცდება. ისინი ავლენენ მაგალითად, პიროვნულ გაუცხოვებას და უინტერესობას თანამშრომლების მიმართ. საინტერესოა, რომ ერიქსონი საუბრობს იმაზეც, რომ სოციალურმა პირობებმა შეიძლება განაპირობოს ინტიმურობის შეფერხება, მაგალითად, ურბანიზაციამ, ტექნოლოგიურმა გარემომ. ინტიმურობა/იზოლაციის კრიზისიდან კეთილსაიმედო გამოსავლის შემთხვევაში ყალიბდება ისეთი უნარი, როგორიცაა სიყვარული. ერიქსონი სიყვარულს განიხილავს, როგორც მეორე ადამიანისადმი მიძღვნას და მისდამი ერთგულებას მაშინაც კი, როცა ეს დათმობებზე წასვლას მოითხოვს. ასეთი ტიპის სიყვარული ხასიათდება ურთიერთმზრუნველობით, პატივისცემით და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობით. ამდენად, ამ სტადიის კიდევ ერთი სოციალური ნაყოფია ეთიკა. 

სტადია 7. შუახნის სიმწიფე. ასაკი: 26-64 წელი. შედეგი: პროდუქტიულობა ან ინერტულობა

განვითარების ამ სტადიის მთავარი კრიზისი მდგომარეობს არჩევანში პროდუქტიულობასა და ინერტულობას შორის. ერიქსონი ამტკიცებს, რომ ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა უნდა მიიღოს ან უნდა უარყოს საკუთარი პასუხისმგებლობა ყველაფერ იმის განახლებასა და გაუმჯობესებაზე, რისგანაც შედგება ჩვენი კულტურა. და ამდენად, პროდუქტიულობა ვლინდება, როგორც უფროსი თაობის ზრუნვა მათზე, ვინც მომავლიდან მოდის, მათთვის სავალი გზის გაიოლებაზე. შუახნის სიმწიფის ფსიქოსოციალური განვითარების მთავარი თემა მდგომარეობს კაცობრიობის უკეთეს მომავალზე ზრუნვაში. პროდუქტიულობა გამოხატულია ზრუნვის სახით. ზრუნვა წარმოადგენს პიროვნული სიმწიფის მთავარ ღირსებას. ზრუნვა წარმოადგენს არ მხოლოდ მოვალეობის გრძნობას, არამედ ბუნებრივ მოთხოვნილებას შეიტანო წვლილი მომავალი თაობების ცხოვრებაში. იმ მოზრდილებს, რომელთაც პროდუქტიულობის განვითარება ვერ მოახერხეს, თანდათანობით იპყრობს გულჩათხრობილობა. მათი ძირითადი საზრუნავი საკუთარი მოთხოვნილებების და კომფორტის დაკმაყოფილებაა. ეს ადამიანები არ ზრუნავენ არაფერზე და არავისზე, მისდევენ მხოლოდ საკუთარ სურვილებს. პროდუქტიულობის დაკარგვასთან ერთად პიროვნება წყვეტს ფუნქციონირებას, როგორც საზოგადოების ქმედითი წევრი – ცხოვრება გადაექცევა საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებად, ღარიბდება ურთიერთობები. ცხოვრების საზრისი ეჭვქვეშ დგება, ვითარდება უიმედობა. ერიქსონის მიხედვით, შუახნის ასაკის მთავარი ფსიქოპათოლოგია ვლინდება სხვებისადმი, საქმისადმი, იდეალისებისადმი ზრუნვის არქონით. 

სტადია 8. გვიანი სიმწიფე. ასაკი: 65 წლის ზევით. შედეგი: ინტეგრაცია ან სასოწარკვეთა

ადამიანის ცხოვრების დასკვნით სდატიაზე პიროვნება იხედება უკან და გადააფასებს ცხოვრებისეულ არჩევანს, იხსენებს საკუთარ წარმატებას თუ წარუმატებლობას. ამ სტადიაზე ყურადღების სამიზნე გადაინაცვლებს მომავალიდან წარსულში. ერიქსონი თვლის, რომ მხოლოდ მათ, ვინც ზრუნავდა ადამიანებზე, საქმეზე და იდეებზე, მათ, ვინც განიცადა, როგორ ტრიუმფი, ისე – მარცხი, ვინც მოტივირებდა სხვებს და ავითარებდა იდეებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ განვითარების წინა სტადიების ნაყოფი, რასაც ერიქსონი ეგო-ინტეგრაციას უწოდებს. ინტეგრირების განცდა მომდინარეობს პიროვნების უნარიდან გადახედოს მთელ მის წარსულ ცხოვრებას (ოჯახს, კარიერას, მიღწევებს, ურთიერთობებს) და უთხრას საკუთარ თავს: „მე კმაყოფილი ვარ“. ასეთ ადამიანებს სიკვდილის გარდაუვალობა არ აშინებთ, რადგან გაგრძელებას ხედავენ მათ მემკვიდრეობაში, იქნება ეს შთამომავლობა თუ მათ მიერ გაკეთებული საქმეები. ერიქსონი თვლის, რომ მხოლოდ სიბერეს მოაქვს ნამდვილი სიმწიფე და განვლილი წლების სიბრძნე. ის ამბობს, რომ სიბრძნე ეს არის ცხოვრების უპირობო მნიშვნელობის გაცნობიერება სიკვდილთან პირისპირ. ინტეგრაციის მიუღწევლობა განაპირობებს სიკვდილის წინაშე შიშს, მუდმივ შფოთვას იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. სასოწარკვეთა ნიშნავს, რომ დრო ცოტა დარჩა რაიმეს შესაცვლელად, ამიტომაც მოხუცები ხშირად ალამაზებენ წარსულს. ამგვარმა წუხილმა და სასოწარკვეთამ შეიძლება ხანდაზმული ადამიანი მიიყვანოს ასაკობრივ დემენციამდე, დეპრესიამდე, იპოქონდრიამდე, პარანოიალურობამდე. ერიქსონი თვლის, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, როგორებიცაა შვილიშვილების აღზრდა, გამაჯანსაღებელი სპორტი, მათთვის საინტერესო და მსუბუქი საქმიანობა. ერიქსონი ამტკიცებს, რომ ხანდაზმულობაში ფსიქიკური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე მხოლოდ წარსულზე ფიქრია. 

წყარო: 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top