„ინდუსტრიული/ორგანიზაციული ფსიქოლოგიის შესავალი“ სახელმძღვანელოა, რომელშიც ვრცლად არის განხილული სამუშაო გარემოს ფსიქოლოგიის საკითხები. როგორც ცნობილია, შრომითი გარემო და შრომითი ტექნოლოგიები მუდმივად ცვალებადი და განვითარებადია. ასეთ ცვალებად გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფსიქოლოგიური ფაქტორების ცოდნა და გათვალისწინება, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციულ პროცესებზე. წიგნი პირველი რედაქციით 1987 წელს გამოიცა და მას შემდეგ, ყოველი მომდევნო გამოცემების მიმართ, მკითხველთა ინტერესი არ განელებულა. სახელმძღანელო განკუთვნილია ორგანიზაციული ქცევისა და ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, აგრეთვე – დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის. ეს არის სამაგიდო წიგნი ინდუსტრიული/ორგანიზაციული ქცევის სპეციალისტებისთვის, რამდენადაც მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, აქ მოცემულია არაერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი. წიგნი აგებულია სამეცნიერო თეორიასა და კვლევაზე, რაც რეალური სამუშაო გარემოს ღრმა ანალიზის საშუალებას იძლევა და აჩვენებს კავშირს თეორიასა და პრაქტიკას შორის. სახელმძღვანელოში მოცემულია კლასიკური თეორიები და ინოვაციური კვლევები; გაჯერებულია მაგალითებით, რომლებიც მკითხველს ორგანიზაციაში ფსიქოლოგიური ფაქტორების მოქმედების ნათელ სურათს უქმნის. ყურადღება ეთმობა სქესის, რასის, სქესობრივი ორიენტაციისა და ფიზიკური მდგომარეობის მხრივ თანასწორობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობას სამუშაო გარემოში. წიგნის მოცემულ რედაქციაში საუბარია „კოვიდ19“-ის პანდემიის გავლენაზე ორგანიზაციულ-ფსიქოლოგიურ და ქცევით მახასიათებლებზე. ასევე განხილულია ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის – ხელოვნური ინტელექტი, როგორც ინდუსტრიული/ორგანიზაციული ფსიქოლოგიური ფაქტორები. წიგნი აგებულია 250-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის მასალებზე დაყრდნობით. „ინდუსტრიული/ორგანიზაციული ფსიქოლოგიის შესავალი“ შედგება ოთხი ნაწილისგან. პირველ ნაწილში მოცემულია შესავალი და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში დანერგილი კვლევის მეთოდები. მეორე ნაწილში განხილულია მომუშავეთა საკითხები, როგორებიცაა პერსონალის შერჩევა, სამუშაოს ანალიზი, სამუშაოს შესრულების შეფასება, პერსონალის ტრეინინგი. მესამე ნაწილში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა მომუშავეთა მოტივაცია, შრომითი განწყობები და ქცევები, სამუშაო სტრესი და პროფესიული გადაწვა. მეოთხე ნაწილში განხილულია გუნდურობა – კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ლიდერობა, ორგანიზაციული ძალები და პოლიტიკა, ორგანიზაციული სტრუქტურა, კორპორატიული კულტურა და ორგანიზაციის განვითარება. სახელმძღანელოს თითოეული ნაწილი გამდიდრებულია ილუსტრაციებით და რეალური მაგალითებით, რაც თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერესიდან გააზრების საშუალებას იძლევა. წიგნის თავები შედგენილია ისე, რომ გაამარტივოს თემის გაგება: თითოეული თავი იწყება არსებითი საკითხების სქემით და მთავრდება განვლილი თემის შემაჯამებელი დებულებებით, შეკითხვებით და სავარჯიშოებით, რომლებიც ეხმარება მკითხველს თვითშეფასებაში და ცოდნის გამყარებაში. სახელმძღვანელოს ტექსტში სტრატეგიულად არის ჩასმული ე.წ. სტოპ-შეკითხვები. თითოეული თავი შეიცავს ტერმინთა განმარტებას, ხოლო ვრცელი, ანბანური, განმარტება კი დართულია წიგნის ბოლოს.
