ეს წიგნი სამეცნიერო-მემუარული ჟანრისაა. ავტორი ჯეიმს ლონგმენი „ABC News”-ის კორესპონდენტია. წიგნის დაწერა მას საკუთარმა ოჯახურმა გამოცდილებამ შთააგონა – მშობლებმა, რომელთაც მენტალური დაავადება ჰქონდათ. ბავშვობის შემდეგ, როცა უკვე თვითონ განიცდიდა დეპრესიის შემოტევებს, დაინტერესდა საკითხით, თუ რამ გამოიწვია ის, რომ მისი მშობლების სიმპტომები მასში განმეორდა. ის უღრმავდება საკუთარი ოჯახის ტრავმას და მენტალური დაავადების ფესვებს; იკვლევს, თუ რა მტკიცებულებები აქვს თანამედროვე გენეტიკას ფსიქიკური პრობლემების მემკვიდრეობითობის თვალსაზრისით; როგორ ცვლის გარემო ფაქტორები გენეტიკურ მოცემულობას; როგორ აისახება გენეტიკა და გარემო მენტალური დაავადების ოჯახურ ისტორიაზე. მიუხედავად საკითხის სერიოზულობისა, ავტორის თხრობა მსუბუქი და მოქნილია, გაჯერებულია იუმორით. ეს წიგნი მნიშვნელოვან მხარდამჭერად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირად ცხოვრებაში მენტალურ დაავადებას შეეჩეხნენ. ის ფსიქიკური დაავადების ფენომენის შესახებ ცნობიერების გაღრმავებაში გვეხმარება, იმ ფაქტორების უკეთ გაცნობიერებაში, რომლებსაც მთავარი როლი მიუძღვით ფსიქიკური პრობლემების წარმოშობაში. გამოცემისთანავე წიგნმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, როგორც გულწრფელმა და ინფორმატიულმა ნაშრომმა. ავტორმა შეძლო ბრწყინვალე ბალანსის დაცვა პიროვნულ ნარატივსა და სამეცნიერო სწავლებას შორის.
