10 to 25: The Science of Motivating Young People., David Yeager., Avid Reader Press / Simon & Schuster, 2024., 464 pages

ეს წიგნი ბესტსელერია. მას უკვე უწოდეს წიგნი, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. წიგნის ავტორია ტექსესის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ქცევითი მეცნიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი დევიდ ეიგერი. მისი სამეცნიერო ინტერესი მოზარდთა ასაკის ფსიქოლოგიაა, კერძოდ, იკვლევს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა მოზარდთა მოტივაცია, სოციალური ჩართულობა, სტრესი, ცხოვრების წესი და მენტალური ჯანმრთელობა. ეს წიგნი გვაცნობს 10-25 წლის ასაკობრივი ჯგუფის სოციალური მოლოდინებისა და მოტივაციის საკითხებს. ‘The Wall Street Journal’-მა წიგნი შეაფასა, როგორც ამბიციური და შემეცნებითი. მის წაკითხვას ურჩევენ ყველას, ვისაც ახალგაზრდა თაობაზე სასარგებლო გავლენის მოხდენა სურს. ამდენად, ამ წიგნს დიდი ინტერესით ეცნობიან მშობლები, მასწავლებლები, მენეჯერები, ქოუჩები და მენტორები. წიგნი გვპირდება ისეთ სამყაროს, სადაც თაობები – GenX, მილენიალები და ბუმერები ურთიერთობენ ახალ თაობასთან ისე, რომ მათთვის შთაგონების წყარო ხდებიან; განწყობილნი არიან მათთან თანამშრომლობისთვის და არა – მათი განსჯისთვის და დათრგუნვისთვის. ასეთი სამყარო იმაზე უფრო ადვილი შესაქმნელია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ათი წლის ასაკის მოზარდებში პუბერტატის დაწყება განაპირობებს მათში გარკვეული სოციალური მოლოდინების გაჩენას და ისეთი სოციალური ჯილდოების მოთხოვნილებას, როგორებიცაა პატივისცემა, მათით სიამაყე და აღფრთოვანება. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები ძლიერ მოწყლვადები ხდებიან სოციალური ტკივილის, დამცირებისა და სირცხვილის მიმართ. ამიტომაც მოზარდები უფროსებთან ურთიერთობას ეკიდებიან სიფრთხილით: კითხულობენ აზრს სტროფებს შორის, ეძებენ ქვეტექსტებს მათ ნათქვამში, ამოწმებენ რა გამუდმებით პატივისცემით ვეკიდებით მათ თუ დამცინავად. ასეთი სოციალური მგრძნობიარობა გრძელდება დაახლოებით ოცდახუთ წლამდე. 10-25 წლის ასაკობრივი ჯგუფის ამ თავისებურების ცოდნა ეხმარება უფროს თაობას, გაარჩიოს საკუთარ მიმართებებში სწორი და არასწორი მიდგომები, პატივი სცეს ახალგაზრდა ადამიანს და თავი აარიდოს ქცევის ისეთ მოდელებს, რომლებიც კონფლიტებს გამოიწვევს. წიგნი ასწავლის უფროს თაობას, თუ როგორ გახდნენ ახალგაზრდებისთვის მენტორები და ისეთი ლიდერები, რომლებიც პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ და ითვალისწინებენ მათ სოციალური ინტერესებს. წიგნი გვთავაზობს ახალგაზრდების მოტივირების საუკეთესო პრაქტიკას: – აღმოაჩინეთ მათი შესაძლებლობები, ნაცვლად მათი დისკვალიფიკაციისა. – ჰკითხეთ მათ, ნაცვლად მითითებისა, თუ რა უნდა გააკეთონ. – გაითვალისწინეთ მათი აზრი, ნაცვლად მათი აზრის იგნორირებისა – იყავით გულწრფელი საკუთარ მრწამსსა და მოსაზრებებში, ნაცვლად იმისა, რომ მათგან მოელოდეთ თქვენი ფიქრების გამოცნობას. – დაუსახეთ მაღალი სტანდარტები, ნაცვლად ფუჭი დაყვავებისა. დევიდ ეიგერის სამეცნიერო ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკა მოზარდებში ამცირებს ქცევით პრობლემებს, როგორებიცაა სწავლის მიტოვება, არაჯანსაღი კვება, უმიზნობა და აპათია, მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა იმ მოსაზრებაში მდგომარეობს, თითქოს ასეთი ლიდერობა ბევრ დროს გვართმევს. სულაც პირიქით, ამგვარი მენტორობა დროსა და ენერგიას გვაზოგვინებს. თაობათა შორის თანამშრომლობა პიროვნულად ზრდის ახალგაზრდებს, მათთვის პასუხისმგებლობის მინდობა და მათზე დაყრდნობა შეიძლება. 10–25 წლის ასაკის ახალგაზრდები ორიენტირებულები არიან სწავლასა და განვითარებაზე, მიღწევებზე. ჩვენ მხოლოდ სასიკეთო ბიძგი უნდა მივცეთ მათსავე ნეირობიოლოგიურ სისტემას, რომელიც მართავს მოტივაციას და ქცევას. მკითხველი აქ იპოვის გრძელვადიან სტრატეგიას, თუ როგორ შევუწყოთ ხელი კარგად ადაპტირებული, დამოუკიდებელი, წარმატებული ახალგაზრდების განვითარებას, რომლებსაც სასარგებლო წვლილი შეაქვთ სოციუმში. ყოველივე ეს კი საზოგადოებრივ ცხოვრებას აიოლებს და სასიამოვნოს ხდის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top