ყველა ჩვენგანს გამოგვიცდია შემთხვევა, როცა მოვერიდეთ დაპირისპირებას და ვერ გამოვხატეთ ღიად საკუთარი განცდები. ასეთმა ვითარებებმა შეიძლება პასიურ-აგრესიული რეაქციებისკენ გვიბიძგოს. იმის მიუხედავად, რომ პასიურ-აგრესიული ქცევა დროდადრო ყველას გვახასიათებს, ზოგიერთი ადამიანი მას მუდმივად მიმართავს და კონფლიქტურ სიტუაციებზე რეაგირების ერთადერთ საშუალებად იყენებს. ჩვენი მისამართით განხორციელებულ პასიურ-აგრესიულ ქცევას უსიამოვნოდ განვიცდით. მეტიც, ის გვაფიქრებინებს, რომ ამაში ჩვენი ბრალეულობაა. ქვემოთ გირჩევთ, როგორ მოიქცეთ, როცა თქვენს მიმართ პასიურ-აგრესიულ ქცევას ახორციელებენ.
- ამოიცანი პასიური აგრესიის ნიშნები
პასიურ-აგრესიულ ქცევას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად ავლენს. ამიტომ დაიწყე იმ კონკრეტული მახასიათებლის ამოცნობა, რასაც კონკრეტული პიროვნება იყენებს ხოლმე. როგორც კი გააცნობიერებ, რა ტიპის პასიურ აგრესიას იყენებს ადამიანი, შეგიძლია დაიწყო მასთან გამკლავება.
- ნუ აჩქარდები:
- გააცნობიერე შენი რეაქცია პასიურ აგრესიაზე და ისე უპასუხე.
- არ გააზვიადო ის ფაქტი, რომ მას არ შეუძლია გულწრფელად გამოხატოს საკუთარი ბრაზი.
- იარლიყების მიწებების თავიდან ასაცილებლად, ნუ გააკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს. მაგალითად, შენი სკოლის მეგობარმა ჯერ გამოხატა შეხვედრის სურვილი და შემდეგ კი რაღაცის მომიზეზებით შეთანხმება გააუქმა. ნუ დაასკვნით ნაჩქარევად, რომ თქვენზე ნაწყენია და ამიტომ არ შეგხვდათ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზი მართლაც გამოუჩნდა.
- არ უპასუხო პასიურ აგრესიას პასიური აგრესიით.
- გადაჭერი პრობლემა, არ გადადო – პასიური აგრესიის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუშალოს პირდაპირ და ღია კომუნიკაციას. ამიტომ შეიძლება აყვე ცდუნებას, რომ აღარ შეეხო პასიური აგრესიის გამოვლინებებს და დატოვო ყველაფერი რეაგირების გარეშე. არ აყვე ამ ცდუნებას. ურთიერთობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას მოიტანს ის, რომ გაიაზრებ და დასახავ პრობლემასთან დაკავშირებით საუბრის გეგმას და განახორციელებ მას დაყოვნების გარეშე.
- მოიშველიე იუმორი – აქ არ იგულისხმება არც სარკაზმი და არც უადგილო ხუმრობა. რაც შეეხება მოსწრებულ იუმორს, ის ამცირებს ურთიერთობაში დაძაბულობას და თანაც მოხერხებულად მიუთითებს პასიურ აგრესიაზე. როცა პასიურ აგრესიაზე ადამიანს პირდაპირ მიუთითებ, ეს მან შეიძლება თავდასხმად აღიქვას, თავდაცვის პოზიციაში გადავიდეს, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო გაართულებს. იუმორს კი შეუძლია მსუბუქად, დაძაბულობის გაზრდის გარეშე, მიუთითოს პასიურ აგრესიაზე.
- გამოიყენე ასერტიული, გასაგები და პირდაპირი კომუნიკაცია – ოქროს წესია, რომ პასიურ აგრესიასთან პირისპირ იყო გულწრფელი, ობიექტური და პირდაპირი. წინადადებები ააგე „მე“ შეტყობინებებზე და არა – „შენ“ შეტყობინებებზე. მაგალითად, იმის ნაცვლად რომ თქვათ – „შენ ამას ჩემს გასაბრაზებლად ამბობ“, თქვით – „მე მწყინს, როცა ამას მეუბნები.“ ამით მიაღწევ იმას, რომ მოსაუბრეს არ ექნება აუცილებლობა, თავდაცვის პოზიციაში გადავიდეს. შედეგად კი, თქვენი საუბარი არა ურთიერთბრალდების, არამედ ურთიერთგაგების კალაპოტში წარიმართება. საქმიანი გეგმები, წინადადებები და შეთანხმებები მიმოცვალე წერილობით და შესაძლებლობის ფარგლებში მესამე პირების მოწმეობით. ეს საშუალებას მოგცემს, რომ მომავალ საუბრებში ნათელი იყოს ის, რაზეც წარსულში ისაუბრეთ და შეთანხმდით.
