The Oxford Handbook of Clinical Psychology., editor David H. Barlow., Oxford University Press., 2014., 945 pages

კლინიკური ფსიქოლოგია წარმოადგენს სამეცნიერო-პრაქტიკულ დარგს, რომლის მიზანია ფსიქოპათოლოგიის წვდომა, პრევენცია და ინტერვენცია. ამდენად, კლინიკურ ფსიქოლოგიაში ინტეგრირებულია თეორია და პრაქტიკა. კლინიკური ფსიქოლოგია, როგორც ცალკე მიმართულება, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს და აქედან მოყოლებული მის პრობლემატიკას დიდძალი ლიტერატურა ეძღვნება. ეს წიგნი დღემდე დაგროვილი მთელი ცოდნის ერთ სახელმძღანელოში თავმოყრის მცდელობაა და ამდენად, უაღრესად ინფორმატიული და მოცულობითია. სახელმძღვანელოს შემდგენელს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს, დევიდ ბარლოუს კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. წიგნზე მუშაობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 100-მდე ავტორს. ეს წიგნი შეეხება ფსიქოპათოლოგიის კვლევის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის საკითხებს და აღნიშნულთან დაკავშირებულ პოლიტიკას, რომელთა ერთობლიობა შეადგენს თანამედროვე კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროს. სახელმძღვანელო აგრეთვე შეიცავს თავებს ახალი და მოწინავე კლინიკური მიდგომების (მათ შორის – პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ასპექტების), კულტურალური, ტექნოლოგიური და სხვა ფაქტორების შესახებ.  წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, კლინიცისტებისთვის, მკვლევარებისთვის და კლინიკური ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის. სახელმძღვანელო ორგანიზებულია ხუთი მოცულობითი ნაწილის სახით. პირველი ნაწილი წარმოდგენილია შესავალი დებულებების სახით. მეორე ნაწილში განხილულია კლინიკური ფსიქოლოგიის ისტორია, მეთოდები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, დარგის პოლიტიკისა და ეთიკის საკითხები. მესამე ნაწილში მოცემულია ისეთი ფსიქოპათოლოგიები, მათი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კონცეფციები, როგორებიცაა: შფოთვითი-დეპრესიული სპექტრი, ბიპოლარული მდგომარეობები, ობსესიურ-კომპულსიური სპექტრი, სომატოფორმული დარღვევები, დისოციატიური და პოსტტრავმული მდგომარეობები, კვებითი და სექსობრივი ქცევის დარღვევები, შიზოფრენია, პიროვნული და ქცევითი დარღვევები, განვითარების პრობლემები და ბავშვთა კოგნიტური პათოლოგიები, ადიქციური ქცევითი პრობლემები. მეოთხე ნაწილში განხილულია კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციისა და პრაქტიკის არეალები. მეხუთე ნაწილში მოცემულია დასკვნები და სამომავლო ხედვები. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top