ვინ არის სოციალური “მე“

ზოგადად „მე“-ის კონცეპცია ფსიქოლოგიის  მთავარი თემაა, რამდენადაც სწორედ მისი საშუალებით ხდება სოციალური აზროვნებისა და სოციალური ქცევის ჩამოყალიბება. სოციალური „მე“ ეწოდება ფენომენს, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს სხვებთან  ურთიერთობაში და სოციალურ კონტექსტში. განარჩევენ სოციალური „მე“-ის შემდეგ კომპონენტებს:

კულტურა. სოციალური „მე“-ის აღზრდა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საზოგადოების კულტურულ მახასიათებლებზე. დასავლური კულტურები, როგორც წესი, ინდივიდუალისტურია, აღმოსავლური კულტურები კი – კოლექტივისტური. ინდივიდუალისტური კულტურა ხელს უწყობს დამოუკიდებელი „მე“-ის განცდის ჩამოყალიბებას, ხოლო კოლექტივისტური კულტურა კი ხელს უწყობს ურთიეთდამოკიდებული, მაღალი სოციალური შეჭიდულობის მქონე „მე-ის“ განცდის ჩამოყალიბებას. 

პირადი გამოცდილება. თვითეფექტურობის განცდა დამოკიდებულია პირად გამოცდილებაზე. პირადი გამოცდილების კვალდაკვალ ხდება ამა თუ იმ ფუნქციაში დახელოვნება. ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ბადებს თვითრწმენისა და საკუთარი კომპეტენტურობის განცდას. 

სხვათა მხრიდან შეფასება. თვითშეფასების პროცესში ჩვენ გარკვეულწილად ვეყრდნობით იმას, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები. ბავშვები, რომელთაც ახალისებენ იმით, რომ უწოდებენ ნიჭიერს და ბეჯითს, ამ თვისებების გაშინაგანებას ცდილობენ საკუთარ იდენტობასა და ქცევაში. 

როლები. ახალ სოციალურ როლში, როგორებიც შეიძლება იყოს სტუდენტი, მუშაკი, მშობელი და სხვა, თავიდან შეიძლება თავდაჯერებულად არ ვიგრნოთ თავი. თანდათანობით ჩვენი სოციალური „მე“ ითავისებს იმას, რასაც ადრე აღვიქვამდით, როგორც როლში ყოფნას და თამაში იქცევა რეალობად.

თავის მართლება და თვითაღქმა. ზოგჯერ უსიამოვნო განცდები გვეუფლება საკუთარი ქცევისა თუ პოზიციის გამო. ვგრძნობთ, რომ ის თუ როგორ მოვიქეცით ან როგორი პოზიცია დავიკავეთ, ჩვენ არ გვგავდა. ამის მიუხედავად ჩვენი სოციალური „მე“ მიდრეკილია თავის მართლებისკენ: ჩვენ ვცდილობთ გავამართლოთ ჩადენილი ქმედება, რამდენადაც საკუთარ თავს ვაიგივებთ ამ ქცევასთან. ამ პროცესში თანდათანობით საკუთარ თავს აღვიქვამთ, როგორც ადამიანს, რომელიც სწორედ იმ თვალსაზრისის მქონეა, როგორც მოიქცა. 

სოციალური შედარება. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ გავაცნობიეროთ ის, თუ რით განვსხვავდებით გარშემომყოფთაგან. ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ უნიკალურობას. საკუთარი თავის სხვებთან შედარება აყალიბებს თვითიდენტიფიკაციას, როგორიცაა მდიდარი/ღარიბი, გონიერი/უგუნური, მხიარული/უხასიათო და სხვა. 

სოციალური შედარების პროცესში თავს იჩენს ისეთი ფსიქოლოგიური ფენომენი, როგორიცაა საკუთარი „მე“-ის სასარგებლოდ განწყობა, რაშიც იგულისხმება ადამიანის ტენდენცია იყოს კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ. 

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანების უმრავლესობას დაბალი თვითშეფასება აქვს. ამ თვალსაზრისიდან, რომელსაც ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მრავალი მიმდევარი იზიარებს, წარმოსდგება „არასრულფასოვნების კომპლექსის“ გაგებაც. სოციალური ფსიქოლოგია კი ამტკიცებს, რომ ადამიანების უმრავლესობა კარგი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე როგორც სუბიექტური, ისე სოციალური პარამეტრების მიხედვით. უმრავლესობა საშუალო შეფასებას აძლევს საკუთარ თავს, ზოგიერთი – მაღალსაც. 

კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანების უმრავლესობა ენთუზიაზმით ეთანხმებიან შექებას, კრიტიკის შემთხვევაში კი საკუთარ მარცხს გარემო ფაქტორებს მიაწერს. ამ ფაქტორთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორი უიღბლობაა, რასაც ადამიანები ხშირად მიაწერენ ხელმოცარულობას. მაგალითად, ავტოსადაზღვევო პოლისებში ავტომფლობელების მხრიდან მათ მიერ განხორციელებული ავტოსაგზაო შემთხვევების ასეთ აღწერებს ნახავთ: „გაუგებარია საიდან გამოხტა ავტომანქანა, რომელმაც დამარტყა“, „რომ შევუხვიე, იქ რაღაც ჯებირი იყო, რომელიც მხედველობას უშლიდა და ამის გამო ვერ შევნიშნე ავტომობილი, რომელსაც დავეჯახე“, „უცებ გამოჩნდა ფეხით მოსიარულე და ჩამივარდა საბურავებში“. 

იმ ვითარებებში, სადაც როლს თამაშობს როგორც უნარები, ისე შემთხვევითობა (მაგალითად, თამაშები, გამოცდა, გასაუბრება), განსაკუთრებით დამახასიათებელია შემდეგი ფენომენი: გამარჯვებული ადვილად მიაწერს წარმატებას საკუთარ უნარებს, ხოლო დამარცხებული კი – შემთხვევითობას. იგივე ადვილად დასანახია პოლიტიკოსების შემთხვევაშიც, პოლიტიკოსი წარმატებებს საკუთარ ძალისხმევას მიაწერს, ხოლო წარუმატებლობას კი მისგან დამოუკიდებელ ფაქტორებს. 

საკუთარი „მე“-ის სასარგებლოდ განწყობა ადვილად დასანახია ოჯახურ ცხოვრებაშიც. მაგალითად, ცოლი და ქმარი კამათობენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი პასუხისმგებლობაა სპეციალურ კალათში სარეცხის თავმოყრა. ქმარმა გაიფიქრა, რომ კალათში სარეცხის მოთავსების 75%-ს სწორედ ის ასრულებს და ცოლს ეკითხება: – „შენი აზრით ვინ უფრო ხშირად აკეთებს ამას, შენ თუ მე?“ ცოლმა უპასუხა: „ჩემი აზრით, 75%-ს მე ვაკეთებ.“ ამ და სხვა მაგალითებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ განქორწინებული წყვილი ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებს. 

საკუთარი „მე“-ის სასარგებლოდ განწყობის ტენდენცია განსაკუთრებით იკვეთება მაშინ, როცა ჩვენ თავს ვადარებთ ზოგადად ადამიანებს და არა – ჩვენს ნაცნობებს. რამდენიმე საინტერესო მაგალითი: 

  • კვლევაში, სადაც გამოსაკითხ პირებს ეძლეოდათ შეკითხვა – „როგორ შეაფასებდით საკუთარ მორალურ თვისებებს 1-100-მდე?“ – გამოკითხულთა 90% საკუთარ თავს აფასებდა 50-დან ზემოთ და მათგან მხოლოდ 11% აძლევდა საკუთარ თავს 75-ზე დაბალ შეფასებას.
  • მენეჯერების 90% თვლის, რომ მათი საქმიანობის სარგებლობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, ვიდრე მათივე რანგის მენეჯერებისა საშუალოდ.
  • დასაქმებულთა 86% საკუთარ საქმიანობას საშუალოზე მაღალ შეფასებას აძლევს და მხოლოდ 1% აძლევს – საშუალოზე დაბალს.
  • მშობლების უმრავლესობა საკუთარ თავს მიიჩნევს უფრო ფრთხილ და უნარიან მშობლად, ვიდრე სხვა მშობლებს საშუალოდ. 
  • ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათივე რანგის სხვა თანამშრომლები, უკეთაც გამოიყურებიან და ნაკლები სტრეოტიპები აქვთ.
  • მოზრდილთა უმრავლესობა თვლის, რომ ის უკეთ ზრუნავს ხანდაზმულ მშობელზე, ვიდრე მისი და-ძმები. 
  • ადამიანების 12% ფიქრობს, რომ ასაკთან შედარებით ხანდაზმულად გამოიყურება, ხოლო 66% ფიქრობს, რომ საკუთარ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. 

ზემოთაღნიშნული ფროიდის ანეკდოტს გვაგონებს მამაკაცზე, რომელიც ცოლს ეუბნება: „თუ რომელიმე ჩვენგანი მოკვდება, მე ვფიქრობ, რომ გადავალ საცხოვრებლად პარიზში.“ 

საინტერესოა, რომ სუბიექტური პარამეტრები (მაგალითად, დისციპლინირებულობა) უფრო მეტად განაპირობებენ დადებითად განწყობას საკუთარი „მე“-ის მიმართ, ვიდრე – ობიექტური პარამეტრები (მაგალითად, პუნქტუალობა). ამდენად, ადამიანი უფრო მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ მორალურ ღირსებებს, ვიდრე – ინტელექტუალურს. 

წყარო

Social Psychology., David G. Myers, Jean M. Twenge., McGraw-Hill Education, 2022., 672 pages

https://study.com/academy/lesson/social-self-definition-overview-examples.html

https://study.com/academy/lesson/social-self-definition-overview-examples.html

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top