- იყავი გულწრფელი და გამოხატე შენი გრძნობები – ეს ადვილი არ არის, მაგრამ პასიურ აგრესიასთან დაკავშირებული შენი გრძნობების გულწრფელად გამოხატვა გაძლევს შანსს, რომ საუკეთესო გამოსავალი იპოვო. პასიურ აგრესიასთან დაკავშირებული შენი გრძნობების გულწრფელად გამოხატვა გაძლევს შანსს, რომ ურთიერთობა კონფრონტაციის გზიდან თანამშრომლობით რელსზე გადაიყვანო. მაგალითად, შენი მეუღლე ცინიკურ კომენტარებს აკეთებს შენი წონის თაობაზე. იმის ნაცვლად, რომ ასეთივე ცინიკური პასუხი გასცე, ყურადღება მიმართე კონკრეტულ ვითარებაზე და გულწრფელად უთხარი, თუ რა გრძნობებს იწვევს მისი კომენტარები შენში.
- შესთავაზე პრობლემის ერთად გადაჭრა – გულწრფელი შეტყობინებით და იმის შეთავაზებით, რომ „მოდი ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა“, შენ ხელს უწყობ თქვენი ურთიერთობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი სიახლოვის განვითარებას. ასეთ საუბარს შეუძლია ურთიერთობის გადარჩენა, გაუმჯობესება და პასიურ-აგრესიული ქცევის ადამიანისთვის კი იმ განცდის მიცემა, რომ მისი ესმით და მას უსმენენ.
- ნუ ეცდები, შეცვალო ადამიანი – ერთადერთი ადამიანი, ვისი შეცვლაც შეგიძლია, თვითონ ხარ. ამის მიუხედავად, შენ შეგიძლია ნათლად განაცხადო, თუ რას აპირებ, თუ შენი მისამართით პასიურ-აგრესიული ქცევა გაგრძელდება. ეს თავიდან აგაცილებს გამუდმებულ ბრალდებასაც და დაგანახებს საკუთარ საზღვრებს მოცემულ ადამიანთან ურთიერთობაში. კონკრეტულ ქმედებაზე შენი რეაქციის ღიად გამოცხადება სამომავლო ურთიერთობებში თავდაჯერებასაც შეგძენს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დარწმუნდი, რომ შენგან დაწესებული სანქცია მისი პასიურ-აგრესიული ქცევის თანაზომადია.
- იყავი თანმიმდევრული – პასიურ-აგრესიულ ქცევასთან გამკლავების გასაღები თანმიმდევრულობაშია. ამიტომ საზღვრები, რომლებსაც დააწესებ, დაიცავი კიდეც. პასიურ-აგრესიული ქცევის მქონე ადამიანი არ შეცვლის საკუთარ ქცევას, თუკი დაინახავს, რომ რასაც ამბობ, იმას არ აკეთებ. გიძნელდება ეს? – მიმართე დახმარებისთვის ფსიქოლოგს.
- ტაქტიანად დისტანცირდი – თუკი ზემოთმოყვანილი ღონისძიებების მიუხედავად, ვერაფერს გახდი, მაშინ უბრალოდ დისტანცირდი ურთიერთობაში. ასეთი დისტანცირების წესია – გააკეთე ეს პატივისცემით. გადადგი ნაბიჯები დისტანცირებისკენ: შეამცირე შეხვედრების რაოდენობა, შეხვედრების დრო და ა.შ. გახსოვდეს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება მარტო შენზე არ არის დამოკიდებული; როცა ადამიანი აცნობიერებს საკუთარ პასიურ-აგრესიულ ქცევებს, მაგრამ აგრძელებს მათ განხორციელებას, მაშინ ის არ არის მზად ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის. შენი მენტალური ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ურთიერთობა. ამიტომ მოძებნე და დარჩი ურთიერთობაში მათთან, ვისგანაც იმას იღებ, რასაც გასცემ: გულწრფელ, ღია და მკაფიო კომუნიკაციას. იცოდე, ასეთი ურთიერთობები არსებობენ.
წყარო:
https://www.helpguide.org/relationships/social-connection/passive-aggressive-behavior
