ეს წიგნი ეძღვნება ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, თუ რა როლი აქვს პიროვნულ ინდივიდუალურობას ფსიქიკური დარღვევების განვითარების მხრივ. საკითხის ასე დაყენება კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის მენტალური ჯანმრთელობის კვლევას, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემას. გაშუქებულია საკითხი, პიროვნულმა თავისებურებებმა როგორ შეიძლება შეუწყონ ხელი ამა თუ იმ ფსიქოლოგიური კონდიციების ჩამოყალიბებას. ინტეგრირებულია პერსონალური ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის სფეროებში არსებული ცოდნა. ნათლად არის ნაჩვენები ურთიერთმიმართება პიროვნების კონსტიტუციურ მახასიათებლებსა და ფსიქიკურ დარღვევებს შორის. წიგნი განკუთვნილია სტუდენტების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემით დაინტერესებული მკითხველისთვის. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ პიროვნულ ქარაქტეროლოგიაზე, როგორც ამა თუ იმ ფსიქიკური კონდიციებისადმი წინასწარგანწყობაზე. წიგნი ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ ფსიქიკური დარღვევის რისკის დანახვა ნორმალურ პერსონალურ კონსტიტუციაში, მათ შორის – ტემპერამენტში. საგულისხმოა ისიც, რომ ეს თემატიკა განხილულია ბიოლოგისტური პერსპექტივიდანაც. ბიოლოგიური ფაქტორების, როგორც ფსიქიკური დარღვევების შესაძლო წინაპირობის განხილვა, ფსიქოპათოლოგიის კონცეპციას კიდევ უფრო მოცულობითს ხდის. წიგნი ორგანიზებულია ათი თავის სახით: განხილულია პერსონალური აშლილობების ტიპოლოგია; გაშუქებულია მრავალგანზომილებიანი მოდელის გამოყენება პიროვნული მახასიათებლების შეფასების მიზნი, რომლის საშუალებით პიროვნული ნიშნები იზომება კონტინუმში და არა – ცალკეულ კატეგორიებად; დეტალურად არის აღწერილი ფსიქოპათია, ანტისოციალური პერსონალური დარღვევები და გაშუქებულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების როლი მათ განვითარებაში. წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ბიოლოგიური და გენეტიკური წინასწარგანწყობის საკითხს პერსონოლოგიაში და ამ წინასწარგანწყობის როლს ფსიქიკური დარღვევების განვითარების თვალსაზრისით. აქცენტები კეთდება ურთიერთქმედებაზე ბიოლოგიურ ფაქტორებს, გარემო ფაქტორებსა და პერსონალურ განვითარებას შორის. ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ მემკვიდრეობითობს ზოგიერთი პიროვნული გადახრა და როგორია მათ მიმართ გენეტიკური წინასწარგანყობა. ავტორები განიხილავენ პერსონალური თავისებურებების როლს ისეთი მდგომარეობების განვითარებაში, როგორებიცაა გუნება-განწყობილების, შფოთვითი და პიროვნების დარღვევები. განხილულია, თუ პერსონალური კონსტიტუციურ-ქარაქტეროლოგიური ნიშნები როგორ შეიძლება წარმოადგენდეს წინასწარგანწყობას კონკრეტული მენტალური პრობლემებისთვის. ავტორები განიხილავენ ისეთ არსებით საკითხს, როგორიცაა ის, თუ ფსიქიკური დარღვევების მკურნალობის საკითხში რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პერსონალური თავისებურებების გათვალისწინება. ყურადღება ეთმობა პიროვნული თავისებურებებისა და ფსიქიკური დარღვევების ურთიერთმიმართების კვლევისა და პრაქტიკის ეთიკურ საკითხებს. წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ მულტიდისციპლინურ ჭრილში განიხილავს პერსონალურ თავისებურებებსა და მენტალური ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების შესახებ თეორიულ მიგნებებს და მათ გამოყენებას პრაქტიკული-კლინიკური მიზნით.
