Cognitive Disonance: Reexamining a Pivotal Theory in Psychology., Ediie Harmon-Jones, 2019., 303 pg

რა სახის მენტალური პროცესი ხდება ადამიანის ფსიქიკაში, როცა ის აკეთებს ისეთ რამეს, რაც არაჯანსაღია; როცა პატიოსანი ადამიანი ამბობს აშკარა ტყუილს; რატომ იცვლება ჩვენი შეფასება მას შემდეგ, რაც უკვე გავაკეთეთ არჩევანი? ასეთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფენომენის ასახსნელად 1945 წელს ლეონ ფესტინგერმა შემოიტანა კოგნიტური დისონანსის თეორია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ადამიანის მოტივაციის და ქცევის გაგებაზე. თეორიის მიხედვით კოგნიტური ელემენტები მიისწრაფიან იყვნენ ერთმანეთთან თავსებად და კონსტანტურ მიმართებაში. არათავსებადი ანუ დისონანსური მდგომარეობა ფსიქოლოგიურად უსიამოვნოა და აღძრავს მისგან თავის დაღწევის მოთხოვნილებას. დისონანსის დაძლევა შეიძლება მოხდეს ცნობიერებაში კონსონანსის გაზრდის (დამატების) ან თვით დისონანსში მყოფი ელემენტების შეცვლის გზით. თეორიის არსის საილუსტრაციოდ თვითონ ფესტინგერს მოყავს ასეთი მაგალითი: თუ მწეველმა ადამიანმა იცის, რომ მოწევა მავნეა და იწვევს კიბოს, ის იმყოფება კოგნიტური დისონანსის მდგომარეობაში: ერთი კოგნიტური ელემენტი „მე ვეწევი“ შეუთავსებელია მეორესთან „მოწევა იწვევს კიბოს“. ნათელია, რომ ამ დისონანსისგან თავის დასაღწევად ყველაზე შესაფერისი საშუალება მოწევაზე ხელის აღებაა, მაგრამ ისიც ცნობილია, რამდენად ძნელია ამის გაკეთება. ამიტომ ადამიანი, უმეტესწილად, ამჯობინებს ზემოქმედება მოახდინოს მეორე კოგნიტურ ელემენტზე: დააკნინოს მოწევასა და კიბოს შორის კორელაციის დამდგენი კვლევების რეპუტაცია; მოიყვანოს დღეგრძელი მწეველების მაგალითები, როგორებიცაა „ბაბუაჩემი ეწეოდა და 100 წლამდე იცოცხლა“; ამტკიცოს, რომ ფილტრი ამცირებს სიგარეტის მავნებლობას; გაზარდოს მოწევის ჰედონისტური ღირებულება – „სჯობს ცოტა ხანს იცოცხლო და სიამოვნებით, ვიდრე – დიდხანს და შეზღუდვებით“; ამტკიცოს, რომ მოწევის შეწყვეტა წონაში მატებას გამოიწვევს და ა.შ. ჩვენი ცხოვრება სავსეა ასეთი მაგალითებით. ფესტინგერი გამოყოფს დისონანსის გამომწვევ ოთხი სახის ვითარებას: 1. ლოგიკური შეუთავსებლობა, 2. კულტურალურ ნორმებთან შეუთავსებლობა, 3. კონკრეტული კოგნიტური ელემენტების შეუთავსებლობა კოგნიციის უფრო ფართო მასშტაბთან, 4. შეუთავსებლობა წარსულ გამოცდილებასთან. ეს წიგნი საინტერესოა იმით, რომ კოგნიტური დისონანსის თეორია გაშუქებულია 21-ე საუკუნის ჭრილში. განხილულია კოგნიტური დისონანსის როლი თანამედროვე ცხოვრებაში, ინფორმაციულ პროცესებში, სხვადასხვა აქტივობის შესაბამის მოტივაციაში. წიგნი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მოცემულია მათემატიკური მოდელები, რომლებიც აზოგადებენ კოგნიტური დისონანსის მუშაობას. ასევე საინტერესოა მსჯელობა დისონანსის ნეირონულ კორელაციებზე, რაც კოგნიტური დისონანსის ბიოლოგიური საფუძვლების ძიების მცდელობაა. წიგნი ორგანიზებულია სამი ვრცელი ნაწილის სახით. პირველ ნაწილში გაშუქებულია კოგნიტური დისონანსის თეორიის მნიშვნელობა და პერსპექტივები. მეორე ნაწილში საუბარია თვითების როლზე დისონანსის ფენომენში. მესამე ნაწილში განხილულია მათემატიკური მოდელები, ნეირონული აქტივაცია და აფექტური პასუხები. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top