რა არის ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა

ხანმოკლე ფსიქოტურ მდგომარეობას რეაქტიულ ფსიქოზსაც უწოდებდნენ. ეს არის უცაბედად განვითარებული ფსიქოტური ეპიზოდი, რომელიც გრძელდება ერთ თვეზე ხანმოკლე დროით და როგორც წესი, მთავრდება სრული რემისიით. დიაგნოზის დაზუსტების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ერთი თვის თავზე დამდგარი რემისიაა. აღწერილია რეციდივის შემთხვევებიც. ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა შემთხვევების უმრავლესობა 20-30 წლის ასაკზე მოდის. ადამიანების უმრავლესობისთვის, რომელთაც განუვითარდათ ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა, ეს არის ცხოვრებაში ერთადერთი ფსიქოტური ეპიზოდი; ის როგორც წესი აღარ მეორდება. თუკი ფსიქოტური სიმპტომები ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მაშინ არსებობს ეჭვი ქრონიკულ მენტალურ დაავადებაზე.

ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა წარმოადგენს მწვავე მენტალურ დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთი ან რამდენიმე სიმპტომის არსებობა ჩამოთვლილთაგან:

  • ბოდვა
  • ჰალუცინაცია
  • დეზორგანიზებული მეტყველება
  • დეზორგანიზებული ან კატატონიური ქცევა

თუკი გამოხატულია რამდენიმე სიმპტომი, მათგან ერთი მაინც უნდა იყოს ბოდვა, ჰალუციანაცია ან დეზორგანიზებული მეტყველება. შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებიც, როგორებიცაა:

  • მეხსიერების პრობლემები
  • ლეთარგია
  • ზეღირებული იდეები
  • ძილის, კვების, ჰიგიენური ჩვევების ცვლილება

კლინიკური სურათის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ დღეზე ნაკლები და ერთ თვეზე მეტი. ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას, რის შემდეგაც ადამიანი სრულად უბრუნდება მის ჩვეულ ფუნქციებს. პირველადი დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა შიზოფრენიის სპექტრის დაავადებები, პიროვნული დარღვევები, ბიპოლარული ფსიქოზი, სხვა ბოდვითი მდგომარეობები, ნივთიერებების მიღებასთან დაკავშირებული ფსიქოზები, სამედიცინო მდგომარეობებთან დაკავშირებული მეორადი ფსიქოზები.

ბოლომდე ნათელი არ არის ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის ეტიოლოგია, თუმცა ცნობილია, რომ ის შეიძლება განაპირობოს სტრესულმა მოვლენამ ან ტრავმამ. სწორედ ტრავმულ მოვლენაზე საპასუხო ფსიქოტური გამოვლინებების გამო უწოდებდნენ მას რეაქტიულ ფსიქოზს. ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის განმაპირობებელი ტრავმული მოვლენა არის ისეთი მოვლენა, რომელიც მსგავს ვითარებაში ტრავმული იქნებოდა კონკრეტული კულტურის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.ყველაზე ხშირი სტრესორები, რომლებმაც შეიძლება ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა გამოიწვიონ შემდეგია: ახლობელი ადამიანის სიკვდილი, ბუნებრივი კატასტროფა, ომი, ემიგრაციის პროცესი. ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს მშობიარობის შემდგომ და მას შესაბამისად ეწოდება მშობიარობის შემდგომი ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა, რომლის სიმპტომები სახეზეა მშობიარობიდან ოთხი კვირის ფარგლებში.

ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის ეპიდემიოლოგია კარგად არ არის შესწავლილი, რამდენადაც ის შედარებით დაბალი ინციდენტობით და მაღალი პოპულაციური ვარიაბელობით ხასიათდება, თუმცა საინტერესოა, რომ ის მნიშვნელოვანი სიხშირით გვხვდება მაღალი სტრესის პირობებში მცხოვრებ პოპულაციებში – ლტოლვილებში, ემიგრანტებში, ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულებში და სხვა. ირლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოზის პირველი ეპიზოდის 200 შემთხვევიდან 10 ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობაა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის სიხშირე მაღალი აღმოჩნდა განვითარებად ქვეყნებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის სიხშირე 10-ჯერ მაღალია ინდუსტრიულ ქვეყნებთან შედარებით. ასევე საინტერესოა, რომ ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის სიხშირე ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე – მამაკაცებში. ზოგადპოპულაციურ სიხშირესთან შედარებით, ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის სიხშირე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა პიროვნული დარღვევებისა და ემოციური სფეროს დარღვევების მქონე პირებში, რაც მკვლევარებს ნეირობიოლოგიურ და გენეტიკურ საფუძვლებზეც აფიქრებს. ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ადექვატური მკურნალობა. პაციენტის კლინიკური სიმპტომების და მისი სოციალური მდგომარეობის (აქვს თუ არა ოჯახური მხარდაჭერა და ა.შ.) შეფასების საფუძველზე მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალთა ჯგუფი ღებულობს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე,  მკურნალობა ჰოსპოტალიზაციის პირობებში უნდა გატარდეს თუ ბინაზე.

ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის მკურნალობა გულისხმობს: მედიკამენტურ ჩარევას და ფსიქოთერაპიას.

ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიფსიქოზური მედიკამენტები. მედიკამენტოზური მხარდაჭერა გრძელდება რემისიის დადგომიდან 1-3 თვის მანძილზე.

ფსიქოლოგის დახმარება გულისხმობს:

– პაციენტისა და მისი ოჯახის ინფორმირებას დაავადების შესახებ;

– პაციენტის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და მკურნალობაზე დამყოლობის ხელშეწყობას;

– რემისიის დადგომის შემდეგ ფსიქოთერაპიულ მუშაობას სტრესორებთან გამკლავების უნარების გასაუმჯობესებლად.

რემისიის დადგომის შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობის გრძელვადიანი პერიოდული მონიტორინგი შესაძლო რეციდივის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ნარჩენი სიმპტომების გამოსავლენად და მოსახსნელად. რეციდივის თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის რეჟიმის ზედმიწევნით დაცვა.

დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა და მთავრდება სრული რემისიით სიმპტომების გამოვლენიდან ერთი თვის თავზე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიპტომებმა ხელახლა იჩინოს თავი, განსაკუთრებით – სტრესულ ვითარებებში. კარგი პროგნოსტული ნიშანია ისიც, თუ პაციენტს ანამნეზში არ აღენიშნება ახლო ნათესავებში ქრონიკული ფსიქოზები ან ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობა. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ პიროვნების მოსაზღვრე დარღვევები ან სხვა მენტალური დაავადებები.

ისევე როგორც ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, ხანმოკლე ფსიქოტური მდგომარეობის დიაგნოსტირება, მკურანალობა და მართვა უნდა წარიმართოს პროფესიონალთა ინტერდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. ინტერდისციპლინური მიდგომა ოპტიმალურია პრობლემის დაძლევის გზაზე.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ოჯახის და სოციუმის მხრიდან მხარდაჭერა. როგორ დაეხმარები? –

  • შეინარჩუნე სიმშვიდე
  • ესაუბრე წყნარად და მოკლე წინადადებებით
  • გამოავლინე ემპათია და პატივისცემა
  • პატივი ეცი მის პირად საზღვრებს
  • მოუსმინე და არ განსაჯო
  • ნუ დაუპირისპირდები
  • აგრძნობინე, რომ მისი გესმის

წყარო:

https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK539912

https://www.psychologytoday.com/us/conditions/brief-psychotic-disorder

https://medlineplus.gov/ency/article/001529.htm

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top