პესიმიზმი თუ ოპტიმიზმი? – არარეალისტური ოპტიმიზმის საფრთხე

ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, ახსნა მოვუძებნოთ ცხოვრებისეულ მოვლენებს. ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევა მომავალზე ფიქრია. ჯერ არარსებულ მომავალთან ურთიერთობისას ჩვენსავე დამოკიდებულებას ვეყრდნობით – ოპტიმიზმს ან პესიმიზმს. პიროვნება ოპტიმისტია თუ პესიმისტი, ეს „აქ და ახლა“ ყოფაშიც ადვილად საცნობია. მაგალითად, ოპტიმისტი იღვიძებს დილით, მიდის ფანჯარასთან და ამბობს: „მადლობა ღმერთს, მშვენიერი დილა გათენდა!“ პესიმისტი კი იღვიძებს დილით, მიდის ფანჯარასთან და ამობს: „მადლობა ღმერთს, გათენდა!“.

საზოგადოებაში გაბატონებული აზრის მიხედვით, ოპტიმიზმი კარგი და სასარგებლოა, ხოლო პესიმიზმი – ცუდი და საზიანო, თუმცა ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. ისინი ჩვენს ყურადღებას მიმართავენ ისეთ მოვლენაზე, რასაც ნეილ ვენშტეინმა არარეალისტური ოპტიმიზმი უწოდა. არარეალისტური ოპტიმიზმი ეწოდება პიროვნების თვითრწმენას, რომ მის ცხოვრებაში უარყოფითი მოვლენების რისკი დაბალია, ხოლო დადებითი მოვლენების შანსი – მაღალი.

ჩვენ გამუდმებით ვამტკიცებთ, რომ რეალისტები ვართ და ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო რეალისტურები ვიყოთ. კვლევები კი საპირისპიროს აჩვენებს: ადამიანის ტვინი მოწყობილია ისე, რომ ზედმეტად ოპტიმისტი იყოს საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრისას. ეს გასაგებიცაა: გაურკვევლობით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად მივმართავთ არარეალისტურ და ვარდისფერ ხედვებს.

არარეალისტური ოპტიმიზმი უნდა გავარჩიოთ დისპოზიციური ოპტიმიზმისგან. დისპოზიციური ოპტიმიზმი ეს არის პიროვნული შტრიხი, პიროვნება დადებითად არის განწყობილი ცხოვრების მოვლენებისადმი და მათ შედეგებს ღებულობს, როგორც გამოცდილების და საკუთარი პიროვნული ზრდის საშუალებას. დისპოზიციური ოპტიმიზმი უდავოდ დადებითი თვისებაა და მისი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ჩვენ განვეწყობით კარგი შედეგებისადმი, მეტს ვაკეთებთ ამ კარგი შედეგების მისაღებად; თუ ჩვენ განვეწყობით წარმატებისადმი, მეტს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად. ასეთი ოპტიმიზმი ჩვენივე ხელით აუმჯობესებს ჩვენს კეთილდღეობას იმით, რომ კარგი შედეგების მიღწევის განწყობას გვიქმნის. ასეთი ოპტიმიზმი გვიმაღლებს მოტივაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ ვიფიქრებ, რომ წარმატების მიღწევა შემიძლია, მაშინ რატომ უნდა ვცადო? ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები ასეთივე შემართებით უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას, ვარჯიშობენ, მისდევენ ჯანსაღ კვებას.

სულ სხვაგვარადაა საქმე არარეალისტური ოპტიმიზმის შემთხვევაში. არარეალისტური ოპტიმიზმი ეს არის თავდაჯერებულობა, რომ ცუდი არაფერი მოგვივა და შედეგად, ვუგულებელყოფთ გონივრულ პრევენციას. არარეალისტური ოპტიმიზმი დაუცველს გვხდის: როცა გვჯერა, რომ ცუდი არაფერი მოგვივა, არც ვღებულობთ უსაფრთხოების ზომებს გონიერების ფარგლებში. მეორეს მხრივ, პესიმიზმის მარცვალმა შეიძლება გადაგვარჩინოს მომდინარე საფრთხეებისგან. არარეალისტური ოპტიმიზმი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გვიბიძგებს, რასაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოყვეს. მაგალითად, არ ვიმოწმებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ვიკეთებთ უსაფრთხოების ღვედს, არ ვზოგავთ ფულს „შავი დღისთვის“, არ ვიყენებთ მზისგან დამცავ კრემს და ა.შ. რადგან გვჯერა, რომ ისეთი შედეგები, როგორებიცაა შორსწასული მძიმე დაავადება, ავტოსაგზაო შემთხვევა, ფინანსური კატასტროფა და კანის სიმსივნე, ჩვენ არ გვემუქრება.

არარეალისტური ოპტიმიზმი ერთ-ერთი გამოვლინებაა ისეთი მოვლენისა, რასაც ფსიქოლოგები პოზიტიურ ილუზიას უწოდებენ. არარეალისტური ოპტიმიზმის გარდა პოზიტიურ ილუზიას მიეკუთვნება კონტროლის ილუზია და უპირატესობის ილუზია. კონტროლის ილუზია არის გადაჭარბებული რწმენა იმისა, რომ შემიძლია მოვლენების კონტროლი. ხოლო უპირატესობის ილუზია კი არის საკუთარი პიროვნების, საკუთარი წარსული და აწმყო ქმედებების იმაზე უფრო დადებითი აღქმა, ვიდრე ეს სინამდვილეშია. კონტროლის ილუზიის მაგალითია კაზინოში მოთამაშე ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ თამაშის ბედი მისი კონტროლის ქვეშაა. უპირატესობის ილუზიის მაგალითია სტუდენტები, რომელთა 95% პასუხობს პროფესორს, რომ კარგად იმეცადინეს.

