Incognito: The Secret Lives of The Brain., David Eagleman ., Canongate Books.,  2011., 304 pg

ეს პოპულარული წიგნი ნეირომეცნიერის დევიდ იგლმენის ნაშრომია, რომელშიც ის ეხება ადამიანის თავის ტვინის კომპლექსურ მუშაობას და არაცნობიერი პროცესების ფორმირებას; აშუქებს, თუ როგორ მუშაობს ჩვენი თავის ტვინი ჩვენი ცნობიერის მიღმა, რამდენად და როგორ განაპირობებს ჩვენს ქცევებს, განწყობებს და აღქმებს. წიგნში განხილულია შემდეგი თემები: 1. არაცნობიერი ტვინი: ავტორი აღნიშნავს, რომ ქცევების უმრავლესობა კონტროლდება ტვინის ისეთი პროცესებით, რომლებიც ჩვენს მიერ არ ცნობიერდება. როგორც ცნობილია, ჩვენი ცნობიერი მხოლოდ მწვერვალია იმ აისბერგისა, რასაც ფსიქიკური პროცესები ქვია. ხშირად ცნობიერი კი არა, არაცნობიერი მართავს განწყობებს, ემოციებს, აღქმებსაც კი, რომლებიც რეალიზდება ჩვენს ქცევებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ავტომატური-არაცნობიერი ქცევები (როგორიცაა ავტომობილის მართვა) და თავის ტვინის როლი მათ ფორმირებაში. 2. სელექტიური ყურადღება: ჩვენს ტვინს კონკრეტულ მომენტში დიდი რაოდენობით სენსორული მასალის დამუშავებისთვის შეზღუდული რესურსები აქვს. შესაბამისად, ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, დიდწილად არაცნობიერი პროცესით ფორმირდება. 3. ნეიროპლასტიურობა: წიგნის ერთ-ერთი არსებითი თემაა ტვინის ნეიროპლატიურობა – მისი უნარი აღიდგინოს ფუნქციები გამოცდილების კვალდაკვალ, მოახდინოს მათი ადაპტირება. მაგალითად, როგორ ახერხებს დაზიანების შემდეგ ტვინი თვითრეორგანიზებას, როგორ ახერხებს დაკარგული ფუნქციების აღდგენას ან ჩანაცვლებას. 4. თვითების მოდელი ნეირომეცნიერებაში: საუბარია იმაზე, თუ როგორ ხდება ტვინის მიერ თვითების, იდენტობის კონსტრუქცია. ტვინი ქმნის ისტორიას იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორ ვერგებით სამყაროს, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ნეირონული სისტემის მიერ შექმნილი ნარატივია. ავტორი ავითარებს აზრს, რომ თვითების მოდელი სხვა არაფერია თუ არა „ცნობიერის ილუზია“. ჩვენი ტვინი მუდმივად მუშაობს ჩვენი გამოცდილების საზრისის შექმნაზე მაშინაც კი, როცა ჩვენს ფიქრებსა და ქცევებს არაცნობიერი პროცესები მართავენ. 5. ტვინის მიერ რეალობის შექმნა: განხილულია ის, თუ როგორ განაპირობებს ტვინი ჩვენს მიერ რეალობის აღქმას. ტვინი ქმნის სამყაროს მოდელს სენსორული მონაცემების, წარსული გამოცდილებისა და ვარაუდების საფუძველზე. მაგალითად, ის როგორც ჩვენ ვხედავთ, ზუსტი ობიექტური სურათი არ არის. ეს არის ჩვენი სენსორული მასალის ინტერპრეტაცია ჩვენივე ტვინის მიერ. ტვინი  აკეთებს დაშვებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება და ამას აკეთებს კონტექსტისა და გამოცდილების საფუძველზე. თუ რაიმე მოულოდნელს ან ორაზროვანს ვაწყდებით, ჩვენი ტვინი ავსებს ხარვეზებს „გამოცნობებით“, რითაც აიხსნება ოპტიკური ილუზიისა და კოგნიტური მიკერძოების ფენომენები. 6. ტვინის უნარი განახორციელოს ცვლილება და მორალური გადაფასება: წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი თემა არის ის, თუ როგორ მოქმედებს მორალურ განსჯაზე ტვინის ავტომატური სისტემები. ავტორი იკვლევს, თუ როგორ აყალიბებს არაცნობიერი ტვინი არამხოლოდ ჩვენს ქმედებებს, არამედ ჩვენს მორალსაც. განიხილავს ტვინის როლს მორალური გადაწყვეტილებების მიღებაში და როგორ მოქმედებს მასზე როგორც ბიოლოგიური, ასევე სხვა გარემო ფაქტორები. კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ჩვენი მორალური გადაწყვეტილება მიიღება სწრაფად და არაცნობიერად. მაგალითად, მორალური დილემების შესწავლისას, ადამიანების გადაწყვეტილებები ხშირად ემთხვევა ტვინის ლიმბურ სისტემაში დამუშავებულ ემოციურ რეაქციებს და არა – ტვინის ისეთ „ლოგიკურ“ უბნებში, როგორიცაა პრეფრონტალური ქერქი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მორალი არ არის მხოლოდ ცნობიერი აზროვნების შედეგი, არამედ ის დიდწილად ყალიბდება არაცნობიერი პროცესებით. წიგნი ცხადყოფს, რომ ტვინი ბევრად უფრო რთული და იდუმალია, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ წარმოვიდგენთ. თუ გსურთ, უფრო ღრმად ჩაიხედოთ ტვინისმიერი პროცესების სამყაროში, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top