მორალი წარმოადგენს წესებისა და ნორმების ერთობლიობას, რითაც ამა თუ იმ საზოგადოებაში განისაზღვრება ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება და ყოფაქცევა. მორალური პრინციპი განსაზღვრავს ადამიანის რომელი ქცევა არის „კარგი/მისაღები“ და რომელი – „ცუდი/მიუღებელი“. საზოგადოება აწესებს რა მორალურ ნორმებს და ასევე – სანქციებს ამ ნორმების დარღვევისთვის, ამ გზით ის აყალიბებს მისი წევრების თვითკონტროლს და ერთმანეთისადმი ეთიკური დამოკიდებულების პრაქტიკას.
მორალის ფენომენი ერთნაირად აინტერესებს ფილოსოფიას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას და სოციოლოგიას. არ არსებობს ადამიანის ფუნქციონირების არც ერთი სფერო, სადაც არ არის გათვალისწინებული მორალური-ეთიკური მხარე. ამდენად, გასაკვირი არ არის მკვლევართა დაინტერესება ადამიანის მორალური განწყობებისა და მორალური ქცევის საკითხით. ამ მხრივ ფუნდამენტურ შრომად მიჩნეულია კოლბერგის მორალის განვითარების თეორია. ლოურენს კოლბერგი (1927-1987) ამერიკელი ფსიქოლოგი, ჩიკაგოსა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი იყო, რომელიც მე-20 საუკუნის 30 ყველაზე რეიტინგულ ფსიქოლოგიის მკვლევართა შორის მოიაზრება.
თეორიის შემუშავების პროცესში კოლბერგი იყენებდა ასეთ კვლევას: სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის (ბავშვი, მოზარდი, მოზრდილი) ცდისპირებს აცნობდა მოთხრობებს, რომლებიც შეიცავდა მორალურ დილემებს. კერძოდ, მორალური დილემის წინაშე დგება მოთხრობის მთავარი გმირი. ცდისპირმა კი უნდა გადაჭრას ეს დილემა. მაგალითად მოვიყვანთ მოთხრობათაგან ერთ-ერთს: ქალს დაუდგინდა იშვიათი და მძიმე დაავადება. მისი მდგომარეობა დამძიმდა, კვდება. არსებობს ერთადერთი წამალი, რომელსაც შეუძლია მისი სიცოცხლე იხსნას. ამ წამალს მისი მწარმოებელი ყიდის, რომელმაც ისედაც ძვირადღირებული წამლის თვითღირებულებას ერთი იმდენი მიუმატა. ავადმყოფი ქალის ოჯახს წამლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ქალის მეუღლემ დახმარების თხოვნით ყველა ნაცნობ-მეგობარი მოიარა და წამლის საყიდლად საჭირო თანხის მხოლოდ ნახევრის მოგროვება შეძლო. მივიდა წამლის რეალიზატორთან და სთხოვა, მეუღლე მეღუპება, გთხოვ, დამიკლო ფასი ან განვადება გამიკეთოო. რეალიზატორმა თავი შორს დაიჭირა, მე გამოვიგონე ეს წამალი და მე ამით ფულის შოვნას ვაპირებო. სასოწარკვეთილმა კაცმა ღამით გატეხა მისი აფთიაქი და მოიპარა წამალი. ცდისპირებს უსვამდნენ შეკითხვებს: უნდა მოეპარა თუ არა მამაკაცს წამალი? – რატომ? რეალიზატორი მართალი იყო, როცა ამდენით გაზარდა წამლის მოგება? – რატომ? სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ცდისპირების პასუხები ამ და სხვა მოთხრობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე აჩვენებდა, რომ მორალური განსჯის განვითარებას ადამიანში კანონზომიერი ხასიათი აქვს და ეტაპობრივია.
კოლბერგმა გამოყო ადამიანის მორალური განვითარების სამი დონე: პრეკონვენციური, კონვენციური და პოსტკონვენციური. თითოეული დონე ორ სტადიას მოიცავს. ჯამში, განირჩევა მორალური განვითარების ექვსი სტადია.
