The Secret Life of Pronouns: What Our Words Say About Us.,  James W. Pennebaker., Bloomsbury USA., 2013, 352 pg

სწავლულებმა დიდი ხანია იციან, რომ “ის რასაც ვმეტყველებთ, ჩვენზე მეტყველებს”. ფსიქოლოგებმა კი სამეცნიერო კვლევებით დაადგინეს, რომ სიტყვები, რომლებსაც ესა თუ ის ადამიანი ყველაზე ხშირად იყენებს საუბრისას, ინფორმაციას იძლევიან მისი პიროვნების, ემოციებისა და სოციალური მიმართებების შესახებ. ეს წიგნი შესანიშნავი მთხრობელია ამბისა, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ჩვენი ფსიქიკა და სამეტყველო ენა, სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ; როგორ შეიძლება უმცირეს სიტყვებს ქონდეთ უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი ქცევის წვდომისთვის. წიგნის ავტორი, ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ჯეიმს პენებაკერი წლების მანძილზე იკვლევდა ფსიქოლოგიის ლინგვისტურ ასპექტებს იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოხატავს ჩვენი სამეტყველო ენა ჩვენსავე შინაგან მდგომარეობას და ჩვენი ქცევის სოციალურ კონტექსტებს. ავტორი გვაჩვენებს, რომ სიტყვებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ, დაფარულია ჩვენი განცდების, თვითშეფასების, სოციალური დინამიკის საიდუმლო. მეტიც, ჩვენი მეტყველების ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო ნაწილები – ნაცვალსახელები ყველაზე უფრო მეტყველი რამაა ამ მხრივ. ავტორს მოჰყავს ცნობილი ადამიანების გამონათქვამების მაგალითები, საიდანაც აკეთებს საინტერესო დასკვნებს მათ მიერ გამოყენებულ სიტყვებსა და ქცევებს, განვითარებულ მოვლენებს შორის მიმართებების შესახებ. წიგნი ეფუძნება იდეას, რომ ნაცვალსახელები მხოლოდ გრამატიკული კი არა, არამედ ადამიანის აზრების, დამოკიდებულებების და ქცევების გაგების ინსტრუმენტებია. წიგნი გვასწავლის, თუ ენობრივ წყობაზე დაკვირვებით როგორ შეგვიძლია ჩავწვდეთ პიროვნების ფსიქიკის დაფარულ მხარეებს, მენტალურ მდგომარეობას, თვითშეფასებას, ემოციურ პლასტებს და სოციალურ დამოკიდებულებებს.  მაგალითად, „,მე“-ის გადაჭარბებული გამოყენება შეიძლება მიუთითებდეს ეგოცენტრიზმზე ან დეპრესიაზე მაშინ, როცა „ჩვენ“-ის ხშირი გამოყენება მიუთითებს ჯგუფური შეჭიდულობისა და მიკუთვნებულობის სურვილზე. უაღრესად საინტეროა ისიც, რომ ენობრივ მანერაზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ მომავალი მოვლენები, წარმატება, პოლიტიკური პრეფერენცია და ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი. ავტორმა გაანალიზა დიდი რაოდენოთ ტექსტური მონაცემი, მათ შორის ონლაინ მედიის პოსტები იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური კანონზომიერებები დაედგინა. წიგნი საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისთვის, კომუნიკაციებით, პოლიტ.ტექნოლოგიით და ფსიქოლოგიით დაინტერესებული აუდიტორიისთვის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top