ეს არის გზამკვლევი მშობლებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ მოზარდ შვილებს, რომელთაც კვებითი ქცევის დარღვევები აღენიშნებათ, როგორ შეუწყონ ხელი კვების ნორმალურ რეჟიმზე დაბრუნებას. წიგნი დაფუძნებულია მოწინავე მტკიცებულებით მიდგომაზე, რომელსაც ოჯახზე დამყარებული თერაპია ეწოდა და რომლის სწავლებით ოჯახს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს მისი წევრის მენტალური ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში. მშობლები არიან პირველები, ვინც ბავშვის ქცევის ცვლილებას ამჩნევენ. თქვენი შვილი უარს ამბობს მის საყვარელ საჭმელზე? თქვენი შვილი უარს ამბობს მეგობრებთან ერთად საჭმელად გავიდეს სადმე? თქვენმა შვილმა გაამკაცრა ფიზიკური ვარჯიშები? თქვენი შვილი შეპყრობილი გახდა ჯანსაღი საკვების შესახებ იდეებით? მაშინ იცოდეთ, რომ ეს არის პირველი სიგნალი იმისა, რომ თქვენს შვილს, ისევე როგორც მილიონობით სხვა მოზარდს, კვებითი ქცევის პრობლემები დასწყებია. სახელმძღვანელოს ავტორები მაღალი კლასის ექსპერტები არიან კვებითი ქცევის დარღვევების სფეროში, მრავალწლიანი გამოცდილებით. გზამკვლევი განკუთვნილია არა მხოლოდ მშობლების, არამედ სააღმზრდელო დარგის პროფესიონალებისთვის. წიგნში მოწოდებულია ქმედითი რჩევები იმისთვის, თუ როგორ დავეხმაროთ სახლის პირობებში შვილებს კვებითი ქცევის მოწესრიგებაში. სტრატეგია „Plate-by-Plate“ დაფუძნებულია ოჯახის წვლილზე და წარმოადგენს კვებითი ქცევის დარღვევების წამყვან ფსიქოთერაპიულ მიდგომას. სახელმძღვანელოს ავტორები გასაგებად გვიხსნიან ოჯახური მხარდაჭერის ყოველ ასპექტს, თუ რა სჭირდება თქვენს შვილს სწორი კვებისთვის, როგორ ვესაუბროთ მას კვების, დიეტის და წონის შესახებ, როგორ ვიურთიერთოთ მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალთან. მოწოდებულია ექსპერტული რჩევები, პრაქტიკული ნაბიჯები, ემოციური მხარდაჭერის უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: 1. კვებითი ქცევის დარღვევების გაგება – ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტები და გრძელვადიანი შედეგები ჯანმრთელობის მხრივ; კვებითი ქცევის პრობლემების ინდივიდუალური და ოჯახური შედეგები; კვებითი ქცევის დარღვევების ტიპოლოგია. 2. მშობლების როლი კვებითი ქცევის დარღვევების დაძლევის ამოცანაში – სპეციფიკური სტრატეგიები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ნაბიჯები: როგორ ვუზრუნველყოთ ოჯახში ბავშვის ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ნდობის გარემო და ურთიერთობა. 3. წმინდა ნუტრიციოლოგიური რეკომენდაციები, რომლებიც ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღერძია – როგორ დავუბრუნოთ ბავშვს ჯანსაღი კვების ჩვევა, კვების დაგეგმვა, საკვების მომზადება, კვების დრო; როგორ გავუმკლავდეთ კვებასთან დაკავშირებულ შფოთვას და ხელი შევუწყოთ საკვებთან პოზიტიურ მიმართებას. 4. ფსიქოლოგიური დახმარება – როგორ ვიმუშაოთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან, როგორ ვიქონიოთ ბავშვთან თანამშრომლობა და ღიაობა. 5. ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკა, როგორებიცაა კვების რეჟიმის მიმართ რეზისტენტობა, წონასთან დაკავშირებული სირცხვილისა და თვითბრალდების დაძლევა, უსაფრთხო მხარდამჭერი ოჯახური გარემოს შექმნა, საკუთარი სხეულის მიუღებლობის დაძლევა. აქვეა სტრატეგიები ისეთ სირთულეებთან გასამკლავებლად, როგორებიცაა სასკოლო სტრესი და სოციალური ზეწოლა. 6. მხარდამჭერი სისტემის აგება, სადაც ერთიანდებიან ოჯახი, მხარდამჭერი სოციუმი, მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები, პროფესიონალები.
