ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი 2.7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მას უწოდეს ღრმა სულიერების წიგნი, საუკეთესო წიგნი ქალურობის ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ. წიგნის ავტორი კლარისა პინკოლა ესტესი იუნგიანელი ფსიქოანალიტიკოსია, რომელმაც დოქტორის ხარისხი ოჰაიოს უნივერსიტეტში მოიპოვა. ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. როგორც სერტიფიცირებული იუნგიანელი ფსიქოანალიტიკოსი ეწეოდა ფსიქოთერაპიულ კერძო პრაქტიკას. იყო კარლ გუსტავ იუნგის განათლებისა და კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ეს წიგნი სხვადასხვა კულტურათა თქმულებებისა და მითების ღრმად შესწავლის საფუძველზე დაიწერა. ავტორის შთაგონების წყარო ქალური არქეტიპია. ის გვაცნობს ინტერკულტურალური მითების, ზღაპრების, ფოლკლორული თქმულებებისა და ზეპირი გადმოცემების უმდიდრეს სამყაროს, რათა ამ ცოდნის საფუძველზე შესაძლებელი გახდეს ქალურობის ჯანსაღი, სიღრმისეული და ინსტიქტური ბუნების გაღვიძება. ყველა ქალში დაუნჯებულია უდიდესი ძალა გამსჭვალული ინსტიქტით, უშრეტი შემოქმედებითი შთაგონებით და სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობით. წიგნში აღწერილის საფუძველზე ჩვენ ვეცნობით და სიმპათიით განვეწყობით ველური ქალის არქეტიპის მიმართ და ვაკავშირებთ მას ჩვენს სიღრმისეულ ფსიქიკასთან; ეს კი მაგიაც არის და იმავდროულად – თერაპიაც. აღსანიშნავია, რომ წიგნში ავტორმა მოგვაწოდა ახალი ლექსიკონი – ქალური ფსიქეს აღსაწერად. ყველა ადამიანის ფსიქიკურ სიღრმეში მოთავსებულია ველური ქალის არქეტიპის ინსტიქტური ცოდნა. ეს არის ინსტიქტური ცოდნა იმისა, თუ როდის უნდა დარჩე და როდის უნდა წახვიდე, როდის უნდა აინთო და როდის უნდა ჩაქრე; ეს არის სიცოცხლის ბუნებრივი ციკლის ინსტიქტური ცოდნა. თანამედროვე ცხოვრება ქალს მისი ბუნებისთვის უჩვეულო მოლოდინებს უყენებს: ის უნდა იყოს ყველასთვის ყველაფერი; მას ექცევიან როგორც ნივთს, როგორც საშუალებას. რაციონალიზმის ეპოქაში ქალებს სწყურიათ ღმა ინტუიტიური სამყარო და სწორედ არქეტიპულ ხატებშია ქალურობის ასეთი სიღრმისეული საზრისები. თქმულებები, ზღაპრები და მითები პიროვნული ზრდის გეგმას წარმოადგენს, ისინი გვაძლევენ მიმართულებას, როგორ ვიპოვოთ საკუთარი გზა. ჩვენ, თანამედროვე ადამიანებმა, დავკარგეთ კავშირი ამ ჩვენს ჭეშმარიტ მეგზურებთან, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ცოცხლობენ კაცობრიობის არაცნობიერ მეხსიერებაში და შესწევთ უნარი, დახმარება გაგვიწიონ. ველური ქალის არქეტიპი ცოცხლობს ყველგან, სადაც კი ჩვენ ვართ და მისი აღმოჩენა ყველგან შეიძლება: სილამაზეში, ყოველდღიურობაში, მშვენიერ ღიმილშიც კი. ჩვენმა ფსიქიკამ დაკარგა კონტაქტი შინაგან გზამკვლევთან, რომელსაც მივყავართ სიხარულთან და ინსპირაციასთან, სამაგიეროდ გადააქცია ქალი ყოველდღიური ცხოვრების საშუალებად, დაუტოვა მას მხოლოდ ფუნქცია. ეს კი ხდის ქალს მერყევს, დეპრესიულს, უძლურს, მორცხვს, ქრონიკულად დაეჭვებულს. როცა ქალის ყოფიერება ხდება ასეთი სტატიური და მოსაწყენი, დგება ველური ქალის გამოჩენის ჟამი. ყოველი ქალის ფსიქიკურ სიღრმეში არის კუნძული, სადაც ცოცხლობს სიხარული და თავისუფლება, ეს არის მისი პიროვნული ზრდისა და გაფურჩქვნის კუნძული. ველური ქალის არქეტიპი მუშაობს, როგორც წინამძღოლი, მენტორი და მოდელი ქალისთვის. მას აქვს ყველაფერი, რაც ქალმა უნდა იცოდეს და რაც ქალს გადაარჩენს. ინსტიქტურ წიაღში ყოფნა ნიშნავს ავთენტურ და გულწრფელ ქმედებას. წარსული ტკივილები და იარები კი ხდება ის კარიბჭე, რომლითაც ქალი მის ავთენტურ, ინსტიქტურ ბუნებას უბრუნდება. წიგნის ერთ-ერთ თავში მოთხრობილია თქმულება ჩრდილო-მექსიკელთა მითიური ველური ქალის შესახებ. ეს არის ხნიერი ქალი, რომელიც მექსიკის უდაბნოში ცხოვრობს. მის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ცოტას თუ უხილავს ის საკუთარი თვალით. ამბობენ, რომ ის ცხოვრობს რარამურის გრანიტის ციცაბოებში. მას უწოდებენ „ველურ ქალს“, „ძვლების შემგროვებელ ქალს“, „მგელქალს“. ამბობენ, რომ ის დადის მთელს უდაბნოში, დაეხეტება კლდეებში, მდინარის დამშრალ კალაპოტებში – მგლების ძვლების შესაგროვებლად. ამ ძვლებისგან ის მთლიან ჩონჩხს აწყობს. წინ დაიდებს ჩონჩხის ამ მშვენიერ თეთრ სკულპტურას, გააჩაღებს კოცონს და იწყებს ფიქრს, თუ რა სიმღერა უმღეროს. და როცა საბოლოოდ გადაწყვეტს, ჩონჩხის წინ ჩაიმუხლავს, აღაპყრობს ხელებს და იწყებს სიმღერას, რომლის ძალით ჩონჩხი ისხამს ხორცს, ისხამს ბეწვის ახალ საფარს. ქალი მღერის და ახლა მგელს კუდი ეზრდება, ფაფუკი და ძლიერი კუდი. ქალი კი ისე ძლიერად მღერის, რომ უდაბნოს მიწა იძვრის. გაცოცხლებული მგელი კი ახელს თვალებს, წამოხტება ზეზე და სირბილით დაეშვება თავქვე კანიონზე და როცა უდაბნოს თავზე კიდევ ერთი დილის მზე ამოანათებს, მის სხივებში მგელი, უცაბედად, მოცინარ ახალგაზრდა ქალად გადაიქცევა, რომელიც ლაღი სირბილით მიუყვება ჰორიზონტს. თქმულება გვასწავლის, რომ მკვდარ იდეებსა და ძალებს შეიძლება სიცოცხლე შთავბეროთ ჩვენი სულის სიღრმიდან ამომავალი ხმით. ძვლების შეგროვება, ჩონჩხის აწყობა და გაცოცხლება შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოა: თვითანალიზის, ხელოვნების.
