Words Can Change Your Brain: 12 Conversation Strategies to Build Trust, Resolve Conflict, and Increase Intimacy., Andrew Newberg, Mark Robert Waldman., Penguin Publishing Group., 2012, 272 pg

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბრწყინვალე სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტიანი კომუნიკაციების დამყარებაში. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩვენი ტვინი მუდმივად უშლის ხელს კარგ კომუნიკაციას. ის ზარმაცობს, ბრაზობს, იბნევა და ამდენად, შეიძლება არამხოლოდ გაართულოს, არამედ შეუძლებელიც კი გახადოს კომუნიკაცია. წიგნის ავტორებმა აღმოაჩინეს შესანიშნავი სტრატეგია, რომელსაც „თანაგრძნობითი კომუნიკაცია“ ეწოდა და რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ტვინებს ითანამშრომლონ და იმუშაონ, როგორც ერთმა მთლიანობამ. თავის ტვინის სკანირების, ასევე ცდისპირებზე დაკვირვების გზით, წიგნის ავტორებმა აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია „თანაგრძნობით კომუნიკაციას“ გადააწყოს რთული, კონფლიქტური კომუნიკაცია და მიიყვანოს ის კეთილსაიმედო შედეგამდე. სამსახურის უფროსთან თუ მეუღლესთან კამათის დროს თქვენი ტვინი ზუსტად იმ რეაქციას იძლევა, რა სტიმულებსაც მოკამათისგან იღებს; ის არად დაგიდევთ „თანაგრძნობით კომუნიკაციას“, არადა სწორედ ეს უნდა გააკეთოთ! წიგნის საშუალებით ვაცნობიერებთ, რამდენად ღრმა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს ენამ და კომუნიკაციის ტექნიკებმა ჩვენი ტვინის მუშაობასა და ურთიერთობებში. ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ. მათ შეუძლიათ ნდობის მოპოვებაც და განადგურებაც; კონფლიქტის გადაჭრაც და წარმოქმნაც; თანამოსაუბრესთან ღრმა ურთიერთობაც და მისგან გაუცხოვებაც. ეს წიგნი შეგასწავლით 12 მარტივ და ძალიან ეფექტიან ტექნიკას, რომლებიც დიდ დახმარებას გაგიწევენ კარგი კომუნიკაციის დამყარებაში. ეს სტრატეგიები დაფუძნებულია თავის ტვინის სამეცნიერო კვლევებზე, თავის ტვინის ნეირონულ კავშირებსა და სიტყვებს შორის ურთიერთმიმართების ცოდნაზე. აი, რამდენიმე მათგანიც: 1. შეეცადეთ მოდუნდეთ შეხვედრის დაწყებამდე; დარწმუნდით, რომ მოდუნებული ხართ, დაამთქნარეთ რამდენჯერმე შეხვედრაზე შესვლამდე (და არა შეხვედრაზე შესვლის შემდეგ), ეს მუშაობს. 2. არასდროს ილაპარაკოთ ერთ ჯერზე 20-30 წამზე მეტ ხანს, ამ დროის გასვლის შემდეგ მსმენელის ყურადღების ფანჯარა თქვენთვის იხურება. 3. გამოიყენეთ პოზიტიური საუბრის ტექნიკა; თქვებ დაგჭირდებათ სულ მცირე სამი პოზიტიური ფრაზა ყოველი ნეგატიური ფრაზის გასაუვნებლად. 4. ისაუბრეთ ნელა, სიტყვებს შორის პაუზებით; ეს რთულია, თუმცა მნიშვნელოვანია. 5. ყოველთვის უპასუხეთ თანამოსაუბრეს, არ აუგდოთ სიტყვა ბანზე. 6. გახსოვდეთ, რომ ტვინს შეუძლია ერთდროულად მოიცვას მხოლოდ ოთხი იდეა; ამის საფუძველზე წარმართეთ თქვენი საუბარი. „თანაგრძნობითი კომუნიკაცია“ ბრწყინვალე სტრატეგიაა შეხვედრების საწარმოებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად, ამას გარდა ის უდიდესი კომფორტის შემძენია ნებისმიერი ყოფითი კომუნიკაციებისთვის. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top