Unmasked Autism: The Power of Embracing Our Hidden Neurodiversity, Devon Price., Harmony/Rodale/Convergent – 2022., 288 pages

ეს წიგნი საგულისხმოა იმით, რომ მისი ავტორი, ფსიქოლოგიის დარგის პროფესიონალი და ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის პროფესორი, დევონ პრაისი, თვითონ არის  აუტისტური სპექტრის მქონე პირი და ის აუტიზმის პრობლემას არა მხოლოდ მეცნიერული ცოდნით, არამედ შიგნიდან იცნობს. აქ გადმოცემული ინფორმაცია მნიშვნელოვანწილად ავტორის პირადი გამოცდილების შეჯამებაცაა და ეს განსაკუთრებულ სანდოობას სძენს წიგნს. დევონ პრაისის შრომები ქვეყნდება ისეთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა „Journal of Experimental Social Psychology“, „Personality and Social Psychology Bulletin“, „the Journal of Positive Psychology“. აგრეთვე აქვეყნებს სტატიებს ისეთ პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა  „the Financial Times“, „Business Insider“, „LitHub“ და სხვ. დაწერილი აქვს წიგნები: „სიმორცხვის დაძლევა: როგორ ვუთხრათ უარი თვითბრალდების ჩვევას  და როგორ დავიბრუნოთ საკუთარი ძალების რწმენა“, „უნიღბოდ ცხოვრება: აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების გზამკვლევი კონტაქტების დამყარების, სიყვარულის და ავთენტური ცხოვრებისთვის“. ზოგადად აუტისტური სპექტრის და მათ შორის – შენიღბული აუტიზმის წვდომა ჭეშმარიტი „მე“-ის უსაფრთხოდ რეალიზაციის საშუალებას იძლევა საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ ვიწრო თვალსაწიერიდან უყურებს ნეირომრავალფეროვნებას. აუტიზმის დიაგნოზის მქონე ერთ ადამიანზე უამრავი ის ადამიანი მოდის, რომლებიც დიაგნოსტირების მიღმა,  ე.წ. შენიღბული აუტიზმით, ცხოვრობენ. შენიღბვა ერთგვარი დაცვის მექანიზმია, რომლის საშუალებით ადამიანი მალავს საკუთარ აუტისტურ პატერნებს, რათა საზოგადოებრივ ნორმებთან შესაბამისობაში დარჩეს. ასე აუტისტური სპექტრი სოციუმისთვის შეუმჩნეველი რჩება და მხოლოდღა ზედაპირული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. შენიღბვა შეიძლება გულისხმობდეს სახიფათო სტიმულების სუპრესირებას, კომუნიკაციის სირთულეები კი გამოიხატება მხოლოდ სიმორცხვის და გულჩათხრობილობის სახით. შენიღბული აუტისტი სწავლობს იმ გარემოებების მოთმენას, რომლებიც მასში ძლიერ შფოთვას იწვევს და ასეთ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა „უცნაურ ტიპად“ არ მიიჩნიონ. წიგნში „შენიღბული აუტიზმი: ნეირომრავალფეროვნების მიმღებლობის ძალა“ ავტორი საკუთარი გამოცდილების, სამეცნიერო მტკიცებულებების და პირადი პროფილების ძალზედ საინტერესო სინთეზს გვთავაზობს საზოგადოებაში ადამიანთა ნეირომრავალფეროვნების საჩვენებლად, რომელიც თავის თავში შენიღბულ აუტისტურ სპექტრსაც მოიცავს. ავტორი აუტისტურ სპექტრს განიხილავს არა როგორც ნოზოლოგიას, არამედ – როგორც უნიკალურობას, პიროვნულ ხიბლს. სამწუხაროდ, ამგვარი უნიკალურობა დიდი გამოწვევაა ე.წ. ნეიროტიპიურ საზოგადოებებში და ის ხშირად გარიყულობასთან და ტკივილთან არის დაკავშირებული. შენიღბული აუტიზმით მცხოვრები ადამიანები წლების მანძილზე იტანჯებიან, მარგინალიზაციის მომეტებული რისკის გამო ისინი უჩინრად ყოფნას ამჯობინებენ. წიგნის მიზანია, მისცეს ამ ადამიანებს ნიღბის მოხსნისა და თვითგამოხატვის მოტივაცია, დაეხმაროს საზოგადოებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობიერებაში,  როგორებიცაა: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა ინტერესების დანახვა, აუტიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევა, აუტისტურ პიროვნებებთან ურთიერთობების კულტურის ამაღლება, ღირებულებების გადაფასება. ავტორი ფიქრობს, დადგა დრო, რომ პატივი ვცეთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების განსხვავებულობას, მათ საჭიროებებს, დავინახოთ მათი პიროვნების ძლიერი მხარეებს, რათა მათ აღარ სჭირდებოდეთ შენიღბვა. დადგა დრო, საზოგადოებამ გამოავლინოს ღიაობა და ტოლერანტობა ნეირომრავალფეროვნებით განპირობებული განსხვავებულობების მიმართ. ამგვარი ღიაობა ნაყოფად გამოიღებს არაკონფორმისტულ, ჯანსაღ საზოგადოებას, რომელიც სრულფასოვნად იფუნქციონირებს როგორც აუტისტური სპექტრის მქონე, ისე სხვა ნეიროთავისებურებების მქონე ადამიანებთან ერთად. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top