თუ თქვენ ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეთ და ტრავმული სიმპტომები თავს გახსენებენ, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. ფსიქოლოგიური ტრავმა სხვადასხვა გამოცდილებამ შეიძლება განაპირობოს – ომმა, ბუნებრივმა კატასტროფამ, ძალადობამ, ავტოსაგზაო შემთხვევამ და სხვა. ასეთ მოვლენებს ჩვენი ფსიქიკა მწვავე სტრესული რეაქციით პასუხობს, რაც ნორმალური ფსიქოფიზიკური რეაქციაა უშუალოდ სტრესული მოვლენის პერიოდში, თუმცა როცა ის გრძელდება სტრესული მოვლენის დასრულების შემდეგაც, მაშინ შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ მდგომარეობაში, რომელსაც პოსტტრავმული სტრესული დარღვევა (PTSD – Post Trauma Stress Disorder) ეწოდება. პოსტტრავმული სტრესული დარღვევა უკიდურესად გამოხატული დეზადაპტაციაა და ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, სწავლას და მუშაობას, სხვა სოციალურ აქტივობებს. ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანები ამბობენ, რომ ამ შემთხვევების შემდეგ მათი ცხოვრება კატასტროფულად შეიცვალა. პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი და საშუალო სიმძიმიდან, მძიმე და ქრონიკულ ფორმებამდე. პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობისთვის დამახასიათებელია სამ ძირითადი გამოვლინება: 1. ტრავმული მეხსირება, 2. ემოციური გახევება, 3. ზესიფხიზლე. ტრავმული მეხსიერება ჩვეულებრივი მეხსიერებისგან განსხვავდება იმით, რომ ადამიანს მტკივნეული მოგონება აღეძვრება ავტომატურად, მაშინ, როცა მას ამის სურვილი არ აქვს. ტრავმული მეხსიერების თავისებურებაა ის, რომ ადამიანი მას, როგორც წარსულის მოგონებას არ განიცდის, არამედ აწმყოსათვის დამახასიათებელი სიცხადით განიცდება. ტრავმული მეხსიერება ძლიერ მტანჯველია და ხელისშემშლელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო კონცენტრირებაში. ასეთი მტანჯველი მოგონებებისგან თავის დასახსნელად ადამიანმა შეიძლება მიმართოს ალკოჰოლს, ნარკოტიკს, აზარტულ თამაშებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პოსტტრავმულ კლინიკას. რაც შეეხება ემოციურ გახევებას, ის ერთგვარი ემოციური ანესთეზიაა: ადამიანი ვეღარ განიცდის საკუთარ თავს, როგორც გრძნობების მქონე არსებას; ვეღარ გრძნობს სიყვარულს, იმედს, ურთიერთობის სურვილს, მიჯაჭვულობას; თავს არიდებს ურთიერთობას; ავლენს გაუცხოებას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ძვირფას ადამიანებთან. რაც შეეხება ზესიფხიზლეს, ის მაღალი ნევროტულობით და მომეტებული სიფხიზლით გამოიხატება. ადამიანი თითქოს დადარაჯებულია, რომ არ გადააწყდეს ისეთ მოვლენებს, რომლებიც ტრავმულ მოგონებას აღძრავს. მუდმივი საფრთხის განცდა არღვევს ნორმალურ ძილს, იწვევს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებულობას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოფიტვას. პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ღამის კოშმარები, პესიმისტური აზრები. სიმპტომები უკიდურესად ვლინდება ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ტრავმული გამოცდილების მოგონებას აღძრავს. თუ პოსტტრავმულ სტრესულ დარღვევას არ ვუმკურნალებთ, დიდია ისეთი გართულებების რისკი, როგორებიცაა ემოციური გასადავება, ინსომნია, ადიქცია, შფოთვითი დარღვევები, დეპრესია და სუიციდი. ბევრმა ადამიანმა, რომლებიც პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობით იტანჯება, არ იცის, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს. ეს წიგნი არის პრაქტიკული გზამკვლევი, პოსტტრავმულ სტრესულ მდგომარეობასთან გამკლავების სახელმძღვანელო. წიგნში მოცემულია პოსტტრავმული სტრესიული მდგომარეობის დაძლევის ყველაზე მოწინავე მიდგომები – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მაინდფულსნესი და რელაქსაციური პრაქტიკები. ეს წიგნი გვიჩვენებს გზას, თუ როგორ დავბრუნდეთ უკან, ტრავმამდელ ცხოვრებაში. ავტორები გვასწავლიან იმ ტექნიკებს, რომლებსაც ფსიქოტრავმატოლოგები წარმატებით იყენებენ პოსტტრავმული მდგომარეობების დასაძლევად. აქ შეიტყობთ, როგორ მართოთ ისეთი პოსტტრავმული სიმპტომები, როგორებიცაა ტრავმული მოგონება, უძილობა, შფოთვა. წიგნი განკუთვნილია როგორც პაციენტებისთვის, ისე მენტალური ჯანმრთელობის დარგის მუშაკებისთვის. წიგნი განსაკუთრებით ფასეულია იმით, რომ ის თვითდახმარების ორგანიზებას გვასწავლის და აქ მოცემული ტექნიკები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
