ექიმის – ნადინ ბარკის კაბინეტში შესული პაციენტი, სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვალობაზე, აბსოლუტურად ჯანმრთელად გამოიყურებოდა, თუმცა გამოკითხვით გაირკვა, რომ ის 7 წლისაა და არ გაზრდილა სიმაღლეში არც ერთი სანტიმეტრით მას შემდეგ, რაც 4 წლის ასაკში ფსიქოტრავმა განიცადა. ეს იყო დღე, როცა ექიმმა ბარკმა დაასკვნა, რომ ის რასაც აქამდეც ვარაუდობდა, ფაქტია: ტრავმული გამოცდილება იმაზე ღრმა კვალს ტოვებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს წიგნი არის სწორედ იმის შესახებ, თუ როგორ განაპირობებს ბავშვობის პერიოდის სტრესი და ფსიქოტრავმა შემდგომი ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემებს და რა უნდა გავაკეთოთ ამ მანკიერი წრის გასარღვევად. როგორც ცნობილია, ადამიანების ერთ მესამედს ბავშვობის ასაკში ერთი ტრავმული გამოცდილება მაინც აქვს – დანაკარგთან, მშობლების განქორწინებასთან ან ძალადობასთან დაკავშირებით. ეს წიგნი ჩაგვახედებს იმ არასასურველი ტრავმული მოვლენების არსში, რომლებიც ღრმა კვალს ტოვებენ ჩვენს განვითარებაზე და ჯანმრთელობაზე. გვასწავლის, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ტრავმული გამოცდილების მოჯადოებულ წრეს, როგორ დავეხმაროთ ჩვენს ტვინს და სხეულს გამოვიდეს ამ ციკლიდან, გახდეს უფრო მედეგი, ჯანსაღი და ბედნიერი. წიგნი დაეხმარება მოზრილ და მოზარდ ადამიანებს, ასევე ოჯახებს ტრავმული შედეგების დაძლევასა და ბედნიერი ცხოვრების შექმნაში. წიგნში შესულია ადრეული ასაკის ფსიქოტრავმის შესახებ როგორც სამეცნიერო მონაცემები, ისე – კლინიკური დაკვირვებების შედეგები. გაშუქებულია, თუ რა გავლენას ახდენს ადრეული ასაკის სტრესი და ფსიქოტრავმა თავის ტვინის განვითარებაზე , როგორ განაპირობებს ისინი ქრონიკული დაავადებების რისკს. ავტორი არ ერიდება ღია სახელდებას და ამკვიდრებს ტერმინს “სტრესის ტოქსიკურობა”, რაშიც გულისხმობს შემდეგს: ბავშვთა ასაკში ქრონიკული სტრესი, რომელსაც არ ქონია ადექვატური მხარდაჭერა, განაპირობებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შერყევას და სამედიცინო პრობლემებს მთელი ცხოვრების მანძილზე. ავტორი ხაზს უსვამს ადრეული ჩარევისა და მხარდამჭერი ურთიერთობების მნიშვნელობას სტრესის ტოქსიკურობის დაძლევაში. წიგნის ავტორი, ექიმი ნადინ ბარკი, კალიფორნიაში მოღვაწე პედიატრი, ახალგაზრდობის კეთილდღეობის ცენტრის დამფუძნებელია. მისი შრომები დიდ ყურადღებას იქცევს სწორედ ადრეული ასაკის ტრავმის პრობლემატიკიდან და მისი სამედიცინო მნიშვნელობიდან გამომდინარე. წიგნი განკუთვნილია როგორც ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალების, ისე მშობლების, აღმზრდელების, მასწავლებლების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისთვის.