გამოჩენილ ფსიქოლოგს გორდონ ოლპორტს არარეალისტური ოპტიმიზმის ასეთი მაგალითი მოჰყავს: „მე დავინტერესდი ნაცისტურ რეჟიმს გამოქცეული ორი ადამიანის მონათხრობით. ორივე ეს ადამიანი დაბრმავებული იყო საკუთარი ოპტიმიზმით. თავიდან ვერც ერთი იჯერებდა, რომ ფაშიზმი შეიძლება კატასტროფული შედეგის მომტანი ყოფილიყო. 1932 წელს მათ სჯეროდათ, რომ ჰიტლერი ვერასდროს მოვიდოდა ხელისუფლებაში. 1933 წელს მათ სჯეროდათ, რომ ჰიტლერის მუქარას ასრულება არ ეწერა. 1934 წელს მათ სჯეროდათ, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრდება. 1938 წელს მათ სჯეროდათ, რომ ფაშიზმი ფეხს ვერ მოიკიდებდა ავსტრიაში.“

არარეალისტური ოპტიმიზმის სხვა მაგალითებია:

  • აშშ-ში სტუდენტების გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტების უმრავლესობა ისე აღწერს საკუთარ მომავალს, რომ ეს მოლოდინები ფანტასტიკის სფეროდანაა. ისინი ვარაუდობენ, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, უკეთ დასაქმდებიან, ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახური, კარგი სახლი და მათ არ ემუქრებათ ისეთი სირთულეები, როგორებიცაა ფინანსური პრობლემები, ალკოჰოლიზმი და სხვა.
  • ამერიკელი ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის, რომ აშშ-ში ქორწინებების ნახევარი განქორწინებით სრულდება, თუმცა ჯიუტად სჯერა, რომ თვითონ არ მოხვდებიან ამ 50%-ში.
  • 2019 წელს კანადაში გამოქვეყნებული რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეალისტური პესიმისტური მოლოდინები, განსხვავებით არარეალისტური ოპტიმიზმისგან, ამცირებდა სიკვდილობას. ხოლო არარეალისტური ოპტიმიზმი, განსხვავებით რეალისტურ ოპტიმიზმისგან, სიკვდილობას ზრდიდა 3-ჯერ.
  • თვითდაჯერებული სტუდენტები არც ისე კარგად ემზადებიან გამოცდებისთვის. მათი თანაკურსელები კი, რომლებიც ნაკლებად თავდაჯერებულები არიან და შიშობენ გამოცდის შედეგების გამო, ბეჯითად მეცადინეობენ და უკეთესადაც აბარებენ.
  • “კოვიდ-19” პანდემიის დროს არარეალისტური ოპტიმიზმი, თვითრწმენა, რომ ვირუსით არ დაინფიცირდება ან თუკი დაინფიცირდა, იოლად გადაიტანს (“ჩვეულებრივი გრიპია”), უბიძგებდა ადამიანებს ზედმიწევნით არ დაეცვათ რეკომენდაციები.

გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც ხელს უწყობენ არარეალისტურ ოპტიმიზმს:

ალბათობა არარეალისტური ოპტიმიზმი გვიძლიერდება, როცა არასასურველი მოვლენის ალბათობა დაბალია. არარეალისტური ოპტიმიზმი უფრო მეტი წარმატებით ყალიბდება იშვიათი მოვლენების მიმართ, ვიდრე – ხშირი მოვლენების მიმართ. მაგალითად, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ქარიშხალი ან წყალდიდობა, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ეს მოვლენები იშვიათად ხდება.  

კონტროლი არარეალისტური ოპტიმიზმი გვიძლიერდება, როცა ვფიქრობთ, რომ მოვლენები ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მაგალითად, კაზინოში მოთამაშეს სჯერა, რომ საკუთარი ხელით გაგორებული კამათელი უფრო მოიგებს და ამიტომ გატაცებით მიმართავს იმ სამაგიდო თამაშებს, სადაც საკუთარი ხელით უნდა სცადოს ბედი.

განარჩევენ ფაქტორებს, რომლებიც ამცირებენ არარეალისტურ ოპტიმიზმს:

გამოცდილება – გარკვეული მოვლენების და მათი შედეგების გამოცდილებაში ქონა ამცირებს არარეალისტურ ოპტიმიზმს. პიროვნებამ უკვე იწვნია მათი შედეგები, იცის, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს და იმაზე მეტად სავარაუდოა, ვიდრე აქამდე ეგონა.  

სხვებთან შედარება – ადამიანები ნაკლებად ექვემდებარებიან არარეალისტურ ოპტიმიზმს, როცა საკუთარ თავს სხვებს ადარებენ.

ფსიქიკური ჯანმრთელობა – კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ შფოთვითი მდგომარეობა და დეპრესია, ნაკლებად ექვემდებარებიან არარეალისტურ ოპტიმიზმს.

ზემოთაღნიშნულზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ცხოვრებაში კარგი შედეგების და წარმატების მისაღწევად საჭიროა იმდენი ოპტიმიზმი, რამდენიც საკმარისი იქნება მოტივაციისთვის და საჭიროა იმდენი პესიმიზმი, რამდენიც საჭიროა სიბეჯითისთვის.

წყარო:

https://www.verywellmind.com/what-is-the-optimism-bias-2795031

https://positivepsychology.com/pessimism-vs-optimism

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC5380125

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top