ეს წიგნი ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის პიროვნული დარღვევების რაობის, კლასიფიკაციის და მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ. თეორიისა და პრაქტიკის შეჯერების გზით ის ღირებულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს პიროვნული დარღვევების კომპლექსური ბუნების გაგებისთვის. წიგნის ავტორია ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი რობერტ ფენშტეინი, რომელსაც პიროვნული დარღვევების პრობლემატიკაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. პიროვნული დარღვევების თემის მისეული დამუშავება საინტერესოა იმით, რომ პრობლემა გაშუქებულია ბიო-ფსიქო-სოციო-კულტურალური პერსპექტივიდან; ინტეგრირებულია ფსიქოდინამიური, კოგნიტურ-ბიჰევიორული და ბიოლოგიური კონცეფციები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მკურნალობის მულტიმოდალურ, ფსიქოთერაპიულ და ფარმაკოლოგიურ მიდგომებს. ეს წიგნი პრაქტიკული გზამკვლევი გახდება კლინიცისტებისთვის, პიროვნული დარღვევების შეფასების, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის განხორციელებისთვის. წიგნში მოტანილია კლინიკური შემთხვევები, რომლებიც ნათლად აჩვენებს ფსიქიკური დარღვევების ამ ჯგუფის მრავალფეროვნებას და მართვის შესაძლებლობებს. წიგნი ორგანიზებულია სამ ვრცელ ნაწილად: 1. ზოგადი მიმოხილვა: მოწოდებულია ფუნდამენტური ცოდნა, თეორიები, კლასიფიკაციის სისტემები. 2. პრაქტიკული მიდგომები და მკურნალობა: გაშუქებულია ისეთი მიდგომები, როგორებიცაა ფსიქოთერაპია, ფარმაკოთერაპია, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები. 3. ცალკეული პიროვნული დარღვევები: განხილულია კონკრეტული გამოვლინებები, როგორებიცაა მოსაზღვრე პიროვნული დარღვევები, ნარცისტული პიროვნული დარღვევები, ანტისოციალური მდგომარეობები და სხვა. თითოეული მათგანი განხილულია დეტალურად, დიაგნოსტიკური კრიტერიუმებისა და სამკურნალო სტრატეგიების ჩათვლით. წიგნის თავები შეიცავს მტკიცებულებებზე დამყარებულ სამკურნალო პროტოკოლებს და გაიდლაინებს. წიგნი განკუთვნილია ფსიქიატრების, ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტებისა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პროფესიონალებისთვის, აგრეთვე – სტუდენტებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს დარგის პროფესიონალებს პიროვნული დარღვევების სიღრმისეულად გაცნობიერებაში, ინტერვენციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
