ამ წიგნს უწოდებენ “ექიმის ხალათის ჯიბის სახელმძღვანელოს”. აქ მოცემულია ნევროლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური და ნეიროფსიქიატრიული მგდომარეობების აღწერა-შეფასება. შეფასების ასობით მიდგომიდან მოწოდებულია ყველაზე ქმედითი და მოწინავე მეთოდები, რომელთა შორის გათვალისწინებულია კულტურულ-ლინგვისტური ასპექტები, გუნება-განწყობილების და კოგნიციების შეფასების ინსტრუმენტები, მათ შორის – ელექტროფიზიოლოგიური მონაცემები. უახლეს ჭრილშია განხილული ნეიროდეგენერაციული დაავადებები. მოწოდებულია დემენციისა და ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის მართვისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ნეიროფსიქიატრიულ და ქცევით სინდრომებს, შფოთვით დარღვევებს. გაშუქებულია ინტელექტუალური შეზღუდვები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, გუნება-განწყობილების დარღვევები, კანაფისა და ალკოჰოლის ზემოქმედება მენტალურ ჯანმრთელობაზე. წიგნი ორგანიზებულია ოთხი ვრცელი ნაწილის, 27 თავის სახით. პირველი ნაწილი გვაცნობს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის როლს და ადგილს, ნეიროფსიქოლოგიური შეფასების საფუძვლებს და მეთოდებს, დიაგნოსტირების მიდგომებს და ინსტრუმენტებს. მეორე ნაწილში აღწერილია ნეიროფსიქოლოგიური სინდრომები, როგორებიცაა ყურადღების, მეხსიერების და აღქმის დარღვევები; მესამე ნაწილში – ნევროლოგიური დაავადებები, კოგნიტური და მოტორული ნევროლოგიური მდგომარეობები; მეოთხე ნაწილში – ნეიროფსიქიატრიული მდგომარეობები და ქცევითი აშლილობები.
