კრიმინალური ფსიქოლოგია გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგია, რომლის ინტერესის სფერო დანაშაულებრივი ქცევის ფსიქოლოგიური ფაქტორების შესწავლა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა. წიგნში „კრიმინალური ფსიქოლოგია“ განხილულია დანაშაულის ფსიქოლოგიური ფაქტორები, აგრეთვე – დამნაშავესთან და დანაშაულის მსხვერპლთან ურთიერთობის ასპექტები. წიგნის ავტორი, ლივერპულის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, დევიდ კანტერი ამავე უნივერსიტეტის საგამოძიებო ფსიქოლოგიის ცენტრის დამფუძნებელია, რომელსაც 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მას სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გარდა, დიდი გამოცდილება აქვს დამნაშავის ფსიქოლოგიური პროფილის შემუშავების საქმეში. წიგნში გაშუქებულია დანაშაულის მოვლენა კოგნიტური, განვითარებისა და სოციალური პროცესების პრიზმაში, აგრეთვე – იმ პრობლემების ფსიქოლოგიური ასპექტები, რომელსაც აწყდებიან საგამოძიებო სამსახურები დანაშაულის გახსნის პროცესში. წიგნში განხილულია აგრეთვე დამნაშავის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრობლემები, მსხვერპლის ფსიქოლოგია, ორგანიზებული დანაშაულის ფსიქოლოგიური ფაქტორები. გარდა ამისა პერსპექტივაში ნაჩვენებია, თუ როგორ იმუშავებს ფსიქოლოგია მომავალში დანაშაულისა და დანაშაულებრივი ქცევის უკეთ გაგების მიზნით. წიგნი ორგანიზებულია ოთხი სექციის სახით. პირველი სექცია მოიცავს დანაშაულის განმარტებას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. მეორე სექციაში წარმოდგენილია დანაშაულის კლასიფიკაცია ფსიქოლოგიური ფაქტორების მიხედვით და განხილულია თითოეული ჯგუფი. მესამე სექციაში მოცემულია დამნაშავესთან კომუნიკაციის ტექნიკა. მეოთხე სექციაში გაშუქებულია კრიმინალური ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენების არეალები: საგამოძიებო და სასამართლო ფსიქოლოგია, სასჯელაღსრულების ფსიქოლოგია, დანაშაულის მსხვერპლთა ფსიქოლოგია, აგრეთვე – კრიმინალური ფსიქოლოგიის პერსპექტივები. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა შემსწავლელი სტუდენტებისთვის, სამართლისა და კრიმინოლოგიის სფეროს წარმომადგენლებისთვის და დანაშაულის ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
