The Anxious Generation: How the Great Rewiring of Childhood Is Causing an Epidemic of Mental Illness., Jonathan Haidt., Penguin Publishing Group, 2024., 400 pages

ჯონათან ჰეითის წიგნი – „შფოთვის თაობა: როგორ იწვევს დიდი გარდატეხები ბავშვთა  მენტალური დაავადებების ეპიდემიას“ – ბესტსელერია. ექსპერტთა შეფასებით, ეს არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველა მშობელმა, რომელთა შვილები იზდებიან სმარტფონების, სოციალური მედიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, რათა გააცნობიეროს რისკები, დაიცვას შვილები და უზრუნველყოს მათი ჯანმრთელი და ლაღი ბავშვობა. ამ წიგნს “A Wall Street Journal” 2024 წლის 10 საუკეთესო წიგნთა შორის ასახელებს, ხოლო ისეთი გამოცემები, როგორებიცაა „Economist“, „the New York Post“ და „Town & Country“ მას 2024 წლის საუკეთესო წიგნად მიიჩნევენ. წიგნის ავტორი, სოციალური ფსიქოლოგი ჯონათან ჰეითი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი სამეცნიერო ინტერესია მორალისა და პოლიტიკის ფსიქოლოგიის პრობლემები. დაწერილი აქვს წიგნები: The Happiness Hypothesis (2006)., The Righteous Mind (2012)., The Coddling of the American Mind (2018). ჯონათან ჰეითი დაუფარავად საუბრობს იმ სავალალო შედეგებზე, რასაც  ვირტუალურ ტექნოლოგიებთან ბავშვების შეუზღუდავი წვდომა იწვევს და გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის გზებს. 2010 წლიდან აღინიშნება მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება – შემაშფოთებლად გაიზარდა დეპრესიის, შფოთვის, თვითდაზიანების და სუიციდის მაჩვენებელი. ეს წიგნი სწორედ ყოველივე ამის გამომწვევ მიზეზთა ძიებასა და მათგან ახალგაზრდა თაობის დაცვაზეა. ჯონათან ჰეითი მიმოიხილავს მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის ეპიდემიოლოგიას; აჩვენებს, თუ როგორ ჩაანაცვლა  ერთმანეთთან თამაშით გართული ბავშვები 2010-იანი წლებიდან სმარტფონით გართულმა ბავშვებმა და განიხილავს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ამგვარი გარდატეხის ეპოქის ბავშვების სოციალურ და ნევროლოგიურ განვითარებაზე და განაპრობეს ისეთი მენტალური პრობლემები, როგორებიცაა ძილის დარღვევა, ყურადღების დეფიციტი, ადიქციური ქცევა, სოციალური გაუცხოვება, მარტოობა და ქცევითი დარღვევები. წიგნში ახსნილია, თუ რატომ აზიანებს სოციალური მედია უფრო მეტად გოგონებს, ბიჭებთან შედარებით; რატომ ამჯობინებენ ბიჭები ვირტუალურ სინამდვილეს და რა სავალალო შედეგებს იწვევს ეს მათი პიროვნების, ოჯახისა და სოციუმისათვის. წიგნის ავტორი იძლევა რჩევებს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად. ის აღწერს ქმედებათა საფეხურებს მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, სასწავლო დაწესებულებებისა და სახელმწიფოსთვის, რათა დასრულეს მენტალური დაავადებების ეს ეპიდემია და დაბრუნდეს ნორმალური ბავშვობა. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top