The Addiction Recovery Skills Workbook: Changing Addictive Behaviors Using CBT, Mindfulness, and Motivational Interviewing Techniques., Suzette Glasner-Edwards., New Harbinger Publications., 2015

დამოკიდებული ხარ საკუთარ ქცევაზე? შენს ცხოვრებას ეს დამოკიდებულება აკონტროლებს? მაშინ ეს წიგნი შენთვისაა! ეს წიგნი პრაქტიკული სახელმძღვანელოა განკუთვნილი ადამიანებისთვის, რომელთაც გადაწყვიტეს ბოლო მოუღონ საკუთარ დამოკიდებულებით ქცევას. ეს არის შვიდსაფეხურიანი პრაქტიკული პროგრამა, რომლის დახმარებითაც შეძლებ, დაძლიო ადიქცია. ადიქციური ქცევის მკურნალობა კომპლექსური ამოცანაა. ის იწყება დამოკიდებულების მიზეზების ძიებით, კონტროლის დაკარგვისა და უმწეობის განცდის გაცნობიერებით. წიგნი შეგასწავლის გამოცდილ ტექნიკებს, რომელთა დახმარებით შეძლებ, რომ შენი ადიქცია წარსულში დატოვო. წიგნი დაგეხმარება, თვითონ შეადგინო საკუთარი გამოჯანმრთელების გეგმა და მიჰყვე მას. სახელმძღვანელოში მოცემული სტრატეგიები და ინსტრუმენტები ეფუძნება სამ თერაპიულ მიდგომას: კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიას, მაინდფულნესს და მოტივაციურ ინტერვიუს. ეს ტრიადა დაგეხმარება საკუთარი დამოკიდებულებითი მდგომარეობის გაგებაში, საკუთარი აზროვნების მოდელის გაცნობიერებასა და მის შეცვლაში, და რაც მთავარია – ქცევის ცვლილებაში. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ტექნიკები დაგეხმარება აღმოაჩინო საკუთარი ირაციონალური რწმენები, უსარგებლო აზრები და შეცვალო ისინი. სწორედ უსარგებლო აზროვნების მოდელი განაპირობებს არაადაპტური ქცევების ჩამოყალიბებას, მათ შორის – დამოკიდებულებითი ქცევის. მაინდფულნესის ტექნიკები დაგეხმარება განეწყო “აქ და ახლა” პრინციპით; თვითბრალდებისა და განსჯის გარეშე შეძლო საკუთარ ფიქრებზე, განცდებსა და სხეულებრივ შეგრძნებებებზე დაკვირვება; მღვიძარე გონებით ჭვრიტო საკუთარი მდგომარეობა “აქ და ახლა”. წიგნში მოცემულია მაინდფულნესის უაღრესად სასარგებლო სავარჯიშოები (მათ შორის – სუნთქვითი ვარჯიშები), რომლებიც დაგეხმარება ემოციების მართვაში, იმპულსურობის დაწევასა და თვითშემეცნებაში. მოტივაციური ინტერვიუს პრაქტიკა დამყარებულია ღია შეკითხვებზე, რეფლექსიასა და აფირმაციაზე. მოტივაციური ინტერვიუ გვეხმარება გამოჯანმრთელების მიზნების გაცნობიერებაში, გამოჯანმრთელების გეგმის შედგენაში და მოტივაციის ამაღლებაში. სახელმძღვანელოს თავები შეესაბამება თერაპიული პრაქტიკის კონკრეტულ საფეხურებს. ყველა თავი შეიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სახელმძღვანელოში დაგხვდება სამუშაო რვეულიც, რომელიც განკუთვნილია თვითრეფლექსიისთვის და მისი წარმოება ძალიან ქმედითი პრაქტიკაა ადიქციის დაძლევაზე მუშაობის პროცესში. წიგნის არსებითი თემებია: ადიქციის გაგება – მისი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები და ამ ფაქტორების როლი გამოჯანმრთელებაში; მხარდაჭერის სისტემის აგება – სოციალური მხარდაჭერის რგოლი, თერაპია, მხარდაჭერის ჯგუფები, ოჯახი და მეგობრები; რელაფსის არიდება  – ტრიგერებისა და მაღალი რისკის სიტუაციების გაგება, დაძლევის გრძელვადიანი დაგეგმვა; თვითშეფასების გაზრდა – საკუთარი მნიშვნელობისა და პიროვნული კომპეტენციის განცდის ამაღლება. წიგნი განკუთვნილია არამხოლოდ დამოკიდებულებითი ქცევის მქონე ადამიანების, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, რომელთა მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადიქციის დაძლევის გზაზე. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top