| დონე | განვითარების თავისებურება | ||
| I დონე – პრეკონვენციური: დაფუძნებულია პირად ინტერესზე ასაკი: ბავშვობა | სტადია 1 | ორიენტაცია დასჯის არიდებაზე: დამჯერობა | უნდა დავემორჩილო წესებს, რათა არ დავისაჯო |
სტადია 2 | ორიენტაცია პირად სარგებელზე: გულუბრყვილო ოპერაციული ჰედონიზმი | უნდა დავემორჩილო წესებს, რათა მივიღო ჯილდო | |
| II დონე – კონვენციური: დაფუძნებულია სოციალური ნორმებისადმი მოლოდინებზე ასაკი: მოზარდობა | სტადია 3 | ორიენტაცია სხვათა მხრიდან კარგი შეფასების დამსახურებაზე: კარგი ურთიერთობები და კონფორმიზმი | უნდა დავემორჩილო წესებს, რათა მოწონება დავიმსახურო, თავიდან ავიცილო კრიტიკა და არ გავირიყო |
სტადია 4 | ორიენტაცია კანონმორჩილებაზე | უნდა დავემორჩილო წესებს, რათა თავიდან ავიცილო კანონთან დაპირისპირება და ბრალდება | |
| III დონე – პოსტკონვენციური: დაფუძნებულია მორალურ აზროვნებაზე ასაკი: მოზრდილობა | სტადია 5 | ორიენტაცია საზოგადოებრივ თანხმობასა და ინდივიდუალურ უფლებებზე | უნდა დავიცვა საზოგადოებრივი ინტერესები წინააღმდეგობების მიუხედავად |
სტადია 6 | ორიენტაცია უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე | უნდა მივსდიო საყოველთაო სამართლიანობას, ეთიკურობას, ადამიანის უფლებების ღირებულებას | |
მორალის განვითარების ამ სტადიებზე დაკვირვებით იკვეთება ორი საინტერესო ტენდენცია:
1) თავდაპირველად მორალური ქცევა ეფუძნება გარე ფაქტორებს (როგორებიცაა სასჯელი ან ჯილდო), ხოლო მოგვიანებით კი მორალი გაშინაგანებულია;
2) თავდაპირველად მორალური მსჯელობა უფრო კონკრეტულია, ხოლო მოგვიანებით – აბსტრაგირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ კოლბერგის თეორიას საკმაო კრიტიკა შეხვდა. ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა იმან, რომ კოლბერგის თეორია აბსოლუტიზმის პრინციპზე დგას და არ ითვალისწინებს კულტურალურ განსხვავებებს, რაც კონკრეტული საზოგადოების მორალის სპეციფიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
კოლბერგის თეორიის სუსტ მხარედ მიიჩნევენ იმასაც, რომ ის შეიძლება გამოდგეს მორალური განწყობების შესაფასებლად, მაგრამ არა – მორალური ქცევის. შეიძლება არსებობდეს დიდი განსხვავება ადამიანის მორალურ მსჯელობასა და მის მორალურ ქცევას შორის. მაგალითად, საზოგადოებების უმრავლესობაში სხვისი საკუთრების მითვისება ამორალურ ქცევად არის მიჩნეული, ხოლო პატიოსნება – მორალურად. თქვენ პატიოსანი ადამიანი ხართ. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ, რომ ვიღაცას დაუვარდა ხურდა ფული ისე, რომ ეს ვერ შენიშნა. თქვენ დაუძახებთ მას და მოაბრუნებთ. ახლა დავუშვათ, რომ ეს ხურდა ფული კი არ არის, არამედ ქაღალდის კუპიურაა. თქვენ იგივეს გააკეთებთ, არა? ახლა დავუშვათ, რომ ეს ქაღალდის კუპიურა კი არ არის, არამედ მსხვილი კუპიურების შეკვრაა, ხოლო ის, ვისაც შეკვრა დაუვარდა საეჭვო ტიპია, თანაც უკვე სხვა ქუჩაზე შეუხვია და თვალს მიეფარა, გარშემოც არავინაა. თქვენ პატიოსანი ადამიანი ხართ, ჰოდა, პატიოსნად კითხეთ თქვენს თავს, რას იზამდით? ახლა იმაზეც დაფიქრდით, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ადამიანი, რომელიც პატიოსანია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სასოწარკვეთილია. პასუხი არც ისე ადვილია, ასე არ არის? ღირებულებითი არჩევანი ვაკუუმში არ კეთდება. რაც არ უნდა მაღალი იყოს ინდივიდის მორალური თამასა, როცა დგება კონკრეტულ ვითარებაში მოქმედების დრო, მაშინ მისი ქცევა შეიძლება არ დაემთხვას მისსავე მორალურ პრინციპებს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, იმის მიუხედავად, თუ მორალური განვითარების რომელი თეორიაა თქვენთვის უფრო მისაღები, ბავშვს უნდა ვასწავლოთ როგორ იმოქმედონ საზოგადოებაში მისაღებისა და მიუღებლის პრინციპების მიხედვით. მეტიც, ბავშვს უნდა ვასწავლოთ არამხოლოდ ეთიკური ქცევა, არამედ მისაღებისა და მიუღებლის ერთმანეთისგან გარჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მორალური დასკვნა და განწყობა შეითავსოს, როგორც საკუთარი იდენტობის ნაწილი. როგორ უნდა მიაღწიონ ამას მშობლებმა? – თქვენს შვილებში მორალის კულტივირება დაიწყეთ ავტორიტეტული მშობლის სტილით, რომელიც თვითონ არის მოქალაქეობრივი ცხოვრების მაგალითი და ამასთან, დიდ ყურადღებას უთმობს შვილებთან მუდმივ დიალოგს, ურთიერთობებსა და ქცევაზე საუბარს.
