Handbook of Adolescent Behavioral Problems: Evidence-Based Approaches to Prevention and Treatment., Melanie A. Evans, Robert W. Plant, Thomas P. Gullotta., Springer US., 2015

თანამედროვე ცხოვრების თავისებურებების გაცნობიერებისას ვრწმუნდებით, რამხელა გამოწვევის წინაშე დგას მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა. დღეს უკვე კვლევებით დასტურდება ის, რასაც წლებია ვაკვირდებით: თანამედროვე გარემოს ზემოქმედებამ მოზარდთა ქცევისა და მენტალური ჯანმრთელობის დიდი ძვრები გამოიწვია. მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემატიკაზე მუშაობას ართულებს ისიც, რომ მოზარდთა ქცევა დაკავშირებულია მრავალრიცხოვან ფაქტორთან, რაც, თავის მხრივ, პრევენციისა თუ ინტერვენციის უნივერსალური მიდგომების შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს სახელმძღვანელო, პირველ რიგში, ფასეულია იმით, რომ გვაწვდის მოზარდთა ქცევითი პრობლემების კომპლექსურ და ინტეგრირებულ – ბიოფსიქოსოციალურ ხედვას, აგრეთვე – მოზარდთა განვითარების ფუნქციურ და პათოლოგიურ გამოვლინებებთან დაკავშირებული ჩარევების ინტერდისციპლინურ პრაქტიკას. წიგნში ხაზგასმულია ის, რომ მოზარდის ქცევით დისფუნქციას არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები უდევს საფუძვლად, არამედ – ოჯახის და მაკროსოციუმის გავლენაც. წიგნი ორგანიზებულია ისე, რომ თითოეული თავი ეძღვნება სპეციფიკურ ქცევას და ქცევით დარღვევას; მოწოდებულია დიაგნოსტიკური გზამკვლევი, სტატისტიკური ინფორმაცია, ბიოლოგიურ-გენეტიკური ასპექტები, რისკ ფაქტორები და ინტერვენციის მეთოდები. განხილულია მოზარდთა ისეთი ფსიქოპათოლოგიები, როგორებიცაა:  დეპრესია, ბიპოლარული დაავადება, სუიციდის ტენდენცია, ობსესიურ-კომპულსიური, შფოთვითი და პოსტტრავმული მდგომარეობები, შიზოფრენია, ყურადღების დეფიციტი, განვითარების შეფერხებები და ქცევითი პრობლემები, მათ შორის – ნივთიერებებსა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება, დანაშაულებრივი ქცევა სქესობრივ საფუძველზე, აგრესიული და კრიმინალური ქცევა. სახელმძღვანელო გვაწვდის მოზარდთა ქცევითი პრობლემების დაძლევის საუკეთესო პრაქტიკას: რა მუშაობს, რამ შეიძლება იმუშაოს და რა არ მუშაობს. გაშუქებულია ინდივიდუალური მიდგომები, სათემო მხარდაჭერა, ფარმაკოთერაპიის ჩვენებები და საშუალებები. არსებითი თემებია: ოჯახი და მოზარდის განვითარება; მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა და DSM-5 კლასიფიკატორი; ოპოზიციური მდგომარეობები და ქცევითი დარღვევები; მასმედიაზე, სოციალურ მედიასა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება; აუტისტური სპექტრის დარღვევები; სწავლის პრობლემები; ბულინგი და კიბერბულინგი.  ეს სახელმძღვანელო არის შესანიშნავი ინსტრუმენტი მოზარდთა ქცევის გაგების, მათი საჭიროებების დადგენისა და მხარდაჭერის სწორად დაგეგმვა-განხორციელებისთვის. სახელმძღვანელო შეუცვლელია მოზარდებთან მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის – ფსიქოლოგებისთვის, კლინიცისტებისთვის, მასწავლებლებისთვის და საგანმანათლებლო დარგის სხვა პროფესიონალებისთვის, მოზარდთა დანაშაულის პრობლემატიკაზე მომუშავე სამართალდამცავებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სასკოლო კონსულტანტებისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. ის აგრეთვე საინტერესო და სასარგებლო იქნება ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top