A History of Psychology in Ten Questions., Michael Hyland., Taylor & Francis, 2023 ., 330 pages 

„ფსიქოლოგიის ისტორია ათ შეკითხვაში“ სტუდენტებისა და ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის საყვარელი წიგნის მეორე რედაქციაა. წიგნის ავტორს მაიკლ ჰილანდს, პლიმუთის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორს, ფსიქოლოგიის თეორიისა და ისტორიის სწავლების ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს. მაიკლ ჰილანდი აგრეთვე ავტორია  წიგნისა – “შესავალი თეორიულ ფსიქოლოგიაში”. „ფსიქოლოგიის ისტორია ათ შეკითხვაში“ პირველი რედაქციით 2019 წელს გამოიცა. ავტორმა მიზნად დაისახა, დაეწერა ინფორმატიული, საინტერესო და რაც მთავარია, თანამედროვე ცხოვრებისთვის გამოსადეგი წიგნი; დაეძლია სამეცნიერო-ისტორიული ჟანრის მოსაწყენობა და მკითხველისთვის თეორიული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების ასპარეზი მიეცა. წიგნი აგებულია ისტორიულისა და კონცეპტუალურის მიმართებებზე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მკითხველის თვალსაწიერს ფსიქოლოგიის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ირგვლივ. წიგნში იპოვით პასუხებს შეკითხვებზე ფსიქოლოგიის თანამედროვე დილემის შესახებ. აღნიშნულს ავტორი გვთავაზობს ათი არსებითი შეკითხვის ფორმატში, რომლებიც წიგნის ათი თანმიმდევრული თავის სახით არის ორგანიზებული. ხუთი თავი ფსიქოლოგიის ისტორიის საკითხებს ეძღვნება, სხვა ხუთი თავი კი კონცეპტუალურ ხედვას წარმოადგენს. შეკითხვები და მათზე პასუხები დააფიქრებს მკითხველს თანამედროვე ცხოვრებაში ფსიქოლოგიის როლის შესახებ. ამასთან, ავტორი მიზნად ისახავს, დამოუკიდებლად განსჯის სივრცე დაგვიტოვოს. წიგნის ისტორულ-კონცეპტუალური მსჯელობა ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა ემპათია, ნდობა, დისკრიმინაცია, პლურალიზმი, ქცევის კონტროლი, ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ისტორიულის და კონცეპტუალურის სინთეზი საინტერესოს, სახალისოს და დასამახსოვრებელს ხდის საკითხავ თემებს. თითოეული თემა სრულდება განსჯისთვის განკუთვნილი პუნქტებით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, იქონიოს საკუთარი აზრი განხილულ პრობლემასთან დაკავშირებით, ხოლო სტუდენტებს კი შესანიშნავ მასალას სთავაზობს დისკუსიისთვის. წიგნში დასმულია ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა: როგორ გამოვიცნოთ ინფორმაციის სისწორე? – რა კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, თუკი საზოგადოების წევრობა გვსურს? – რა გავლენას ახდენს სოციალური განწყობები მეცნიერებაზე? – როგორ ავხსნათ და ვაკონტროლოთ ქცევა? – რატომ გვეხმარება საუბარი?- როგორია კავშირი ფსიქიკასა და სხეულს შორის? – რა გავლენას ახდენენ მემკვიდრეობითობა და გარემო ადამიანის ქცევას და გამოცდილებაზე? – როგორ აიხსნება პიროვნების უნიკალურობა და განსხვავებულობა? – როგორია ფსიქოლოგიის ადგილი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? წიგნის თემატიკა მოიცავს ფიზიოლოგიის (საკუთრივ – ნეირომეცნიერების), პერსონოლოგიის, ბიჰევიორიზმის, კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის, თვისობრივი მეთოდოლოგიის, მემკვიდრეობითობისა და ჰერმენევტიკის მიმართულებების ფართო სპექტრს. თითოეული თავი აღჭურვილია ისეთი ჩანართებით, როგორებიცაა „გაკვეთილი თანამედროვე ცხოვრებიდან“ და „ესეი და თემა განსჯისთვის“, რაც მკითხველს უადვილებს წაკითხულის პრაქტიკული მიზნით გააზრებას და გამოყენებას; უხსნის მას საკითხებს დისკუსიისთვის. საკაცობრიო აზროვნების ასპექტების გაცნობიერების გზით წიგნი მკითხველს სიღრმისეულად დააფიქრებს როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top