ბავშვის ფსიქოლოგიის გაგებისთვის არსებითია იმის ცოდნა, თუ რა განასხვავებს ბავშვის ფსიქიკურ პროცესებს მოზრდილი ადამიანის ფსიქიკური პროცესებისგან და როგორია ბავშვის ბუნება განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. ამ წიგნის ავტორია ბავშვის ფსიქოლოგიის დარგის უდიდესი წარმომადგენელი ჟან პიაჟე. პიაჟე, მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით, აღწერს, თუ როგორ აღიქვამენ ბავშვები სამყარო, რეალობას, სიზმრებს, მიზეზ-შედეგობრივობას. უმდიდრეს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბავშვთა ინტერვიუირებისა და ფსიქოლოგიური ტესტირების საფუძველზე, პიაჟემ დაასკვნა, რომ ბავშვთა ფსიქიკური პროცესები რაოდენობრივად კი არ განსხვავდება მოზრდილთა ფსიქიკური პროცესებისგან, არამედ – თვისებრივად. პიაჟე აგებს ლოგიკური აზროვნების განვითარების რუკას, რითაც აჩვენებს ბავშვის აზროვნების განვითარებას პრელოგიკური განმარტებებიდან აბსტრაგირებულ მსჯელობამდე. პიაჟე ამტკიცებს, რომ ბავშვის განვითარებას ეტაპობრივი ხასიათი აქვს. მისი აზრით, ბავშვისეული სამყაროს კონცეფცია ყალიბდება გარემოსთან ურთიერთობისა და ახალი გამოცდილებების შეძენის გზით. სამყაროსთან ბავშვის მიმართებაში აისახება მისი კოგნიტური განვითარება. პირველი ფუნდამენტური ასპექტი მდგომარეობს ბავშვის მიერ რეალობის აღქმის თავისებურებაში – როგორ ასხვავებს ბავშვი გარე სამყაროს საკუთარი შინაგანი სამყაროსგან; რა საზღვრები აქვს ბავშვს სუბიექტურ და ობიექტურ რეალობას შორის. მეორე ფუნდამენტური ასპექტია ბავშვის მიერ მიზეზ-შედეგობრივობის აღქმა – როგორ ახდენს ბავშვი მიზეზის და შედეგის გაგებას იმ განმარტებებიდან, რომელთაც ჩვენ მას ვაძლევთ. წიგნში განხილულია ბავშვის კოგნიციისთვის დამახასიათებელი ისეთი თავისებურებები, როგორებიცაა ანიმიზმი, არტიფიციალიზმი, ეგოცენტრიზმი. საუბარია, თუ როგორ ასხვავებს ბავშვი ერთმანეთისგან სიზმარს და რეალობას. ლოგიკური აზროვნების განვითარების აღწერისას ავტორი ახსნას აძლევს იმას, თუ როგორ ხდება ინტუიტიური აზროვნებიდან ლოგიურ ოპერაციებზე გადასვლა. ხაზგასმულია ფუნქციობისა და სოციალური ინტერაქციის განვითარების მნიშვნელობა. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიის შესწავლით, ბავშვის ფსიქოლოგიით და ბავშვთა ასაკის განვითარების პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის – ფსიქოლოგებისთვის, ბავშვთა ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის და აღმზრდელებისთვის.
