The American Psychiatric Association Practice Guideline for the Treatment of Patients with Eating Disorders., American Psychiatric Association Publishing, 2023 ., 114 pages

ეს სახელმძღანელო შედგენილია ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციის მიერ. სახელმძღვანელოს მიზანია კვებითი ქცევის დარღვევების შეფასებისა და მკურნალობის დაგეგმვის ოპტიმიზაცია, პაციენტების მოვლის ხარისხისა და მკურნალობის გამოსავლის გაუმჯობესება, ფსიქოსოციალური დეზადაპტაციისა და  სიკვდილობის დაძლევა. აქ მოცემული კვებითი ქცევის დარღვევები განისაზღვრა ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციის „მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს“ (DSM-5) მიხედვით. შესაბამისად, წარმოდგენილი სახელმძღვანელო მიმართულია DSM-5-ით განსაზღვრული მდგომარეობების მართვაზე. კვებითი ქცევის დარღვევების სფეროში აქტიური კვლევის მიუხედავად, გამოწვევად რჩება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა. კვებითი ქცევის დარღვევები მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტატისტიკური მაჩვენებლები შეიძლება ცვალებადობდეს გეოგრაფიული და დემოგრაფიული მახასიათებლების, აგრეთვე – დიაგნოსტიკური მიდგომების გათვალისწინებით. საინტერესოა, რომ “კოვიდ19” პანდემიის დროს დაფიქსირდა კვებითი ქცევის დარღვევების სტატისტიკური მატება. აშშ-ში კვებითი ქცევის დარღვევები სიცოცხლის მანძილზე აღენიშნება მოსახლეობის 9%-ს, 28.8 მლნ ადამიანს. იმავე სტატისტიკის მიხედვით, კვებითი ქცევის დარღვევები ყოველწლიურად 10 200 სიკვდილზეა პასუხისმგებელი. 2018-2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ში კვებითი ქცევის დარღვევების ეკონომიკურმა ტვირთმა 64.7 მლრდ დოლარი შეადგინა. სხვა ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლებიც ცხადყოფს კვებითი ქცევის დარღვევებთან დაკავშირებულ მაღალ ეკონომიკურ ტვირთს. კვებითი ქცევის დარღვევებთან დაკავშირებული ადაპტაციის სირთულეები და ფსიქოსოციალური პრობლემები საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ისინი, როგორც წესი, თავს იჩენს მოზარდობის და ადრეული ახალგაზრდობის ასაკში და ხასიათდება უკიდურესად ხანგრძლივი მიმდინარეობით. კვებითი ქცევის დარღვევები დაკავშირებულია სიკვდილობის, მათ შორის – სუიციდის, მნიშვნელოვან რისკთან. კვებითი ქცევის დარღვევების მქონე პირებში სუიციდის მაჩვენებელი 11-ჯერ უფრო მაღალია სუიციდის ზოგადპოპულაციურ სიხშირესთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ კვებითი ქცევის დარღვევებთან დაკავშირებული საერთო სიკვდილობის რისკი უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე  მამაკაცებში, თუმცა ანორექსიასთან დაკავშირებული სიკვდილობის (მათ შორის – ადრეულ ასაკში) რისკი უფრო მაღალია მამაკაცებში. სიკვდილობის რისკი დაკავშირებულია თანმხლებ დაავადებებთანაც, მათ შორის – შაქრიან დიაბეტთან, ასევე – მენტალურ მდგომარეობებთან, როგორიცაა მაგალითად, ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადიქციური მდგომარეობები. სახელმძღვანელოში განხილულია კვებითი ქცევის დარღვევების შეფასებისა და მკურნალობის გეგმა, სკრინინგი, ავადმყოფობის ისტორიის შეფასება; თანმხლები დაავადებების შეფასება; ფიზიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები; კვებითი ქცევის დარღვევების მკურნალობისა და ნუტრიციული რეაბილიტაციის სქემები. განხილულია აგრეთვე ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოთერაპიული მიდგომები, რომლებიც გამოიყენება კვებითი ქცევის დარღვევების მკურნალობაში, როგორც მოზარდებთან, ისე – მოზრდილ პაციენტებთან. სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს კლინიცისტებს, გააუმჯობესონ პაციენტებზე ზრუნვა უახლესი და სარწმუნო მიდგომების გამოყენებით, დახვეწონ კლინიკური მდგომარეობების შეფასება და მიაღწიონ მკურნალობის ოპტიმიზაციას.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top