Becoming a Person., Carl Rogers, Mary Back., Mockingbird Press., 2022

ეს ნაშრომი კარლ როჯერსმა პირველად 1954 წელს გამოსცა და ის წარმოდგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. კარლ როჯერსის შრომები დღესაც აქტუალურია, რამდენადაც ისინი მნიშვნელოვან ცოდნას გვძენენ პიროვნების რაობის, ადამიანური პოტენციალის რეალიზების და ურთიერთობების შესახებ; როჯერსის პიროვნებაზე ცენტრირებული მიდგომა კი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტურ, ემპათიურ და ეფექტიან მოდელს ადამიანების დასახმარებლად იმაში, რომ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალურად გამოიყენონ ისინი ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად. როჯერსის შრომები ძვირფასი მონაპოვარია არა მარტო ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპიის, არამედ აღზრდის, განათლების, ორგანიზაცული განვითარების, კონფლიქტების მართვის და კომუნიკაციების სფეროებში. კარლ როჯერსი (1902-1987) გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სულისჩამდგმელია. ის ცნობილია, როგორც პიროვნებაზე ცენტრირებული თერაპიის (იგივე – კლიენტზე ცენტრირებული თერაპიის) ფუძემდებელი, რომლის ამოსავალია ტოლერანტული, მხარდამჭერი და ემპათიური თერაპიული გარემოს შექმნა, რაც ხელს უწყობს თვითშემეცნებას, პიროვნულ ზრდას და თვითაქტუალიზებას. როჯერსს სწამდა, რომ ყველა ადამიანს მემკვიდრეობით აქვს მიღებული  თვითაქტუალიზაციის ტენდენცია, საკუთარი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციისა და სრულყოფილი ცხოვრების ბუნებრივი მამოძრავებელი ძალა. კარლ როჯერსი ბევრი თვალსაზრით იყო რევოლუციონერი. მან ფსიქოლოგიაში შექმნა თეორია, რომელმაც დაანგრია ძველი სტრუქტურა და გახადა თერაპია კლიენტზე ცენტრირებული, სადაც პაციენტია მამოძრავებელი საკუთარი მკურნალობის. როჯერსმა უარყო ფსიქოთერაპიაში ფსიქოანალიტიკური-დირექტიული მიდგომა. მისი თერაპიული ინტერესი არ არის ფოკუსირებული არაცნობიერის ანალიზზე, კოლექტიურ მეხსიერებაზე, განდევნილ იმპულსებზე. ის არ ეძიება ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, ინფანტილურ სექსუალობას. მეტიც, მან ფსიქოთერაპიაში შემოიტანა ტერმინი “კლიენტი”, რითაც ჩანაცვლა იქამდე არსებული – “პაციენტი”. როჯერსის თერაპიული მიდგომა მიმართულია იმაზე, რასაც თვითონვე უწოდა თვითაქტუალიზება. მას სწამს, რომ სწორი თერაპია შეიძლება გადაიქცეს პიროვნების განვითარების საშუალებად, კლიენტმა აღმოაჩინოს ნამდვილი თვითება და შეძლოს ცხოვრება სამყაროსთან ჰარმონიაში. როჯერსი ფსიქოლოგიაში ამკვიდრებს რწმენას, რომ ადამიანი მისი ბუნებით კარგია და ბოძებული აქვს თვითგანკურნების ნიჭი, თუმცა ეს თვითგანკურნება ვერ განხორციელდება ვაკუმში. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თერაპიულ ურთიერთობას, როგორც პიროვნული ძალებისა და თავისუფლების განვითარების პირობას, რის შედეგად ადამიანი იძენს თვითაქტუალიზების პოტენციას. როჯერსის თერაპიაში ფსიქოთერაპევტს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული როლი იმისგან, რაც ტრადიციულ ფსიქოანალიზში. ფსიქოანალიზში თერაპიის პროცესი მიყავს ფსიქოთერაპევტს, ის დირექტიულია, ის ახორციელებს პაციენტის მკურნალობას. როჯერსის სისტემაში კი ფსიქოთერაპევტის როლი შედარებით პასიურია, არადირექტიულია, მხარდამჭერია. ფსიქოთერაპევტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ნაცვლად ფოკუსირებულია თერაპიული ატმოსფეროს შექმნაზე: თბილი, საიმედო და უპირობო მიმღეობის გარემოს უზრუნველყოფაზე. როჯერსისთვის იდეალური თერაპევტი არ არის ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც პაციენტის ნაცვლად ფიქრობს, არამედ ის არის ადამიანი, რომელიც ისე ურთიერთობს კლიენტთან, რომ ეს უკანასკნელი არ საჭიროებს ნიღბებს, ის უშიშრად გამოხატავს საკუთარ განცდებს და შინაგან კონფლიქტებს, ეცნობა საკუთარ პიროვნებას და ახორციელებს პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესს.  თერაპევტის როლი განისაზღვრება უსაფრთხო და ემპათიური გარემოს შექმნაში. თერაპევტის ამოცანაა უსმინოს ყურადღებით და ემპათიით, არეკლოს კლიენტის განცდები და დაეხმაროს მას საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესში. ეს წიგნი ეფუძნება პიროვნებად გახდომის იდეას – საკუთარი თავის და ბედნიერების პოვნის გზით. ის გვაძლევს პასუხებს, ისეთ მნიშვნელოვან შეკითვებზე, როგორებიცაა: როგორ მოვიქცეთ განსაცდელის დროს? როგორ მოვიქცეთ კონფლიქტურ პიროვნებასთან? ვინ ვარ მე სინამდვილეში? როგორ გავხდე საკუთარი თავი? ეს წიგნი არის მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენის, პიროვნული ზრდისა და თერაპიული ურთიერთობის სამყაროში. წიგნი აგებულია ესსეების სერიების სახით, სადაც გამოხატულია ავტორის ფილოსოფია პიროვნების რაობასთან, მის ზრდასთან და ავთენტური თვითების მიღწევასთან დაკავშირებით. წიგნში განხილულია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ისეთი არსებითი კონცეფციები, როგორებიცაა თვითაქტუალიზება, თვითების კონცეპტი, უპირობო მიმღეობა, ემპათია, კონგრუენტულობა. წიგნი განკუთვნილია როგორ ფსიქოლოგიების და ფსიქოთერაპევტების, ისე ფართო მკითხველთა წრისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიროვნების და პიროვნული განვითარების საკითხით. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top